top of page

ორნი სკამთან, ბავშვს თუ არ ჩავთვლით

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის „თანამედროვე

ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

WhatsApp Image 2021-11-04 at 12.00.47.jpeg

ლელა ოჩიაური

ორნი სკამთან, ბავშვს თუ არ ჩავთვლით

თუმცა, ბავშვი აუცილებლად უნდა ჩავთვალოთ, რადგან ამბავი, სწორედ მის გარშემო ტრიალებს და მთავარ ობიექტად ის იქცევა, მთავარ სავაჭრო მასალად, სამანიპულაციო ობიექტად, თაღლითური თუ ამორალური (ეს, ალბათ, ერთი და იგივეა) ზრახვების, გარიგების პროდუქტად. ორს - ქალსა და კაცს - შორის, შემთხვევით რომ ხვდებიან ერთმანეთს. სადღაც სკვერში, თუ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელთან მდგომ სკამთან,  კედლებით შემოსაზღვრულ და ჩაკეტილ ტერიტორიაზე.

ამბავი თბილისის გიორგი მიქელაძის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ხდება, სადაც, სპექტაკლებს მხოლოდ თოჯინურის, ან, თოჯინებთან ერთად, „ცოცხალი პლანის“ ჩართულობით და  მხოლოდ მსახიობების მონაწილეობითაც დგამენ.

ასეთი შემთხვევაა ქეთევან-ხათუნა ბედელაძის სპექტაკლი, მანანა დოიაშვილის პიესაზე, თამარ ყუფუნიას სცენოგრაფიით - „სამნი ერთ სკამთან“, ფიქრია ნიქაბაძისა და გიორგი ჯიქიას მონაწილეობით. ახალგაზრდა, სიმპათიური, სხვებისგან არაფრით გამორჩეული ქალისა და კაცის მინიატურული ამბავი. თითქოს ბევრის მსგავსად რომ ცხოვრობენ. იმედგაცრუებაც, გულისტკენაც რომ განუცდიათ და საკუთარი ცხოვრების წესებიც დაუდგენიათ.  საზოგადოებაში საკუთარი თამაშის წესებიც, რომელშიც თავისივე გამოგონილი როლებიც მოურგიათ. ასეთებზე, ერთი შეხედვით, „ცუდს“ არაფერს იფიქრებ. ნდობითაც განეწყობი. შეიძლება ცხოვრებაც დაუკავშირო. დაუმეგობრდე. ბავშვიც ანდო და - საკუთარი ბინის გასაღებიც.

სცენა გაჭედილია - უცნაური კონსტრუქციის სკამით (რომელიც, თითქოს, რომელიღაც მეზობელს, სახლის ძველი ხის სკამების ერთმანეთზე მიჭედებით აუწყვია), აგურებ და ბათქაშჩამოცვენილი ფასადების  მოხატული  კედლებით, ერთმანეთზე შემოდგმული ორი ძველმოდური (ფიბრის) შეღებილი ჩემოდნით (რომელშიც კაცი სამუშაო იარაღებსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს ინახავს). მაგრამ სამოქმედო არე სცდება დადგენილ საზღვრებს, განზოგადებული სამყაროს გამომხატველია, და არა, კონკრეტული ტერიტორიის. ამავე დროს, პერსონაჟების „ცხოვრებისეული“, შინაგანი ჩაკეტილობის დეკორაციით შემცირებული სასცენო (ისედაც პატარა) სივრცეც ქმნის, საიდანაც, თუ მოინდომებ, გამოსვლა თავისუფლად შეიძლება, მაგრამ გამოსავალი არსად და არსაიდანაა.

კაცი ქუჩის მხატვარია. არაერთი მონაცემით, ცხოვრებაში რაღაცისთვის რომ მიეღწია. დღეს უკვე ყველაფერი წარსულია. დღეს ბალერინებით, ანგელოზის ფრთებით, კატებითა და თოჯინებით ქუჩის კედლების მოხატვითაა გართული. (ნახატების თემატიკა და ობიექტები კონტრასტშია მათი ავტორის ხასიათსა და გეგმებთან, იმასთან, როგორც ცხოვრობს, როგორც ირჯება და რასაც აპირებს).

ქალი - ძიძაა.  ჩვილს უვლის და ასეირნებს. ჯერ ვერაფერს მიაღწია. თუმცა, თითქოს ყველაფერი წინ აქვს. ამისთვის უცხო ენებს სწავლობს. ფულს აგროვებს. ოჯახის წევრების  პრობლემებს განიცდის.. ისიც სანდომიანად გამოიყურება, ბავშვზე მზრუნველი, წიგნით ხელში.

ასეთი „ყოფითი“  ამბების გამჟღავნებითა და უბრალო ქმედებებით ეწყობა მოქმედება. ერთი შეხედვით, იდილიურამდე მისული უწყინარი სურათია, ქალაქის ცხოვრებიდან. ერთი ფრაგმენტი. რეჟისორი „ნეიტრალიტეტსა და ზომიერებას“ იცავს. გარე ეფექტების გამოყენებას თავს არიდებს. არ მიმართავს ექსპრესიულ და შთამბეჭდავ გამომსახველ საშუალებებს. აუჩქარებლად „მოქმედებს“.  მისი საყრდენი მსახიობები არიან, რომლებსაც დრამატურგის შექმნილი რთულ პლანიანი ფსიქოლოგიური  სახეების  განსახიერება უწევთ.

მინიმალისტური სარეჟისორო ხერხები, რომლებითაც ქეთევან-ხათუნა ბედელაძე  მოვლენებს აგებს, არ არღვევენ არც მანანა დოიაშვილის  პიესის სტრუქტურასა და დინამიკას (გარკვეულ კუპიურებს თუ არ ჩავთვლით) და არც ამბის განვითარების, ფაქტობრივად, რეალურ დროში მსვლელობას.

სწორედ ამგვარი გადაწყვეტიდან გამომდინარე, სცენასთან სიახლოვის მიუხედავად, არც მაყურებელი იქცევა მოქმედების თანამონაწილედ. „შორიდან“ ადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს, გარედამკვირვებელია, როგორც შეიძლება ყველა აღმოჩნდეს, ქუჩაში შემხვედრი ორი უცნობი ადამიანის ურთიერთობის უნებლიე  შემსწრე.

ორი ადამიანის დიალოგი, ურთიერთობა ასეთივე ყოფითი ქმედებით ივსება. ხატვის პროცესით, ჩვილის მოვლით, ფოკუსებით, მაშხალის აფეთქებით, ჰიპნოზით, რომელიც ნამდვილ „დაჰიპნოზებად“ იქცევა, წინააღმდეგობრივი ნაბიჯებითა და საბოლოო გარიგებით.

გიორგი ჯიქია და ფიქრია ნიქაბაძე პერსონაჟების ბუნებას, განწყობების, გრძნობების ცვალებადობის ურთიერთსიმპათიის გაჩენასა და თანამზრახველებად ქცევის პროცესს ნაბიჯ-ნაბიჯ, შინაგანი გარდასახვით, ტონების გრადაციით გადიან და პერსონაჟების ხასიათებსა და პრობლემის არსს გამოკვეთენ.

წყვილის ვინაობა,  თვისებები და მიზნებიც ნელ-ნელა იკვეთება. ისიც, ირკვევა, რომ შეხვედრა შემთხვევითი არაა. მალევე, ისიც ცხადი ხდება, ვინ ვინაა სინამდვილეში. რომელს რა ამოძრავებს. ვისია ბავშვი. რა როლი აქვს მთელ ამბავში. მორალური ძალადობისა და შანტაჟის ელემენტებიც ჩნდება, რისთვისაც, ნიადაგი უკვე მომზადებულია.

მართალია, პროცესებს კაცი მართავს, მაგრამ ქალში შესაფერის პარტნიორსა და მარიონეტს პოულობს, რომელიც, შეიძლება ითქვას, თავის მხრივ, მთავარი ინსპირატორიცაა და ამ სამოქმედო გეგმაში  მთავარი როლის შემსრულებელიც. კაცი სცენარის ავტორიცაა და რეჟისორიც. როლებს ისე ანაწილებს, რამე რომ მოხდეს, პასუხისმგებლობა თუ ბრალეულობა არ დაეკისრება. სუფთა ხელებით, თუმცა ლაქებიანი მორალით.  მომგებიანი პოზიციაა.

პიესასა და სპექტაკლს სოციალურ დრამად განსაზღვრავენ. როგორი სოციალური საფუძველიცა და მიზეზიც უნდა ჰქონდეს მოქმედი გმირების საქციელს, ცხოვრების წესსა და განმაპირობებელ, „შინაგანად“ ქცეულ მატერიალურ „კრიზისს“, რომელიც, ჩვენი ქვეყნის რეალური ვითარების ფონზე, ღირებულებების გაუფასურების მიზეზად იქცევა. იმის წინაპირობად, ადამიანები ასეთ არსებებად ჩამოყალიბდნენ, ასეთი ნაბიჯები გადადგან. შემდეგ რეალური სახე და არსი გამოამჟღავნონ.  ჩემთვის „სამნი ერთ სკამთან“ სამყაროში დაკარგული და ნიადაგგამოცლილი ახალგაზრდების დრამაა. თანამედროვე საზოგადოების სულიერი და მორალური მდგომარეობის მეტაფორული პორტრეტი.

bottom of page