top of page

პატრიკ მარბერის „უფრო ახლოს“

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

viber_image_2023-05-29_00-39-51-518.jpg

თამარ ქუთათელაძე

პატრიკ მარბერის „უფრო ახლოს“

XXI - ე საუკუნის ქართული სათეატრო ხელოვნების ნიუსთა შორისაა სამსახიობო რეჟისურის სიმრავლე, გაქცევა სათეატრო შენობიდან და სხვადასხვა სივრცეში სპექტაკლის გამართვის ტრადიცია, განსაკუთრებით კი, მაყურებელთა ეპიცენტრში მოქცეული მსახიობების პროფესიონალიზმის, მათი გარდასახვის ურთულესი გამოცდის პრინციპი. ეს მოვლენა 90-ანი წლებიდან პროგრესირებს. ამ ექსპერიმენტულ დადგმებში, უმთავრესად ლიდერობენ თვითდამკვიდრებისთვის, ახალი ტენდენციების მაძიებელი  ახალგაზრდა მსახიობები და რეჟისორები.

ღია თუ დახურული სივრცეების გამოყენება ახალი თაობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად იქცა. სწორედ ამ პრინციპით, პირველად დაიდგა ქართულ სცენაზე  ცნობილი ინგლისელი დრამატურგის, რეჟისორის, სცენარისტისა და პროდიუსერის პატრიკ მარბერის პიესა „უფრო ახლოს“ (თარგმანი სოფიო შამანიდის). მაია დობორჯგინიძის ეს მომხიბლავი სპექტაკლი მაყურებელმა იხილა სილქ ფაქტორის სტუდიის კინოპავილიონში. წარმოდგენა როგორც მხატვრული პროდუქტი ერთ-ერთი გამორჩეული კერძო სათეატრო კომპანიის  - „თეატრი ათონელზე“ პროდუქციაა. ორიგინალურ წარმოდგენაში, სადაც წრეზე განლაგებულ, მაყურებელთა შორის მოქცეულ არენაზე სულ ოთხი მსახიობი მონაწილეობს (ლაშა ჯუხარაშვილი, ნათია მელაძე, გუგა ქაცარავა და ნინი კვირიკაშვილი), ყურადღებას იქცევს საშუალო და ახალგაზრდა მსახიობების ჰარმონიული ტანდემი.

        

მთელი წარმოდგენის მანძილზე სცენაზე მყოფ  მსახიობებს, ურთულეს გარემოში უხდებათ განასახიერონ მათი უსასრულოდ ნერვიული, პრეტენზიული, მაძიებლური პათოსით აღსავსე მხატვრული გმირები. ისინი ხმის ზუსტი ფიორიტურებით, სახისმეტყველებით, თვალებით, მოზომილი და დახვეწილი მოძრაობებით ცდილობენ დაძლიონ ყველა სირთულე, რასაც ქმნის სრულიად ცარიელი და ძალზე ვიწრო სივრცე, რომელსაც ზემოდან ანათებს ანთებული ნათურების წრე. მსახიობს აქ არ გააჩნია არავითარი საყრდენი, რასაც შესაძლოა ჩაეჭიდოს ყურადღების კონცენტრირების მიზნით. სცენის ცენტრში მდგარი ავტომობილი, მხოლოდ ეპიზოდურად „ქმნის“ მათთვის ე.წ. დამხმარე დეკორაციის ფუნქციას, ხოლო მცირე პაუზებში, მაყურებელთა პირველ მწკრივში მსხდარნი წამით ისვენებენ და ელიან პარტნიორ-თანამებრძოლებთან მორიგ რაუნდს (სპექტაკლის მხატვრული გაფორმება შოთა ბაგალიშვილის, მუსიკალური გაფორმება მაია დობორჯგინიძის).

        

სპექტაკლის რეჟისორული კონცეფცია მკაცრია და პირქუში. შთამბეჭდავია სანახაობის კომპოზიცია, მისი ექსპოზიციური და ფინალური ნაწილი. მსახიობები მანეკენებივითა თუ ზომბირებული არსებებივით ევლინებიან სცენას და დასასრულს, ასევე ტოვებენ მას. ასე გამოსახავენ ჩვენს ტოტალურად მართულ სამყაროში თანამედროვე, დაღლილი ადამიანის რობოტებად გადაქცევის მზარდ ტენდენციას.

       

სცენაზე არიან ცხოვრებისაგან „ნაცემი“,  სამსახურებრივსა თუ პირად ცხოვრებაში მრავალგზის ხელმოცარული, საკუთარ გრძნობებში გაურკვეველი, ჩვენი საუკუნის მრავალმხრივ ტრავმირებული, ეგოცენტრული, დეპრესიული  გმირები. ერთმანეთის პირისპირ მდგარი, წამით შეჩერებული, თითქოსდა ენერგიის მობილიზების, სწორი სუნთქვის აღების, მეტოქესთან დაუნდობელი შერკინების სამზადისში მყოფნი, თითქოს მმართველის ნიშანს ელიან, უეცრად რომ ეკვეთონ და ძირს დასცენ  მოწინააღმდეგე. ოთხივე მსახიობი ცდილობს მაყურებელს უჩვენოს ჩვენი უკიდურესად აჩქარებული ტემპის მქონე თანამედროვე დესტრუქციული სამყარო, სადაც თვითგადარჩენისთვის მებრძოლ, ჩვეულებრივ მოკვდავს, მისი ურთულესი ცხოვრებისეული რეჟიმის პირობებში, დრო აღარ რჩება თვითგამორკვევის, განმარტოვების, პირადი პრობლემების მოგვარებისთვის. თითოეული მსახიობი  რეჟისორთან ერთად ესწრაფვის ჩაგვახედოს პატარა, ხელმოკლე ადამიანის მსხვრევადი, სიბნელით მოცული სულიერი სამყაროს ლაბირინთებში, რომელიც ისევ თავგანწირვით ეძებს ბედნიერებას, იდეალური პარტნიორის პოვნის სიხარულს, ცდილობს მის ღირსეულ შეფასებასაც, მაგრამ მუდამ დაეჭვებულს უჭირს მისი შენარჩუნება, ხოლო დაკარგვა ძალზე რთულ, ფატალურ გამოცდას უმზადებს.

      

ნინი კვირიკაშვილის ალისა ისევე როგორც მისი დანარჩენი პარტნიორები იმ „საოცრებათა ქვეყნიდან“ მოვლენილს წააგავს, სადაც უამრავი მოუშუშებელი ჭრილობით დაასახიჩრეს, თუმცა საკუთარ წარსულთან, მათ შორის საკუთარ სახელთან გაყრა-დავიწყების მოსურნეს, მაინც არ დაუკარგავს იმედი თავი დააღწიოს ცხოვრების ფსკერს, იპოვოს ნამდვილი სიყვარული და გახდეს ბედნიერი. მსახიობი თავისი მომხიბვლელობით, უზადო მეტყველებით, დახვეწილი პლასტიკური ნახაზით, გადამდები ემოციით, მკვეთრ ფერებში წარმოგვიდგენს სულიერად გატეხილი, გაუხეშებული, დროდადრო ისტერიული ახალგაზრდა ქალის სახეს. მისი პირველი „გამოსვლა“ სცენაზე, ისევე როგორც ფინალური ეპიზოდი, ქმნის რწმენადაკარგული, ბედისწერისგან განწირული მშვენიერი ქალის პორტრეტს. დასაწყისში ბედის დარტყმებს სასწაულებრივად გადარჩენილი, მთელი არსებით და უშედეგოდ ებღაუჭება მის უკანასკნელ იმედს, გუგა ქაცარავას მიერ განსახიერებულ დანს. 

      

მსახიობი გუგა ქაცარავას დანი გაორებული პეროვნებაა. მსახიობი ექსპრესიულად ხატავს მის მხატვრულ გმირს. კარიერული წარმატებისთვის განწყობილი დამწყები მწერალისთვის, საშუალო ასაკის ამ მარტოხელა კაცისთვის, სტრიპტიზ-კლუბის მოცეკვავე ლამაზმანის სიყვარული, მასზე თითქმის მამობრივი ზრუნვა, მძიმე ტვირთია. ექსცენტრიული, საეჭვო რეპუტაციის გოგონას დაუძლეველი სიყვარულისგან გაქცევის მაძიებელი კი, ცბიერი ქალბატონის მახეში ეხვევა. რომანტიკოს, მეოცნებე ინტელექტუალ დანს მაგნიტივით იზიდავს ნათია მელაძის მიერ განსახიერებული,  ინტელიგენტური ხიბლის მქონე, თავდაჯერებული  ანნა. ეს მრავალჭირნახული, მომაჯადოვებელი სილამაზის ქალბატონი, მოხერხებულად ცდილობს ცხოვრებას დასტყუოს მაქსიმალური „სარგებელი“, - კარიერის მოწყობის ვნებით, საკუთარი ეფექტური გარეგნობით, ტაქტითა თუ ელეგანტური მანერებით „ვაჭრობის“, სასურველ ორ მამაკაცთან ოსტატური ლავირების  ბედნიერება, ახალგაზრდა მეტოქეზე გამარჯვების სიხარული.

      

რუსთაველის თეატრის მსახიობი ლაშა ჯუხარაშვილის მიერ განსახიერებული ექიმი ლარი, „თანამებრძოლი“ გმირებისაგან განსხვავებით, ფინანსურად ოდნავ შეძლებული კაცია. სახეგაუპარსავი, მუდამ დაუდევრად გამოწყობილი, პრობლემური წარსულით დათრგუნვილი, საყვარელი ქალისაგან არაერთხელ ხელნაკრავი საშუალო ასაკის მამაკაცი, ძლივს შეკავებული ბრაზით, მედგრად იბრძვის მისი მეორე ნახევრის მოსაპოვებლად. მარცხისთვის განწირული კი, ზღვარგადასული შურისძიებით იგერიებს და სჯის მოღალატესა თუ დიდი გარჯით მოპოვებული მისი არცთუ მშვიდი, დროებითი ბედნიერების ხელმყოფთ.

       

მაია დობორჯგინიძის სპექტაკლში გამოისახა მსახიობთა უსაზღვროდ მართალი, გულწრფელი მხატვრული სახეები. სანახაობის თითოეული სცენური გმირი ისეთია, როგორიცაა ზოგადად ადამიანი. თითოეულ მათგანში უხვად მოიპოვება რადიკალურად განსხვავებული განცდები, გამომსახველი ხერხები. თითოეული  სცენური სახე აქ ძლიერიცაა და სუსტიც, ღირსეულიც და უღირსიც, კეთილიც და ბოროტიც. ისინი მარცხდებიან და თმობენ სასურველ პარტნიორს, წამით მოპოვებულ სულიერ სიმშვიდეს, ეფემერულ, მაგრამ მაინც სასურველ კომფორტს, თუმცა, მარტოდ დარჩენილნი, მაინც არ შინაგან პატიოსნებას, არ ხდებიან უსახური ადამიანები, უარყოფითი გმირები. თითოეული მათგანი მათი სკაბრეზული საქციელისა თუ ლექსიკის მიუხედავად, იწვევს მძაფრ თანაგრძნობას, პატივისცემასა და სინანულს, მარად დაჩაგრული, დაბნეული ადამიანების მიერ უშედეგოდ გახარჯული ენერგიის, მებრძოლი ხასიათის, მიუღწევადი ჰარმონიისა და მაინც, მათი მყარი ადამიანური ღირებულებების, მეტოქესთან ბრძოლისას გამოვლენილი  შინაგანი კულტურისათვის.

მაია დობორჯგინიძის „უფრო ახლოს“ უკვე მეორე მცდელობაა „თეატრი ათონელზე“ მიერ ალტერნატიულ სივრცეში სპექტაკლის მომზადების. მანამდე იყო გეგა გაგნიძის „იულიუს კეისარ“, ახლა კი მაია დობორჯგინიძის „უფრო ახლოს“ იხილა ქართველმა მაყურებელმა. 

bottom of page