სასპენსური „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ანასტასია ჩერნეცოვა
სასპენსური „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“[1]
ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის რეპერტუარი ყოველწლიურად მდიდრდება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ხელწერის მქონე რეჟისორების ნამუშევრებით. შესაბამისად, თეატრი ხელს უწყობს მრავალფეროვანი აუდიტორიის მოზიდვას. ახალ თეატრში მოსული მაყურებელი შეიძლება ბუნკერიდან ამომავალი სიმყრალით გაგუდოს, ქვეყნის ან თოლიას სიკვდილი განიცადოს, შეიყაროს და გაიყაროს, ზღვა გადმოცუროს, დაკარგულის ძიებაში იმყოფებოდეს, ოიდიპოსის ან ალუბლის ბაღის ბედზე დაფიქრდეს ან სულაც, პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები იგემოს. მოცემულ სტატიაში ვისაუბრებ სწორედ იმაზე, თუ როგორი „გემო“ დამიტოვა „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლებმა“.
რეჟისორმა დავით მღებრიშვილმა რაინერ ვერნერ ფასბინდერის დრამაში სასპენსის ელემენტები „ჩააქსოვა“. დარბაზში შესვლისთანავე მაყურებელი ხედავს ნახევრადჩაბნელებულ სცენაზე ტახტზე წამოწოლილ პეტრას (ბუბა გოგორიშვილი), რომელიც დარბაზს ზურგს აქცევს. პარალელურად ყურში ჩაგესმის არაჯანსაღი სუნთქვა, გექმნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული, ან აირწინაღი უკეთია, შესაბამისად, მაყურებელს გაურკვევლობა, შფოთვით აღსავსე მოლოდინი და მოუსვენრობა ეუფლება. მაყურებელი იმასაც კი ფიქრობს, სიკვდილის პირას ხომ არ არის სპექტაკლის მთავარი პერსონაჟი?! სწორედ მსგავსი მდგომარეობა ახასიათებს სასპენსს. შემდგომ სცენაში ჩვენ ვხედავთ გამოღვიძებულ პეტრას, რომელიც მარლენს (ნანა ბუთხუზი) ეუბნება, რომ საშინელი სიზმრების შემდეგ თავი აქვს დამძიმებული. ფასბინდერის პიესა კი, ფაქტობრივად, ამ სიტყვებით იწყება, ყოველგვარი „სასპენსურობის“ გარეშე. რეჟისორი ამ სიზმრის აქცენტირებით გვიქმნის დაძაბულობას, გვამზადებს მწარე ცრემლების „დასაგემოვნებლად“. აღსანიშნავია ისიც, რომ სპექტაკლის ანოტაციაში წერია - “მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს“, შესაბამისად „სასპენსურობა“ არ უნდა გაგვიკვირდეს.
სასპენსის ელემენტები განსაკუთრებით ვლინდება იმ სცენაში, სადაც არაადეკვატურ მდგომარეობაში მყოფი პეტრა ელოდება კარინის ზარს და პარალელურად ისმის შემზარავი მუსიკა - „Scary?”. სახელწოდებაც ითარგმნება, როგორც „საშიში“. ბუბა გოგორიშვილის პეტრას ემოციურ ფონს ამძაფრებს სწორედ აღნიშნული მუსიკალური ნაწარმოები, გიქმნის სასპენსისთვის დამახასიათებელ შფოთვით აღსავსე მოლოდინს, რომელიც გვირგვინდება პეტრას ფსიქიკური აშლილობით და სავარაუდო ფატალური დასასრულით.
ფინალურ სცენაში ბუბა გოგორიშვილი თავზე აირწინაღს იფარებს , კვლავ არაჯანსაღი სუნთქვაა, როგორც სპექტაკლის დასაწყისში. თითქოს იგი ტოქსიკური ადამიანებისგან ცდილობს თავის დაცვას,რომლებიც მას მორალურად კლავენ .ესაა ის სიზმარი, რომელიც პეტრას დაესიზმრა? სიზმარი,რომელიც რეალობად იქცა?
ის, რომ სპექტაკლს სასპენსის ელემენტები აქვს, თითქოს უცნაურია, მაგრამ თანამედროვე ხელოვნება იმდენად ეკლექტურია, რომ არც უნდა გვიკვირდეს. არსებობს გავრცელებული სტერეოტიპი, რომ სასპენსი, როგორც მხატვრული ეფექტი, მხოლოდ თრილერებსა და საშინელებათა ფილმებში გამოიყენება, დრამებსა და მელოდრამებში, მით უმეტეს დრამატულ თეატრში მისი ადგილი თითქოს არ არის. მაგრამ თრილერების სიუჟეტების საფუძველს ხომ მელოდრამა წარმოადგენს, რისი თვალსაჩინო მაგალითია თუნდაც ჰიჩკოკის „რებეკა“.
ამასთანავე, დაძაბულობის შეგრძნებას თამარ ოხიკიანის მხატვრობის ერთ-ერთი ელემენტი გიქმნის - მუქი ნაცრისფერი დასერილი კედელი წარწერით “PETRA VON KANT”. მხატვრის ეს კონცეფცია გაფიქრებს იმაზე, რომ პეტრას შინაგანი სამყარო დასერილია. მართლაც, პეტრა კარინთან (ნანკა კალატოზიშვილი) კონფლიქტის დროს ამბობს - „გული მტკივა, თითქოს დანა გამიყარეს“ .
თამარ ოხიკიანი, როგორც სცენოგრაფი, ისე სპექტაკლის კოსტიუმების მხატვარიცაა. კოსტიუმები არა მხოლოდ ვიზუალით იპყრობენ ყურადღებას, არამედ მხატვრული გადაწყვეტითაც. ყველა შემსრულებელს აცვია მოდური სამოსი. თვალშისაცემია კი ის, რომ მსახიობთა უმეტესობის სამოსზე ჩამუქებული ძირები, გრადიენტია. პირველ რიგში ასეთ სამოსში თავად ბუბა გოგორიშვილის პეტრა გვევლინება, შემდგომ ნინო მითაიშვილის ზიდონი, მერი შახოვის გაბრიელა და ა.შ. როგორც ჩანს, ეს პეტრას დიზაინია. მსგავსი გადაწყვეტა ხაზს უსვამს იმას, რომ ფონ კანტი გავლენიანი ფიგურაა მოდის სამყაროში. საავტორო ნიშნის მიუხედავად, თითოეული კოსტიუმი განსხვავებული სტილისაა, რაც ხაზს უსვამს ამა თუ იმ პერსონაჟის ხასიათს. ნანკა კალატოზიშვილის კარინი კი მხოლოდ პეტრასთან ურთიერთობის პერიოდშია მის სამოსში, ხოლო პირველი სტუმრობისა და წასვლის შემდეგ თავის მუქ, ბრჭყვიალა ტანსაცმელშია, თითქოს ამით უარს ამბობს პეტრას მფარველობაზე.
პეტრა კარინთან პაემანზე დახვეწილ ლიმონისფერ კაბას იცვამს. საინტერესოა, რატომ? ეს ფერი ასოცირდება იმ ბედნიერებასთან, სიხარულთან, რომელსაც მას კარინი ანიჭებს. მარლენის სამოსში კი ყვითელსა და ლაიმისფერს ნაწილობრივ თრგუნავს შავი კაბა, ქამარი და ნაცრისფერი პიჯაკი. ეს მუქი ფერები თითქოს ახშობენ დადებით ემოციებს, როგორც პეტრას არსიყვარული.
თვალშისაცემია, რომ ბუბა გოგორიშვილის პეტრას დაბადების დღეზე ყველამ აჩუქა თეთრი ასტრები. ეს მხატვრული გადაწყვეტა შეიძლება ასახავდეს იმას, რომ პეტრასთვის თითოეული სტუმარი ერთფეროვანია. მით უმეტეს, წვეულებაზე როდესაც იგი ემოციურ კონტროლს კარგავს და იწყებს თითოეული მათგანის ლანძღვას, ყველაფრის ლეწვას, იგი ამ ყვავილებს ერთბაშად ისვრის იმის ნიშნად, რომ თავისი სტუმრები ეზიზღება.
სცენოგრაფიაში აქცენტი გაკეთებულია განათებაზე. დერეფანი, რომელიც პოდიუმს მოგაგონებთ, ფლუორესცენტული ნათურების რიგითაა განათებული, ხოლო მარლენის სამუშაო სივრცე „რინგ ლაითებით“. ამ ნათურების სიუხვემ ასოციაციურად მიმიყვანა მხატვარ-მინიმალისტთან დენ ფლავინთან, რომელიც თავის ინსტალაციებს სწორედ ფლუორესცენტული ნათურებით ქმნიდა.
სპექტაკლს რეფრენად გასდევს ეტა ჯეიმსის “At Last”, როგორც პეტრას საყვარელი სიმღერა. პიესაში პეტრას უოქერ ბრაზერსის „In My Room” უყვარს. სიმღერის შეცვლამ არ დააკნინა სპექტაკლი, პირიქით, ეს მუსიკალური ნაწარმოები ძალზე ლოგიკურად და ორგანულადაა შერჩეული. დრამაში მოხსენიებული სიმღერა მარტოსულობაზეა, ხოლო “At Last” იმაზეა, რომ ბოლო მოეღო მარტოობის დღეებს და ცხოვრებაში სიყვარულმა შემოაღწია. პეტრას კარინის სახით ეწვია სიყვარული, ხოლო მარლენის სიყვარული პეტრაა.
ერთ-ერთი საინტერესო დეტალია მობილური ტელეფონი. მობილურით პეტრა ეთამაშება მარლენს, ძაღლივით ექცევა, იატაკზე უდებს, თითქოს თავისი არავერბალური ქმედებით ეუბნება - „მოდი, ძაღლო, აიღე და მომიტანე“. პეტრას ბუმერანგივით მოუბრუნდა ყოველივე, რადგან ზუსტად ასე, იატაკიდან იღებდა ტელეფონს კარინისთვის და აწვდიდა, საერთოდ, მის პირად მოსამსახურედ იქცა. და, რაც მთავარია - ტელეფონი ის საგანია, რომელსაც სპექტაკლის ბოლო ნაწილში, ბუბა გოგორიშვილის ნერვული პეტრა ფეხბურთის ბურთივით აბურთავებდა კარინის ზარის მოლოდინში.
ბუბა გოგორიშვილის შემოქმედებითი პალიტრა ძალზე მრავალფეროვანია, საკმარისია გავიხსენოთ მის მიერ შექმნილი რამდენიმე სცენური სახე - რანევსკაია, არკადინა,მილა, მარია, ლედი მაკბეთი, კუდიანი,ევა და სხვა მრავალი. პეტრას როლი მსახიობისთვის მორიგი საინტერესო შემოქმედებითი გამოწვევაა.
ერთი მხრივ, მისი პეტრა ძლიერი, ემანსიპირებული ქალია, ირონიული, ხისტი, სასტიკი და ამაზრზენია, განსაკუთრებით მარლენთან ურთიერთობაში, ამავდროულად, მოსიყვარულე, ნაზი არსებაცაა. ასევე მორალური მაზოხისტი, სევდიანი, შეშლილი. მსახიობი პერსონაჟის ხასიათს, ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას მაქსიმალურად აგრძნობინებს მაყურებელს. ერთადერთი, დაბადების დღის სცენაში, სადაც სტუმრებს შეურაცხყოფას აყენებს, მსახიობი ძალზე მანერულია. ეს მანერულობა არა მოძრაობებში,არამედ უტრირებულ მიმიკასა და ყვირილში გამოიხატა . მანერულობა ირინა არკადინას როლს უხდება, რადგან ეს პერსონაჟი ძველი თეატრის წარმომადგენელია, ხოლო პეტრა თანამედროვე არტისტია. ეს ყოველივე არაა გასაკვირი, რადგან მოცემული სცენა ძალზე ემოციურია და ხშირ შემთხვევაში რთულია ორგანულობის შენარჩუნება.
ვისაც ფასბინდერის პიესა აქვს წაკითხული ან ნანახი აქვს ფილმი, იცის რომ მარლენი უხმო პერსონაჟია. ნანა ბუთხუზი სპექტაკლში ამ „სიმუნჯეს“ ძალზე მეტყველს ხდის. მსახიობი მიმიკითა და მოძრაობებით ხატავს მარლენის ხასიათსა და გრძნობებს - მაგალითად, სიყვარულს, ემპათიას, თუნდაც იმ სცენაში, სადაც პეტრა ზიდონის უყვება ყოფილ ქმარზე. ეჭვიანობა და უსამართლობის განცდა პეტრასა და მარლენის ალერსისას. შეუძლებელია, ემპათია არ გაგიჩნდეს ნანა ბუთხუზის მარლენისადმი, რომელიც ავადმყოფურადაა შეყვარებული, განსაკუთრებით იმ სცენებში, სადაც პეტრა მას შეურაცხყოფას აყენებს.
ნინო მითაიშვილმა ზიდონი ერთხაზოვნად არ წარმოაჩინა. ნაივური ქალის ნიღაბს კი ატარებს, მაგრამ ამ ნიღბის ქვეშ კიდევ ჭორიკანა, ემანსიპაციისგან შორს მდგომი ქალია. მსახიობი ზომიერად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე გვიჩვენებს ბოჰემური საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელს.
როგორც კი ნანკა კალატოზიშვილი გამოჩნდა სცენაზე, გავიფიქრე, რომ მასში არის რაღაც ელიზა დულიტლისეული (პეტრასა და კარინის ურთიერთობა კი ნამდვილად გახსენებს „პიგმალიონს“). უცხო ადამიანის სახლში ტახტზე ისე წამოჯდა, თითქოს თავისთანაა, ცარიელი ჭიქა მიაწოდა არა მარლენს, არამედ პეტრას. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინაა პატრონი და ვინ მოსამსახურე. მსახიობი არა მარტო მოძრაობებით, არამედ ვერბალურადაც წარმოგვიჩენს კარინის გრძნობათა ბუნებას, რაც განსაკუთრებით გამოიხატება გულგრილ ხმაში, დამოკიდებულებაში. იგი აუღელვებლად ამბობს სიტყვას „მიყვარხარ“ და ამავე ინტონაციით საუბრობს ოჯახურ ტრაგედიაზე. ერთი მხრივ, მაყურებელი დაეთანხმება პეტრას სიტყვებს, რომ კარინი „ბინძური ბოზია“, არ გააჩნია გრძნობები, მაგრამ რა იცის სიყვარულზე იმ ადამიანმა, რომელსაც მშობლების მკვლელობა და თვითმკვლელობა აქვს ნანახი, ქალს, რომელსაც ქმართან ტოქსიკური ურთიერთობა აქვს? ის, რომ კარინი გაიძვერაა, განსაკუთრებით ჩანს სცენაში, სადაც საკუთარ თავს ჟურნალში ხედავს და პეტრას ალერსს უწყებს, არაგულწრფელი ინტონაციით აღფრთოვანებას. „არაგულწრფელი“ მსახიობის შესრულება კი არა, არამედ პერსონაჟის დამოკიდებულებაა.
ერთი შეხედვით, ფიქრობ, რომ პეტრას დედისა (ნინო გომართელი) და შვილის (მერი შახოვი) პერსონაჟი პიესაში, ფილმში თუ სპექტაკლში უმნიშვნელოა, მაგრამ, კარგად რომ დავაკვირდეთ, ამას სხვაგვარად დავინახავთ .
სამივე შემთხვევაში, ამბავი დედასთან დიალოგით იწყება და მთავრდება (თუ არ ჩავთვლით მარლენთან საუბარს). ყურადსაღებია, ისიც, რომ დასაწყისში პეტრა ვალერის გამოღვიძების შემდეგ ურეკავს, ხოლო ფინალში ძილის წინ საუბრობენ. საინტერესოა, რატომ? შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პეტრას მენტალური პრობლემების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი სწორედ დედაა, ბავშვური ტრავმებიც ძირითად შემთხვევაში ხომ მშობლებთანაა დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მგონია, რომ დედის პერსონაჟი აუცილებლად უნდა იყოს სპექტაკლში, რადგან ეს ისევე, როგორც პეტრასთან დაკავშირებული სხვა პერსონაჟები ბევრ რამეს გვიყვება პეტრაზე; გვცემს პასუხს იმაზე, თუ რატომაა იგი ისეთი, როგორიც არის - მაგალითად, რატომაა ემანსიპირებული, დამოუკიდებელი ქალი, რომელმაც კარიერა საკუთარი ნიჭის წყალობით გაიკეთა და არა ქმრის თუ საყვარლის კისერზე .
ნინო გომართელის ვალერი იმ დედების სახეა, რომელსაც ბოლომდე არ აქვს გათვითცნობიერებული დედობა. უბოროტოა, თავშეკავებული, რაც განსაკუთრებით დაბადების დღის სცენაში ჩანს, როდესაც პეტრა შეურაცხყოფას აყენებს. ვალერი კონსერვატიულიცაა, რადგან მისთვის პეტრას ქალისადმი სიყვარული შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. კონსერვატიულობას ხაზს უსვამს „პეტრას დიზაინის“ თანამედროვე, მაგრამ მკაცრი კოსტიუმი.
მერი შახოვმა შექმნა ლაღი და, ამავდროულად, დეპრესიული და დაკომპლექსებული თინეიჯერის სახე. სწორედ გარდატეხის ასაკისთვისაა დამახასიათებელი სილაღისა და დეპრესიულობის კომბინაცია, ხასიათის მომენტალური ცვლა. სპექტაკლზე მოსულ ბევრ გოგონას/ქალს გაახსენდება საკუთარი თავი გაბრიელა ფონ კანტის ასაკში. მის თინეიჯერობას განსაკუთრებით ხაზს უსვამს ჩაცმულობა, რომელიც მას განასხვავებს უფროსებისგან. დღევანდელი ახალგაზრდების დიდ ნაწილს სწორედ მსგავსი სტილის „ბეგი“ შარვლები აცვიათ.
გაბრიელა მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რადგან მისი საშუალებით ვხედავთ იმას, თუ როგორი დედაა პეტრა, ან როგორი იყო იგი თავისი შვილის ასაკში. თვალშისაცემია სცენა, სადაც პეტრა და მისი შვილი საუბრობენ გაბრიელას „ქრაშზე“. პეტრას კითხვიდან და შვილის პასუხიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დედა-შვილს ერთნაირი გემოვნება ჰქონიათ. ამავე დიალოგში ჩანს,რომ პეტრას აინტერესებს შვილის სულიერი მდგომარეობა, მაგრამ ამავე დროს მისი ყურადღება გაფანტულია, რადგან შვილზე მეტად მისთვის კარინია პრიორიტეტული.
ახალ თეატრში დადგმული დავით მღებრიშვილის სპექტაკლი „პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები“ საკმაოდ „მწარეა“. ამ სიმწარეს ქმნის დადგმის ნებისმიერი კომპონენტი: სამსახიობო შესრულება, მხატვრისა თუ რეჟისორის ნამუშევარი, მუსიკალური გაფორმება, განათება .
მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეჟისორს წინ წამოწეული აქვს ის თემები, რომელიც გასული საუკუნის 1970-იან წლებში იყო მეტად აქტუალური ევროპის ქვეყნებში და დღესაც ინარჩუნებს სიმწვავეს - იქნება ეს ქალის ემანსიპაციის საკითხი, მარტოსულობა, ჰომოსექსუალიზმი, გულგრილობა მორალური მაზოხიზმი, ფსიქოლოგიური ძალადობა, თაობათა შორის არსებული გაუგებრობა და ასე შემდეგ.
პ.ს. სამწუხაროა, რომ „პეტრა ფონ კანტზე“ დარბაზი არაა სავსე, როგორც ახალი თეატრის სხვა სპექტაკლების შემთხვევაში. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს ავტორს? ერთსქესიანი სიყვარულის თემის გამო?
სურათების ავტორი : გიორგი ინდუაშვილი
1სასპენსი მხატვრული ეფექტია, რომელიც ქმნის დაძაბულ ატმოსფეროს , მოვლენათა განვითარების დაძაბულ მოლოდინს