
ორი ოჯახი ინტერიერში და სახლიდან გაგდებული ზაზუნა
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

13.03.2026
ლელა ოჩიაური
ორი ოჯახი ინტერიერში და სახლიდან გაგდებული ზაზუნა
იასმინა რეზას, 2007 წლის პიესა „ჟლეტის ღმერთი“ („ხოცვის ღმერთი“, „ხოცვაჟლეტის ღმერთი“, „ომის ღმერთი“ - სახელწოდების განსხვავებული ქართული თარგმანით, დრამატურის სახელის ვარიაციების თანხლებით), მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოშიც, მათ შორის, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრშიც დაიდგა. ზოგი სპექტაკლი მალევე, ან რაღაც ხნის შემდეგ, მოიხსნა. აი, ფოთის თეატრის „ხრამუნას“ (როგორც აქ უწოდეს) სიცოცხლე კი, უკვე ათი წელია უწყვეტად გრძელდება. და მისი ბიოგრაფიაც გზადაგზა სიახლეებით ივსება.
„ხრამუნა“ რეჟისორმა პაატა ციკოლიამ 2015 წელს დადგა, ქეთი კვანტალიანის თარგმანის საფუძველზე, საკუთარი ინსცენირებითა და ადაპტაციით, პიესის გადმოქართულებითა და ქართულ სინამდვილეზე მორგებით. სპექტაკლის მხატვარია ქეთი ნადიბაიძე, ტექნიკური რეჟისორი - მაია მებონია; მხარდამჭერი - საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელი.
სულ ახლახან, „ხრამუნა“ სტამბოლში, სახელმწიფო თეატრების საერთაშორისო ფესტივალზე დიდი წარმატებით უჩვენეს. პარალელურად კი, მისი ახალი სიცოცხლე, ახალ ფორმატსა და სივრცეშიც დაიწყო.
რამდენიმე თვის წინათ კი, ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია, რომ პაატა ციკოლიამ „ხრამუნა“ გადაიღო და მისი ნახვა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთშიც იქნებოდა შესაძლებელი. შემდეგ, გადაღებული და ახალ ფორმატში მოქცეული სპექტაკლი საგანგებო პლატფორმაზე აიტვირთა, რასაც ინფორმაციის, ინსტრუქციების ტალღა მოჰყვა და შემდეგ, აქტიური გამოხმაურება - მაყურებლისგან, რომლის კომენტარებმა თუ პოსტებმა, ფაქტობრივად, წალეკეს სოცქსელების ეს სეგმენტი და ციფრული „ხრამუნას“ ელექტრონული ველი.
იმის გარდა, რომ „ხრამუნა“ ამ სახით, ამიერიდან, ბევრისთვის ხელმისაწვდომი და სანახავად, მოსახერხებელი გახდა, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია. უფრო მნიშვნელოვანი და აღსანიშნია, თუ როგორ გადავიდა - „ცოცხლად“, მაყურებლის უშუალო სიახლოვესა და თვალწინ მიმდინარე და საამისოდ, „ტრადიციულ“ ფორმატში დადგმული სპექტაკლი - ახალ სივრცესა და მხატვრულ ფორმაში, ახალ სარეჟისორო და სამსახიობო მანერში გადაწყვეტილ და შესრულებულ სპექტაკლად. მნიშვნელოვანი ის, რომ და თუ როგორ შეიცვალა მხატვრული გადაწყვეტის, სტილის, ხერხების მთელი ნაკადი. და როგორ იქცა ის ახალი სახელოვნებო კატეგორიის წარმატებულ ნიმუშად.
ახალი „ხრამუნა“ არაა პირდაპირ, დარბაზის სპეციალურ წერტილებში დადგმული კამერებით დაფიქსირებული, „ლაივში“ მიმდინარე სპექტაკლის ჩანაწერი (რაც, ჩვეულებრივი რამ იქნებოდა, ციფრულ კამერებისა და სხვა ელექტრომატარებლების ეპოქაში და რისი ნიმუშებიც, ყველა არსებული სპექტაკლის ბიოგრაფიიდან უამრავია).
ესაა საგანგებო სივრცეში, პაატა ციკოლიასა და ოპერატორ გიორგი შველიძის მიერ, საგანგებო განლაგებით, აწყობილ/მორგებული მიზანსცენებითა და სპეციფიკურ სტილისტიკაში, კინო და სცენური განათების თავისებური სინთეზის ქვეშ გადაღებული, შეკრული და დამონტაჟებული სპექტაკლი, რომელიც განსხვავებულ სარეჟისორო ხერხების ჩართულობასა და მსახიობებისგანაც თამაშის სტილის ცვლილებას ექვემდებარება.
ახალ ფორმატსა და სივრცეში გადატანამ, კინოკამერების შეჭრამ სპექტაკლის წყობასა და მსვლელობაში, კინოს სპეციფიკური ხერხების - განათება, ხედები, რაკურსები, ხედებისა და რაკურსების მონაცვლეობა, მონტაჟი, კადრების კომპოზიციური წყობა - ამოქმედებამ, სარეჟისორო გადაწყვეტაში თვალსაჩინო, თვალშისაცემი და თუ რადიკალური არა, მკვეთრი ცვლილებები შეიტანა.
ახლო ხედისა და დეტალის ფიქსაცია, როდესაც რეჟისორი და ოპერატორი ირჩევენ ხედვის წერტილებსა და რაკურსებს და მაყურებელსაც „აიძულებენ“, დაინახოს იგივე კადრები და მისი ნაწილები, რომლებსაც და როგორც თვითონ თვლიან საჭიროდ, მათზე გაამახვილებინოს ყურდღება, კინოს სპეციფიკის, კინოენის მახასიათებელია.
ამდენად, ციფრული „ხრამუნა“ უკვე აღარაა სპექტაკლი, კლასიკური გაგებით (როდესაც მაყურებლის მზერა და თუნდაც, ადგილი, სათეატრო სივრეში, მაყურებლის ასარჩევია). თუმცა, არც ფილმია - მხატვრული თუ სატელევიზიო. ესაა ამ ყველაფრის სინთეზი, რაღაც ახალი ფორმა, რომელსაც შეიძლება შესატყვისი ტერმინი და განსაზღვრება ვერც შევურჩიოთ.
სპექტაკლში ოთხი მოქმედი გმირია, რომლებიც პაატა ციკოლიას ადაპტაციაში, ასე არიან წარდგენილი - ელენე სალაყაია და მისი მეუღლე ვახტანგ დოლია, ნესტან დარჯანია და მისი მეუღლე თამაზ იოსავა, რომლებსაც ოთხი მსახიობი-ვარსკვლავის ასახიერებს - ნინო პაჭკორია, ჯანო იზორია, მარიკა ბუკია და გია სურმავა.
მოქმედება, ფოთში, უფრო დაკონკრეტებით, გრიგოლეთში, ალბათ, ბევრისთვის ნაცნობ გარემოში, ტიპურ ქართულ ოჯახში, სალაყაია-დოლიების ბინის (შეიძლება, სახლის) მისაღებ ოთახში ხდება, სადაც, მშობლების წყვილი, თავ-თავიანთი, მცირეწლოვანი შვილების ჩხუბის ამბის გასარჩევად, „შინაურულად“, მშვიდობიანად მოსაგვარებლად, მოსარიგებლად ერთმანეთს ხვდება, საქმის დეტალებს იძიებს და ურთიერთობებს არკვევს.
პერსონაჟებიც ნაცნობი (კარგად და ნაკლებად) არიან და თითქოს კონფლიქტი ბიჭეს შორის, ნებისმიერ ბიჭს შეიძლება შეემთხვეს.ორივე ოჯახი ერთ სოციალურ ფენას ეკუთვნის, ერთნაირი ცხობრების წესი აქვთ, ორივე შრომობს, ცოლები ქმრების კმაყოფაზე არ არიან, შვილები ჩვეულებრივი მოზარდები არიან, არც კრიმინალები და არც ბოროტები, ზაზუნა ხრამუნა კი ყველაფერს ხრავს.
ნაცნობი სიტუაციაა, ნაცნობია პერსონაჟებიც, მთელი დატვირთვა მსახიობებზე გადადის. სპექტაკლი მათ დიალოგებზეა აგებული, მეტყველებაში, ფრაზეოლოგიაში, ტექსტებსა და საუბრის მანერაში ფოთელებისთვის სახასიათო სიტყვებს, ტერმინებს იყენებენ, ადგილობრივებისთვის ჩვეულ კილოზე საუბრობენ, რითაც სპექტაკლის ატმოსფერო უფრო უშუალო, ცოცხალი და ორგანული ხდება.
მკაფიოდ ჩანს ხასიათები, გარემოსა და ცხოვრების წესის მახასიათებლები, მორალური პრინციპები (თუ მათი არქონა), ზნეობის კრიტერიუმები და თანდათან იკვეთება საზოგადოების არც თუ სახარბიელო თვისებები, ცხოვრების წესის დეფორმაცია, ღირებულებების ფასადურობით ჩანაცვლების მკაფიო სურათი და პრობლემების მთელი წყება, რომლების მატარებელია და როგორ გარემოცვაში თანამედროვე საზოგადოება ცხოვრობს. და რა თქმა უნდა, არა ერთ ან ორ ოჯახში, არა გრიგოლეთში და არა მხოლოდ, ფოთში ან დასავლეთ საქართველოში, არამედ - ყველგან.
ელენეს, ვახტანგის, დარეჯანისა და თამაზის მეგობრული და სავარაუდოდ, დამეგობრების მიზნით(აც) დაგეგმილი შეხვედრა საქმეების გარჩევაში, ერთმანეთზე უპირატესობის მტკიცების, საკუთარი თავებით კეკლუცობის, საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვის პროცესში გადადის და სოლიდურობის, კეთილგანწყობის, „გვარიშვილობის“ , მაღალფარდოვნების, ფსევდოპატრიოტიზმის ნიღბების ჩამოშლასა და სიტყვიერ „საბრძოლო მოქმედებებში“ გადაიზრდება.
მსახიობებიც, თითქოს ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამ სიტყვის საუკეთესო და ჯანსაღი მნიშვნელობით და ოსტატობის კლასს აჩვენებენ. მათი ოსტატობა ჯერ კიდევ, ცოცხლად, დროში მიმდინარე სპექტაკლში აშკარავდება, რადგან, სადადგმო პირობებიდან გამომდინარე, ყველაფერი, მაყურებლის გვერდით, თვალწინ და „ვიწრო წრეში“, ახლო მანძილზე ხდება. და შემდეგ, როდესაც მოქმედება, პერსონაჟები, დეტალები - გადაღების ამა თუ იმ პირობისა და ეკრანზე დემონსტრირების წყალობით, უფრო ახლოვდება და ახლო ხედებით, დეტალებზე მახვილებით ფიქსირდება,
მოქმედების ადგილი არ იცვლება. ირინე შენგელიას დეკორაცია - ბინის ინტერიერი ტიპური ავეჯითა და ნივთებითაა აღჭურვილი, არაფერი ზედმეტი, არაფერი თვალშისაცემი. სისადაცე და განტვირთულობა, თანამედროვე სტანდარტული ავეჯი, ჭურჭელი. თაროები. ასეთი გარემოც ნაცნობია, ბევრგანაა და ტიპურია. ინტერიერიც ისეთია, როგორიც შეიძლება იყოს იქაც კი, საიდანაც, რომელი სივრციდანაც სპექტაკლს ონლაინ უყურებენ;
პაატა ციკოლას სპექტაკლები ყოველთვის დღევანდელობის რთული რეალობის, ჩიხში მოქცეული ადამიანების შინაგანი ნგრევისა და პიროვნული განადგურების შესახებაა. სამყარო პირქუში და მუქფერებშია ხოლმე აღქმული და გადაწყვეტილი, დრამატული, დამთრგუნველი და უიმედობის ატმოსფეროა.
„ხრამუნა“ მოულოდნელი იყო და განსხვავდება მისი სხვა დადგმებისგან. ბევრი ნიშნით და არა მხოლოდ ჟანრობრივი თავისთავადობიდან გამომდინარე. არა მხოლოდ იუმორის დინამიკური ნაკადით, მკვეთრად სახასიათო პერსონაჟებით, მსახიობების ენერგეტიკითა და სამსახიობო, კომედიური ხრიკებით (რაც არა ღიმილის, არამედ, გულიან სიცილს იწვევს); სარეჟისორო გადაწყვეტის სიმსუბუქით, სილაღითა და გახსნილობით. მაგრამ „ხრამუნა“ მაინც არაა პრობლემებისგან თავდაღწეული, გასართობი და სალაღობო სპექტაკლი. ის ჩვენი საზოგადოების სახეა, მამხილებელი და თითქოს კრიალა ფანჯიდან დანახული, საკმაოდ, პირქუში და უსიამოვნო პორტრეტი.
სახლიდან გაძევებული ხრამუნა თითქოს მაშველი რგოლა ან თოკი უნდა ყოფილიყო, რომელსაც ადამიანები უნდა ჩაჭიდებოდნენ, გადასარჩენად, მორალურად და ფსიქოლოგიურად. დეფიციტური იმედისა და სიმშვიდის მოსაპოვებალდ. ზაზუნა, ამ სივრცეში, თითქოს აღარავის დასჭირდა. მაგრამ სწორედ მისი პოვნა აჩენს, ამავე საზოგადოებაში სულ პატარა იმედს, რომ სწორედ მოჩხუბარი ბიჭები აღმოჩნდებიან ძალა, რომელმაც შესაძლოა, მწვერვალები დაიპყროს.
ციფრული „ხრამუნას“ ხმის რეჟისორი ირაკლი ივანიშვილია, პროდუსერი ეკა ხორგუაშვილი, მხატვრის ასისტენტი და კოსტუმების მხატვარი ქეთევან გუნია, ოპერატორი მერაბ კიკნაძე, მთავარი გამნათებელი-გაფერი ცოტნე მარსაგაშვილი, გამნათებლები: გიორგი ჭანტურია, გიორგი მარსაგაშვილი, ბიძინა ჩინჩალაძე, აკაკი ქურდაძე, დოლი: იური პოღოსოვი; გადასაღები ტექნიკის მომსახურება - ჯაგა გრიპი - JAGA GRIP, გადასაღები ლოკაცია 4TH HEAVEN GRIP.
„ხრამუნას“ ინტერნეტგვერდზე, სხვა აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად, აღნიშნულია, რომ: სპექტაკლის ვიდეო ვერსიას საფუძვლად უდევს - ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 2015 წელს დადგმული სასცენო ვერსია; რომ „ხრამუნა“ ცნობილი ფრანგული პიესის, იასმინა რიზას „ჟლეტის ღმერთის“ ადაპტაციაა. და, რომ ჯგუფი მადლობას უხდის: ფოთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ (სპექტაკლის დადგმის დროს) დავით მღებრიშვილსა და ფოთის თეატრის დირექტორ (სპექტაკლის დადგმის დროს) თენგიზ ხუხიას. ასევე, მადლობას უხდის: ხელშეწყობისთვის - ფოთის თეატრის ამჟამინდელ სამხატვრო ხელმძღვანელ საბა ასლამაზიშვილს.
„ხრამუნა“ დრომ არ „დააძველდა“, პირიქით, როგორც ძვირფას ღვინოებს, მეტი ღირსება შესძინა (რასაც სპექტაკლის „ცოცხლად“ მნახველი მაყურებელიც ადასტურებს). დროის შემდეგ და ახალ ფორმატშიც, ფაქტობრივად, განახლებულმა დადგმამ, რეჟისორსა და მსახიობებს შესაძლებლობების, ოსტატობის ახალი შრეები აღმოაჩენინა და ახალი მიმართულება და მხატვრული ღირებულები შემატა.
ზაზუნა ხრამუნა სახლიდან გააძევეს, სპექტაკლი „ხრამუნა“ კი, ჩვენ სახლებში შემოვიდა და გაგვიშინაურდა, თეატრის მიზანიც სწორედ ესაა - არა, ვთქვათ, კომერციული მოგება (თუმცა, დაფინანსების საჭიროება, არსებობის გასაგრძელებლად), არა რეკლამა თავისთავად და შემოქმედებითი ჯგუფის, ავტორის, მონაწილეების პოპულარობის მოხვეჭა, არამედ - სივრცეების გავლა, ზღუდეების გადალახვა და საზოგადოებასთან მიახლოება, დიალოგში, კამათში ჩაბმა და ადამიანურ, ჰუმანურ ფასეულობებსა და ცხოვრებისა თუ ყოფიერების მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება,
ციფრული სპექტაკლის ინტერნეტგვერდზე წერია: „ხრამუნას“ ყიდვა გულისხმობს დამოუკიდებელი ქართული თეატრის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, „იმიტომ, რომ ქართული კულტურა ცოცხალია. იმიტომ, რომ ჩვენი თეატრი იმსახურებს თავისუფლებას. იმიტომ, რომ „ხრამუნას“ ყიდვა არ არის მხოლოდ სიცილის საღამო, ის დასტურია, რომ ქართული ხელოვნება გაიმარჯვებს, დაიპყრობს მწვერვალებს და დაფარავს კონტინენტებს თქვენი ოთახების გავლით“. აუცილებლად, ჩვენთან ერთად.
P.S. ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში „ხრამუნა“ კვლავ ჩვეულებრივი, „თეატრალური“ ფორმით რჩება და მაყურებლის ყურადღებით განებივრებული, კვლავ ჩართულია ამ წარმატებული თეატრის დღევანდელობის ცოცხლად და აქტიურად შექმნაში.და მისი პირადი, ორმაგი ცხოვრებაც გრძელდება.