
„ორი” სიცოცხლე
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

07.03.2026
ლელა არაბიძე
„ორი” სიცოცხლე
„უდანაშაულო ადამიანთა გადასარჩენად სხვა უდანაშაულო ადამიანთა დახოცვა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება - ყოვლად დაუშვებელია ორი სიცოცხლის ერთმანეთთან შეტოლება“
2014 წელს გერმანელმა იურისტმა და მწერალმა ფერდინანდ ფონ შირახმა დაწერა პიესა „ტერორი“, რომელიც წლებია თანამედროვე თეატრში წარმატებით იდგმება, საქართველოში კი პირველად მიმდინარე წელს - მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა თემო კუპრავამ განახორციელა და მაყურებელი უჩვეულო სანახაობაზე მოიწვია, სადაც მას მსაჯულის ფუნქცია მიანიჭა, რითაც უფრო გაამარტივა თეატრის ყველაზე დიდი ჭეშმარიტება - კათარსისის განცდა.
სპექტაკლის დაწყებამდე, თეატრის ფოიეში წიგნის შეძენასაც შეძლებთ - სპეციალურად პროექტისთვის „ტერორი“ ორმოქმედებიანი პიესა გერმანულიდან დავით კაკაბაძემ თარგმნა.
მარჯანიშვილის თეატრის პარტერის პირველი ექვსი რიგი სრულიად აღებულია და ეს სივრცე მხატვარმა ანკა კალატოზიშვილმა მოაწყო როგორც სასამართლო, აქ არცერთი დეტალია ზედმეტი, ან ისეთი, რომელიც გაფიქრებინებს, რომ შენ ახლა სასამართლო დარბაზში არ იმყოფები - განსასჯელის სკამზე ადამიანი ზის და შენ წყვეტ მის მომავალს - დარჩება იგი პატიმრობაში თუ იხილავს დღის სინათლეს? შენი ხვედრიც მძიმეა - როგორ უნდა გადაწყვიტო ადამიანის მომავალი? ადამიანი ხარ, ღმერთი ხომ არ ხარ?!
სპექტაკლი ამ მოცემულობაში სწორედ ისე იწყება, როგორც შეიძლება დაიწყოს სასამართლოს სხდომა. სასამართლოს თავმჯდომარე - ეკა ჩხეიძე, დამცველი - ნინი ნოზაძე, სახელმწიფო ბრალმდებელი - ნატალია გაბისონია მაყურებელს (ამ შემთხვევაში, ნაფიც მსაჯულებს) მიმართავენ და საქმის ვითარებას აცნობენ: სალამი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის, თქვენ დღეს სპექტაკლზე არ მოსულხართ, თქვენ ხართ ნაფიცი მსაჯულები და თქვენია ვერდიქტი, ამიტომ ყურადღებით გაეცანით მოცემულობას, დაფიქრდით, გაიაზრეთ და ისე გადაწყვიტეთ - დამნაშავეა მაიორი ლარს კოხი?
„ტერორი“ მსახიობების სპექტაკლია, სპექტაკლის ფორმას თავად დრამატურგი განსაზღვრავს, ფერდინანდ ფონ შირახი ჰყვება ამბავს, რომელიც კონკრეტულ დროსა და რიცხვში მოხდა. მაიორ ლარს კოხს უმძიმესი ბრალი დასდეს და იგი 164 კაცის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, მაგრამ ეს ამბავი როგორ დამთავრდება ამას მსახიობი განსაზღვრავს - რომელი იქნება უფრო დამაჯერებელი? საკუთარ თავში უფრო დარწმუნებული? რომელი იქნება უფრო შემბრალებელი? რომელი მოგგვრით უფრო სინანულს? რომელი მოახდენს თქვენზე გავლენას? ამიტომ ამბავს ერთნაირი დასასრული არასოდეს ექნება (მარჯანიშვილის თეატრის სტატისტიკის თანახმად, წარმოდგენას ძირითადად სწორედ ერთნაირი ფინალი აქვს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით).
სასამართლოს თავმჯდომარე, ეკა ჩხეიძე, მისთვის დამახასიათებელი მშვიდი ხმის ტემბრით, სატირული რეპლიკებით, გაწონასწორებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ცალსახად მიკერძოებული სიტყვით, ლარს კოხისადმი უხეში მზერით და საქმისადმი დიდი ინტერესით, ადვოკატი ნინი ნოზაძე საწყის ეტაპზე საკუთარ თავში დარწმუნებული, სიტუაციის სიმძაფრის დინამიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში არადამაჯერებელი, ეს განსაკუთრებით თვალშისაცემია მისი დაპირისპირების ფონზე პროკურორთან - ნატალია გაბისონია - ყველა ეტაპზე შეუვალი, არასოდეს დაბნეული, ნაკლებად ემოციური, მაგრამ მისი თამაშის ხერხი და დამოკიდებულება ჩემში ყველაზე მეტად აღძრავდა ლარ კოხისადმი სიმპათიასა და ანტიპათიას - ამიტომ ვამბობ, რომ „ტერორი“ მსახიობების სპექტაკლია. ნატალია გაბისონიას მძაფრმა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში პათეტიკურმა მონოლოგებმა, ჩემში რაღაც მომენტში გარდატეხა მოახდინა და მაფიქრებინა, რომ მაიორი გამემტყუნებინა, საბოლოოს ჩემი გადაწყვეტილება ასეთი არ იყო, პაატა ინაურის პერსონაჟი გავამართლე, რადგან ჩავთვალე, რომ მან ზღვრულ სიტუაციაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
რატომ აღმოჩნდა მაიორი ლარს კოხი ზღვრულ სიტუაციაში?
მაყურებელი ამას პირველი მოწმის დაკითხვისას იგებს. სამხედრო საჰაერო ძალების უფროსი ლეიტენანტი კრისტიან გეორგ ლაუტერბახი დეტალურად აღწერს მომხდარს. ალეკო მახარობლიშვილის გმირი ყოველგვარი ემოციის გარეშე ჰყვება ამბავს, ის ერთ-ერთია, ვინც ყველაზე კარგად იცის ყოველი დეტალი - მას უფლება აქვს არ უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც სამხედრო საიდუმლოებას უკავშირდება. ალეკო მახარობლიშვილის პერსონაჟი თავშეკავებული მორიდებით, ღრმა პროფესიონალიზმითა და წინასწარ დამუშავებული გეგმით, სწრაფად და უმტკივნეულოდ პასუხობს შეკითხვებს; მისი პრინციპები ურყევია - განა კანონის დარღვევა შეიძლება? ალბათ არც იმ მოტივით, თუ კანონის დარღვევა და ვიღაცის (ვიღაცების) სიცოცხლის ხელყოფა მოგიწევს, სამაგიეროდ ამ ნაბიჯით სხვებს (უფრო ბევრ ადამიანს) გადაარჩენ - სიცოცხლე სიცოცხლის წილ?
ყველაფერი კი ასე დაიწყო - გერმანიაში, ტერორისტმა სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. მასში 164 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ქალები და ბავშვები, აბსოლუტურად უდანაშაულონი. ტერორისტი აპირებს, რომ გატაცებული თვითმფრინავი საფეხბურთო სტადიონზე ჩამოაგდოს - იქ ახლა მატჩი იმართება - შესაბამისად, სტადიონი სავსეა - 70 ათასი ადამიანია იქ! ამ საბედისწერო დღეს კი სამხედრო მაიორი, ახალგაზრდა ლარს კოხი მორიგეობს, ამიტომ სწორედ მას უწევს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება - ჩამოაგდოს გატაცებული თვითმფრინავი, რასაც მოჰყვება 164 (ხომ გვახსოვს, რომ აბსოლუტურად უდანაშაულო) ადამიანის დახოცვა - სამაგიეროდ, ტერაქტი თავიდან იქნა აცილებული, საფეხბურთო მოედანი და, შესაბამისად, იქ მყოფი 70 ათასი ადამიანი (ისინიც აბსოლუტურად უდანაშაულონი) გადარჩნენ. უმძიმესი ამბავია, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ „ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაზე წარმოუდგენელი და ყველაზე საზარელი რამ, კარგა ხანია, რეალობად ქცეულა“.
ახლა ლეგიტიმური კითხვები, რომლებიც უჩნდებათ დამცველს, პროკურორსა და ნაფიც მსაჯულებს: რატომ მივიდა საქმე აქამდე? რატომ არ დაიცალა საფეხბურთო მოედანი? რატომ არ მოხდა ხალხის ევაკუაცია?
მაიორი ლარს კოხი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პაატა ინაური უტყვად და მორჩილად დგას სასამართლოს წინაშე, ის 31 წლისაა, ახალგაზრდა, სიმპათიური, საკუთარ თავში დარწმუნებული, ერთი შეხედვით ის გმირსაც კი მოგვაგონებს, ჯიუტად სჯერა, რომ ის დღე, როდესაც „ლუფტჰანზის“ რეისიდან - LH 20 47 რადიოშეტყობინება გადაიცა თვითმფრინავის გატაცების შესახებ, სხვანაირად ვერ დასრულდებოდა, საჰაერო სივრცის უსაფრთხოებისა და მართვის ეროვნულმა ცენტრმა „ლუფტჰანზას“ თვითმფრინავს 11 წუთში დააწია ორი საბრძოლო თვითმფრინავი, პილოტებს შორის ლარს კოხი იყო.
სამწუხაროდ, გატაცებულმა თვითმფრინავმა არც გეზი შეიცვალა და არც გამაფრთხილებელ გასროლას დაემორჩილა, დარჩა უკიდურესი ვარიანტი - მისი ჩამოგდება, მაგრამ ასეთი ბრძანება იმ დღეს არ გაცემულა.
რეჟისორს წარმოდგენაში ამბის სიმძაფრის მეტად წარმოსაჩენად ვიდეო პროექცია შემოაქვს (ავტორი დათა დვალიშვილი), სადაც დეტალურად ვხედავთ იმ ყველაფერს, რისი მოსმენაც გვიწევს: საჰაერო მარშრუტი, საფეხბურთო მოედანი, რადიოსიგნალი - ამიტომ მაყურებელი (უკაცრავად, ნაფიცი მსაჯული) მთლიანად არის მოცული სასამართლო სხდომითა და დაკითხვით - მსჯავრდებულთა და ინტერესით - რატომ არ შეიძლებოდა ამ მოვლენის თავიდან აცილება? სად არის სახელმწიფო თავდაცვა? რატომ ტყდება ბოლოს ყველგან ყველაფერი უბრალო და უდანაშაულო ადამიანებზე? რატომ გადის თითქმის ნახევარი საათი ( 28 წუთი) და ლარს კოხს ვერავინ ვერაფერს ეუბნება, რა უნდა იყოს მისი შემდეგი ნაბიჯი? ახლა, სწორედ ახლა თუ არ ისვრის მაიორი კოხი, ათი ათასობით ადამიანი დაიხოცება! ამიტომ ის ისვრის! ისვრის მაშინ, როდესაც ფედერალური პოლიციის, შინაგან საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტროების, სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის უწყება ვერაფერს აკეთებს. სწორედ მაშინ მაიორი კოხი ისვრის.
სტადიონის დაცლისთვის მათ 52 წუთი ჰქონდათ, მაგრამ ეს არავინ გააკეთა, ევაკუაცია არ განხორციელდა, ამიტომ მე თეთრი ბარათი ავწიე - მაიორი კოხი გავამართლე.
52 წუთში სახელმწიფოს შეეძლო თავისი მოქალაქეების დაცვა, მაგრამ ვერ დაიცვა - ეს თანამედროვე სამყაროს ტრაგედიაა. ამ ყველაფერს ნაფიცი მსაჯულები უფრო მძაფრად აღვიქვამთ მაყურებელთა დარბაზში მჯდომი მეორე მოწმის, ფრანცისკა მაიზერის დაკითხვისას. კოხის მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავში მისი ოჯახის წევრი იჯდა. ამ დროს, ბუნებრივია, ყველას მაჯისცემა მატულობს. სცენა ძალიან ემოციური და შთამბეჭდავია. ანიკო ეზიაშვილის გმირი გვარწმუნებს, რომ არ შეგვიძლია კოხის გამართლება, ამ მძიმე ისტორიის მიღმა უბრალო ადამიანები დგანან, მათი მიზნები, ვნებები, სიხარულები, რომლებიც აღარ არსებობს, რადგან მაიორმა გაისროლა, ამ გასროლამ კი 164 ადამიანის ოცნება დაასამარა, სიკვდილი მოიტანა - რა შეიძლება იყოს სიკვდილზე უარესი?
ჩვენ, იმ დღეს მარჯანიშვილის თეატრში მსხდომი მაყურებლის უმრავლესობა, თეთრ ბარათს ვწევთ - მაიორი კოხი გავამართლეთ, რადგან გვგონია, რომ სიკვდილზე უარესი 52 წუთია, უუნარობა და ადამიანების მარტო დარჩენა ტერორიზმის პირისპირ, მაშინ, როდესაც სიცოცხლე სიცოცხლეს უპირისპირდება და არჩევანს რაოდენობაზე აკეთებ - 164 ადამიანის სიცოცხლე 70 ათასი ადამიანის ნაცვლად. მაიორმა კოხმა 70 ათასი ადამიანის სიცოცხლე აირჩია.
ახლა ორი კითხვა:
თქვენ როგორ მოიქცეოდით?
და მაშინ როგორ მოიქცეოდით, თუ გატაცებულ თვითმფრინავში თქვენი ოჯახის წევრები ისხდებოდნენ?