პიესების ონლაინ კითხვა/Plays online reading, როგორც ალტერნატიულ          სახელოვნებო პლატფორმა

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

292306762_376516267947879_7150469009720931857_n.png

ანი ცხვედაძე

პიესების ონლაინ კითხვა/Plays online reading, როგორც ალტერნატიული  სახელოვნებო პლატფორმა

 
2020 წლის მარტის თვეში, თეატრალური უნივერსიტეტის დრამის რეჟისურის სტუდენტების ინიციატივით (ქეთევან სამხარაძე და დავით თარბა) სოციალურ ქსელში გამოჩნდა სახელოვნებო პლატფორმა „პიესების ონლაინ კითხვა/Plays Online Reading“, რომელმაც ონლაინ მაყურებლისთვის წარადგინა რამდენიმე თანამედროვე პიესის კითხვა, სხვადასხვა თაობის მსახიობებისა და სტუდენტების მონაწილეობით.


იმავე წლის ზაფხულში, ამავე პლატფორმის ეგიდით, ავტორებმა ქეთევანმა და დავითმა, ფიზიკურ სივრცეში - თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსის ეზოში უმასპინძლეს მაყურებელს და წარმოადგინეს, ჩემი აზრით, ერთგვარი <თეატრალური მანიფესტი> „შტამპი, პოსტების კითხვა 48 წუთში“. ტექსტს თავად ავტორები კითხულობდნენ კლასიკური მუსიკის თანხლებით და ცალსახად აღსანიშნავია, რომ, იმ დროს ჯერ კიდევ სტუდენტი ავტორების მიერ წაკითხული ტექსტი იყო/არის, მრავალშრიანი, რეფლექტორული, კრიტიკული, გულწრფელიც და ამავე დროს პრობლემატური - სათეატრო ცხოვრების უთანასწორო გზაზე...

2022 წლის მაისის თვეში (17, 18, 19, 20, 21) აღნიშნულ პლატფორმაზე ციფრული ჰიბრიდული პერფორმანსის Seerfits (After history) პრემიერა გაიმართა, ხოლო წინმსწრებად, დაინტერესებულ მაყურებელს ციფრული პერფორმანსის რეპრეზენტაციისთვის თვალის მიდევნება შეეძლო 5, 6 და 7 მაისს აუდიო-ვიზუალური მუზეუმის ჰოლიზეუმის პავილიონშიც.

პერფორმანსის იდეა დაფუძნებულია NFT – (Non fungible token) კონცეპტზე...


ერთი მხრივ, სტატიკურად მოძრავი ანიმაციური გმირები, სერფიტები მეტყველებენ ექსპრესიული მანერით - მსახიობების ცოცხალი ხმების მეშვეობით.


ტექსტის ავტორი და რეჟისორია ქეთევან სამხარაძე; მხატვარი/მთავარი ანიმატორი: თამარ სამხარაძე; ანიმატორები: თათია გოცირიძე და გიორგი სამხარაძე; კომპოზიტორი კი ნოე კვირკველია.

შინაარსის მიხედვით, სერფიტები ისევე მგრძნობიარენი არიან, როგორც ადამიანები. და ისეთივე რაციონალურები, როგორც ადამიანები.

ეს ჰუმანოიდი ჰერმაფროდიტი არსებები თითოეულ ეპიზოდში, ანუ ხუთივე ეპიზოდში, ხან იტყუებიან, ზოგჯერ კი ერთმანეთს და საკუთარ თავს არწმუნებენ, სძულთ, უყვარდებათ და თავისუფლებას - ხშირად გაუთვითცნობიერებულს ეტრფიან, როგორც ადამიანებს სჩვევიათ ხოლმე... ისევე ცდილობენ აუჯანყდნენ მიჯაჭვულობების მთელ წყებას, ხოლო შედეგად დესტრუქციას მიაღწიონ, როგორც ამის უსუსური მცდელობები აქვთ ხოლმე ადამიანებს.

ჰერმაფროდიტის ეტიმოლოგია ბერძნული მითოსიდან მომდინარეობს, ჰერმესისა და აფროდიტეს მიერ ნაშობი დუალური ორსქესიანი არსების აღმნიშვნელია.
ყოველი ეპიზოდის პროლოგში სერფიტები ნახსენებია, როგორც ჰუმანოიდი არსებები, მაშასადამე, ისინი არიან ფანტასმაგორიულები, მეტაფიზიკური განზომილებიდან შობილი - ადამიანური შეგრძნებების მქონენი ერთდროულად.

<ღია ზღვის შორეულ გალაქტიკაში პლანეტა სამჯურის მკვიდრი> ჰერმაფროდიტების ფენტეზის სტრუქტურულ ნაწილს - ემოციებისა და გრძნობათა ბუნების ქრომატულობა შემატეს გამხმოვანებელმა მსახიობებმა არტიკულაციით...: ანიკო შურღაიამ, ანკა დიდმანიძემ, თეა ალფაიძემ, ნიკოლოზ ჯაფარიძემ.

მსახიობების არტიკულაციური არქიტექტონიკის მიხედვით - ანიმაციური პერსონაჟები ხასიათდებიან ერთმანეთისგან განსხვავებული გრძნობებით, მოტივაციით, სურვილებითა და შიშებით. მათი ხმები გვაგრძნობინებენ: სევდას, გარკვეული თვალსაზრისით - ადიქციას, ბრძოლისუნარიანობას, ზიზღს, სიყვარულსა და უწყვეტი მოქმედების სურვილს...

ქეთევან სამხარაძის ტექსტი -  რომლის ინგლისური თარგმანის ავტორია ჯარჯი თოფურია, ფანტასტიკური, თითქოს და, ერთი შეხედვით ფლეგმატური ციფრული ვიზუალის მიღმა  სააზროვნო სიღრმეს გამოკვეთს, ემოციურ პლასტებსა და ვნებათაღელვას გვთავაზობს. სერფიტები განიცდიან, ბრძოლობენ, იმარჯვებენ, სძულთ და რადგან სძულთ - ძლიერი სიყვარულის უნარიც აქვთ...(!)

ეპიზოდი პირველი: <გამოღვიძებაა>
<ამბავი, სადაც ოთხნი არიან, აჯანყებულს იჭერენ, მეორე იტყუება, მესამე საშიშია, მეოთხეს კი ესმის, მაგრამ ვერ ლაპარაკობს.>

ეპიზოდი მეორე: <მოგონებაა>
<ამბავი, სადაც ვიგებთ, თუ რატომ, როგორ და სად დაიჭირეს აჯანყებული...>

ეპიზოდი მესამე: <დაკითხვაა>
<ამბავი, იმაზე ვისაც დაკითხავენ, ვინც ისმენდა, მაგრამ ვერ ლაპარაკობდა.>

 

ეპიზოდი მეოთხე: <ჩვენ, ყველა>
<სერფიტები იგებენ „სტატუსისგან“ თავის დახსნის გზას. ამბავი, სადაც ის, ვინც ტანჯვას ებრძვის, თავად არის ტანჯვა.>

ეპიზოდი მეხუთე: <ბნელი მატერია-აღსარებაა>
<ამბავი, სადაც, ვინც ძალებს თრგუნავს ეწირება მას, ვინც ყველგან და არსადაა ერთდროულად...>


 ციფრული პერფორმანსის მეხუთე ეპიზოდის უკანასკნელი სუბტიტრებია:
დასასრული. გაგრძელება იქნება... / The end / To be continued…

ჩვენ კი, მაყურებლები მოთმინებით დაველოდოთ ანიმაციური ჰუმანოიდი არსებების ვნებათაღელვის ინტროსპექციული, ინტიმური და რაციონალური ჯაჭვის პერსპექტიულ წერტილებს., და რაც მნიშვნელოვანია, ალტერნატიული სახელოვნებო პლატფორმის / პიესების ონლაინ კითხვა/Plays online reading სოციალურ ვებ. გვერდზე.