top of page

ოთია აერთიანებს

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

730816586_1486191080221140_8743384547018072927_n.jpg

11.07.2026

ლაშა ჩხარტიშვილი

ოთია აერთიანებს

 

ერთი წელი გავიდა დრამატურგის, რეჟისორის, მსახიობის, საოპერო დამდგმელისა და ბათუმის მონოპიესების საერთაშორისო ფესტივალის დამფუძნებლის, ოთარ ქათამაძის გარდაცვალებიდან. ყველასთვის ის უბრალოდ ოთია იყო. ალბათ იმიტომ, რომ, როგორც ხელოვანს, პროფესიული სტატუსები, თანამდებობები და ტიტულები მას არასოდეს განსაზღვრავდა. ადამიანებს ის, უპირველესად, ადამიანობით, გულწრფელობითა და სიყვარულის უნარით ამახსოვრდებოდათ. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ბათუმში გამართული „ოთიას დღეები“ მხოლოდ მისი შემოქმედების გახსენება არ აღმოჩნდა. ეს იყო ადამიანების, თეატრების, თაობებისა და მოგონებების გაერთიანების მცდელობა.

9 ივლისს, ოთარ ქათამაძის დაბადების დღეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიხსნა „ოთიას დღეები“, რომლის ორგანიზატორებიც ბათუმისა და სანდრო ახმეტელის თეატრები გახდნენ. ინიციატივა ეკუთვნით ოთიას კოლეგებსა და მეგობრებს, ამ თეატრების ხელმძღვანელებს - კოტე მჟავიასა და ირაკლი გოგიას. ორ დღეში მაყურებელმა იხილა ოთარ ქათამაძის მიერ სანდრო ახმეტელის თეატრში დადგმული ორი სპექტაკლი - „ხანუმა“ და „ანე ფრანკის დღიური“, ხოლო დასასრულს გაგა გოშაძის რეჟისურით ბათუმის თეატრმა წარმოადგინა ოთარ ქათამაძის პიესის, „დაარქვი რაც გინდა“, პრემიერა.

ამ დღეებს ერთი სიმბოლური გარემოებაც ახლდა. სიცოცხლეში ოთარ ქათამაძემ ვერ მოახერხა მშობლიურ თეატრში საკუთარი პიესის დადგმა და არც რეჟისორის რანგში უმუშავია ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე. სამაგიეროდ, მისი დრამატურგია ფართოდ დამკვიდრდა ქართულ თეატრში. მისი პიესები იდგმებოდა რუსთაველის ეროვნული თეატრიდან ახალციხის თეატრამდე, ხოლო როგორც რეჟისორმა, ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი სანდრო ახმეტელის თეატრს დაუკავშირა.

სამწუხარო კანონზომიერებაა, რომ ზოგჯერ ადამიანი სიცოცხლეში ვერ ახერხებს იმას, რასაც მისი არყოფნა. ოთარ ქათამაძის გარდაცვალებამ თითქოს კიდევ ერთხელ შეკრიბა ადამიანები. გააერთიანა ბათუმისა და ახმეტელის თეატრები, ერთი სივრცეში მოუყარა თავი მსახიობებს, რეჟისორებს, თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს, მეგობრებსა და მაყურებელს. გააქრო, დროებით მაინც, სხვადასხვა შეხედულებებს შორის არსებული დისტანცია. ოთია სიცოცხლეშიც სიყვარულს თესავდა თავისი პიესებით, სპექტაკლებითა და როლებით. „ოთიას დღეები“ ამ სიყვარულის ყველაზე ცხადი გაგრძელება აღმოჩნდა.

„ოთიას დღეები“ სპექტაკლით „ხანუმა“ გაიხსნა, რომელიც წლებია სანდრო ახმეტელის თეატრის რეპერტუარშია და დღემდე ანშლაგებით მიმდინარეობს. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათი წარმოდგენათაგანია, რომელსაც მაყურებელი ყოველ ჯერზე თითქოს თავიდან აღმოაჩენს. ამის მიზეზი მხოლოდ ოთარ ქათამაძის რეჟისურა არ არის. წარმატების საფუძველს ქმნის ზუსტად შერჩეული სამსახიობო ანსამბლი, რომელიც ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პერსონაჟებისგან ცოცხალ, თანამედროვე და ამავდროულად კოლორიტულ სახეებს ქმნის. აღსანიშნავია ისიც, რომ რეჟისორის მიერ ტექსტში შეტანილი ცვლილებები და დამატებული ეპიზოდები იმდენად ორგანულად ერწყმის პირველწყაროს, რომ მათი ხელოვნური მიჯნის გავლება თითქმის შეუძლებელია.

სპექტაკლის ატმოსფეროს შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის მხატვარ ირენა ოგანჯანოვას, რომელმაც სცენაზე ნოსტალგიური თბილისური გარემო შექმნა. ამ სამყაროს ორგანულად ერწყმის მიკა მდინარაძის სპეციალურად ამ დადგმისთვის შექმნილი მუსიკა. თავდაპირველად თითქოს უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ წარმოდგენის მსვლელობასთან ერთად, მაყურებლის მეხსიერებაში ილექება და სპექტაკლის დასრულების შემდეგაც დიდხანს მიჰყვება. სანახაობრივ მხარეს კიდევ უფრო ამდიდრებს ტატა კევლიშვილის ქორეოგრაფია. მოძრაობა აქ მხოლოდ ცეკვა არ არის. იგი მოქმედების ბუნებრივი გაგრძელებაა, ხოლო კინტოების ეპიზოდები სპექტაკლს განსაკუთრებულ სიცოცხლეს, ტემპსა და რიტმს სძენს.

სპექტაკლი ვოდევილის ჟანრშია დადგმული და ცხადია ეპიცენტრში მსახიობი და მათ მიერ შექმნილი ტიპაჟები დგანან.

თათული ედიშერაშვილის ხანუმა სპექტაკლის მამოძრავებელი ენერგიაა. ტანად მომცრო, მაგრამ ენერგეტიკულად ვრცელი სასცენო ტემპერამენტის მსახიობი პირველივე გამოჩენიდან იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. მისი ხანუმა ხმაურიანიცაა, მოხერხებულიც, გამჭრიახიც და უსაზღვროდ არტისტულიც. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მსახიობის იმპროვიზაციის უნარი. იგი არასოდეს არღვევს სპექტაკლის რიტმს, პირიქით, ყოველი იმპროვიზაცია წარმოდგენის ორგანულ ნაწილად იქცევა და სწორედ ამით ახსენებს ძველი ქართული თეატრის იმ დიდ არტისტებს, რომელთათვისაც სცენაზე თავისუფლება პროფესიული კულტურის განუყოფელი ნაწილი იყო.

 

არანაკლებ საინტერესო პარტნიორობას ქმნის ნინო ციმაკურიძე. მისი ქაბატო ხანუმას უბრალო კონკურენტი არ არის. ეს ორი ქალი სცენაზე ნამდვილ არტისტულ დუელს მართავს. არც ერთი ცდილობს მეორის გადაფარვას და არც ერთი კარგავს საკუთარ ინდივიდუალობას. პირიქით, მათი ურთიერთდაპირისპირება სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე ცოცხალ და სახალისო ხაზად იქცევა. ორივე მსახიობი განსხვავებული გამომსახველობითი საშუალებებით მუშაობს, თუმცა სწორედ ამ განსხვავებაში იბადება მათი პარტნიორობის განსაკუთრებული ხიბლი.

განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს თამარ ბეჟუაშვილის მიერ შექმნილი სარა. ერთი შეხედვით ეპიზოდური პერსონაჟი მსახიობის შესრულებით სპექტაკლის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად იქცევა. იგი სცენაზე შემოაქვს ხალასი, უშუალო იუმორი, თუმცა ამ იუმორის მიღმა ძლიერი, გავლენიანი და ძალაუფლების მოყვარული ქალია, რომელსაც საკუთარი ავტორიტეტის შენარჩუნება შესანიშნავად გამოსდის. ასაკი მისთვის დაბრკოლება არ არის. პირიქით, იგი ახალგაზრდა მამაკაცებთანაც არ თმობს ლიდერის პოზიციას და ყოველთვის ახერხებს საკუთარი ნების გატანას. როცა საჭიროა მკაცრი, შეუვალი და პრინციპულია, ხოლო მომდევნო წუთს შეიძლება მეგობრულიც, თბილიც და დამთმობიც გახდეს. სწორედ ამ მუდმივ გარდასახვაში, ხასიათის მრავალფეროვნებასა და ზუსტ საშემსრულებლო ნიუანსებში ვლინდება თამარ ბეჟუაშვილის მიერ შექმნილი სახის სიცოცხლე, რის გამოც სარა მაყურებლის მეხსიერებაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟად რჩება.

გიორგი გასვიანი ლევან ფანტიაშვილის სახეში თავიდან ბოლომდე ინარჩუნებს პერსონაჟის შინაგან ღირსებასა და იუმორს. ნუცა თოფურია მომხიბვლელ და ბუნებრივ სონას ქმნის, ჯორჯი დვალიშვილს კი ტიმოთეს როლში იმერული იუმორი, უშუალობა და სცენური სიმსუბუქე შემოაქვს. ბექა რუხაძის კოტე თანამედროვე ახალგაზრდის ტიპაჟს მოგვაგონებს, იუკა ვასაძე კი სრულიად განსხვავებულ, კოლორიტულ აკოფს ქმნის. მისი საოპერო არია სპექტაკლის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდად იქცევა. დავით ასპანიძის მაკარი, სალომე წურწუმიას თეკლა, ისევე როგორც მასობრივ სცენებში მონაწილე გიორგი ფირანიშვილი, გაგა მახათაძე, ლუკა ფესვიანიძე, მალხაზ მიქავა, თენგო კვაბზირიძე, ნიკოლოზ ფიცხალაური და ნიკა თეთრაძე, მიუხედავად მცირე ეპიზოდებისა, ინდივიდუალურ სახეებს ქმნიან და არასოდეს იკარგებიან საერთო ანსამბლში. სწორედ ამ თანაზიარობით იქმნება წარმოდგენის მთავარი ღირსება - ანსამბლურობა, რომელიც ოთარ ქათამაძის რეჟისურის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი მახასიათებელია. აქ თითოეული მსახიობი საკუთარ პერსონაჟს ავითარებს, მაგრამ საბოლოოდ ყველა ერთად ქმნის იმ ცოცხალ თეატრალურ სამყაროს, რომელსაც მაყურებელი დიდი ხნის განმავლობაში არ ივიწყებს.

 

თუ „ხანუმა“ ოთარ ქათამაძის იუმორის, რიტმისა და სიცოცხლის სიყვარულის დემონსტრირებაა, „ანე ფრანკის დღიური“ მისი, როგორც რეჟისორის, სრულიად სხვა მხარეს ავლენს. აქ იგი მაყურებლის გამხიარულებას კი არ ცდილობს, არამედ დაუნდობლად ახედებს ადამიანს საკუთარ ბუნებაში. წარმოდგენა გვიჩვენებს, როგორ ცვლის შიში, ომი და გადარჩენის ინსტინქტი ადამიანურ ურთიერთობებს, როგორ იბადება ერთ სივრცეში ერთმანეთისადმი თანაგრძნობაც, ეგოიზმიც, სასოწარკვეთაც და იმედიც. ოთარ ქათამაძე არავის ამართლებს და არც ვინმეს ადანაშაულებს. იგი ადამიანებს ექსტრემალურ ვითარებაში აკვირდება და მაყურებელს თავად აძლევს შესაძლებლობას, განსაჯოს მათი არჩევანი.

ირაკლი ბილისეიშვილის სცენოგრაფია და მარიკა კვაჭაძის კოსტიუმები რეჟისორის ჩანაფიქრს ზუსტად ემსახურება. დახურული სივრცე, რომელშიც პერსონაჟები ცხოვრობენ, თანდათან არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ ხაფანგადაც იქცევა. ამ გარემოში თითოეული პერსონაჟი საკუთარ თავთან მარტო რჩება, ხოლო მაყურებელი მათი ყოველდღიური არსებობის უხილავი თანამონაწილე ხდება.

სპექტაკლის მთავარი ღირსება აქაც მსახიობთა ანსამბლია, რადგან ოთარ ქათამაძე თავდაპირველი პროფესიით მსახიობი იყო, მან არა მხოლოდ კარგად იცოდა მსახიობთან მუშაობა, არამედ უყვარდა კიდეც მსახიობი, როგორც ფენომენი. ანა ჯავახიშვილი, ოთო ჩიქობავა, გვანცა კანდელაკი, ანანო გულედანი, ჯორჯი დვალიშვილი, ნინო ციმაკურიძე, დავით ასპანიძე, მამუკა მაზავრიშვილი და თამარ ბეჟუაშვილი ერთიან ფსიქოლოგიურ სივრცეს ქმნიან, სადაც არც ერთი პერსონაჟი არ არსებობს მხოლოდ საკუთარი ისტორიისთვის. თითოეული მათგანი საერთო დრამატურგიის აუცილებელი ნაწილია. მსახიობები ზედმეტი პათოსისა და ეფექტების გარეშე, ზუსტი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ავითარებენ თავიანთ გმირებს და მაყურებელს აჩვენებენ, როგორ იცვლება ადამიანი გარემოებების ზეწოლის ქვეშ. სწორედ ამ ანსამბლურობაში იკვეთება ოთარ ქათამაძის რეჟისორული ხელწერა - ინდივიდუალური ხასიათების შექმნა ისე, რომ საბოლოოდ ყველა ერთი დიდი ადამიანური ისტორიის ნაწილად იქცეს.

„ხანუმასა“ და „ანე ფრანკის დღიურის“ ერთმანეთის გვერდით ნახვა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ფართო იყო ოთარ ქათამაძის შემოქმედებითი დიაპაზონი. ერთი სპექტაკლი სიცოცხლის ზეიმია, მეორე - ადამიანის ბუნების სასტიკი გამოცდა. ერთი მაყურებელს სიცილს ჰგვრის, მეორე სიჩუმეს აიძულებს. თუმცა ორივეს ერთი საერთო აქვს - სიყვარული ადამიანის მიმართ და რწმენა, რომ თეატრი მხოლოდ გართობის ადგილი კი არა, ფიქრის, თანაგრძნობისა და საკუთარი თავის შეცნობის სივრცეც არის.

ორივე სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ოთარ ქათამაძე არ იყო მხოლოდ რეჟისორი, რომელსაც მაყურებლის გაცინება შეეძლო. მისი შემოქმედებითი დიაპაზონი გაცილებით ფართო აღმოჩნდა. იგი ერთნაირი ოსტატობით მუშაობდა კომედიასა და ფსიქოლოგიურ დრამაზე, შეეძლო მაყურებლისთვის მსუბუქი, იუმორით სავსე სანახაობაც შეეთავაზებინა და რამდენიმე წუთში ადამიანის ბუნების ყველაზე ბნელი მხარეების წინაშეც დაეყენებინა. მისთვის თეატრი არასოდეს იყო მხოლოდ გართობა. იგი ყოველთვის ცდილობდა, მაყურებელი დარბაზიდან ერთი კითხვით მაინც გაეშვა.

ამ დღეებში ყველაზე მძიმე მაინც სპექტაკლების დასასრული იყო. დასრულდა წარმოდგენები, მსახიობებმა ტაში დაიმსახურეს, მაყურებელი კი თითქოს ინსტინქტურად კიდევ ერთ ადამიანს ელოდა სცენაზე. იმ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში პრემიერებისა თუ რეპერტუარული წარმოდგენების შემდეგ მსახიობებთან ერთად გამოდიოდა, თავს უკრავდა მაყურებელს და ჩვეული, დაუფარავი ღიმილით იღებდა დამსახურებულ აპლოდისმენტებს. ამჯერად ეს რიტუალი აღარ შედგა. რეჟისორი სცენაზე აღარ გამოჩნდა. ის თითქოს სადღაც ზემოდან ადევნებდა თვალს ყველაფერს - თავის მსახიობებს, თავის მეგობრებს, თავის მაყურებელს...

მინდა მჯეროდეს, რომ ოთარ ქათამაძე ბედნიერი იქნებოდა, ენახა, როგორ გააერთიანა მისმა შემოქმედებამ ადამიანები, როგორ შეახსენა კიდევ ერთხელ საკუთარ ქალაქს, ვინ იყო და რა დატოვა. „ოთიას დღეებმა“ ბათუმში კიდევ ერთხელ მოუყარა თავი მეგობრებს, კოლეგებს, თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებსა და მისი შემოქმედების ერთგულ მაყურებელს. ეს იყო არა მხოლოდ ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება, არამედ დადასტურება იმისა, რომ ნამდვილი თეატრი ავტორის სიცოცხლით არ სრულდება.

დღეს, 11 ივლისს, ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე ოთარ ქათამაძის პიესის - „დაარქვი რაც გინდა“ - პრემიერა გაიმართება. სიმბოლურია, რომ „ოთიას დღეები“ არა წარსულის გახსენებით, არამედ ახალი სპექტაკლით სრულდება. ალბათ სწორედ ეს არის თეატრის ბუნებაც - როდესაც ერთი ადამიანის ცხოვრება მთავრდება, მისი სიტყვა, მისი აზრი და მისი თეატრი სცენაზე სიცოცხლეს განაგრძობს.

ეს ერთი და სხვა მრავალი...

bottom of page