პასუხი ქალბატონ ა-ს, ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
პასუხი ქალბატონ ა-ს, ანუ რესანტიმენტი ქართულ თეატრში
ქალბატონმა ა-მ, რომელსაც მე არ ვიცნობ (არ ვიცი, რამდენი წლისაა, რა პროფესიისაა და რას საქმიანობს), ამას წინათ წერილი გამოაქვეყნა, სათაურით: „ხელოვნების რე-აქცია ყოფიერების კატაკლიზმაში“. პირველი, რასაც მივხვდი, ის იყო, რომ ავტორი გიორგი მაისურაძესთან აშკარად არ მეგობრობს, თორემ ეს უკანასკნელი ეტყოდა, სიტყვა „ყოფიერება“ არ გამოიყენო, არ გინდაო. მეორე, რაც ვიეჭვე, ინგა გრიგოლიას დაქალი ხომ არ არის-მეთქი: „რე-აქციადან“...
ქალბატონი ა-ს „რე-აქცია“ იმასაც მაფიქრებინებს, უკრაინის ომში ხომ არ იბრძვის და იქიდან ხომ არ წერს ამ წერილს... შეიძლება, ნამდვილ გმირთან გვაქვს საქმე, ორმაგი აზრით: თავისთავად, ხომ გმირობაა, იბრძოდე ჩაგრული ერის დასახმარებლად და ამისათვის სიცოცხლეს წირავდე, და არანაკლები გმირობაა, არანაკლებ სწირავდე სიცოცხლეს ქართული თეატრისა და ხელოვნების ბრძოლის ველზე, ამ უკანასკნელთა გასაჯანსაღებლად, გამოსაფხიზებლად, ჭკუის დასარიგებლად და სწორი გზის საჩვენებლად. ჭკუას კი, ქალბატონი ა. ნამდვილად გვარიგებს, გვასწავლის რა და როგორ ვთქვათ, ვინ რაზე წეროს და ვინ რა დადგას, და ზოგადად, რას უნდა ესწრაფვოდეს ხელოვნება, ნამდვილი ხელოვნება და არა - ფუჭი... ერთობ ბევრი და მნიშვნელოვანი რამ სცოდნია ქალბატონ ა-ს და რა ბედნიერებაა, რომ გაზიარებასაც არ დაგვზარდა! უეჭველად, მადლობა უნდა გადავუხადოთ! უღრმესი მადლობა, ქალბატონო, ასეთი სწორუპოვარი ჭეშმარიტების ღაღადისთვის!
და მაინც, რომელ ჭეშმარიტებას გვამცნობს ქალბატონი?
უნდა გვეთქვა „ჭეშმარიტებებსო“, რადგან ეულ ჭეშმარიტებაში ავტორის „ინტენციები“ და „იმანენტურ“ (მსგავსი ტერმინების გამოყენება უყვარს და ჩვენც მივბაძოთ) აზრთა ღვარი ნამდვილად ვერ ეტევა!
და მაინც, დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ეს ქალი ახლა უკრაინაში იბრძვის, დაუნდობლად ხოცავს „აგრესორ რუსებს“ და ჩვენს სცენაზეც არანაკლებ მოუწადინებია „აგრესორი“ ვაი-ხელოვანებისა თუ ვაი-კრიტიკოსების დახოცვა!.. ზუსტად ვის გულისხმობს, ვერ გავიგე, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მე რომ ამომიღო მიზანში, გუმანი მკარნახობს...
რატომ მირჭობთ თქვენს დაუნდობელ ისარს გულში, ქალბატონო ა? რატომ ხართ ასეთი სასტიკი? რატომ არ მიბრალებთ „საკუთარ თავთან სქესობრივი აქტის სიმულაციით დაკავებულ მასიურად სახელოვნებო დარგებში მომუშავე ავტორს“? ნუ მომკლავთ, ნუ! ქალბატონო ა., ავტორი მკვდარია! მკვდრები ვართ ჩვენ, თქვენნაირი გმირების ხელში! შეგვიბრალეთ!..
არამგონია, შეგვიბრალოს... ჩვენ, უეჭველად, ქალბატონ ა-ს ისრითა ან შუბით მოვკვდებით! ასეთი დასასრული გველის, ჩემო მეგობრებო... ჯობია, შევეგუოთ.
ქალბატონი ა. წერილის დასაწყისში გვამცნობს, რომ სახელოვნებო დარგებში მომუშავე ავტორები მასიურად კავდებიან საკუთარ თავთან სქესობრივი აქტის სიმულაციით, თანაც ამით ხარობენ და ბედნიერები არიან (თურმე, მარკიზ დე სადის სტილში!). ამასთან, ქალბატონი ა. განიზრახავს, წერილის ფარგლებში, განსაზღვროს „ერთგვარი სადემარკაციო ხაზები მიმართულებებში, დარგების პოლიფუნქციურობის მახასიათებლები და ეტიმოლოგიები, იმდენად, რომ არ დაირღვეს ერთმანეთის პირადი საზღვრები.“
ბოლო წინადადებიდან, უფრო სწორად იქიდან, რაც ბრჭყალებშია, ანუ რაც ციტატას წარმოადგენს, აზრი თუ გამოიტანეთ? ცოტა ხომ არ გაგიჭირდათ, თუკი, საერთოდ, ასეთი რამ შეძელით? არ გაგიკვირდეთ, თუკი გაგიჭირდათ. უნდა გაგჭირვებოდათ კიდეც, რადგან დაშლილი ძაფის გორგალივით არეულ-დარეულადაა დაწერილი. მოდით, მაინც ვეცადოთ, გავერკვეთ, რისი თქმა სურდა ავტორს. ბოლოს და ბოლოს, მან ხომ სცადა, როგორც შეეძლო, საკუთარი აზრი, ან, ყველაზე ცოტა, მოყანყალებული (სხვა სიტყვას არ მაფიქრდება...) აზრი გადმოეცა?
„მიმართულებებში“, როგორც მისი წერილის მეორე აბზაცში გამოჩნდება, ქალბატონი ა. გულისხმობს ხელოვნების დარგებს, უფრო სწორად, ხელოვნების დარგებს და მათთან დაკავშირებულ პროფესიებს: დრამატურგია, რეჟისურა, თეატრის კრიტიკა და სხვა. ესე იგი, მას მოუწადინებია, მონიშნოს მიჯნები ამ „მიმართულებებისა“... ფრიად მშვენიერი! აქამდე, გაგების კუთხით ბარიერი არ უნდა შეგქმნოდათ. გავაგრძელოთ.
„დარგების პოლიფუნქციურობის მახასიათებლები...“ ეს როგორ გესმით? დარგები, ცხადია, დარგებია, იგივე „მიმართულებები“: გასაგებია. „პოლიფუნქციურობაში“ მარტივად მრავალფუნქციურობა იგულისხმება. მახასიათებლები თვისებებია, ატრიბუტები: ესეც გვესმის. ახლა, ერთად: ქალბატონი ა-ს მიზანი ყოფილა, გაავლოს მიჯნები მიმართულებებს შორის და... მრავალფუნქციურობა ხომ, თავისთავად, მახასიათებელია, თვისებაა? გამოდის, ავტორი თვისების თვისებების გამოკვლევას გვპირდება. უცნაური დაპირება კია... ვინმეს რომ ეთქვა: „სიწითლის ფერებში“ უნდა გაგარკვიოთო, ან „ნაირფერობის მრავალფერობა“ შემოგთავაზოთო... „პოლიფუნქციურობის მახასიათებლებიო...“ მოდი და გაერკვიე, რას გულისხმობს ჩვენი პატივსაცემი ქალბატონი... თვითონ თუ ესმის, რას ამბობს? იქნებ, სამხედრო ტერმინია და ჩვენ არ გვესმის, ლაჩრებს, რომლებსაც ბრძოლის უნარი არ შეგვწევს? არა, ქალბატონი ა. აშკარად უკრაინაშია, მხარზე „ჯაველინი“ გადაუდია და თავის ამხანაგებს ეძახის: „წინ, მტრის „პოლიფუნქციურობის მახასიათებლები“ მოვსპოთ!“ სწორედ ასეა მისი საქმე, სწორედ ასე, ჩემო მეგობრებო!
კარგი, კიდევ უფრო გავამარტივოთ... ზედმეტი თავის მტვრევა არ გვინდა. მოდი, ასე ვთქვათ: რატომ დაასკვნა ავტორმა, რომ დარგი მრავალფუნქციურია? საიდან მოიტანა ეს აზრი? რატომ დაებადა? ის ფიქრობს, რომ დრამატურგიას სათეატრო ტექსტების, პიესების შექმნის გარდა, კიდევ ბევრი რამ ევალება? ფიქრობს, რომ თეატრის რეჟისურის ამოცანა თეატრალური წარმოდგენის დადგმის გარდა, კიდევ ბევრი რამაა? ეს ქალბატონი ახლა აშკარად უკრაინაში იბრძვის... ბრძოლის ველიდან გვწერს თავის წერილს, ორი აზრი არ არსებობს!
დარგთა მარავალფუნქციურობის მახასიათებლების გარდა, ქალბატონმა ა-მ უნდა გამოიკვლიოს „ეტიმოლოგიები“... ეტიმოლოგია წარმომავლობას ნიშნავს. საერთოდ, ეტიმოლოგიას იტყვიან, როცა სიტყვის ძირს ჩაუღრმავდებიან. როგორც ჩანს, ავტორი დარგების წარმომავლობაში ჩაღრმავებას გეგმავს. ფრიად შესაშური რამ მოუნდომებია! აი, რას ქვია ნამდვილი მებრძოლი!..
„იმდენად, რომ არ დაირღვეს ერთმანეთის პირადი საზღვრები“, თუ - „იმისთვის, რომ არ დაირღვეს პირადი საზღვრები“? მგონი, „იმისთვის“... წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვა, რომ ქალბატონი ა თავისი კვლევით შესაძლოა არღვევდეს ვიღაცის ან დარგების პირად საზღვრებს და სწორედ ამ საშიშროების ფარგლებით იზღუდავს თავს კვლევის დროს... არა, ქალბატონო ა! თქვენ ვერ დაარღვევთ ვერავის პირად აზრებს, თქვენ დაარღვევთ, ერთადერთი, ისევ თქვენს აზრთა წყობას, რომლის დაურღვევლად გადმოცემაც აშკარად არ შეგიძლიათ... მაგრამ მოგეტევებათ, რადგან უკრაინაში იბრძვით, მხარზე გადებული „ჯაველინით“...
ვის გულისხმობს ქალბატონი ა., როდესაც ამბობს - „ერთმანეთის“? დარგები იგულისხმება, თუ - ამ დარგებში მოღვაწე ადამიანები? თანაც, შემდეგ „პირად საზღვრებზეა“ საუბარი? „პირად საზღვრებში“ რაღა იგულისხმება? მე უკვე ძალიან მიჭირს ქალბატონი ა-ს აზრების მიხვედრა... ისინი უკვე ავტორის პირად ლაბირინთებში შედიან და იქიდან ვეღარ გამოდიან. დაე, დარჩნენ მანდ, აღარც გამოვიდნენ! ჩვენ კი განვაგრძოთ.
სანამ გავიგებდეთ, რა დასკვნებამდე მივიდა ჩვენი პატივსაცემი ავტორი, მანამდე მისი წერილის მეორე აბზაცს შევეხოთ, რომელშიც არაჩვეულებრივი ქალბატონი ასეთ აზრს ავითარებს (დიდის ირონიით): თუკი დრამატურგი დაიწყებს საკუთარი ტექსტის ანალიზს (სიტყვასიტყვით - „ანალიზაციას“), რეჟისორი საკუთარ დადგმაზე დაწერს რეცენზიას, ან კრიტიკოსი დაიწყებს სპექტაკლების დადგმას, საინტერესო ექსპერიმენტი გამოვა... როგორც აღვნიშნე, ავტორი ამას აშკარა ირონიით ამბობს, ანუ გვეუბნება, რომ ასეთი რამ, ჯობია, არ მოხდეს: რეჟისორმა თავის სპექტაკლზე რეცენზია არ უნდა დაწეროს, დრამატურგმა თავისი ტექსტის ანალიზი არ უნდა დაიწყოს და კრიტიკოსმაც თავი უნდა შეიკავოს სპექტაკლების დადგმისგან, რადგან არცერთი ამ მცდელობისგან, საბოლოო ჯამში, კარგი არაფერი გამოვა... აზრი გასაგებია. მშვენიერია! განვაგრძოთ.
მოდი, პატარა მიხვედრას გავაკეთებ, პირველი და მეორე აბზაცების გაერთიანებით: ქალბატონ ა-ს სურს, ყველა თავის პროფესიულ, რომელიმე ერთ სფეროში დარჩეს, რომ დარგების „სადემარკაციო ხაზები“ არ დაირღვეს და „ეტიმოლოგია“ შენარჩუნდეს (ამ ეტაპზე, „მიმართულებების“ „პოლიფუნქციურობის მახასიათებლების“ გაშიფვრისაგან თავი შევიკავოთ: ეს ჩვენს ძალებს აღემატება!)... ხომ ასეა? იმიტომ, რომ თუ ეს ხაზები დაირღვევა, ქალბატონ ა-ს ღამით მშვიდად ვერ დაეძინება... აშკარად! თანაც, მას ისედაც დიდი ხანია, ცუდად სძინავს, თვეზე მეტი მაინცაა, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო... და ამ ომში იბრძვის!
ძალიან ღელავს ქალბატონი ა. დარგებს შორის „სადემარკაციო ხაზებზე“... სხვათა შორის, ის აქ უკრაინაზე უფრო, რუსეთს ჰგავს... რატომ ღელავს ქალბატონი ა დარგებს შორის „სადემარკაციო ხაზებზე“? თუ დაირღვევა ეს ხაზები, ამით რა დაშავდება? ატომური ბომბი აფეთქდება და კაცობრიობას გაანადგურებს? რუსეთი ხომ არ გაიმარჯვებს რუსეთ-უკრაინის ომში? რა აშინებს ქალბატონ ა-ს? არ დაგვავიწყდეს, რომ ის ახლა უკრაინაშია და მხარზე გადებული „ჯაველინით“ იბრძვის, და თავის ამხანაგებს ეძახის: „არ დაარღვიოთ ხელოვნების დარგთაშორისი „სადემარკაციო ხაზები“ (და გამოიკვლიეთ დარგთა „პოლიფუნქციურობის მახასიათებლები“), თორემ დავიღუპებით!“ ამხანაგები, იმედია, არ დაივიწყებენ ქალბატონ ა-ს რჩევა-დარიგებებს!..
ქალბატონი ა უნდა დავამშვიდოთ: თუ დავარღვევთ, ქალბატონო ა., დარგთა შორის სადემარკაციო ხაზებს, ცუდი არაფერი მოხდება!.. უარეს შემთხვევაში, უინტერესო ნაწერი ან ნამუშევარი გამოვა, რომელსაც არავინ წაიკითხავს, ან არავინ ნახავს, მეტი არაფერი. ეს არის, რაც თქვენ ასე განერვიულებთ? არამგონია.
ქალბატონო ა, მოდით, მე თქვენ ერთ, პატარა სიმართლეს გაგიმხელთ: მრავალი მსახიობია, რომელიც რეჟისორი გამხდარა, მრავალი დრამატურგია, რომელიც რეჟისორი გამხდარა, მრავალ რეჟისორს პიესების წერა დაუწყია და ა.შ. კაცობრიობა არ განადგურებულა ამით, ქალბატონო ა! მოდი, ჯერ ქართული მაგალითებით დავიწყოთ: გსმენიათ თუ არა, რომ დათა თავაძე თავიდან მსახიობი იყო, მერე კი რეჟისორი გახდა? ილია ქორქაშვილი თუ იცით, ახალგაზრდა რეჟისორი, რომელიც ასევე, მანამდე, მსახიობი იყო? დათა თავაძე რომ პიესებს წერს, ესეც თუ გსმენიათ? თუკი დათა თავაძემ გადაწყვიტა, თავის, ან სხვის სპექტაკლში ითამაშოს, როგორც მსახიობმა, თქვენ ამას დაუშლით? კარგით. ალექსანდრ ეკმანი თუ გსმენიათ, ქალბატონო ა? იცით, რომ ეს გენიოსი ჯერ მოცეკვავე იყო, წლების მანძილზე, მერე კი თანამედროვე ბალეტის რეჟისორი გახდა? კარგით!
აღარ გვინდა თავის მოკატუნება! საქმე ისაა, რომ ქალბატონი ა აშკარად ჩემმა რეცენზიამ გააღიზიანა, რომელიც „ღმერთებზე“ დავწერე („„ღმერთები“ და სიგიჟის ამოცანა“). ქალბატონი ა გააბრაზა იმან, რომ ეს სპექტაკლი ჩემს ტექსტს ეფუძნება, მე კი სპექტაკლზე რეცენზიას ვწერ! სად გაგონილა ასეთი მკრეხელობა! ეს რა ვიკადრე! მსგავს არაადამიანობას რუსებიც კი არ ჩადიან უკრაინაში! „სადემარკაციო ხაზები“! „პოლიფუნქციურობის მახასიათებლები“! დიდება ქალბატონ ა-ს!
მოდით, ქალბატონო ა, მე თქვენ კიდევ ერთ რაღაცას გეტყვით, რომ კიდევ უფრო დაგამშვიდოთ: ყველას შეუძლია აკეთოს ის, რაც უნდა... მაგალითად, თქვენც კი შეგიძლიათ რეცენზიის, ან სათეატრო ესეს მაგვარი რაღაც წეროთ! გიშლით ამას ვინმე? არამგონია. ჰოდა, თქვენც წერეთ, რა გენაღვლებათ! ჩვენ ხომ ვიცით, რომ უკრაინაში ხართ, ომში იბრძვით და იქიდან წერთ ასეთ არეულ-დარეულ წერილს!
რაც შეეხება „ღმერთებზე“ ჩემს რეცენზიას, გულწრფელად უნდა გითხრათ, გაგების უნარში აშკარად მოიკოჭლებთ, რადგან ვერ გაგიგიათ, რა დავწერე (რეცენზიას ვგულისხმობ), რის გამო დავწერე და რას ვამბობ ამ რეცენზიით... გირჩევთ, ხელახლა მიუბრუნდეთ და გულდასმით გადაიკითხოთ. მე მგონია, რომ ამ რეცენზიით დადებითი წვლილი შემაქვს თეატრის კრიტიკის განვითარებაში და ნამდვილად არ ჩავდივარ ბოროტ საქმეს, როგორც ცდილობთ, წარმოაჩინოთ. აშკარად უკრაინაში ხართ, ქალბატონო ა, და მე „აგრესორ რუსში“ გეშლებით!..
ქალბატონ ა-ს ჰგონია, რომ წარმოდგენა ის არის, რაც ტექსტში იყო, ან რომ ავტორს, ან რეჟისორს, ან მსახიობს ბოლომდე და ზუსტად ესმით წარმოდგენის არსი და რომ ის კვლევას აღარ საჭიროებს... ქალბატონ ა-ს ჰგონია, რომ თუკი დრამატურგმა პიესა დაწერა, მას უნარი აღარ შესწევს გაუუცხოვდეს თავის ნაწერს და თავისი კვლევისა ან კრიტიკის საგნად გაიხადოს... მსგავსი რამ ჯერ არ სმენია, ქალბატონ ა-ს, რადგან მას „ეპოქების ჩაანალიზება“ არ უყვარს!..
აი, რას გვეუბნება „ჩაანალიზებაზე“: „თავის დავანებოთ განვლილი ეპოქების გამოწვილვით, სრუპულოზურ ჩაანალიზებას, ეს თვალშისაცემად ხელშესახებს დიდად ვერაფერს გვაძლევს, გარდა კეთილშობილური/არა-მავნე და უსაფრთხო ბელეტრისტიკისა,“ ამბობს ქალბატონი, რომელსაც სურს ჩაწვდეს, ხელოვნების ამოცანას დღეს!.. გთხოვთ, ეს ყველაფერი წარმოიდგინოთ! ქალი, რომელიც სანგარში ზის, მარიუპოლში, და რუსებს ებრძვის, და მორზეს ანბანით გვწერს წერილს ხელოვნების ამოცანაზე დღეს... რომ თურმე, „ეპოქების ჩაანალიზებას თავი უნდა დავანებოთ“, რადგან ხელოვნების არსს, მის მიზანსა და მიზეზს, ყველაფერს ქალბატონი ანი გვეტყვით (მორზეს ანბანით!)!
„თვალშისაცემად ხელშესახები“ ქალბატონი გვყავს, ქალბატონი ა-ს სახით! „თალშისაცემად ხელშესახები“ აზრებით! ვერაფერს ვიტყვით!
ქალბატონი ა, დღეს, ხელოვნების ამოცანა რა არის? „რეაქციონური პასუხი უნდა შეაგებოს ონლაინ-რეჟიმში მიმდინარე ომის სიბილწეს...“ აკი, ვამბობ, ეს ქალი უკრაინაშია-მეთქი...
როგორია ხელოვნების „რეაქციონური“ პასუხი ომის მიმართ? აქ, ქალბატონი ა კომპლექსურ მიდგომას გვთავაზობს:
-
თეატრმა უნდა შეწყვიტოს ბურჟუაზიულ გასართობად ყოფნა;
-
უნდა შეწყვიტოს „დისტოპიური ფაქტებისა და მოვლენების პირდაპირი გამოხატვა სახელოვნებო ენით“...
-
თეატრი „საზოგადოებრივ-სოციალური მნიშვნელობის რანგს (ამ ქალის ფრაზების არქიტექტონიკა უეჭველად ბოლოს მოგვიღებს!) „ეპოტინებოდეს“ თავისი ფუნქციონალური სემანტიკით (ღმერთო, რა ჯანდაბაა ეს: „ფუნქციონალური სემანტიკა“!..)“ და „ხელშესახებად სიცოცხლისუნარიანს (კიდევ ერთი, ხელშესახები „ხელშესახებად“!.. ღმერთო!) წარმოადგენდეს ხალხისთვის“ და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის...
თეატრი იქით იყოს და, ქალბატონო ა, არ შეიძლება, რომ ცოტა უფრო გამართულად წეროთ? რომ ასე უთავბოლოდ არ აბრახუნებდეთ მონსტრულ ფრაზებს? ქალბატონო ა, შეიძლება?..
იმიტომ, რომ ფრაზებთან ერთად, ეს თქვენი აზრებიც არანაკლებ ბრახუნა და მონსტრულია... იცით ეს, ქალბატონო ა?.. აზროვნება რომ ოდნავ მოიწესრიგოთ, ამაზე რას იტყოდით?..
„თავის დავანებოთ განვლილი ეპოქების გამოწვილვით, სკრუპულოზურ ჩაანალიზებას, ეს თვალშისაცემად ხელშესახებს დიდად ვერაფერს გვაძლევს, გარდა კეთილშობილური/არა-მავნე და უსაფრთხო ბელეტრისტიკისა.“ (როგორი საფრთხის მაძიებელი ქალბატონია, ბოროტებასთან მებრძოლი; უეჭველად უკრაინაში იბრძვის!) და თქვენ როგორი ბელეტრისტიკა გსურთ, ქალბატონო ა? – „ბოროტშობილური“, „დიახ-მავნე“ ბელეტრისტიკა?
თქვენი ბელეტრისტიკა ვერ არის ვერც ბოროტი და ვერც მავნე. ის უბრალოდ მდარეა. მასზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს, მხოლოდ თქვენით რომ ამოიწურებოდეს პრობლემა; პრობლემა უფრო ღრმა და სერიოზული რომ არ იყოს, ამჯერად თქვენი სახით გამოხატული... თავი გავანებოთ „ეპოქების ჩაანალიზებას“... გავანებოთ.
გავანებოთ, მაგრამ „ჩაანალიზების“ გარეშე, რა გვრჩება? თქვენი ე.წ. ესეს მაგვარი რამ... რაც ჩვენ არ გვინდა! სწორედ ამიტომ ვერ გავანებებთ თავს „ჩაანალიზებას“!
„დისტოპიურს“, რა თქმა უნდა, ქალბატონი ა „ღმერთებს“ უწოდებს. უფრო ზუსტად, „დისტოპიური“ მას სულ სხვა თეატრმცოდნემ უწოდა, რომლის რეცენზია, განსხვავებით ქალბატონი ა-ს ესესგან, წაკითხვას იმსახურებს და პატივისცემით განმაწყობს ავტორის მიმართ; რადგან ავტორი თავის რეცენზიაში ცდილობს, მწყობრი ანალიზი განავითაროს და ადეკვატური შეფასება მისცეს სპექტაკლს, რომელიც ნახა... ქალბატონი ა კი, მე (და რეჟისორს - საბა ასლამაზიშვილს) ბრალს გვდებს „საკუთარ თავთან სქესობრივი აქტის სიმულაციაში“... მეტიც, ის მსგავს ბრალდებას უყენებს „მასიურად ხელოვნების დარგებში მომუშავე ავტორებს“... თუმცა, სამწუხარო აქ ისაა, რომ „საკუთარ თავთან სქესობრივი აქტის სიმულაციის“ მნიშვნელობა ქალბატონ ა-ს არ ესმის... ის მას არ ესმის! რომ ესმოდეს, ასე ხელაღებით ნეგატიურად არ გამოიყენებდა ამ მეტაფორას... რადგან წაკითხული ექნებოდა პლატონის „ნადიმი“... და ეცოდინებოდა, რომ ანდროგენულ არსებობაზე ადამიანი ლამის დასაბამიდან ოცნებობს გულის სიღრმეში; რომ ლამის დასაბამისად იტანჯება მარტოსულობით და დაეძებს თავის „მეორე ნახევარს“, რომელთან შერწყმის შედეგად თვითკმარი გახდება. და მითი, რომელსაც პლატონი „ნადიმში“ გადმოსცემს, სწორედ ამ თემაზეა. და ტრაგედია - გნებავთ „ოიდიპოს მეფე“, გნებავთ „მედეა“, გნებავთ, თუნდაც, „ჰამლეტი“ - ამ საფუძველზე დგას: ადამიანის მარტოსულობაზე, ნახევარ-კაცობაზე და თვითკმარობის საფუძვლის მიუწვდომლობაზე... და რელიგიებიც ამ საფუძველზე დგას... და ფილოსოფიაც, მათ შორის თანამედროვე ფილოსოფია, არანაკლებ დაინტერესებულია ამ თემით... მაგრამ ქალბატონ ა-ს ეს ყოველივე შეგნებული არ აქვს და ბუმერანგივით გვესვრის მისთვის გაუაზრებელ მეტაფორას... „მარკიზ დე სადის სტილში“!
გინდა დაიჯერეთ, გინდ არა, მარკიზ დე სადი რომ არ ეხსენებინა, ამ ქალბატონს პასუხს არ გავცემდი; მაგრამ იმდენად უდიერად, იმდენად უადგილოდ ახსენა ეს ავტორი, ვეღარ მოვითმინე, არ მეთქვა მისთვის: სამწუხაროდ, თქვენ, ქალბატონო ა, სადში, როგორც ჩანს, მხოლოდ „ანალიზაციას“ ხედავთ და მეტს არაფერს... არადა, გმართებთ, ხედავდეთ გაცილებით მეტსა და მნიშვნელოვანს. ყველაზე ცოტა, ფუკოს მოხსენება მაინც წაიკითხეთ მარკიზ დე სადის შესახებ („არილის“ მაისის თვის ნომერში გამოქვეყნდება პირველი ნაწილი (ჩემი თარგმანი), თქვენთვის ეს იკმარებს!) და მიხვდებით, რომ სადის „ანალიზაცია“ ჩვენი ცივილიზაციის გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, თანაც საკმაოდ ფუნდამენტურად, ვიდრე წარმოიდგენდით!
თქვენ ამბობთ, რომ „ავტორი-რეცენზენტი“ და უეჭველად მე მგულისხმობთ, შეურაცხყოფას აყენებს სადადგმო ჯგუფს, რის გამოც ეს უკანასკნელი სამართლიანად ნაწყენია... რაში გამოიხატება „პირადი შეურაცხყოფა“, რომელსაც, თქვენი აზრით, მე სადადგმო ჯგუფს ვაყენებ, შეგიძლიათ ამიხსნათ? ან, რომელი „ტექსტის შემადგენლად“ ვიყენებ „უცენზურო სიტყვების სიმრავლეს“? თუკი პიესა „ღმერთებს“ გულისხმობთ, სადაც ე.წ. უცენზურო სიტყვები ნამდვილად არის... მაშინ, ხომ არ შეგიძლიათ დაფიქრდეთ, რატომ ვიყენებ ამ ტექსტში უცენზურო სიტყვებს? რა თქმა უნდა, არ შეგიძლიათ!
ხომ არ შეგიძლიათ იფიქროთ, საერთოდ, უცენზურობის ფენომენზე და კერძოდ, უცენზურობის როლსა და ფუნქციაზე ჩვენს ყოველდღიურობაში, თქვენი ქვეყნისა და საზოგადოების მეტყველებაში, თქვენი თაობის ენაში? შეგიძლიათ ასეთ საკითხებზე დაფიქრდეთ? არ შეგიძლიათ!
შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი „რიტორიკულ-სენტენციური პლასტები“ ექცევა ჩრდილში ე.წ. უცენზურო სიტყვების სიმრავლით? აქაც, რა თქმა უნდა, „ღმერთებს“ გულისხმობთ! თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ (არამგონია გაინტერესებდეთ, მაგრამ მაინც), გეტყვით: სპექტაკლში „ღმერთები“, ზოგ სცენაში მე არ ვეთანხმებოდი „უცენზურო სიტყვის“ გამოყენებას, თუმცა ეს ანიკოს ლექსს ნამდვილად არ ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმებოდი, პატივს ვცემ რეჟისორის გადაწყვეტილებას და ვფიქრობ, რომ არის საფუძველი, რის გამოც „უცენზურო სიტყვებს“ იყენებს (ამის შესახებ ჩემს რეცენზიაში - „„ღმერთები“ და სიგიჟის ამოცანა“ - უკვე ვისაუბრე).
თქვენ ფიქრობთ, რომ ხელოვნებამ ომის საშინელებას უნდა უპასუხოს... ჩასულიყავით ოზურგეთში და „დედაომი“ გენახათ! მე რაღაც არ მახსენდება, თქვენ ომზე უწყვეტი რეაქცია გქონოდათ: ჩეჩნეთის ომზე, სირიის ომზე, ერაყის ომზე, ყარაბახის ომზე. ესენი ომები არ იყო? როგორც ჩანს, უკრაინის ომზე გამოიღვიძეთ. აშკარად უკრაინაში იბრძვით, აღიარეთ! მხარზე „ჯაველინი“ გიდევთ და რუსულ ტანკს ესვრით! როგორც უკვე გითხარით, გმირის ორდენი გელით!
„ეპოქები უნდა ჩააანალიზოთ“, ქალბატონო ა, სხვანაირად არაფერი გამოვა! სხვანაირად ვერ გეცოდინებათ, რომ ხელოვნება თავის თავში ჩაკეტილი დარგია, თავისი კანონზომიერებები აქვს და არავის დაკრულზე არ ცეკვავს. რეაქციულიცა და არარეაქციულიც, ხელოვნება თვითეპოქალურია, თვითონ ქმნის თავის თავს, თვითონ ვითარდება, შიგნიდან. თქვენ ვერ უკრანახებთ ხელოვნებას, რა იყოს, რა ქნას, საით წავიდეს... ის თვითონ მიდის... სამწუხაროა, რომ დისტოპიას ზედმეტად დისტოპიურად აღიქვამთ, პრაქტიკულად ვერ აღიქვამთ... სამწუხაროა, რომ შეურაცხყოფაზე ზედაპირული წარმოდგენა გაქვთ... თუ იცით, თქვენ მიერ ციტირებული შოპენჰაუერი რამხელა შეურაცხყოფას (მართლა შეურაცხყოფას!) აყენებდა ჰეგელს? გაგიგიათ ამის შესახებ? არამგონია. ის თუ გაგიგიათ, ნიცშე როგორი შეურაცხმყოფელი (მართლა შეურაცხმყოფელი!) ეპითეტებით ამკობდა იმანუელ კანტს? გაგიგიათ? არამგონია. ის მაინც თუ გაგიგიათ, ბრეხტი (რომელსაც, იმედია, პატივს სცემთ! იმედია, ბრეხტის სახელი (მაინც!) იწვევს თქვენში მორიდებას!) როგორი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენიებდა თომას მანს? არ გაგიგიათ! არსებობს, დედამიწის ზურგზე, საკითხი, რომელშიც დამაკმაყოფილებლად მაინც ერკვევით? საკითხი, რომელზეც მეტ-ნაკლებად მაინც გიმუშავიათ? არამგონია.
ჰოდა, ასეთმა ადამიანმა, უკრაინაში მებრძოლმა გმირმა, რა შეიძლება გვითხრას ხელოვნებასა და თეატრზე? ეს თქვენი ვითომ ესე, სინამდვილეში, მდარე ფეისბუქ-პოსტია: სტრუქტურულად გაუმართავი, არაარგუმენტირებული, თავის თავში წინააღმდეგობრივი. ჯობდა, მხოლოდ „ფეისბუქზე“ გამოგექვეყნებინათ: უფრო მეტი ადამიანი იფიქრებდა, რომ რაღაცას ჭკვიანურს ამბობთ.
ავიღოთ თქვენ მიერ ციტირებული შოპენჰაუერი. ეს ციტატა მთელს თქვენს მსჯელობას (რომელსაც ამ სიტყვით მხოლოდ პირობითად მოვიხსენიებ) ეწინააღმდეგება და ანგრევს, გესმით ეს თქვენ? არ გესმით. ვეცდები გაგაგებინოთ.
შოპენჰაუერი ამ ციტატაში მუსიკას გამოარჩებს ხელოვნების სხვა დარგებისგან, რომლებიც მხოლოდ წარმოდგენაზე არიან ორიენტირებულნი, მუსიკა კი თავად სამყაროს, როგორც ნებას, გამოხატავს, მას წარმოადგენს. რისთვის მოგყავთ თქვენ ეს ციტატა? ჯერ ერთი, მუსიკა სრულიად სხვა ჟანრია, ვიდრე სათეატრო ხელოვნება და შედარებისთვის ნაკლებად გამოდგება; მეორე, შოპენჰაუერი ავითარებს აზრს, რომ მუსიკა ავტონომიურია, ონტოლოგიური სტატუსი აქვს და სამყაროს ნებას უშუალოდ გამოხატავს; სხვა ხელოვნების დარგები კი ონტიკურები არიან და ეფემერას გამოხატავენ („ონოტლოგიური“ და „ონტიკური“ „დაგუგლეთ“, თორემ ვერ ჩაწვდებით...). თქვენ რომლის მომხრე ხართ: მუსიკის თუ თეატრის? გინდათ, რომ თეატრი მუსიკა გახდეს? ეს ხომ არსობრივად შეუძლებელია. მაშ, რა გინდათ? რატომ ციტირებთ შოპენჰაუერს? იმიტომ, რომ შოპენჰაუერი არ გესმით, ისევე, როგორც ფილოსოფია არ გესმით (სხვანაირად, მარკიზ დე სადს ნამდვილად არ გაეკარებოდით!)...
შემდეგ, კიდევ უფრო ორაზროვანი მაგალითი მოგყავთ ხელოვნების ისტორიიდან: მალევიჩი და დუშამი (მეგონა ენდი უორჰოლსაც ახსენებდით...). თავადვე აღიარებთ, რომ მათი შემოქმედების სახით, დისტოპია რეალობად იქცა... მაშ, რაღას ეწინააღმდეგებით „ღმერთებს“, რა გინდათ?.. აქაც, საკუთარ პოზიციას ეწინააღმდეგებით...
საკუთარ ბუნდოვანებაში გახლართულხართ, ქალბატონო ა, იმიტომ, რომ სწორედ „ჩაანალიზება“ გაგჭირვებიათ. მე რომ შემეძლოს, ყველაზე ცოტა, ათი წელი მაინც გამოგკეტავდით „კარცერი-ლუქსში“, რათა მთელი ეს დრო მეთოდურად გემეცადინათ და პროფესიული სინდისით გამოსულიყავით იქიდან.
რადიკალური მიმართულებები ხელოვნებაში ფრუსტრირებულნი არიანო, ამბობთ. რას გულისხმობთ, ქალბატონო ანი? რომელ მიმართულებებს გულისხმობთ? „ფრუსტრირებულად ყოფნაში“ რაღას გულისხმობთ?
თქვენი ესეს მიზანი რა არის? საკუთარი პოზიციის ძალიან ბუნდოვანი გამოხატვა? ეს ხომ „ფეისბუქზეც“ შეგეძლოთ გაგეკეთებინათ? რამდენად ემსახურება თქვენი შრომა მეცნიერებას? თუ არ ჩავთვლით ჩემს პასუხს, ვფიქრობ, არანაირად.
იცით, რატომ გპასუხობთ ამ წერილით? იმიტომ, რომ გაცილებით მნიშვნელოვანი და საბედისწერო მოვლენა მადარდებს, ვიდრე თქვენი, როგორც ერთი ადამიანის, პოზა და პოზიციაა. ესაა რესანტიმენტი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში გამეფებულა და რომლის ერთეულ შემთხვევასაც თქვენ წარმოადგენთ.
რესანტიმენტი, რა თქმა უნდა, არ გეცოდინებათ; თქვენ ხომ „ჩაანალიზება“ არ გიყვართ! ვეცდები, შეგაყვაროთ.
თქვენ წერთ არა ცოდნით, არა მეცნიერებისაკენ ლტოლვით, არა სიკეთის სურვილით, არამედ - ბოღმით, სიძულვილით, სხვისი არსებობის აუტანლობითა და ბოროტებით! და იცით, რატომ? იმიტომ, რომ რესანტიმენტს ჰყავხართ შეპყრობილი; იმიტომ, რომ „ჩაანალიზებისგან“ ამოვარდნილი ხართ და სამყაროში ადგილს ვერ პოულობთ!
ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი იტანჯება თქვენნაირად...
ნიჰილიზმსა ჰყავს თქვენი თაობისა და სხვა თაობათა მნიშვნელოვანი ნაწილი შეპყრობილი...
არაფრის გჯერათ. არაფრის გწამთ. არაფერს ეძიებით ძირფესვიანად. საუბრობთ ზედაპირულად, თუმცა თქვენი სიტყვა ჭეშმარიტებად მიგაჩნიათ.
გერჩივნათ, არა მხოლოდ თქვენ არ გეარსებათ, არამედ არ ეარსება არავის, არაფერს, არასდროს.
გაბრაზებული ხართ სამყაროზე. გაბრაზებული ხართ ყველაზე. და გამოსავალს ვერ პოულობთ.
მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, ქალბატონო ა:
„ჩაანალიზება“! „ჩაანალიზება“! „ჩაანალიზება“!
(თეატრის კრიტიკა მეცნიერების ნაწილია და კვლევას ესწრაფვის. და როგორც მეცნიერების დარგს, მოეთხოვება ლოგიკურობა, არგუმენტირებულობა, ანალიზი და დასკვნების გამოტანა.
უნდა მივესალმოთ ყველას, ყოველთვის, ავტორი იქნება თუ არა, თავის ქმნილებას გამოიკვლევს თუ სხვისას; უნდა მივესალმოთ ყველას, ვინც ემსახურება მეცნიერებისა და დისკურსის შექმნას. უნდა მივესალმოთ ყველას, ვინც ცდილობს ამაღლდეს რესანტიმენტსა და ნიჰილიზმზე.
ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ ჩვენს თეატრში ისევე, როგორც ჩვენს ყოველდღიურობაში, სიძულვილი უსაშველოდ გაძლიერდა. არასაჭირო და დამანგრეველი, ამავე დროს პრიმიტიული, მტრობა წვავს ხიდებს ჩვენ შორის, ანგრევს კომუნიკაციის არხებს, და სრულიად ანტი-ეკოლოგიურ გარემოში აღმოვჩნდით. არადა, რა გვაქვს სამტრო და საჩხუბარი? განა, ისე კარგადაა ჩვენი საქმე, რომ მტრობის გარდა, საქმე არა გვაქვს?! განა, იმდენს მივაღწიეთ, რომ მსოფლიოს ვაოცებთ და თავში აგვივარდა?.. დავფიქრდეთ ამაზე და დავიკავოთ სწორი პოზიცია, და შევიქმნათ სწორი განწყობა.)
შენიშვნა, პერსონალურად ქალბატონ ა-სთვის, რომელსაც დადებითი ახსნა-განმარტებისა და რჩევა-დარიგების ფორმა აქვს:
-
არაფერი დაშავდება, თუკი ვინმე მოახერხებს დისტანცირებას საკუთარი ქმნილებისაგან და მასზე რეცენზიას დაწერს. რეცენზია კვლევით კომპონენტს წარმოადგენს და არა შემოქმედებითს, ამდენად წინააღმდეგობა შემოქმედებასა და კვლევას შორის გამორიცხულია. წინააღმდეგობა რომც მოხდეს, - დავუშვათ, ხელოვანი ვერ დისტანცირდა საკუთარი ნამუშევრისგან, ამის მიღწევა გაუჭირდა, - არც ეს იქნება დიდი ბოროტება. მკვლევრის/რეცენზენტის მცდელობა მარცხით დასრულდება და ჭკუის მასწავლებელი აღმოჩნდება სხვა ხელოვანებისთვისაც. თუკი წარმატებით დასრულდა კვლევის მცდელობა, ეს წაახალისებს სხვა ხელოვანებს კვლევითი ცდისაკენ, რაც საბოლოო ჯამში, მეცნიერებას წაადგება. ამდენად, თქვენი პოზიცია მცდარია. თუკი კონკრეტული პრეტენზიები გაქვთ, ასე ვთქვათ შინაარსობრივი, მაშინ უნდა განმარტოთ თქვენი პრეტენზიები, მოიყვანოთ მაგალითები, გააკრიტიკოთ ისინი, როგორც წესი და რიგია. სხვანაირად, ჩვენ ვგრძნობთ მხოლოდ თქვენს რესანტიმენტს და სიბრალულის განცდა გვიჩნდება თქვენ მიმართ.
-
თუკი თანამედროვე, ქართული სპექტაკლები არ მოგწონთ და თანამედროვე, ქართველ ხელოვანებს ვერ იტანთ, ეს მისაღებია. თუმცა, სიძულვილის ფრქვევა ვერ იქნება მეცნიერების ნაწილი. მეცნიერება წარმოადგენს მსჯელობას, ვარაუდების დაშვებასა და მათ შემოწმებას. ზედაპირული გაკიცხვა, საეჭვო და ბუნდოვანი ეპითეტებით სახელოვნებო პროცესის მოხსენიება ვერ იქნება გამართლებული. თქვენ მარკიზ დე სადის პერსონაჟი ნამდვილად ვერ იქნებით (რომ ყოფილიყავით, დამიჯერეთ, სასტიკი წამებით სიკვდილი არ აგცდებოდათ! წაიკითხეთ მისი რომანები და მიხვდებით, რას ვგულისხმობ...) და ამიტომ, ხელში მათრახს ნუ დაიჭერთ ჩვენს გასაშოლტად! ჯობია, თქვენს თავზე, თქვენს სულზე და თქვენს შინაგან სამყაროზე ფიქრს მეტი დრო დაუთმოთ. ამ კუთხით, ვფიქრობ, აშკარად სამუშაო გაქვთ.
-
ციტატების მოყვანის დროს, გირჩევთ, მეტი დაკვირვება გამოიჩინოთ. იმ პოზიციების მოყვანა, რომლებიც, ან შემხებლობაში არაა თქვენი მსჯელობის საგანთან, ან თავად თქვენსავე პოზიციას უარყოფს, რბილად რომ ვთქვათ უხერხულია.
-
ხელოვნებაზე ნუ იმსჯელეთ, როგორც მთლიან პროცესზე, ეს თქვენთვის, პრაქტიკულად, დაუძლეველი თემაა. ხელოვნება რთული რამ არის თავის თავში. ნუ მსჯელობთ მასზე ისე, როგორც შუქნიშნის დიზაინის საკითხზე - კეთილმოწყობის სამსახურში.
-
ვიდრე ესეს დაწერას დაიწყებთ, ჩამოწერეთ: ესეს მიზანი; ესეს დაწერის მიზეზი; ვარაუდები, რომელთაც გამოთქვამთ; ვარაუდები ან პოზიციები, რომლებსაც აკრიტიკებთ; ციტატები, რომლებიც მოგყავთ. შეადარეთ: რა არის თქვენი ნამდვილი მიზეზი? რა არის თქვენი ნამდვილი მიზანი? რამდენად სჭარბობს თქვენში ბოღმა და სიძულვილი გონების გაქანებას? რამდენად არის თქვენი გონება ცივი და მიუკერძოებელი, როდესაც წერთ?
-
ერიდეთ ბუნდოვანებას. ნუ მსჯელობთ ანონიმურ ფენომენებზე, ანონიმურ ავტორებზე: ეს ჰგავს მოჩვენებებზე მსჯელობას! საკუთარ თავში გაიხლართებით (როგორც დაგემართათ)! დაფიქრდით: ვინ წაიკითხავს თქვენს ესეს და რაში დაეხმარება ის. მხოლოდ „გულის მოსაფხანად“ არაფერი წეროთ. მეცნიერება „გულის ფხანას“ არ ემსახურება. მეცნიერების მიზანი ცოდნის შექმნა და დისკურსის ფორმირებაა, დაიმახსოვრეთ!
-
ნუ შეგტკივათ გული „შეურაცხყოფილ“ სადადგმო ჯგუფზე. ეს ფეისბუქ-პოსტის თემა უფროა, ვიდრე - სამეცნიერო ესესი. ნუ იქნებით ნურავის საეჭვო და ძალად ადვოკატი. საქმეში ოდნავ გარკვეული ადამიანი ასეთ ადვოკატზე იმწამსვე უარს იტყოდა. ადვოკატირება გაუწიეთ მხოლოდ მეცნიერებას! გახსოვდეთ მხოლოდ მეცნიერება! დააფასეთ მხოლოდ მეცნიერება! გახსოვდეთ გამონათქვამი, რომელსაც არისტოტელეს მიაწერენ: „პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო დიდი მეგობარია!“ უპირველეს ყოვლისა, ემეგობრეთ ჭეშმარიტებას!
-
ომი, თავისთავად, ბოროტებაა, მაგრამ თქვენს ჭეშმარიტების ნაკლს ომზე მოთქმა-გოდებით ვერ დამალავთ! ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ თქვენ შეგტკივათ გული, ან უკრაინელებზე, ან კაცობრიობაზე, სხვები კი ბოროტები და გულგრილები არიან!
-
როცა ვინმეს რაიმე მანკიერებაში ამხელთ, გახსოვდეთ, რომ თქვენც ადამიანი ხართ და არც ისე შორს ხართ ცოდვებისგან. მორალისტობას უფრთხილდით. ყველაზე დიდი ასკეტებიც კი ცდილობენ, მორალისტობის ცდუნების მსხვერპლნი არ გახდნენ.
რასაც დასწამებთ სხვას, შესაძლოა იგივე თქვენც დაგწამონ. ნუ ითამაშებთ ცეცხლთან. ეთამაშეთ საკუთარ წარმოსახვას, ეთამაშეთ საკუთარ გონებას. იკითხეთ ბევრი. ეცადეთ, ესაუბროთ მხოლოდ გონიერ ადამიანებს. ყოველთვის ჭეშმარიტი ნუ მოგეჩვენებათ თქვენი პოზიცია. დაფიქრდით: რა წილი აქვს ამ პოზიციაში თქვენს აფექტს, სიძულვილსა და ბოღმას, და რა წილი აქვს გონებას, მიუკერძოებლობას, სინდისს.
10. ისწავლეთ პოლემიკა. ჯერ მოიყვანეთ მოწინააღმდეგის არგუმენტი, გააბათილეთ თქვენი არგუმენტით. ასე მოიქეცით მოწინააღმდეგის ყველა არგუმენტის მიმართ. საბოლოოდ, შეაჯამეთ მოწინააღმდეგის პოზიცია, შეაჯამეთ თქვენი პოზიცია და დასკვნა გამოიტანეთ. ამგვარად, თქვენს წერილში სიძულვილის ადგილი აღარ დარჩება, ვინაიდან ამ ადგილზე გონება დაივანებს.
ქალბატონო ა, აი, ერთგვარი „ათი მცნება“, რომელიც მოგიმზადეთ.
თუ მიჰყვებით ამ მცნებებს, იმედი მაქვს უკეთესი ადამიანი და მკვლევარი გახდებით.
უკრაინის ომში კი - წარმატებები! ეცადეთ, გადარჩეთ და გაიმარჯვოთ!