
პერსეფონეს მანიფესტი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

02.04.2026
სალომე გულიაშვილი
პერსეფონეს მანიფესტი
ბოლო პერიოდში თეატრ „ჰარაკის“ რამდენიმე სპექტაკლს დავესწარი. რთულია დავმალო ჩემი აღფრთოვანება ქართული თეატრის ამ მნიშვნელოვანი კერის მიმართ, სადაც თითოეული წარმოდგენა დიდი სიყვარულითაა შექმნილი. ამ თეატრში მიმავალმა მაყურებელმა თავიდანვე კარგად იცის, რომ არ მიდის სივრცეში, სადაც კლასიკურად გააზრებულ და დადგმულ სპექტაკლს იხილავს. ეს არის კერა მუდმივი სიახლისა, ამბოხისა, ექსპერიმენტებისა და რევოლუციისა. ხშირად ირღვევა ეგრედწოდებული მეოთხე კედელი, შესაბამისად, მაყურებელი აღარ არის უბრალო დამკვირვებელი, არამედ სცენაზე მიმდინარე მოვლენების უშუალო მონაწილე ხდება. ეს მონაწილეობა არ მოიაზრებს შეხნერის გარემოს თეატრის კონცეფციას, სადაც შესაძლოა შენზე იყოს დამოკიდებული მოვლენათა განვითარება, თუმცა თავს გარიყულად ნამდვილად არ გრძნობ, პირიქით ყოველი გაჟღერებული თემა შენც გეხება, შენც ამ დიდი ქაოსის შუაგულში ექცევი, მსახიობები უშუალოდ შენ გესაუბრებიან და შესწევთ ძალა თავი კომფორტულად, წარმოდგენის ნაწილად გაგრძნობინონ.
ამ შემთხვევაში მინდა ვისაუბრო სპექტალზე „პერსეფონე: სადაც სინათლეს ვავიწყდები)“, რომელიც ანასტასია ჭანტურაიას სადებიუტო ნამუშევარს წარმოადგენს. ტექსტის ავტორი, რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი თავად ანასტასიაა, რაც წარმოდგენას განსაკუთრებულ მგრძნობელობას მატებს. სათაურიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ ტექსტი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურის ისტორიის პერსონალიზების, საკუთარ რეალობასა და ყოველდღიურობაზე მორგების მცდელობაა. შესაძლებელია, სწორედ ამიტომაც აღიქმება თითოეული სიტყვა კიდევ უფრო მძაფრად. ჭანტურაიას პერსონაჟში ბევრმა შეიძლება აღმოაჩინოს საკუთარი თავი, დამალული ტრამვები თუ შიშები, რომლებთანაც თვალის გასწორება უჭირს.
დარბაზში შესვლისას და სცენის მოთვალიერებისას ვხედავთ რომ მთლიანი გარემო წითელი ფერითაა მოცული (სცენოგრაფი - თამარ ნადირაძე), რაც მაშინვე ჯოჯოხეთის ასოციაციას გიჩენს. პერსეფონე ხომ სწორედაც მიწისქვეშა სამყაროს დედოფალია, შესაბამისად ეს პარალელი არც ისე მოულოდნელია. სამივე მსახიობიც (ანასტასია ჭანტურაია, გივიკო ბარათაშვილი, ლუკა ჯაფარიძე) წითელ ნაჭერშია გახვეული, თითქოს მათ გარშემო არსებულ გარემოს ისე შეესისხლხორცენ, რომ თავადაც მისი განუყრელი ნაწილნი გახდნენ. თუმცა მალევე იწყებენ მისგან გათავისუფლებას და ცოტა ხანში სრულიად განსხვავებულ კოსტუმებში გვევლინებიან (კოსტუმების მხატვარი - თინათინ კვინიკაძე). მნიშვნელოვნად განსხვავდება შემსრულებლების თავდაპირველი მდგომარეობები. ანასტასიას პერსონაჟი თავიდან იატაკზე დაწოლილი ემბრიონის პოზაში გვევლინება, რაც უსუსურობის, დაუცველობის შეგრძნებას ტოვებს. ის თავის თავშია ჩაკეტილი და თითქოს ცდილობს ასე თავი დაიცვას. გივიკოსა და ლუკას პერსონაჟები მარცხნივ, მაგიდასთან მდგარ სკამებზე არიან მოთავსებულები. მათი პოზა ბევრად უფრო გახსნილი, რაღაც მომენტში თავხედურიც კია, მათი მზერა კი დაჟინებული, მაყურებლისაკენ მიმართული.
პირველივე წინადადებიდან, როდესაც მთავარი პერსონაჟი მამამისზე იწყებს საუბარს, ხვდები, რომ მთელი სპექტაკლი ტრამვებთან ბრძოლის ველად უნდა იქცეს. მამა, რომელიც არასდროს არის, მუდმივად მის ძიებაშია და ეს ყველაფერი თითოეულ კაცთან ურთიერთობაში აისახება. მამა, რომელმაც შენი უდიდესი სურვილისა და მცდელობის მიუხედავად არ გადაგარჩინა, არც კი მოინდომა რომ შენთვის ის გმირი ყოფილიყო, რომელსაც ბავშვობაში ყველა გოგონა ეჭიდება. მამა, რომელიც ვერც კი იაზრებს, რომ მისგან მიტოვებულს მთელი დარჩენილი ცხოვრება მისმა აჩრდილმა უნდა გდიოს, არ მოგცეს საშუალება სამყარო საკუთარი თვალებით დაინახო. მამა, რომელიც უაზროდ მორჩილს გხდის, რადგან გაგრძნობინებს რომ ბრძოლას აზრი არ აქვს და მიტოვებულის კომპლექსს გიჩენს. მამა, როგორც ზევსი, რომელსაც საკუთარი შვილის სასოწარკვეთილი ვედრება არ ესმის და შვილი, როგორც პერსეფონე, რომელიც მოცემულობას ნებდება და უსასრულო წყვდიადში ეშვება.
ქორეოგრაფიული გადაწყვეტა თუ მუსიკალური ნომრები, რომლებსაც თავად მსახიობები ასრულებენ, ქვეცნობიერის ამოძახილია, რომლებიც გაჭედილობის, ერთი და იგივე ადგილის ტკვეპნის შთაბეჭდილებას გიტოვებს. წარმოდგენის განმავლობაში მთავარი პერსონაჟისკენ მიმართული მნიშვნელოვანი კითხვები ჟღერდება, რომლებიც რეალურად დამსწრე საზოგადოებისკენაცაა მიმართული. ერთ-ერთი მათგანი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საკუთარი თავის სიყვარულს ეხება. ურთიერთობაში, სადაც მეორე ადამიანი უფრო მეტად გიყვარს ვიდრე საკუთარი თავი, აუცილებლად დაღუპვა გელის. შეუძლებელია საკუთარი თავის დაფასებისა და სიყვარულის გარეშე სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება შეძლო. აქაც ტრამვებს ვუბრუნდებით, იმ ჭრილობებს, რომლებიც ბავშვობაში მოგვაყენეს და დღემდე არ არის შეხორცებული. გამოსავალი კი მხოლოდ ერთია, თავადვე უნდა ჩაუღრმავდე საკუთარ თავს და იმ ბნელ მხარეებს, რომლებიც შენში სახლობს და ცხოვრების ყოველ ეტაპზე განვითარებაში ხელს გიშლის. თუ მათ თვალს ვერ გაუსწორებ და მუდმივად გაექცევი ერთი და იგივე წრეზე სიარული მოგიწევს, რაც საკუთარი თავის სიძულვილამდე მიგიყვანს.
მსახიობები ერთად არაჩვეულებრივად მუშაობენ, რაც პირველ რიგში იმითაა განპირობებული, რომ ეს არ არის მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი, ისინი აქამდეც იყვნენ პარტნიორები რამდენიმე სპექტაკლში. პერსონაჟების დიალოგები ძალიან ბუნებრივად ჟღერს, სამივე შემსრულებელი თავისუფალია ზედმეტი პათეტიკისგან, სცენაზე ჰარმონიულად ურთიერთობენ და ერთმანეთთან თავს კომფორტულად გრძნობენ. ამასთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნე, რეჟისორი არაჩვეულებრივად იყენებს მუსიკალურ ნომრებს, რომლებიც სამივე მსახიობს საშუალებას აძლევს თავიანთი რესურსები მაქსიმალურად გამოიყენონ. მსგავსი ჩართვები, განსაკუთრებით ბოლოს მაგიდაზე განლაგებული პერსონაჟების მიერ შესრულებული, დიდ ემოციურ გავლენას ახდენს მაყურებელზე.
მუსიკალური კომპოზიციების (კომპოზიტორი - GABISKIRIAMALIA) და ხმოვანი გაფორმებების (ხმა: ლიზა ძაგანია, საბა ფადიურაშვილი) მეშვეობით რეჟისორი არაჩვეულებრივად ახერხებს სპექტაკლის დინამიკის ცვლას და ტემპის შენარჩუნებას. სხვადასხვა ხმოვანი ჩანართვები, რომლებიც კომპიუტერული თამაშებს მოგვაგონებს, შესაძლოა კვლავ ბავშვობას, გადაუმუშავებელ ტრამვებსა და მუდმივი გაჭედილობის შეგრძნებას დავუკავშიროთ, სადაც არა შენ ხარ მოვლენების წარმმართველი, არამედ პირიქით, ვიღაცის ან რაღაცის მიერ მართული.
ანასტასია ჭანტურაიას მიერ დაწერილი ტექსტი არ მიყვება კლასიკური დრამატურგიის სტილს, შესაბამსად ამბავიც არ არის ერთიანი. ტექსტი უფრო მეტად სხვადასხვა გამოცდილებისა თუ ამბის მონტაჟს გავს, სადაც გადასვლები შეუმჩნეველი თუმცა გასაგებია. ეს ავტორს საშუალებას აძლევს პერსონაჟები არა კონკრეტულ პიროვნებებად არამედ განზოგადებულ სახეებად ჩამოაყალიბოს. მათ არ გააჩნიათ არც სახელები, არც რაიმე პირადი ისტორია, მაგრამ აერთიანებთ საერთო დამოკიდებულებები, შიშები, კომპლექსები თუ მიდგომები. ეს უფრო მეტად თვალსაჩინოა გივიკოსა და ლუკას პერსონაჟებში, რომლებიც აშკარაა მამაკაცთა კონკრეტული ტიპაჟის კოლექტიურ სახეს წარმოადგენენ. მათი ყოველი ინტერაქცია ანასტასიას პერსონაჟთან საკმაოდ უხეში და ხისტია, მაყურებელს ცოტა უხერხულადაც კი აგრძნობინებს თავს. იმის მიუხედავად, რომ ისინი არა ერთ ან ორ, არამედ ბევრად უფრო მეტ კაცს განასახიერებენ, სადაც ერთიდან მეორემდე გადასასვლელი ზღვარი დარღვეულია, მათი ლაპარაკის მანერასა და ქცევებს შორის მნიშვნელოვანი მსგავსებაა შესამჩნევი, რასაც ერთ ფსიქოტიპამდე მივყავართ. ეს გოგონასთვის ერთგვარი თვითდასჯის ფორმას წარმოადგენს — ის ურთიერთობას ამყარებს ერთი ტიპის მამაკაცებთან, რომლებიც მის ტრამვებთან ჯაჭვურ რეაქციაში არიან ჩაბმულები.
მაინც რატომ პერსეფონე? რატომ ხდება ავტორის მხრიდან ამბის პერსეფონესთან დაკავშირება? ზოგადად, როცა საქმე ძველი ბერძნული მითოლოგიიდან აღებულ სიუჟეტს ან ანტიკური პიესის თანამედროვე ინტერპრეტაციას ეხება, ჩემი ყურადღება ყოველთვის მსგავსებების აღმოჩენისკენაა მიმართული. დასახელებას ყოველთვის დიდი დატვირთვა გააჩნია, არასდროს არ არის შემთხვევითი, რაც შესაბამისად უფრო მეტად ზრდის ავტორის პასუხისმგებლობას კონკრეტულ მითთან თუ დრამატურგთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში ამბავი არ არის უშუალოდ მითოლოგიური სიუჟეტის თანამედროვე გადათამაშება, არამედ პერსეფონეს სახე მთელ სპექტაკლს გასდევს, როგორც ინსპირაციის წყარო. გოგონას, რომელიც მამისგან არის მიტოვებული, ერთადერთ გადამრჩენად და სიცოცლის შემნარჩუენებლად დედა ევლინება. სასიყვარულო ურთიერთობები, რომლებშიც უფრო და უფრო მძაფრად იგრძნობა საკუთარი თავის გაქრობის საშიშროება, იქამდე მისვლა, სადაც შესაძლებელია სინათლემ საერთოდ დაგივიწყოს და თავიდან ბოლომდე უფსკრულმა, უკუნითმა სიბნელემ ჩაგყლაპოს. მუდმივად საკუთარი თავის დადანაშაულება მომხდარის გამო, პერსეფონე რომ გაშლილ მინდორში ყვავილის სურნელს არ გაებრუებინა და ამ დროს ჰადესს იგი თავისთან მიწისქვეშეთში არ გაეტაცებინა, იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო. იქნებ ანასტასიას პერსონაჟსაც არ უნდა მიეცა თითოეული მამაკაცისთვის ამდენის უფლება, მხოლოდ საკუთარი უსუსურობის შეგრძნების გამო. იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, პერსეფონე მამამისს, ზევსს, რომ გადაერჩინა. მაგრამ ეს ყველაფერი, რომ ასე დაწყობილიყო, მაშინ უდიდესი გლოვის შემდეგ გაზაფხულიც ხომ ვერ მოვიდოდა. დემეტრა ხომ ვერ შეძლებდა თავიდან აღდგომას და მასთან ერთად საკუთარი შვილისთვის სიცოცხლის გარკვეული პერიოდით დაბრუნებას. “რასაცა დაკარგავ შენია, რაც არა დაკარგულია” სპექტაკლში “ვეფხისტყაოსნის” აფორიზმის მსგავსი ინტერპრეტირება ჟღერდება, რაც ვფიქრობ ყველაზე კარგად ასახავს რეჟისორის სათქმელს. თითოეულ გამოცდილებას ჩვენგან რაღაც მიაქვს, რაღაცას გვართმევს, თუმცა სწორედ ეს არის შემდგომი განვითარების, გარკვეული კომპლექსებისა თუ შიშების გადალახვის წინაპირობა. საბოლოო ჯამში, ანასტასიას პერსონაჟი საწყის მდგომარეობას უბრუნდება, როგორც სპექტაკლის დასაწყისში გვევლინება, იატაკზე დაწოლილი ემბრიონის პოზაში. თუმცა, ამჟამად სრულიად სხვა კოსტუმში, რომელიც სიშიშვლის ასოციაციას გვიჩენს. ეს შეგვიძლია აღვიქვათ არა იგივე ადგილზე დაბრუნებად, არამედ ტრამვებზე საუბრის, მათთვის თვალის გასწორების შემდეგ თავიდან დაბადების წინაპირობად.
“პერსეფონეს მანიფესტი” ასე დავარქვი რეცენზიას, რადგან ვფიქრობ ტექსტისა და სპექტაკლის მთავარი მიზანი ყველა ქალის სახელით მანიფესტირებაა, ყველა იმ ტრამვაზე თუ შიშზე გასამარჯვებლად, რომლებსაც მუდმივად გავურბივართ და საბოლოო ჯამში, ყველაზე მეტად საკუთარ თავს ვაზიანებთ. სცენაზე აღმართული უზარმაზარი, მონუმენტური კაბაც ხომ ამის გამოსახულებაა, რომელიც ერთდროულად როგორც უსუსურობის, ასევე უზომო ძალაუფლების შეგრძნებას გიჩენს. სად არის გამოსავალი? რეჟისორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ გამოსავალი საკუთარ თავში და კვლავ იმ ქალებშია, რომელთა მოწოდებაც ერთმანეთის დახმარებაა. იმ ქალებში, რომლებიც დამცირების, მიტოვებისა და შეურაცხყოფის მიუხედავად მაინც ახერხებენ ერთმანეთისათვის ხელის გაწვდენას და სიცოცხლისაკენ შემობრუნებას. ზევსისაგან მიტოვებულებს აუცილებლად გამოგვიჩენდება ჩვენი დემეტრა, რომელიც მზად იქნება ქვესკნელიდან ამოგვათრიოს, დაგვიცვას. დემეტრა, ვინც დაგვარწმუნებს, რომ მუდმივი სიბნელისა და გაურკვევლობის შეგრძნება, რომელიც სინათლისაგან გვაშორებს, საბოლოო ჯამში აუცილებლად გარდაიქმნება გაზაფხულად, რომელიც თავიდან დაბადებასა და განახლებას გვიქადის.