top of page

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.NEBbkUpN-HLf68ipW-WOG-et3cqTFkOdhId2jgovUFk.jpg

მანანა თევზაძე

პრემიერა მოზარდ მაყურებელთა თეატრში

2024 წლის 6 ივლისს, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში პრემიერა შედგა. რეჟისორმა გიორგი ჩალაძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა, მაყურებელს, დავით კლდიაშვილის პიესა - სურათი ერთ მოქმედებად - „უბედურება“ შესთავაზა.

გიორგი ჩალაძემ, ამ დადგმამდე, არაერთი ჟანრობრივად განსხვავებული, საინტერესო სპექტაკლი შესთავაზა მაყურებელს და  საკუთარი შეხედულებებისა და რწმენის შესაბამი თეატრალური ფორმების მაძიებელ შემოქმედად ჩამოყალიბდა. მის მიერ მოზარდთა თეატრში ამჯერად დადგმული სპექტაკლი, ჩემი აზრით, განკუთვნილია  უფროსთათვის, რომელთაც უკვე განვლილი აქვთ ცხოვრებისეული ეტაპები, ან თუნდაც მათთვის, რომელნიც უკვე მზად არიან საკუთარი შეხედულებების კვალად  იცხოვრონ, რადგან სპექტაკლი „ბრმა ძაღლები“, ჩემთვის, აღსაქმელად საკმაოდ რთული, მრავალშრიანი სანახაობა გამოდგა - დრამატურგიული არჩევანის რეჟისორული გადაწყვეტა - გამოხატული უპირველესად, მსახიობთა დიაგონალურ, ქორეოგრაფიულ ქმედებაში, სცენოგრაფიასა და მუსიკალურ გაფორმებაში, იმდენად  პირქუშია, რომ აღარ ჰგავს კლდიაშვილის გმირთა სევდიან სამყაროს, ის უფრო პანოპტიკონია, სამყოფელი, სადაც დანდობა არ იციან, სადაც ერთმანეთს სიყვარულსა და პატივისცემას ეფიცებიან, დახმარებასა და მხარდაჭერას ჰპირდებიან, მაგრამ მწარედ იტყუებიან, ერთმანეთს სასიკვდილოდ იმეტებენ და... მათი სიღატაკეც, მიუხედავად დაფხრეწილი სამოსისა, მოჩვენებითი და ცრუა.

სპექტაკლზე მუშაობისას, საკუთარი გააზრებისა და გადაწყვეტის  განსამტკიცებლად, რეჟისორი მხოლოდ ერთი ნაწარმოებით არ შემოფარგლულა და ამავე ავტორის სხვა პიესებიდანაც შეურჩევია სასურველი ფრაგმენტები, შეუქმნია ერთი, ფაქტობრივად დიალოგებისაგან შემდგარი ჩონჩხი და მასზე აუკინძავს მოქმედებათა იმგვარი ჯაჭვი, რომლის საშუალებით გაუმძაფრებია პიესაში ჩადებული ზნეობრივი პრობლემები და შეუქმნია „უბედურების“, „სოლომან მორბელაძისა“ და „ქამუშაძის გაჭირვების“ სადღეისოდ გულუბრყვილო შინაარსებზე დამყარებული სრულიად ახალი დრამატურგია. ამ ნაწარმოებებიდან გამომდინარე, თემების არჩევანი თითქოს მრავალფეროვანია, მაგრამ პერსონაჟთა ყოველი ურთიერთობა ერთმანეთის გაუტანლობამდეა დაყვანილი.

ამ სპექტაკლით, ქართულ თეატრალურ სინამდვილეში ახლებური სტილისტიკა შემოიჭრა, დაფუძნებული გროტესკულად აქტიურ, რიტმულად ტეხილ ფიზიკურ მოძრაობასა და საცეკვაო ილეთებზე. ვერ დავიკვეხნი, რომ ბევრი უცხოური სპექტაკლი მაქვს ნანახი, მაგრამ საკმაოდ მსმენია მეიერხოლდის, ბრეხტის, სტურუას თეატრის სტილისტიკაზე, სადაც დრამატურგიული დიალოგისაგან სრულიად განსხვავებული და მაინც მისგან გამომდინარე სცენური მოქმედება, სიმბოლურ სცენებად ყალიბდება. 

ცხადია, რეპეტიციებზე, მსახიობთა მიერ რეჟისორთან და ქორეოგრაფ გია მარღანიასთან ერთად მოძებნილ-შემუშავებული გადარბენები, გადასვლები, ცალფეხად მოხტუნავე სვლა, ყიჟინა, გაყინულ პაუზებში მოულოდნელი შეძახილები, კვნესა, ტირილი, ქვითინი, გაუთავებელი შებრძოლებები ყავარჯნებით - სპექტაკლში ჯოჯოხეთისებურ პანორამას ქმნის, რომელმაც პირადად მე, მე-15 საუკუნის ნიდერლანდელი მხატვრის ჰიერონიმუს ბოსხის განსაცდელებით სავსე სამყაროსთან წამიყვანა. სპექტაკლის გმირთა და ბოსხის პერსონაჟთა ტიპაჟური მსგავსება გასცდა ნახატის სიუჟეტურ ჩარჩოს და სპექტაკლის რეალურ ურთიერთობათა გამომსახველად იქცა.  შესაძლოა, რეპეტიციებზე შემთხვევითაც აეწყო ამდაგვარად, თუმცა მე  მაინც მგონია, რომ რეჟისორმა სრული შეგნებით გადმოიტანა სპექტაკლის გარეგნულ ქარგაში ბოსხისეული კომპოზიციები, რათა ამ არსებების საძაგელი ყოფისათვის ხაზი გაესვა. ბოსხისეული ხილვები მისთვის ერთგვარ ინსპირაციად იქცა! მე ასე ვფიქრობ!

 

დავით კლდიაშვილის გმირები: მაია, ტუფია, ილია, ამირანი, ნიკო და სხვანი და სხვანი, მე-19-20 საუკუნის შესაყარზე დარჩენილან და სრულიად ფერნაცვალნი, 21-ე საუკუნეში გადმოსახლებულნი, საშინელი სისასტიკით ურჩევენ ერთმანეთს საქმეებს. ამ გმირთა შემხედვარეს მახსენდება გამოთქმა, რომ მახინჯ სხეულში - მახინჯი სულია! ტყუილ-უბრალოდ არ არიან ისინი ყვარჯნებშედგმულნი, ძლივძლივობით მოსიარულენი, ხორციელად და სულიერად დავრდომილნი...

ქართულ ფოლკლორში დღემდე არსებული, ეთნოგრაფიული შინაარსით საკმაოდ ავი და საშიში „გადალოცვის“ რიტუალი, ამ გმირთა საზოგადოების წიაღში, მხოლოდ ფინალურ სცენაში ჩნდება, მანამდე, კამათისას, ეს თემა ჩუმად წამოყოფს ხოლმე თავს, მაგრამ იქვე მიინავლება, რადგან სხვა საქმეების გარჩევა უფრო მნიშვნელოვანია. ამ გარჩევებში კი ყველა მონაწილეობს - ქალი თუ კაცი, საღ-სალამათი თუ ხეიბარი; რეფრენივით წაიმღერებს ხოლმე მაია -  „მზე შინა და მზე გარეთაო“ და ტუფიასაც აიყოლიებს, მაგრამ მისი წაღიღინება, არა მგონია ვინმეს ესმოდეს, დანარჩენთათვის და იქნებ მათთვისაც, ახლობელი სხვა მოტივებია, ხმაურიანი, ზოგჯერ კაკაფონიურიც, მათი სულიერი მდგომარეობისა და საქციელის შეესატყვისი. სპექტაკლის მუსიკალური დრამატურგია, საერთოდაც ძალიან ნიჭიერადაა მოფიქრებული რეჟისორ ია გოგიშვილის მიერ, რომელიც ამ სპექტაკლში კომპოზიტორადაც გვევლინება.

ანანო დოლიძისეული სცენოგრაფია კიდევ უფრო აძლიერებს რეჟისორის დამოკიდებულებებს: უკანა კედლის მთელ სიბრტყეზე გადაჭიმული პანო ქართველ წმინდანთა იკონოგრაფიულ პორტრეტებს წარმოგვიდგენს - ღვთისმშობელს „დატირებით“, მოციქულთა და წმინდანთა დასს... მართალია, ფრაგმენტული, მაგრამ გაოცებული და შეძრწუნებული სახეებით შესცქერიან ისინი მიწაზე მხოხავ არსებებს...  მხატვარი კომპოზიციურად იმგვარად ანაწილებს ამ კანონიკურ სახეებს, რომ მათი მზერა მხოლოდ გაოცებად აღიქმება და არა რისხვად. ნეტავ, მათგან მაინც მიიღონ ხსნა ამ არსებებმა,  ადამიანთაგან  შეწყალება მათ არ ელით.

ამ პერსონაჟთა ემოციები ისეა არეულ-დარეული, რომ სიხარული და ბრაზი საოცარი სისწრაფით ენაცვლება ერთმანეთს და მათი ბრაზიანი ყვირილი ისე გარდაიქმნება ყეფად, რომ ნათლად ვხედავთ ტრანსფორმაციას - ადამიანთა გარდაქმნას გაავებულ, რინგზე ერთმანეთს შეჭიდებულ ძაღლებად... ამ ასოციაციას კიდევ უფრო აძლიერებს უკანა კედლის რელიგიურ ფონზე ძაღლთა შებრძოლების ამსახველი ანიმაციური კადრები.

მთელი სპექტაკლის მანძილზე მსახიობები ხაზგასმით იმეორებენ რეპლიკებს: - იმედი და მასთან ერთად მოთმინება!.. - ღმერთი ისე არ დაგვტოვებს მისგან გაჩენილებს!.. -  მეზობელს მხარში ამოვუდგებით ყველა!.. - გვერდში დავუდგებით ყველა... - სანამ ცოცხალი ვარ, ვერ ჩამოვშორდები ჩემს მეზობლებს ვერც ჭირში და ვერც ლხინში... - ჩამოგვშორდები და ჩვენც ჩამოგშორდებით...

მნიშვნელობა არ აქვს ვის ეკუთვნის ეს ფრაზები, რადგან ყველა ხელსაყრელ მომენტში ასე გაიძახიან და ამავე დროს, საკაცეზე დასვენებულ ავადმყოფს ხან ზევით აიტაცებენ და მხარზე გაიდებენ, ხანაც ძირს დაახეთქებენ და... ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ გაუთავებლად, განიხილავენ ამის ამბავს, იმის ამბავს ანუ ყველას ამბავს, თან ყურსაც არ უგდებენ ერთმანეთს, იმიტომ რომ სათქმელი უნდა ამოსთქვან, ერთმანეთს ნიშნი მოუგონ... ამ გაუთავებელ ლოგორეაში, ნაცნობი ასოციაციები ჩნდება, მერე იმასაც ხვდები, რომ ეს მხოლოდ დღევანდელობა არ არის, არამედ  გასული ათწლეულების მანძილზე ლაპარაკის ციებ-ცხელებით შეპყრობილი საზოგადოების მონოლოგებია... და ამ გაუთავებელ ყაყანში - „...არსიდამ ხმა, არსით ძახილი...“

და უცებ გაისმის ფრაზა - ბრმები ხომ არა ვართ!.. ამ წუთისოფლის გაჭირვებას ისევ თავად თუ გავატანინებთ, თორემ ისე ვერაფერს გავხდებით!

ბრმები არა ვართო?

ბრმებზე უარესები არ არიან? ყაყან-ყაყანში მიექანებიან დასასრულისაკენ და კვლავ ჩნდება ასოციაცია ახლა უკვე მე-16 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრის - პიტერ ბრეიგელის ნახატთან „ბრმები“, რომელსაც - ქვესათაურად ასეთი ფრაზა აქვს წამძღვარებული: „დავტოვოთ ისინი მარტოდ, თუ ბრმებს ბრმა წარუძღვება, ისინი ყველანი თხრილში აღმოჩნდებიან!“

მოზარდ მაყურებელთა თეატრის შესანიშნავ არტისტულ ძალას, მათ შორის ვარსკვლავოსნებს, კარგად იცნობს თეატრალური საზოგადოება. მაყურებელი აფასებს თამარ მამულაშვილის, სოფიო ფერაძის, დავით როსტომაშვილის, ზურა ავსაჯანიშვილის, დავით ხახიძის, ვახტანგ ნოზაძის, გიორგი შავგულიძის, გიორგი გოგიშვილის, ვახტანგ ახალაძის, დევი რეხვიაშვილის შემოქმედებას. ამ სპექტაკლში ისინი იმგვარი რეალისტური შტრიხებით სთხზავენ თავიანთ განზოგადებულ გმირებს, არაფრისმაქნის, ჭორიკანა, გაბოროტებულ, თითქოს დასაწყლებულ არსებებს, რომელთაც, როგორც კი საბაბი მიეცემათ, აყეფებულ ძაღლებივით დაერევიან ერთმანეთს. 

ო, რა გაბრაზებულია რეჟისორი გიორგი ჩალაძე, ასე რომ არ იყოს, ოდნავ მაინც შეიცოდებდა ამ ამბის პერსონაჟებს, მაგრამ არა, ისინი ყველანი დასაღუპად განწირულნი არიან, ისევე როგორც ქანაანის მიწაზე მცხოვრებნი...

და ბოლოს თავად რეჟისორი - გიორგი ჩალაძე...

თვალი გადავავლე მის შემოქმედებით ბიოგრაფიას და გაოცებული დავრჩი! რამდენი უშრომია, უწვალია ამ ახალგაზრდას... უშრომ-უზრუნველად დაფნის გვირგვინით არავის უმკობენ შუბლს, გიორგისათვის ჯერ წინაა დაფნის გვირგვინები, მაგრამ ქვემოთ ჩამონათვალი კარგად მოწმობს მის დაუღალავ ბუნებას:

სხვადასხვა წლებში დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში დადგმული: შილერის „ყაჩაღები“, ანიბალ მაშადოს „როიალი“, მოლიერის „სკაპენის ოინები“, ელისაბედ ყვავილაშვილის „ძირიტადი ინსტიქტი“, გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“, ალბერ კამიუს „მართალნი“.

შალვა გაწერელიას სახელობის ექსპერიმენტული სცენაზე დადგმული კიტა ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“.

რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგმული  ავგუსტ სტრინდბერგის „უფრო ძლიერი“, ლილე შენგელიას ,,დაგნი“

გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული პროექტი „იქ, სადაც შენი სახლია“.

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში დადგმული ჰაროლდ მიულერის „ჩუმი ღამე“.

ქუთაისის მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სემუელ ბეკეტის „თამაშის დასასრული“.

ხელოვნების სასწავლო ვორქშოფები მიუნხენში, შტუტგარტში, ათენში

ონლაინ ლექცია-პრეზენტაციების კურსი სამ ნაწილად რეჟისორ ია გოგიშვილთან ერთად თემაზე შექსპირის „ოტელო“.

გაიარა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის დოქტორანტურის კურსი გოგი მარგველაშვილთან

გიორგი ჩალაძე თავისუფალი რეჟისორია, თავისუფალი შემოქმედი!

bottom of page