top of page

მიჭუჭუნე

ანუ

აპრაკუნე ჭიმჭიმელის მტრები

(განაჩენი მ. ვასაძის პასკვილს)

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე

და მის სტილისტურ გამართულობაზე

პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

451450040_2761767997313779_6642709594546840134_n.jpg

ეკა თხილავა

 

მიჭუჭუნე

ანუ

აპრაკუნე ჭიმჭიმელის მტრები

(განაჩენი მ. ვასაძის პასკვილს)

 

იონა ვაკელს პიესა აქვს ერთი - „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“.

მიჭუჭუნეა იქ ერთი პერსონაჟი. დადის. დაძვრება. ადგილს ეძებს საკუთარი უნიჭობით შეწუხებული. არც მიჭუჭუნეთა დინასტიის წარსული დიდება შველის. რომ არაფერი გამოდის, მერე ცდილობს, „დიდებს“ მიეტმასნოს. მათ საამებლად ვინმეს ჩაცხოს... მოსპოს. ჩაუსაფრთდეს...

იონა ვაკელი ვიღას ახსოვს დღეს, მაგრამ იმდენი მიჭუჭუნეა შემორჩენილი იმ საბჭოთა მიჭუჭუნეებისგან, როგორ გინდა, დაგავიწყდეს და როგორ გინდა, დაივიწყო.

აგერ, ერთი ამაგდარი მიჭუჭუნე ქალბატონი მეც „შემომჩენია“;

მიჭუჭუნე - თავისი ფსიქიკით, უნიჭობით, უზრდელობით მეც გამომეცხადა...

წერილებს მიწუნებს, რაც კარგია, სხვათა შორის.

ასეა, ისევ იქ არის ჩარჩენილი - საბჭოთა კავშირში.

ისედაც მიჭუჭუნეობა უნიჭოთა საუკეთესო თავშესაფარია.

თან ყველა მათგანს იმის ეშინია, წინაპარი დიდი „მიჭუჭუნეები“ ვინმემ არ წამოაძახოს და აქეთ გვაყვედრიან ყველასა და ყველაფერს.

აგერ, ჩემი პირადი მიჭუჭუნე რედაქტორ ქმარსაც კი მაყვედრის.

არადა, ჩემი ქმარი რა სახსენებელია, მიჭუჭუნე, დედუნა?

რას ერჩოდით საკუთარ თავს?

ხომ შეიძლება, მართლა მოიცალოს და თქვენი  მიჭუჭუნური „სემიოტიკური“ სისულელეები ჯერ აბურთაოს და მერე ერთ წამში ამოფუფქოს ბუხარში...

ვინ დაგაძალათ, ასე გაგეწირათ ეს მიჭუჭუნური თავი? ვინ გითხრათ, რომ კარგია ყველას დაანახოთ თქვენი ბალღამი?

არ დაგვავიწყდეს, მიჭუჭუნეები რომ ტიტე ნატუტრებივით ფილოსოფოსობას ჩემულობენ და ბუხარში ჩხრეკენ ნაცარს მუდამ. მახათიც იქვე აქვთ თაროზე გადამალული... ჩვენ გვიმალავენ, თავის თავს კი არა... თავად აქტიურად იყენებენ.

მიჭუჭუნეები ყველა დროში საუკეთესო „დანოსჩიკები“ არიან; თან „დანოსი“, როგორც ყოველთვის, უნდა იყოს ტყუილი და რაც შეიძლება „შეუწყნარებლად“ უტაქტო.

ეს აპრაკუნე ჭიმჭიმელებისთვის თავის მოსაწონებლად სჭირდებათ - ხომ ხედავ, ვიგლეჯ ტანზე ყველაფერს შენ გამო და გადმომხედე მოწყალების თვალით, თუ ღმერთი გწამსო.

მაგრამ ბრიყვმა მიჭუჭუნემ არ იცის, რომ არასდროს არც ერთ დროში აპრაკუნეს ღმერთი დიდად არ სწამს; და რომც სწამდეს, ჭკვიანია, ალღოიანი, საინტერესო, ბრაზიანი და ზუსტად იცის, რას უნდა ელოდეს მიჭუჭუნეებისგან, ასე უხვად რომ ახვევია მუდამ ირგვლივ.

ამიტომ არ უყვარს არც ერთ აპრაკუნეს არასდროს არც ერთი მიჭუჭუნე და ამიტომ არ ენდობა არც ერთი აპრაკუნე არც ერთ მიჭუჭუნეს არც ერთ დროში.

პირადად ჩემი მიჭუჭუნეც ახლა ადვოკატოტობას ჩემულობს (ჩვეულ „დანოსჩიკურ“ ფორმაშია) და, იქნებ, ვერც აცნობიერებს, რომ აპრაკუნესაც რეალურად იმ ბოღმის ამოსანთხევად იყენებს, 5 წელია რომ „გავწყვიტე წელში“...

დავაბნიე.

მივახვედრე, რომ თეატრისგან, კრიტიკისგან, თეატრალური მწერლობისგან შორსაა; წარმოუდგენლად შორს. მეტიც, აღმოვაჩენინე, რომ რეცენზიაც სპექტაკლის შინაარსის უგერგილო მოყოლა არ ყოფილა. ამ ამბავმა მთლიანად თავდაყირა დააყენა. „ვიკიპედიებიდან“ ამოკენკილი თეორიული წიაღსვლებიც „მოუძველდა“...

არადა, ეს თეატროლოგია, როგორც ჩანს, ეცოტავა და ამ ბოლო დროს ყველგან ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორად მოგვევლინა - ძველებურად რომ ვთქვათ,  კანდიდატად.

არადა, რა არის, ბოლოს და ბოლოს, ეს კანდიდატი?

სპექტაკლში - „ამბავი ერთი სიყვარულისა“ გოგი გეგეჭკორის გმირი - ექვთიმე ქათამაძე საუკეთესოდ გვიხსნის ამას: „კანდიდატი არის ინდაურის ჭუკი, გამობმული მეცნიერების პალოზე“..

ა, ასე გამოება ამ პალოს ჩემი მიჭუჭუნეც თეარმცოდნეობიდან ხელოვნებათმცოდნეობამდე....

მაგრამ მაინც ჭუკად დარჩა თეატრისთვისაც და ხელოვნებისთვისაც... ლიტერატურისთვის - მით უმეტეს...

თუმცა, ამბიციამ თვითნასწავლ სემიოლოგადაც აქცია, არადა რას არ მივცემდი, მისგან ის მაინც მომესმინა, თეატრის ლოგოსი რა არის.

ან სად ცალია ასეთი წვრილმანებისთვის მიჭუჭუნეს?

არც აპრაკუნეებისთვის ცხელა ახლა.

თავისი თავი გასჭირვებია მხოლოდ და ისევ „დიდს“ იყენებს მიჭუჭუნური სურვილების ასასრულებლად. ვითომ მას უფრთხილდება. ის ედარდება და ეფიქრება.  სიყვარულს ეფიცება. ეალერსება...

რას ვიზამთ, „როცა ასეთი სიყვარულია“...

როცა ასეთი ცალმხრივი სიყვარულია...

ჩემგან კი სულ სხვა რამ აწუხებს...

უჭირს ჩემ გვერდით წერა.

მისი „გვერდობისგან“ ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მართლა როგორ გინდა, წერა არ შეგეძლოს და შენს თავს აიძულებდე, წერე, მიჭუჭუნე, წერე; არ წაგართვან ქართული თეატროლოგიის დიდი დედა-დედოფლის ტიტულიო.

ეს ტიტულიც, როგორც ყველა მიჭუჭუნემ, თავად გამოიგონა და თავადვე დაიდგა გვირგვინი თავზე...

ჯილდოები მოითხოვა და მისცეს კიდეც, რადგან მუდამ ერიდებიან გაუწონასწორებელი მიჭუჭუნეების ბრაზსა და „დანოსებს“..

არადა, ჯილდოა რაც მიჭუჭუნეს საბოლოოდ აფუჭებს. სპობს. უკარგავს ადამიანის სახეს. ფორმას. შინაარსს.

მართლა იჯერებს, რომ სემიოტიკაც იცის და სინქრონია-დიაქრონიისა და დენოტაცია-კონოტაციების ლაბირინთებში ანი იუბერსფილდივით დანავარდობს ეს ყოჩაღი რეცენზენტკა..

ეჰ, ჩემო მიჭუჭუნე, ფეხი დაგიცდა...

ისე დაგიცდა, წამოდგომას აზრიც რომ არა აქვს...

ასეა, ანი იუბერსფილდობას ან, შორს რომ არ წავიდეთ, ნათელა ურუშაძეობას რომ მოინდომებ, ყოველთვის წაგწყდება უნიჭო კისერი -

წაგაქცევს...

მოგსპობს...

დაგცინებს...

არადა, რა გრჯიდათ არამკითხე მოამბეს, რომ უნდა მიიტყიპოთ, ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ?

თქვენი სათაყვანო სიტყვა რომ გამოვიყენოთ, „ეგზისტენციურ შიშს“ მაინც არ შეუპყრიხართ ამხელა თეორეტიკოსი ქალი?

თან რამდენი უზუსტობა გაგეპარათ. და ეს „გაპარებებიც“ ისეთი მიჭუჭუნურია... ისეთი „ყვითელია“... ისეთი მდაბიოა...

რას ვიზამთ?

უნიჭობა მუდამ თავხედურია!

ანდა ამდენ „ბოდვას“ შეგესწავლათ მაინც ჩემი ბიოგრაფია; გადაგეფურცლათ ეს „ყვითელი ფურცლები“. გაგეგოთ, ვინ ვარ, რატომ ვარ, რას ვაკეთებ; რატომ არ ვუყვარვარ თქვენნაირ მიჭუჭუნეებს. წაგეკითხათ რვა ევროპული ენიდან რამდენზეც მოახერხებდით, იმდენზე ჩემი წიგნები, თეორიები, ესეები, სტატიები, მოთხრობები, რომანები. დიდად აზრი შეიძლება,  ვერაფრისგან გამოგეტანათ, მაგრამ იმას მაინც ხომ მიხვდებოდით, რომ არ ღირდა ჩემთან „მიჭუჭუნეობა“ - საკუთარი უნიჭობის გოდრიდან გადმოყრა...

აალაგეთ ახლა ეგ გოდორი; მოიკიდეთ ზურგზე და წადით სხვა გზაზე.

სხვაგან ეძებეთ „მსხვერპლი“...

აპრაკუნე ჭიმჭიმელსაც კარგა ხანია მოუძველდით...  არც ეკადრება იმ კაცს ასეთი უნიჭო მიჭუჭუნე. შეეშვით! ბოლოს და ბოლოს, უხერხულია...

 

 

P.S. ერთ რჩევასაც მოგცემთ, შეეშვით ფილოსოფიურ ტერმინებსაც... დერიდას დეკონსტრუქციამდე საკუთარ დეკონსტრუქციებში გაერკვეთ, აჯობებს...

ეს წერილი არის ეკა თხილავას გამოხმაურება მაკა ვასაძის სტატიაზე 

მაკა ვასაძე, მითის დეკონსტრუქციის თუ ახალი მითის შექმნის მცდელობა? (იხილეთ აქ), 

ეკა თხილავა, უფრთხილდით იერუსალიმს
ანუ დღენი ყვარყვარეს ნადირობისანი (იხილეთ აქ).

bottom of page