top of page

ორფეოსი ჯოჯოხეთიდან მიდის

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

290136482_5381653571880342_3093747494344145926_n.jpeg

დავით ბუხრიკიძე

ორფეოსი ჯოჯოხეთიდან მიდის

რეჟისორი ირაკლი გურგენიძე ტენესი უილიამსის ყველაზე ცნობილ პიესაში უცნობ შრეებს ეძიებს

„იმისთვის, რომ ახალ ორლეანში „ელისეს მინდვრებზე“ მოხვდე, ორი ტრამვაი უნდა გამოიცვალო, ტრამვაი სახელად „სურვილი“ და ტრამვაი „სასაფლაო“ - ასეთი ტევადი სიმბოლოთი იწყება ტენესი უილიამსის ცნობილი პიესა „ტრამვაი, სახელად სურვილი“. რეჟისორ ირაკლი გურგენიძის საპრემიერო წარმოდგენა თავისუფალი თეატრის სცენაზე აშკარად თამამ და პრეტენზიულ განაცხადს შეიცავდა, რადგან ნამდვილად არაა იოლი, მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი ამერიკელი დრამატურგის ყველაზე ცნობილ პიესას  ახალი ახსნა-კონცეფცია მოუძებნო. არსებითად, კლასიკური პიესების დადგმის მიზანი ხომ სწორედ ეს არის - რატომ უნდა დაიდგას აქ და რატომ ახლა?!

 

ორმოქმედებიანი  სპექტაკლის ბოლოს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს სცენაზე აქამდე უცნობი ბლანშ დიუბუა ვნახე, რადგან რეჟისორმა შეძლო კარგად ნაცნობი პიესის უცნობი შრეები მაყურებლისთვის ნაწილობრივ მაინც გასაგები გაეხადა. ქართულ თეატრებში რამდენიმე სხვადასხვა „სიჩქარით“ მოძრავი „ტრამვაი“ მახსოვს: 90-იან წლებში, მარჯანიშვილის თეატრში დადგმული სპექტაკლი (რეჟისორი ბექა ქავთარაძე, მთავარ როლში ნინო კობერიძე), მოგვიანებით რევაზ შატაკიშვილის სადოქტორო-საკვალიფიკაციო სპექტაკლი დოდო ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში (მთავარ როლში ნათია ქარუმიძე), 2015 წელს, თუმანიშვილის თეატრში (რეჟისორი ქეთი დოლიძე, ბლანშ დიუბუას როლში ნინელი ჭანკვეტაძე), 2019 წელს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე  ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ გაგლოშვილის დადგმა.

 

წლების განმავლობაში გარკვეული არქეტიპები და სტერეოტიპები ამ პიესის მიმართ საკმარისად ჩამოყალიბდა. საბედნიეროდ, რამდენიმე მათგანის დამსხვრევა რეჟისორმა მოახერხა, ხოლო სხვა მნიშვნელოვანი გზავნილების ნაწილი მაყურებელთა არასწორ რეაქციებში ჩაიკარგა. პირველი და უმთავრესი, რაც რეჟისორის კონცეფციაში გამოიკვეთა და რაც მან ბლანშ დიუბუას (ანი იმნაძე) ათქმევინა კიდეც, ეს არის „უმიზეზო სისასტიკის“ არსებობა. მთელი წარმოდგენა რეალურად მიემართება სწორედ ამ სისასტიკის ფინალურ დადასტურებამდე, როდესაც სტენლი კოვალსკი (ოთო ჩიქობავა) ბლანშზე ძალადობს. რაც ფინალში ბლანშის ფსიქოლოგიური განადგურების მიზეზი ხდება.

 

მეორე და ასევე მნიშვნელოვანი დეტალი, რაც რეჟისორის კონცეფციაში იკითხება,   საზოგადოების ძალადობისადმი შეგუებაა, რაც საბოლოოდ, „ძალადობის ბანალურობად“ ტრანსფორმირდება. სტენლის სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსები აქვს: ბლანში და მისი და სტელა (შორენა ზუბიაშვილი) გაღატაკებული არისტოკრატიის წარმავალ კლასს განასახიერებენ (დიუბუა ფრანგული გვარია და „ტყეს“ ნიშნავს), მაშინ როცა პოლონური წარმოშობის სტენლი კოვალსკი (პოლონურად“მჭედელი“) პროლეტარიატის სიმარდესა და დაუნდობლობას განასახიერებს. მაგრამ სხვები? როგორ ცხოვრობენ, რას ფიქრობენ, რატომ არ იძვრიან „ამ ჭაობიდან“ (როგორც ბლანში უწოდებს ნიუ-ორლეანის ღარიბულ კვარტალს)?

 

მაგალითად, რატომ თმობს ასე იოლად ბლანშის სიყვარულს მისით უზომოდ მოხიბლული მითჩი (თორნიკე ბელთაძეს საინტერესოდ აქვს გააზრებული თავისი როლი)? რატომ იბრძვის გაშმაგებული იუნისი (ანა ბერელაშვილი), რომ ქმარს უპირატესობა დაუმტკიცოს? რა მოტივები შეიძლება ამოძრავებდეს სტივს (დათო ჩოგივაძე), რომელიც სტენლისთან და მითჩთან ერთად მხოლოდ კარტის თამაშითა და ლუდის სმითაა დაკავებული და ეს სრულებით აკმაყოფილებს...რატომ ვერ ელევა კოვალსკის უზრდელობასა და უხამსობას სტელა, როცა ქმარი მას განუწყვეტლივ შეურაცხყოფას აყენებს... თუმცა ყველაფერს პატიობს მხოლოდ სექსის გამო.  და საერთოდ, რატომაა ამ „პატარა ადამიანების“ ცხოვრებაში  ყოველდღიური, პატარა ძალადობებით აღსავსე ეპიზოდები ასეთი ჩვეულებრივი?

 

სწორედ ამ დამყაყებული გარემოს დანგრევას ცდილობს სუსტი, მაგრამ შთამაგონებელი სიყვარულის მოლოდინით აღსავსე, ნევროზებითა და პოეტური კეკლუცობით გამორჩეული ბლანში. თუმცა ნიუ-ორლეანის ეს კვარტალი (რამდენად ნატიფი ირონიაა, მას რომ „ელისეს მინდვრები“ ჰქვია) სტენლი კოვალსკის სამფლობელოა და ამ სივრცეს არავის დაუთმობს. ბლანშთან  მის ფინალურ ანგარიშსწორებას გარდა ფსიქოლოგიური და სოციალური მოტივებისა, სწორედ ეს ცხოველური ინსტინქტიც განსაზღვრავს - მას თითქოს ძაღლივით მონიშნული აქვს საკუთარი ფიზიოლოგიური სივრცე, რომელიც სინამდვილეში მის იდენტობას, მის ძალმოსილებას ანუ ძალადობის ფორმას განსაზღვრავს.

 

თუ ფსიქოანალიტიკური კუთხით გავყვებით სტენლი კოვალსკისა და ბლანშ დიუბუას დაპირისპირებას, მასში შეიძლება თავად ტენესი უილიამსისა და მისი მეგობრის, ფრენკ მერლოს ურთიერთობის ისტორიაც ამოვიკითხოთ. მერლო უილიამსის დეპრესიისა თუ ინსპირაციის წყარო და ასევე, „დამაბალანსებელი“ იყო. 1961 წელს ის კიბოთი გარდაიცვალა, რამაც ტესესი უილიამსის ღრმა, თითქმის ათწლიანი დეპრესია გამოიწვია.

 

რეჟისორის განსაკუთრებულ მიგნებად მაინც ბლანშის ფსიქოლოგიური ტრავმების სცენური გაცოცხლება მეჩვენება. ბლანშის პირველ და ტრაგიკულ სიყვარულს - 17 წლის ალანს, ფოსტის ახალგაზრდა კურიერსა და ექიმს ფინალურ სცენაში, ერთი და იგივე მსახიობი, ლაშა გაბუნია/დაჩი ბაბუნაშვილი განასახიერებს. ეს ამთლიანებს, აერთებს და აცოცხლებს დაკარგული იდეალური სიყვარულის ხატს, რასაც ბლანში დაეძებს საყვარელი პოეტების სტრიქონებში...  და როცა  ექიმს ფინალში ეუბნება - „მე ყოველთვის პირველი შემხვედრის სიკეთეზე ვიყავი დამოკიდებული“, მაყურებლისთვის გასაგები ხდება რატომაა რეჟისორის კონცეფციით მნიშვნელოვანი ამ სამი პერსონაჟის გაერთიანება.

 

სპექტაკლის სცენოგრაფი და მხატვარი გიორგი უსტიაშვილი ლელიანით დაფარულ „ჭაობს“ (ნიუ-ორლეანის ფრანგულ კვარტალს) ჩვენს თვალწინ მოულოდნელად გადააქცევს „რკინის ჯუნგლებად“. სწორედ აქ, ამ „ჯუნგლებსა და ჭაობში“ ეშვება კიბეებით ბლანში, რომელიც პირველად თეთრი სუდარით გვევლინება სცენაზე და პიესის მცოდნეთათვის მაშინვე გასაგები ხდება პირველივე და ტრაგიკული ინტონაცია - ეს დაღუპული ალანის გლოვის ფერია, მისი კოდი და მისი სიმბოლო, რაც ბლანშს შემდეგ მთელი ცხოვრება წყევლასავით თან სდევს.

 

ნოე კვირკველიამ სპექტაკლისთვის მრავალფეროვანი ინტონაციით გამორჩეული ელექტრონული მუსიკა შექმნა, რომელიც რამდენიმე მოტივს აერთიანებს - ყრუსა და თითქმის უხმოს, თითქოს დაგუდულს, დრამატული ინტონაციით აღსავსეს. სწორედ ყრუ ბგერები ახლავს ბლანშს, როცა ის კიბეებით ჯოჯოხეთში ეშვება და დრამატული, როცა ექიმის ხელზე დაყრდნობილი და განადგურებული იმავე ჯოჯოხეთიდან მიდის...

 

ჰო, მართლა, „ორფეოსი ჯოჯოხეთში ეშვება“ - ეს ტენესი უილიამსის კიდევ ერთი ცნობილი პიესის სათაურია, რომელიც ირაკლი გურგენიძის სპექტაკლს არანაკლებ უხდება.

bottom of page