top of page

პეტრე ოცხელის საქმე

1512062545.jpg

გუბაზ მეგრელიძე 
პეტრე ოცხელი საქმე


დიდი ქართველი მხატვრის, პეტრე ოცხელის საქმეს პირველად მე გავეცანი სუკ-ის არქივში 1989 წელს. განაჩენი დავბეჭდე სტატიაში `სერგო ამაღლობელის დაკითხვის ოქმები” (ჟურნ. `ცისკარი”, 1991 წ. #11-12. გვ. 305-310), ვინაიდან სერგო ამაღლობელი, ვახტანგ აბაშიძე და პეტრე ოცხელი ერთი საქმით იყვნენ რეპრესირებულნი. ავღნიშნავ, რომ მხოლოდ პეტრე ოცხელის დაკითხვის ოქმის ასლი გადავეცი საჩუქრად საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმს.    
პეტრე ოცხელის დაკითხვის საქმე დავბეჭდე ჟურნალ `კულტურა პლუს”-ში (2016 წ. #2. სათაურით საქმე #13085), რომელიც მისმა რედაქტორმა რევაზ იუკურიძემ (იგი პოეტია და თეატრალურ საკითხებში ვერ ერკვევა) დამიკვეთა. სამწუხაროდ, ჩემთან შეუთანხმებლად წერილი ცვილებებით დაიბეჭდა (დაკითხვის ოქმის რუსულიდან თარგმანი და კომენტარის მნიშვნელოვანი ნაწილი მე მეკუთვნის), სადაც ჩემი სახელი და გვარი მითითებული არ იყო. არც შეპირებული ჰონორარი გადამიხადა. მოკლედ, არაეთიკურად და რედაქტორისთვის შეუფერებლად მოიქცა. ამით დაირღვა ჩემი საავტორო უფლებები. სამომავლოდ შეიქმნა წერილის სხვისი სახელით გამოყენების საშიშროება. ამიტომ ჩემი მოპოვებული პუბლიკაციის მითვისების თავიდან ასაცილებლად მკითხველს ვთავაზობ ახალ რედაქტირებულ ვარიანტს. წინა, უკვე დაბეჭდილ ვარიანტში (რომელსაც დღემდე გაურკვეველი ინცოგნიტო თანაავტორი ყავს სერიოზული შეცდომაა გაპარული. პ. ოცხელის დაბადების თარიღად 25 სექტემბრის ნაცვლად, 27 სექტემბერია გამოცხადებული (თანაც არ არის აღნიშნული, რომ ეს ძველი სტილია).Aმეორე შეცდომაში ვკითხულობთ: `კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ (1933 წ.) პეტრე ოცხელი სერგო ამარლობელის მიწვევით (რომელიც მცირე თეატრის დირექტორი იყო)  სამუშაოდ მოსკოვში გადავიდა”. ჯერ ერთი _ პ. ოცხელი მოსკოვში 1935 წელს გადავიდა, მეორეც _ ს. ამაღლობელი ამავე დროს მოსკოვის მცირე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც იყო. არ ვიცი ეს უზუსტობები სად იპოვეს, მაგრამ აშკარად არაკომპეტენტურობასთან გვაქვს საქმე.


 პეტრე ოცხელი დაიბადა ქუთაისში 1907 წლის 25 სექტემბერს (ახ.ს. 8 ოქტომბერს). 1913-1920 წლებში მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც მამამისი კომერციულ საქმიანობას ეწეოდა. 1920 წელს ოჯახი ქუთაისში დაბრუნდა და პეტრემ სწავლა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში გააგრძელა. ხატვის შესწავლას სკოლასთან არსებულ სტუდიაში განაგრძობდა. 1926-27 წლებში სწავლობდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში პროფესორ იოსებ შარლემანის კლასში. 1927 წელს თბილისი მუშათა თეატრში გააფორმა ა. ლუნაჩარსკის `ცეცხლის გამჩაღებლები”. ამ სპექტაკლის ნახვის შემდეგ, კ. მარჯანიშვილმა მას ქუთაის-ბათომის თეატრში მუშაობა შესთავაზა.  დიდი რეჟისორის ხელმძღვანელობით ახალგაზრდა მხატვარმა ამ თეატრში გააფორმა სპექტაკლები: კ. კალაძის `კაკალ გულში”, კ. გუცკოვის `ურიელ აკოსტა”, გ. ბუხნიკაშვილის `კი, მაგრამ”, კ. კალაძის `ხატიჯე”, პ. შელის `ბეატრიჩე ჩენჩი”, ხოლო მარჯანიშვილის თეატრში: ნ. პოგოდინის `პოემა ფოლადზე”, ვ. კირშონის `პური”, უ. შექსპირის `ოტელო”, ფ. შილერის `ყაჩაღები” (განუხორციელებელი), გ. ბააზოვის `მუნჯები ალაპარაკდნენ”, ე. რაისის `ჩვენ-ხალხი”, ი, ვაკელის `აპრაკუნე ჭიმჭიმელი”, შ. დადიანის `ჩატეხილი ხიდი” (ი. ჭავჭავაძის ნაწარმოებების მიხედვით), მოსკოვის კორშის თეატრში კ. მარჯანიშვილის მიერ დადგმული ჰ. იბსენის `მშენებელი სოლნესი”. აგრეთვე შეასრულა ესკიზები კინორეჟისორ ლეო ესაკიას ფილმისთვის `მფრინავი მღებავი”.

 
                      პეტრე ოცხელის რეპრესირების საქმე
კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, პეტრე ოცხელი მოსკოვში გადადის სამუშაოდ სერგო ამაღლობელის მიწვევით, რომელიც მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორი იყო. 1936 წელს იგი აფორმებს ფ. შილერის პიესას `ვერაგობა და სიყვარული”  შემდეგ გააფორმა ვ. გუსევის `დიდება”, კ. სტანისლავსკისა და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს მუსიკალურ თეატრში დ. სტეპანოვის ოპერა `მესაზღვრეები”. ჯ. ვერდის ოპერა `რიგოლეტოს” გაფორმებისთვის გამოცხადებულ კონკურსზე მის ესკიზებს კონსტანტინე სტანისლავსკიმ პირველი პრემია მიანიჭა, თუმცა მისი განხორციელება აღარ დასცალდა. 1937 წლის 8 აგვისტოს პეტრე ოცხელი, გიორგი ჟორდანია და ვახტანგ აბაშიძე აბსურდული ბრალდებით დააპატიმრეს. სამივე მათგანის პირველი დაკითხვა 11 აგვისტოს შედგა. ოპერრწმუნებულმა ჩუგუნოვმა მათ ერთი კითხვით მიმართა: `თქვენ დაგაპატიმრეს, როგორც კონტრრევოლიციურ-ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. აღიარებთ თუ არა დანაშაულს?” პასუხიც ერთნიშნა იყო: `არა, ჩვენ ამაში თავს დამნაშავედ არ ვცნობთ”. ამის შემდეგ ისინი თბილისში ჩამოიყვანეს. ძირითადად კი დაპატიმრებიდან სამი თვის თავზე დაიკითხნენ. გ. ჟორდანია 22 ნოემბერს, ვ. აბაშიძე და პ. ოცხელი 27 ნოემბერს დაკითხეს. ეს არის და ეს. ბრალის დაუმტკიცებლობის მიუხედვად, დახვრეტას ვერ გადაურჩნენ...
პეტრე ოცხელის პირველი დაკითხვის ოქმში აღნიშნულია, რომ რეპრესიებში არ მოჰყოლია, სამხედრო აღრიცხვიდან მოიხსნა ხერხემლის ძვლის დაავადების დიაგნოზით, უპარტიო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას არ ეწეოდა. ბანდებში, კონტრრევოლუციურ ორგანიზაციებსა და აჯანყებებში არ მონაწილეობდა. იგი სერგო ამაღლობელმა 1937 წლის 20 ნოემბრის დაკითხვისას ასე დაახასიათა: `პეტრე ოცხელს 1928 წ. ვიცნობ, როგორც მარჯანოვის თეატრის კარგ ახალგაზრდა მხატვარს. მასთან კავშირი არ მქონდა. მხოლოდ თეატრალური საქმიანობისას ვხვდებოდი. ჩემთან ბინაზე დაახლოვებით 1936 და 1937 წლებში იყო. პოლიტიკურ თემაზე საუბარი არ მქონია, ვინაიდან ამ საკითხში გაუთვითცნობიერებელ და აპოლიტიკურ ადამიანად ვთვლიდი.” ასევე, ს. ამაღლობელმა თქვა, რომ არც ერთი მათგანი კონტრრევოლუციურ ჯგუფში არ ჩაუთრევია და არც თვითონ ყოფილა ასეთ ჯგუფში. მისი რეკომენდაციით დაინიშნა გიორგი ჟორდანია მცირე თეატრის საკოლმეურნეო ფილიალის დირექტორის მოადგილედ, ვორონეჟის რაიონის სოფელ ზემეტჩინოში, რადგან ამ სამუშაოზე მოსკოვის ხელოვნების მუშაკთაგან არავინ მიდიოდა. ამასთანავე, გიორგი ჟორდანიამ მას შესთავაზა, სპექტაკლ `ცხვრის წაყაროს” დადგმაზე პეტრე ოცხელი და ვახტანგ აბაშიძე მოეწვია.


სახელმწიფო უშიშროების უფროსის ლეიტენენტ ოსიპოვის მიერ შედგენილ ცნობაში ვკითხულობთ: `ოხცელი პეტრე გრიგოლის ძე, დაბ. 1907 წ. ქ. ქუთაისში, ქართველი, სსრკ მოქალაქე ცხოვრობს მოსკოვში, მუშაობს მხატვრად მოსკოვის სახელმწიფო აკადემიურ მცირე თეატრში. ოცხელი პ. გ. არსებული მასალებით იმხილება იმაში, რომ იყო წევრიმოსკოვის მცირე თეატრთან არსებულიკონტრრევოლუციურ-ტროცკისტულ ტერორისტული ჯგუფისა, რომელიც გიორგი ყურულოვმა ჩამოყალიბდა `ქართული ნაციონალური ცენტრის” დავალებით. ოცხელი პ. გ. მონაწილეობა დასახელებულ ორგანიზაციაში მტკიცდება ახმეტელი ა. ვ. ჩვენებებით. ექვემდებარება დაპატიმრებას წარდგენილი ბრალდებით საქ. სსრ სისხლის სამართლის საქმის 58/8, 58/10 და 58/11 მუხლებით.”
საქმეში აღნიშნულია, რომ, დანაშაულის აღიარების უარყოფის მიუხედავად, სამივე იმხილებოდა სანდრო ახმეტელის 1937 წლის 17 ივნისს ჩვენებით. კითხვაზე: `რომელი კონტტრევოლუციური გაერთიანებებია მოსკოვში თქვენთვის ცნობილი”, ს. ახმეტელი პასუხობს: `მოსკოვის მცირე სახელმწიფო თეატრში არსებობს კონტრრევოლუციურ-ტეროტისტული ჯგუფი, რომელსაც ორგანიზება გაუკეთა თეატრის ყოფილმა დირექტორმა, ტროცკისტმა სერგო ამაღლობელმა. ამაღლობელის გარდა, ამ ტერორისტულ ჯგუფში შედიოდნენ: მიწათმქომედების სახალხო კომისარიატის ყოფილი იურისკონსულტი გიორგი ჟორდანია, თბილისის მარჯანიშვილის თეატრის ყოფილი რეჟისორი აბაშიძე და მხატვარი ოცხელი. ყველა ეს პირი სხვადასხვა დროს გადავიდა თბილისიდან მოსკოვში, სადაც დამკვიდრდნენ მცირე თეატრში.” ს. ახმეტელი აღნიშნავს, რომ ამ ჯგუფის შესახებ გიორგი ყურულოვმა შეატყობინა და 1935 წლის ბოლოს, მოსკოვში ჩასვლისას, შესთავაზა, დაჰკავშირებოდა ჯგუფის ხელმძღვანელ სერგო ამაღლობელს. მან კატეგორიული უარი განაცხადა, ვინაიდან ამაღლობელთან პირადი ურთიერთობების გამო მტრულად იყო განწყობილი. ასევე, ს. ახმეტელმა თქვა, რომ ამ ჯგუფის შესახებ იცოდა პავლე იაშვილისგან. სწორედ ამ უკანასკნელისგან გაიგო, რომ ს. ამაღლობელს ახლო კავშირი ჰქონდა თბილისში მარჯანიშვილის თეატრში არსებულ კონტრრევოლუციურ ჯგუფთან, რომლის წევრებისგანაც 1934-35 წლებში მოსკოვში მიიწვია რეჟისორი აბაშიძე და მხატვარი ოცხელი. გ. ჟორდანიას კი ძველი კავშირები ჰქონდა ს. ამაღლობელთან და 1934 წელს მოაწყო მოსკოვის მცირე თეატრში. ახმეტელთან კავშირი არ იხსენიება და ამაზე არც გამოძიება ამახვილებს ყურადღებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ს. ახმეტელის საქმეზე, სამხერდო პროკურორ აგაბეკოვის 1955 წლის 26 სექტემბრის დასკვნით, ასეთი კავშირები არ დადასტურდა და არც დაპატიმრებულებს უღიარებიათ წარდგენილი ბრალდება. გადამოწმებით დადგინდა, რომ საქმე იყო ფალსიფიცირებული, გამომძიებელები იყენებდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდებს და რუსთაველის თეატრში კონტრრევოლუციურ-ტეროტისტული დაჯგუფება არ ყოფილა.

 

ამიტომაც უსამართლოდ რეპრესირებული პირები რეაბლიტირებულნი იყვნენ. ამდენად, ს. ახმეტელის ჩვენება გამოძიებამ შეთითხნა, ვინაიდან მას არავითარი შემოქმედებითი მუშაობა და არც პირადი ურთიერთობა არ აკავშირებდა პ. ოცხელთან. ასე ადგენდნენ საბჭოთა ჩეკისტები არ არსებულ საქმეებს კულტურის მოღვაწეთა მიმართ და ძირს უთხრიდნენ ეროვნული ხელოვნების განვითარებას.
აღსანიშნავია, რომ მამამისი, გრიგოლ ოცხელი, 1939 წლოს 1 თებერვალს სსრკ გენპროკურორს სწერდა შვილის ბედის შესახებ. პასუხად კი მიიღო, რომ მის შვილს შორეულ გადასახლებაში 10 წელი აქვს მისჯილი. ამ პასუხით უკმაყოფილებლობის გამო, მან 1941 წლის 24 მაისს ი. სტალინს მისწერა, მაგრამ წერილი უპასუხოდ დარჩა, ვინაიდან ერთ თვეში  ომი დაიწყო და ამისთვის არავის ეცალა.  
პეტრე ოცხელისა და ვახტანგ აბაშიძის შემოქმედებითი თანამშრომლობა იწყება 1926 წელს თბილისში დაარსებულ მუშათა თეატრის სპექტაკლის ანატოლი ლუნაჩარსკის `ცეცხლის გამჩაღებლების” ერთობლივი დადგმით(პრემიერა შერდგა 1927 წ. 14 დეკემბერს). შემდგომში ქუთაის-ბათომის თეატრში ერთად (ვ. აბაშიძე, როგორც კ. მარჯანიშვილის დადგმების რეჟოსორი) მუშაობდნენ სპექტაკლებზე: `ბეატრიჩე ჩენჩი”, `ხატიჯე”, `პური”.


მოხდა პარადოქსიც: 1939 წელს, ორი წლის წინ რეპრესირებული, მხატვრის ნამუშევრები წარადგინეს ლონდონის თეატრალურ მხატვართა გამოფენაზე, სადაც დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა. 1937 წელს, კ. სტანისლავსკის მიერ მოწყობილ ჯ. ვერდის `რიგოლეტოს” დადგმის გამოცხადებულ კონკურსზე, რომელშიც 20 მხატვარი მონაწილეობდა, პ. ოხცელის ესკიზებმა პირველი პრემია დაიმსახურა, თუმცა დადგმა არ  განხორციელდა. ეს ფაქტი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო ცნობილი და მხოლოდ XX საუკუნის დასასრულს გამოვლინდა. 2000 წელს ლონდონის სამეფო თეატრში დიდი წარმატებით გაიმართა საქ. თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახ. მუზეუმისა და მარჯანიშვილის თეატრის ფონდებში დაცული პ. ოცხელის ნამუშევრების გამოფენა. 2001 წელს, იგივე ნამუშევრები (ამჯერად, მხოლოდ მუზეუმის კუთვნილება) ცნობილი მსახიობის ზურაბ ცინცქილაძისა (იმ პერიოდში იგი საქ. თეატრალური საზოგადიების აჭარის ა/რ განყოფილების თავმჯდომარე იყო) და ჩემი ინიციატივით ბათუმში დიდი წარმატებით გამოიფინა.


                          პეტრე ოცხელის დაკითხვის ოქმი
1937 წ. 27 ნოემბერი.
კითხვა: თქვენ წარგედგინათ ბრალდება, რომთქვენ იყავით კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში. მოგვეცით ჩვენება ამ საკითხთან დაკავშირებით.
პასუხი: კონტტრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვიმყოფებოდი.
კითხვა: კონტტრევოლუციურ ორგანიზაციაში თქვენი მონაწილეობა მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით. მოგვეცით ჩვენება თქვენი კონტტრევოლუციური მუშაობის შესახებ.
პასუხი: კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ და კონტრრევოლუციურ მუშაობას არ ვეწეოდი.
კითხვა: მოგვიყევით თქვენი კავშირის შესახებ სერგო ამაღლობელთან.
პასუხი: სერგო ამაღლობელი გავიცანი 1930 წელს მარჯანიშვილის თეატრში მოსკოვში გასტროლების დროს. ნაცნობობის პერიოდში სულ სამჯერ შევხვდი მის ბინაში. ერთხელ - 1936 წელს, და ორჯერ - 1937 წელს. 
კითხვა:  ამაღლობელთან რა პოლიტიკურ თემებზე გქონდათ საუბარი.
პასუხი: ამაღლობელთან პოლიტიკურ თემებზე საუბარი არასდროს მქონია, თეატრალური წარმოდგენებისა და მისი პიესებისგარდა, რომლებსაც ის გვიკითხავდა. 
კითხვა: მოგვეცით ჩვენება თქვენი კავშირის შესახებ გიორგი ყურულოვთან.
პასუხი: ყურულოვსვიცნობ ჯერ კიდევ 1928 წლიდან. ის გავიცანი ოპერის თეატრში მარჯანიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისის თეატრის გასტროლების დროს.
კითხვა: მოგვეცით ჩვენება გიორგი ყურულოვთან თქვენი შეხვედრების შესახებ. 
პასუხი: ყურულოვთან შეხვედერებისას ვაცხადებ შემდეგს: რამდენჯერმე პირადად ვიყავი მის ბინაში გამართულ საღამოებზე. 1937 წელს შევხვდი ამაღლობელის ბინაში, მოსკოვში, ხანდახან ვხვდებოდი მარჯანიშვილის თეატრშიც.
კითხვა: როგორი საუბრები გქონდათ ყურულოვთან პოლიტიკურ თემებზე.
პასუხი: ყურულოვთან პოლიტიკურ თემებზე საუბრები არ მქონია.
კითხვა: გამოძიებას მოახსენეთ თქვენი კავშირის შესახებ გიორგი ჟორდანიასთან და ვახტანგ აბაშიძესთან.
პასუხი: ჟორდანია გავიცანი 1936 წელს ზემეტჩინოში, როდესაც ჩავედი, იქ უკვე მუშაობდა აბაშიძე, რომელსაც 1928 წლამდე, მარჯანოვის თეატრში მუშაობამდე, ვიცნობდი. აბაშიძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა. აბაშიძემ სამუშაოდ მიმიწვია ზემეტჩინოში. 
კითხვა: მოგვიყევით მოსკოვში უცხოელებთან თქვენი კავშირის შესახებ.
პასუხი: უცხოელებთან არავითარი კავშირი არ მქონია.
კითხვა: გამოძიებისთვის ცნობილია, რომ თქვენ დაკავშირებული იყავით ერთ საზღვარგარეთულ წარმომადგენლობასთან. მოგვეცით ჩვენება ამ კავშირის შესახებ.
პასუხი: საზღვარგარეთული წარმომადგენლობების თანამშრომლებთან არავითარი კავშირი არ მქონია.
კითხვა: 1931 წლის შემდეგ დააასახელეთ მოსკოვში თქვენი ჩამოსვლის წელი და თვე და რამდენ ხანს ცხოვრობდით.
პასუხი: 1931 წლის შემდეგ მოსკოვში ჩამოვედი 1934 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში და ერთი თვე დავყავი, ე.ი. 1935 წლის იანვრის შუა რიცხვებამდე.
კითხვა: მაშინ სად და ვისთან ცხოვრობდით.
პასუხი: ვცხოვრობდი ჩემს ძმასთან, ლეონ გრიგორის ძესთან, ზაცეპკინის შესახვევის #5/11 სახლში, ბინა 6-ში. ჩემი ძმა ლეონი იმ დროს მუშაობდა მოსპოლიგრაფტრესტში ელექტროტექნიკოსად.
კითხვა: ძმასთან ცხოვრებისას ჩაწერილი თუ იყავით.
პასუხი: ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ, მგონია, ჩაწერილი ვიყავი.
კითხვა: თბილისიდან მოსკოვში ვისთან ერთად გამოემგზავრეთ.
პასუხი: გამგზავრების დღეს გავიგე, რომ მოსკოვში მოდიოდა მარჯანოვის თეატრის მსახიობი ვერიკო ანჯაფარიძე. ჩვენ სხვადასახვა ვაგონში ვიყავით, მაგრამ გზაში ერთ კუპეში მოვეწყვეთ.მოსკოვში ის თავის დასთან გაჩერდა.
კითხვა: მოსკოვში შეხვდით თუ არა ვერიკო ანჯაფარიძეს. მოგვეცით ზუსტი ჩვენება მასთან ერთად სად იყავით.
პასუხი: სამი-ოთხჯერ ვიყავი მისი დის ბინაში, ლიასნიცკის ქუჩაზე.ერთხელ თეატრში ვიყავი და ამის შემდეგ არსად არ ვყოფილვარ.
კითხვა: ანჯაფარიძესთან ერთად იყავითYთუ არა მისული რომელიღაც სასტუმროში.
პასუხი: ეს არ მახსოვს.
კითხვა: 1934 წლის დეკემბერში თქვენ იყავით სატუმრო `მეტროპოლში”. მოგვეცით ჩვენება იქ ვის შეხვდით.
პასუხი: ახლა მაგონდება, რომ ვახლდი ვერიკო ანჯაფარიძეს სასტუმრო `მეტროპოლში” და ვიყავი საქართველოს გოფილექტის დირექტორის ტარუმოვის ნომერში, ოთახში 15 წუთი დავყავით და ერთად გამოვედით. სად დავშორდით ერთმანეთს ვერ ვიხსენებ.
კითხვა: გამოძიებას აქვს მონაცემები, რომ თქვენ პირადად მიხვედით სასტუმრო `მეტროპოლში”. მოგვეცით ჩვენება იქ ვის შეხვდით. 
პასუხი: ტარუმოვის ნომრის გარდა არავისთან არ ვყოფილვარ. ერთხელ ვივახშმე კინორეჟისორ ჭიაურელთან სასტუმრო `მეტროპოლის” რესტორანში, სადაც ორნი ვიყავით და წასვლისას ჩემს ძმა ლეონსა და მის მეგობარს შევხვდით, რომლის გვარიც არ მახსოვს, მაგრამ ვიცი, რომ იგი ლეონის თანაკურსელი და თანამშრომელია.
წავიკითხე. ჩაწერილია ჩემი სიტყვებით. სწორია: ოცხელი.
დაკითხეს:L მე - 3 განყოფილების უფროსის მოადგილემ: ოსიპოვმა
მე - 2 განყოფილების რწმუნებულის თანაშემწემ. 
სახელმწიფო უშიშროების სერჟანტმა: ატაშიანმა. 

საბრალდებო დასკვნა საქმისა #13085
`ვამტკიცებ”                                       1. გიორგი თედოს ძე ჟორდანიაზე
საქ. სსრ შინაგან საქმეთა                          2. ვახტანგ იოსების ძე აბაშიზე
სახალხო კომისარი,                                3. პეტრე გრიგოლის ძე ოცხელზე
სახელმწიფო უშიშროების                          გათვალისწინებული საქ. სსრ
მე-2 რანგის კომისარი                              სისხლის სამართლისკოდექსის
                                                         58/10, 58/11 მუხლებით
(გოგლიძე)
1 დეკემბერი 1937 წ. 
მე, საქ. სსრ შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების ოპერრწმუნებულმა, სახელმწიფო უშიშროების სერჟანტმა ატასშიანმა განვიხილე საქმე #13085.


მოცემულ საქმეში ბრალი ედებათ: გიორგი თედოს ძე ჟორდანიას, დაბ. 1885 წ. ქართველი, ყოფილ თავადთა წრიდან.დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი. წარსულში ჟორდანია ირიცხებოდა ნაციონალ-დემოკრატთაპარტიაში. იყო ტფილისის კომიტეტის წევრი და ეკავა მენშევიკური მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. საქართველოს გასაბჭოების წინ ამერიკული გემით გაიქცა და კონსტანტინოპოლში დამკვიდრდა, სადაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მენშევიკური მთავრობის ყოფილ წევრებთან: რაჟდენ არსენიძესთან, გრიგოლ ვეშაპაძესთან და სხვ.
ჟორდანია საზღვარგარეთიდან 1921 წელს დაბრუნდა (გაქცევიდან რამდენიმე თვის შემდეგ). 1922 წელს კონტრრევოლუციური მუშაობისთვის დაპატიმრებულ იქნასაგანგებო კომისიის მიერ.


ვახტანგ იოსების ძე აბაშიძეს, დაბ. 1897 წ. ქართველი.ყოფილ თავადთა წრიდან. დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი. წარსულში დაამთავრა კადეტთა კორპუსი.


პეტრე გრიგოლის ძე ოცხელს, დაბ.1907 წ. ქართველი.ყოფილ ვაჭართა წრიდან. დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი. სსრკ შინსახკომის მონაცემებით, ოცხელს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთის  ერთ საელჩოსთან, რომელიც საბჭოთა კავშირში დაზვერვით და კონტრრევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. 
მასზე, რომ: შედიოდნენ საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის, ტროცკისტ სერგო ამაღლობელის დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში ტერორისტული აქტების განსახორცილებლად პარტიისა და სახელმწიფო ხელმძღვანელთა მიმართ მათი თეატრში დასწრების დროს.


ჟორდანიამ, აბაშიძემ და ოცხელმა თავი დამნაშავედ არ სცნეს, მაგრამ იმხილებიან ამ კონტრრევოლუციურ-ტერორისტული ორგანიზაციის აქტიური წევრის ალექსანდრე ახმეტელის მიერ. 


აღნიშნულიდან გამომდინარე დავადგინე: გ.თ. ჟორდანიას, ვ.ი. აბაშიძისა და პ.გ. ოცხელის საგამოძიებო საქმე #13085 განსახილველად გადაეცეს საქ. სსრ შინსახკომის სამეულს.
ცნობა: 1. დაპატიმრებულები იმყოფებიან შინაგან ციხეში. 2. საქმის ნივთიერი მტკიცებითი საბუთები არ არსებობს. 
ს.ი. ამაღლობელის საგამოძიებო საქმე ცალკე წარმოებით მიმდინარეობს.
საქ. სსრ შინსახკომის მე-3 განყოფილების 
უფროსის თანაშემწე, სახელმწიფო 
უშიშროების სერჟანტი:                                     ატაშიანი
საქ. სსრ შინსახკომის მე-3 განყოფილების
უფროსის თანაშემწე, სახელმწიფო უშიშროების
უფროსი ლეიტენანტი:                                       ოსიპოვი
`თანახმა ვარ” 
საქ. სსრ შინსახკომის მე-3 განყოფილების
დროებითი უფროსი, სახელმწიფო უშიშროების
უფროსი ლეიტენანტი:                                      ვინერი

ოქმი #56
საქ. სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სამეულის სხდომისა
2 დეკემბერი 1937 წ.
მოსიმინეს: შინსახკომის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს მე-3 განყოფილების საგამომძიებლო საქმე #13085.
1. ჟორდანიაგიორგი თედოს ძე, დაბ. 1885 წ. ქართველი, ყოფილ თავადთა წრიდან. დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი. წარსულში ჟორდანია ირიცხებოდა ნაციონალ-დემოკრატთა პარტიაში. იყო ტფილისის კომიტეტის წევრი და ეკავა მენშევიკური მთავრობის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. საქართველოს გასაბჭოების წინ ამერიკული გემით საზღვარგარეთ გაიქცა და კონსტანტინოპოლში დამკვიდრდა, სადაც მჭიდროდ იყო დაკავშირებული მენშევიკური მთავრობის ყოფილ წევრებთან ევგენი გეგეჭკორთან, რაჟდენ არსენიძესთან, გრიგოლ ვეშაპაძესთან და სხვ. 


ჟორდანია საზღვარგარეთიდან 1921 წელს დაბრუნდა (გაქცევიდან რამდენიმე თვის შემდეგ). 1922 წელს კონტრრევოლუციური მუშაობისთვის დაპატიმრებული იყო საგანგებო კომისიის მიერ.


ბრალად ედება ისიც, რომ შედიოდა საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის, სერგო ამაღლობელის, დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში. დადანაშაულებულია საქ. სისხლის სამართლის კოდექსის 58/10, 58/11 მუხლებით. თავი დამნაშავედ არ სცნო. მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით.
2. აბაშიძე ვახტანგ იოსების ძე, დაბ. 1897 წ. ქართველი. ყოფილ თავადთა წრიდან. დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი. წარსულში დაამთავრა კადეტთა კორპუსი. ბრალად ედება, რომ შედიოდა საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის, სერგო ამაღლობელის, დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში. დადანაშაულებულია საქ. სისხლის სამართლის კოდექსის 58/10, 58/11 მუხლებით. თავი დამნაშავედ არ სცნო.მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით.


3. ოცხელი პეტრე გრიგოლის ძე, დაბ. 1907 წ. ქართველი. ყოფილ ვაჭართა წრიდან. დაპატიმრებამდე თეატრალური მუშაკი.  სსრკ შინსახკომის მონაცემებით ოცხელს კავშირი ჰქონდა საზღვარგარეთის  ერთ საელჩოსთან, რომელიც საბჭოთა კავშირში დაზვერვით კონტრრევოლუციურ მუშაობას აწარმოებდა. ბრალად ედება, რომ შედიოდა საქართველოს ნაციონალური ცენტრისა და მოსკოვის მცირე თეატრის დირექტორის, სერგო ამაღლობელის დავალებით შექმნილ კონტრრევოლუციურ-ტერორისტულ ორგანიზაციაში. დადანაშაულებულია საქ. სისხლის სამართლის კოდექსის 58/10, 58/11 მუხლებით. თავი დამნაშავედ არ სცნო. მხილებულია მოწმეთა ჩვენებებით.


მომხსენებელი ატაშიანი.
დაადგინეს:
ჟორდანია გიორგი თედოს ძე, დაბ. 1885 წ. დაიხვრიტოს. პირადი ქონება კონფისკირებულ იქნეს.
აბაშიძე ვახტანგ იოსების ძე, დაბ. 1897 წ.დაიხვრიტოს. პირადი ქონება კონფისკირებულ იქნეს.
ოცხელი პეტრე გრიგოლის ძე, დაბ. 1907 წ. დაიხვრიტოს. პირადი ქონება კონფისკირებულ იქნეს.

bottom of page