top of page

ფარაჯანოვი ახმეტელის თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

378228913_682619763901559_1288573431037472091_n.jpeg

ვალერი ოთხოზორია

ფარაჯანოვი ახმეტელის თეატრში

 

ფარაჯანოვი პირველად დაიდგა...

ფარაჯანოვს სძულდა თეატრი, ხელოვნების დარგად არ თვლიდა...

ახმეტელის თეატრი სწორ ტოპოსშია. ის უზუსტეს წერტილოვან დარტყმებს - ძალიან დადებით დარტყმებს - ახორციელებს ჩვენს კულტურულ ყოველდღიურობაზე. მარტო ის რად ღირს, სოფლებში რომ დადის და „ჰელადოსს“ უჩვენებს ყველასგან დავიწყებულ ჭეშმარიტებებს - სოფელში მცხოვრებ ბავშვებს (და არა მხოლოდ მათ); ახლა კი ფარაჯანოვი - ეს უკვე ქალაქის გახსენებაა, ქალაქის ნამდვილი გახსენება (და გარკვეულწილად დეკონსტრუქციაც).

ფარაჯანოვის ცხოვრებაც და მისი ეს ტექსტიც საოცრად ეგზოტიკური და ამავე დროს ტრაგიკულია (ეგზოტიკას ყოველთვის ახლავს ტრაგედია, ეს მასში იმანენტურადაა, მასში ჩათესილია).

„მე - სერგო ფარაჯანოვი“ - ასე ქვია ახმეტელის თეატრის სპექტაკლს, რომელიც ფარაჯანოვის „აღსარების“ სცენარზე ისე დგას, როგორც მატარებელი - ლიანდაგზე; ტექსტი, რომელიც გაჯადოებს და დეკონსტრუქციას გიკეთებს ქალაქთან ერთად - ყოველი ქალაქელი, გარკვეულწილად, ხომ თავისი ქალაქია... ფარაჯანოვის „აღსარების“ მთავარი ტოპოსი და ობიექტი თბილისია, „თბილისი, ოდესღაც „ტფილისი“, ცრურწმენების ქალაქი...“

განაწამები კაცი ყვება თავის ისტორიას, რომელიც დოკუმენტურია, მაგრამ ამავე დროს მაგიური რეალიზმითაა გაჟღენთილი. განაწამები გენიოსი კაცის ისტორია... მაგრამ ფარაჯანოვის წამება არასოდეს ყოფილა მხოლოდ წამება, არც წმინდა წამება... სწორედ ამაშია მისი ტანჯვის განუმეორებელი ეგზოტიკა და, თუ გნებავთ, სიმართლეც: ის ეწამებოდა თავის პროფანაციაში, ყველაფრის მაპროფანირებელი წამებით, უცხოს ცხოვრებით და შემოქმედებით. ვფიქრობ, შემთხვევითი არაა ფარაჯანოვის უარყოფა, მისი დათრგუნვა მისსავე თბილის-ქალაქში (სიკვდილის შემდეგ, მაგრამ პრინციპში, მანამდეც...). ის ისეთი „ქრისტეა“, ჯვარზე გაკრული, რომელიც იდეურ და ხატობრივ კონკურენციას უწევს იესოს ხატს - ნიცშემდე. ვფიქრობ, დიონისურისა და აპოლონურის ის თამაში, რომელიც ფარაჯანოვთანაა, ნიცშესაც შეშურდებოდა და შესაძლოა, მეორედ შეშლიდა ჭკუიდან...

ფარაჯანოვის ხელის ხლება ვერ იქნებოდა იოლი. მაგრამ ირაკლი გოგიამ - სპექტაკლის რეჟისორი და ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამოცანას წარმატებით გაართვა თავი. მან არც მდარე ასლი არ შექმნა - მაესტროს ნებისმიერი ბრმა მიბაძვა სწორედ ამისთვის იყო განწირული - და არც იმ ღრმა-სასწაულებრივ კალაპოტს გაექცა, „ფარაჯანოვის“ ვიწრო და კანიონური სახელის ექოს რომ ქმნის. ის, სწორედ, რომ მიყვა მაესტროს კვალს, იმ კვალს, რომელიც არა მხოლოდ სიკვდილისაგან რჩება, არამედ ძალადობისგან - და შემოქმედებაც მუდამ გულისხმობს ძალადობას, რომ არაფერი ვთქვათ ძალადობაზე შემოქმედების მიღმა, და ძალადობაზე ფარაჯანოვის, როგორც ცოცხლის და, როგორც ხატის და სახელის, მიმართ...

ირაკლი გოგიას სპექტაკლი არ გაურბის უბედურ ცნობიერებას მოწაფისა მასწავლებლის, შექმნილისა შემქმნელის მიმართ. პირიქით, ის მას იღებს, როგორც მადლს, და დაქვემდებარებულის უწყვეტ, მდუმარე მონოლოგში ინარჩუნებს ზღვარს, და არასოდეს გადალახავს, განსხვავებას ობიექტსა და სურვილს შორის. ფარაჯანოვის მიმართ ღრმა პატივისცემითა და შემოქმედის ჭვრეტისა და სმენის უნარითაა შექმნილი „მე - სერგო ფარაჯანოვი“, რითაც თავად ირაკლი გოგია იწვევს ჩემში პატივისცემას, როგორც პატიოსანი ქურუმი, რომელიც სათანადოდ, ყველა წესის დაცვით, - რაც თავისთავად აღძრავს „დამატებითს“, იმას, რასაც მხოლოდ წესებით ვერ განსაზღვრავ, განუსაზღვრელის მოვლინებას, - პრეზენტირებს ღირსეულ ღმერთს... მთელს სპექტაკლში იგრძნობა ის გადაულახავი რამდენიმე მილიმეტრი თუ სანტიმეტრი, მიქელანჯელოს ადამისა და ღმერთის თითებს შორის რომ რჩება: ფარაჯანოვი აქაა, ჩვენ წინ, მაგრამ ჩვენ მას ვერასდროს შევეხებით, ეს დაუშვებელია, ამით თავად ის უშუალობა დაირღვეოდა, უშუალობის ილუზიაში რომ გვამყოფებს.      

  

მრავალი წლის შემდეგ, ფარაჯანოვი ჩადის იმ ქალაქში, სადაც დაიბადა, თბილისში, და მისი არყოფნისას გარდაცვლილი ადამიანების მოსანახულებლად ესტუმრება ვერის სასაფლაოს, რომელიც ამასობაში გასართობ პარკად გადაუკეთებიათ... საფლავების მიუწვდომლობაში იბადება ფარაჯანოვის გულის შემძვრელი ფანტასმაგორია, მისი აღსარება...

არსებობს ნეტარი ავგუსტინეს „აღსარება“, და არსებობს რუსოს „აღსარება“, და არსებობს ფარაჯანოვის „აღსარებაც“... ფარაჯანოვი - კაცი, რომელმაც მოახერხა, მთელი მსოფლიო განეწყო მის მიმართ არასერიოზულად, ალბათ, გარდა სომხებისა; სომხები, რომლებიც მას ზედმეტად სერიოზულად ეპყრობიან...

თბილისში კი, პირიქით, მას ზედმეტად არასერიოზულად უყურებდნენ... როგორც სომეხს... როგორც „პედერასტს“... როცა მის აღსარებას ისმენ, ხვდები, რომ არავინ, ფიროსმანის შემდეგ, ასე ძლიერ არ გვანებია თბილისს, არავინ ასე ძლიერ არ ყოფილა, როგორც თბილისი... თბილისი, რომელმაც უარყო ის და მოიშორა; თითქოს, ეს ერთგვარი თვითუარყოფაც იყო...

მართლაც, ფარაჯანოვი თავის ცხოვრებაზე და თბილისზე ყვება პარალელურად, შერეულად, ერთბაშად, ერთ რიტმში, ერთ დინამიკაში, ერთ ესთეტიკურ ჩარჩოში, ერთი გრძნობით, ერთი ტკივილით და უსაშინელესი ნოსტალგიით, იმ ნოსტალგიით, რომელიც შეიძლება მხოლოდ დაკარგული სამოთხის მიმართ გქონდეს, სამოთხისა, რომელიც მუდამ მხოლოდ შენს სურვილში თუ არსებობდა, შენს სურვილსა და იმედში... ფარაჯანოვი და თბილისი ერთმანეთს ორი ვაგონივითაა გადაბმული, რადგან სინამდვილეში, ეს ორი ერთია, რამდენადაც არ უნდა გაყონ ისინი, რამდენადაც არ უნდა დააცალკეონ, რამდენადაც არ უნდა შეაძულონ პირველი მეორეს (სანამ ეს სიძულვილი და მიუღებლობა არსებობს, ფარაჯანოვი პირველია, ხოლო თბილისი - მეორე), ეს სიძულვილი მაინც მოჩვენებითი იქნება, ანდა ავადმყოფური, როგორც საკუთარი თავის ზიზღი...

ფარაჯანოვია მსახიობი (და ტელეწამყვანი) გიორგი გასვიანი. ის არ ცდილობს იყოს ფარაჯანოვი, ის არის ფარაჯანოვი! შეიძლება ითქვას, ფიზიკურად, გარეგნობით, ის მხოლოდ ოდნავ გავს ფარაჯანოვს, 35-40 წლამდე ასაკის ხელოვანს. ხმა არ მიუგავს მისას, მაგრამ არც მკვეთრ კონტრასტში არაა. დიქცია, ჟესტიკულაცია, თეატრალობა შორსაა ფარაჯანოვის ბუნებრივი მანერულობისგან. და მაინც, გიორგი გასვიანი არის ფარაჯანოვი! როგორ ახერხებს ის ამას? ახერხებს კი, ცდილობს, რომ იყოს?! ჩემი აზრით, ის ამას არ ცდილობს. ის უკვე მასშია, მის სივრცეში, მის აურაში, თუ შეიძლება ასე ითქვას. და ეს საერთოდ არაა დამთხვევა - „ერთი ერთში“, და არც დისონანსი, რადგან მიზანი არაა იმიტირება, არც პაროდირება, არამედ სხვა ადამიანის ბედის, მისი აღსარების, მისი ტექსტის - და ალბათ, ყველაფერ იმის, რაც ჩვენს მეხსიერებაში, ცნობიერებაში ასოცირდება მასთან, დიდ სერგო ფარაჯანოვთან, - მისი ბედის გატარება საკუთარ ტანში, საკუთარ სხეულში; ცოტაა როლი, როცა მსახიობი ხდება არა პერსონაჟი, არამედ პიროვნება, და ამ პიროვნებაში ამავე დროს თვითონაა, გიორგი გასვიანი, რომელიც მთელი სპექტაკლის განმავლობაში არასოდეს ირგებს „ნიღაბს“ იმდენად, რომ არ იყოს გიორგი გასვიანი... ესეც უჩვეულო შესრულებაა, უჩვეულო კომუნიკაციაა მსახიობსა და პერსონაჟს შორის, რომელიც როგორც ვთქვით, არ არის მხოლოდ პერსონაჟი; ფარაჯანოვი არაა არც ანტიგონე, არც ჰამლეტი, ის არის ვიღაც, ვინც ჯერ არ მომკვდარა, ვინც ბევრად უჩვეულოდ გვაშფოთებს, ვიდრე პრომეთე ან კალიგულა. ფარაჯანოვს არ ადევს ის მტვერი, რომელიც ჭეშმარიტებას აქცევს კონცეფციად.

დეკორაცია ერთდროულად გავს დიდ უჯრებიან კარადასაც, დიდი კარებით, საიდანაც ნივთები და პერსონაჟები - სულები? მოჩვენებები? იქნებ, ნამდვილი ადამიანები? - ამოდიან და ჩადიან, ზოგჯერ კი გამოდიან და „კარადის“ წინ დაბორიალობენ... მაღაზიის ვიტრინასთან მოწყობილ ატრაქციონსაც, თოჯინების თეატრის თეჯირსაც და ილუზიონისტის ატრიბუტიკასაც, და ეს ყოველივე ფარაჯანოვთან ახლოა, იმ ინტიმურობას ქმნის, უპირველეს ყოვლისა, უშუალო მეტყველების გამორიცხვით, როგორიც აქვთ ნივთებსა და ადამიანებს ფარაჯანოვის აღქმაში, მის შემოქმედებაში.

ირაკლი გოგია არა მხოლოდ პატივს მიაგებს ფარაჯანოვს, არა მხოლოდ იხსენებს მას, არამედ იკვლევს კიდეც. ჯორჯი დვალიშვილი ასახიერებს იმ მუზა-ბიჭს, რომელიც სულ თან სდევს ფარაჯანოვის აჩრდილს, როგორც ალტერ ეგო, ან როგორც ეროტიკული პარტნიორი. ბევრი ლამაზი სცენა სპექტაკლიდან, ფარაჯანოვის კინოკადრების თავისუფალ ციტირებას წარმოადგენს. შოკისმომგვრელად მშვენიერია „ვერა კუბოში“ და ფინალი, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება: გიორგი გასვიანი და ჯორჯი დვალიშვილი დაუვიწყარ პერფორმანსს ქმნიან.

კაცი, რომელიც კარგავს ადამიანებს, კარგავს ნივთებს, კარგავს სიცოცხლეს, მაგრამ ტოვებს ამაღლებულს, მშვენიერებას, როგორც სასწაულს, გამოცანას, ამქვეყნად საცხონებელს...  

bottom of page