top of page

ომი ომის გარეშე...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

att.PIoOyJk7erq885K482azS3PfII5FL8pYdfx-gzDik3M.jpg

ნერონ აბულაძე

ომი ომის გარეშე...

საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოში არსებულ ხუთ - (თბილისის, ქუთაისის, ბორჯომის, ახალციხისა და გურჯაანის)- თოჯინების თეატრს აერთიანებს. გაერთიანების უმთავრეს მიზანს საქართველოში თოჯინური თეატრების განვითარება, ახალი მხატვრული ტენდენციების დანერგვა და ძირეული რეფორმის გატარება წარმოადგენდა. ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა ქართველ რეჟისორთა ინტერესი თოჯინური ხელოვნების მიმართ. ცხადი გახდა, რომ დარგის განვითარებისათვის აუცილებელი იყო მაყურებელთა სეგმენტის ზრდა, სარეპერტუარო პოლიტიკის ფორმირებისას მაყურებელთა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ესთეტიკური მოთხოვნილებების გათვალისწინება. სწორედ ამ მიზნით თოჯინების თეატრები სადადგმოდ მიმართავენ როგორც საბავშვო დრამატურგიას, ასევე კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობის ცნობილ ნიმუშებს, რომელთა განხორციელებაც უფროსი თაობის მაყურებლისთვისაა გათვალისწინებული. ამის ნათელი დადასტურებაა სპექტაკლის წინასაპრემიერო ჩვენება, რომელიც გაერთიანებაში შემავალ, თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის მცირე სცენაზე გაიმართა.

        

„გამნათებელი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა კოტე აბაშიძემ დრამატურგ ნინია სადღობელაშვილის ლიტერატურული პირველწყაროს საფუძველზე განახორციელა. სპექტაკლის პრემიერას მაყურებელი მიმდინარე თვის განმავლობაში იხილავს. შემთხვევითი არ არის რომ ქართული მწერლობა და თეატრი, ზოგადად ქართული კულტურა აფხაზეთს და მის თემას რომ თავისი ინტერესთა უპირველეს საგნად წარმოაჩენს. ეს გასაკვირი სულაც არაა. უბრალოდ, აღფრთოვანებას იწვევს მეთოდი და სამეტყველო საშუალების ორიგინალობა. მრავალ ლიტერატურულ მასალათაგან თავისი ინდივიდუალური სტილის გამო გამოირჩევა ნინო სადღობელაშვილის პიესა „გამნათებელი“. აღნიშნული პიესა დრამატურგმა რეჟისორ კოტე აბაშიძის დაკვეთით შექმნა. ყურადსაღებია ეს ნაწარმოები იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მასში აბსოლუტურად ყველაფერია აბსოლუტურად ყველაფრის გარეშე, თითქოს მარტოოდენ ჩონჩხი, მაგრამ ამ ჩონჩხშიც ხორცშესხმული ტკივილი - ნერვების ძაფებად ასხმული. და რა არის ასეთი ორიგინალური და განსაკუთრებული - პირველყოვლისა ფორმა, მერე ერთი გმირის გარშემო და მის მიერვე დროში გადატანილი სიტუაცია, მეორე და მთავარი - ომის სახე დახატული ომის გარეშე... დაბოლოს, დროში გადანაცვლების და დროში ჩარჩენის (თუ შეიძლება ასე ითქვას) სამწერლო ხერხი. ასეთი ხასიათის სიმსუბუქეს და სისადავეს, მიამიტობამდე დაყვანილ გულწრფელობას მხოლოდ ქალის კალამი თუ შექმნიდა. დავიწყოთ თანმიმდევრობით:

         

ორიოდ სიტყვით მინდა შევეხო სათაურს - გამნათებელი. პიესის და შესაბამისად სპექტაკლის მთავარი (და პრაქტიკულად ერთადერთი) გმირი (მაკა) პროფესიით თეატრალური გამნათებელია; არც რეჟისორი, არც მსახიობი... თითქოს სპექტაკლის მეორეხარისხოვანი მონაწილე, მაგრამ შიგადაშიგ ავტორი გვახედებს, თუ რამდენად მთავარია მისი პროფესია და რამდენად ალეგორიული ნიშა ადევს ამას - ერთგვარი სახე სიბნელეზე გამარჯვებისა (როდესაც პრემიერის დღეს მოხდება ტექნიკური შეფერხება, სწორედ გამნათებელზე გადადის ტვირთი ყველა ხარვეზის გამოსწორებისა, რათა განათდეს... ამაში ომის აბრუნდიც იკითხება და მისი სავალალო შედეგებიც სახეზეა. სპექტაკლში (შესაბამისად პიესაში) ყველგან ომი გამოსჭვივის, მაგრამ ის საომარ მოქმედებებში არ აისახება, ის ადამიანის ყოველდღიურობაშია და რაც მთავარია, წარსულთან მეტაფიზიკური კონტაქტის მეშვეობით ხდება. ეს ერთგვარი ტექნიკური ხერხია, მაგრამ ოსტატურად მიგნებული მწერლის მიერ. ძნელი სათქმელია, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს შედევრი, მაგრამ როგორც ცნობილია შედევრი შეიძლება გამოიყვანოს ლიტერატურული პირველწყაროდან რეჟისორმა, მისმა ხედვამ და მსახიობის შესრულებამ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ლიტერატურული პირველწყარო არ მოგცემს მეტაფიზიკურ ბიძგს, შეუძლებელია რაიმე თეატრალური შედეგის მიღწევა.

      

ამდენად, სათაურთან მიმართებაში ყველაფერში გასაგებია. პირველ აკორდს მაინც თავისი არომატი გააჩნია, თავისი ტონუსი და შეიძლება ითქვას ბიძგი, ამომგდები ძალა (ფიზიკის კანონით). ამ სპექტაკლმა და (იმთავითვე პიესამ) მრავალწახნაგოვანი დატვირთვით წარმოგვიდგინა როგორც მთვარი (და ერთადერთი) გმირი, ასევე მთელი გარემო (თუნდაც ომამდელი მოცემულობით და შემდეგ ომის დროინდელი, ეს უკვე ფინალისკენ). მთავარი გმირი ყველა ეგრეთ წოდებულ თანამონაწილეს ესალმება თავის ენაზე (ბერძნულად, რუსულად, ქართულად და ასე შემდეგ), ანუ ამით ავტორი ხაზს უსვამს სოხუმის მრავალეთნიკურობას და ამით ამძაფრებს ომის ტრაგედიას, ომისა, რომელიც არ ჩანს და ჩანს მხოლოდ ლანდებით - აფრებსა და წითელ ზღვაში. მისალმება მარტო მისალმებისთვის არ ხდება, ამის მერე თითოეულ მათგანთან გრძელდება ის მეტაფიზიკური ურთიერთობა, რაც შემდეგ იშლება სპექტაკლში.

               

ნაწარმოები იყოფა პირობითად ხუთ ნაწილად... ყველა ნაწილს თავისი იდეური და ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს. ყველა მათგანში მთავარი გმირი ომია, მაგრამ ავტორის პრინციპული გადაწყვეტილებით ომს არ გააჩნია სახე, ის რიკოშეტით აისახება ადამიანურ ურთიერთობათა ყოველდღიურობაზე, მოცემულ შემთხვევაში გამნათებლის წინასაპრემიერო დღეზე, რომელიც თვალნათლივ ახსოვს გამნათებელს (მაკას). ტრაგედია იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ყველაფერი ის, რასაც ვუყურებთ, დროშია დაცილებული, არამედ ის, რომ ომი, როგორც ასეთი განგრძობადი ხასიათისაა და მას წერტილი არა აქვს დასმული (რაც არსებული რეალობის შესაბამისია).

                

როგორც მწერლის ასევე რეჟისორის კონცეფცია და სამოქალაქო პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ წერტილს არც ერთი მათგანი არ სვამს ამ პიესაში (სპექტაკლში), ერთგვარ დაუსრულებელ ნაწარმოებად გვევლინება ის. მთელი საქართველო და იმედია აფხაზეთიც ამ თავსატკივარს ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს, ძალიან მძიმედ, მაგრამ დაუსვამს, სხვა გამოსავალი რომ არა აქვს არც ერთ მხარეს, ამაზე თავად სპექტაკლი მეტყველებს. პროლოგის შემდეგ პირველ სურათში ვეცნობით მაკას ოჯახურ გარემოს, დედას, შვილს, ყოფილ მეუღლეს და მთავარი გმირის დამოკიდებულებას ოჯახის წევრების მიმართ. მოზარდი შვილი აპირებს გახდეს მეზღვაური და დატოვოს სოხუმი დედის უჩუმრად. ეს უკვე ალუზიაა ომის, სწრაფი სვლით კატასტროფისკენ, მაგრამ ეს ჯერ არაა მთელი სახე, ეს უბრალოდ პროფილის მონაკვეთია... ასე მონაკვეთ-მონაკვეთ მიიკვლევს გზას ომი გმირის ცხოვრებაში, რომელიც შემოდის მასში ზედმეტი საომარი პანიკის გარეშე, თუმცა დაძაბულობა მატულობს თითოეული სცენის მსვლელობაში, დაძაბულობა კი თავისთავად აახლოებს კატასტროფის მოლოდინს. დედასთან სატელეფონო საუბრები მხოლოდ გზაა ამ გარდაუვალობისკენ, რომელსაც თანდათან გავდივართ ყველანი ერთად. ერთ თავის ფრაზაში ატევს თავის თვითრწმენას - „რა უნდა თეთრ ქალაქში ომს?“ და ამ იდეას ბოლომდე ეჭიდება, ვიდრემდე ყველაფერი წარსულში არ გადაინაცვლებს. მაგრამ მანამდე, იმ საბედისწერო პრემიერამდე (პრემიერაც ალეგორიაა ომის, რომლის წინაშეც ყველაფერი გამოდის წყობიდან) საკმაო გზაა გასავლელი - მთელი ერთი დღე, სადაც ქალაქის მთავარი საათი გაჩერებულია, სადაც დრო გაირინდა და აღარავის ეპრემიერება, თავად პრემიერა (ომი) შემოდის ამ თეთრ ქალაქში და ანგრევს პირველ ყოვლისა ადამიანთა ცხოვრებას. თვით უტას (მაკას შვილი) არჩევანი კატო ემხვარი თუ საზღვაო სასწავლებელი, ომისკენ იხრება, ვიდრე ბედნიერ აფხაზ გოგონასთან ცხოვრების დაკავშირება. იქნებ ესეც ულმობელი ბედისწერაა.

               

ოჯახურ თავსატეხთაგან გაქცევის მიზნით მაკა აკითხავს დეიდა ემას შუქურაზე, ესეც ნიშანდობლივი ეპიზოდია სპექტაკლში... აქ იხსნება ფრჩხილები, თუ რატომ - გამნათებელი. „აქ ჩემი ბავშვობა ცხოვრობსო, - ეუბნება ემა დეიდას, - ,,მეც ასე წარმოვიდგენდი საკუთარ თავს (აგრძელებს ცოტა ქვემოთ) - შუქურას აივანზე ვდგავარ, ცალ ხელში ჭოგრიტი მიჭირავს, მეორე ხელი პულტზე მიდევს და ჰორიზონტზე წერტილებად გაჩენილ გემებს გზას ვუნათებ“. შუქურას ეპიზოდს მოჰყვება შეშლილ მერისთან შეხვედრა ყვავილების ბაღში. ეს სცენა ამძაფრებს ექსპრესიას არათუ ომისას, არამედ გრძნობებს დროის დისტანცირებასთან ერთად, სადაც ადგილი არა აქვს ომს. ეს ოაზისია განტვირთვის, სულ რაღაც მცირე სცენა, მაგრამ მეტად რომანტიკული, როგორც ლათინური გამოთქმა ამბობს: Pax in bello (ანუ მშვიდობა ომიანობის დროს). ყველა ომს აქვს ასეთი პაუზა და კარგია, რომ ეს მომენტი სწორად დაიჭირა როგორც პიესის ავტორმა, ასევე რეჟისორმა.

             

შემდეგი სცენა საფლავზეა - ვიქტორია სმირბას საფლავზე. ესეც ემოციური სცენაა, სადაც მაკა ესაუბრება კარგა ხნის წინ გარდაცვლილ მეგობარს. იხატება მათი ურთიერთდამოკიდებულება, ახალგაზრდული მისწრაფებები, რომლებსაც არ ეწერა ახდენა, ან ისე არ ეწერა ახდენა, როგორც ოცნებობდნენ. მერე ამ სცენის ფინალში მაკა უამბობს მაიმუნის განცდებს ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ, ცხოველის ქვეცნობიერი გლოვა მისი პატრონის გამო, თუ როგორ შეუძლია თავგანწირვა პირუტყვს ერთგულებისა და სიყვარულის საპირწონედ. ესეც ომის გვერდითი მოვლენები. და იწყება ეგრეთ წოდებული სპექტაკლის ჩაბარების სცენა. მე მაინც ამეკვიატა ეს სიტყვა [ჩაბარება], რაღაც კრამოლური დავიჭირე. იქნებ ავტორს არ უფიქრია ამის შესახებ, ან იფიქრა და საგანგებოდ დასვა ეს მოცემულობა სპექტაკლში - ჩ ა ბ ა რ ე ბ ა (აფხაზეთის). სიღრმეებში არ შევალ და ისტორიას არ გავშლი, მაგრამ ნათელია თუ რატომ ჩაბარება.

           

უნდა აღინიშნოს, რომ ეს მონოსპექტაკლი ერთი დიდი მონოლოგია დიალოგის იმიტაციით, სადაც ყველაფერი იკითხება და იშიფრება ყოველგვარი ზეაღმატებულების გარეშე. განსაკუთრებით მინდა გამოვყო კინოკადრები, რომლებიც დატვირთულია თემატური კადრებით და ამზადებს მაყურებელს მომდევნო და მომდევნო სცენებზე გადასასვლელად. ზღვის თემა, ფესვების თემა, სივრცის თემა როგორღაც მაგონებს ლეო ქიაჩელის „თავადის ქალი მაიას“ ფინალურ სცენას. მთელი სპექტაკლი იკითხება ისე, თითქოს მთავარი გმირი აწმყოში მდგარი კავშირებს აბამს გარდაცვლილთა სულებთან, დროში დაღუპულებთან, რადგან სინამდვილეში მაკას გარდა არავინ არ არსებობს, ყველა ლანდია, მოჩვენება, არარაისი - დედაც, შვილიც, ემაც, მერიც (იმთავითვე), ვიქტორიაც, ვახოც, რეჟისორიც, ჯონიც, ძია ჟორაც და ყველა სხვა. მარტო მაკაა რეალობა და თანამედროვეობა, რომელიც ზღვით ისწრაფვის მათთან შეერთებას.

            

სადადგმო ჯგუფი ერთმანეთს ავსებს, ყველაფერი მონოლითურია სპექტაკლში. სცეnური სივრცე - (მხატვარი ვახტანგ ქორიძე) - მაქსიმალურად თავისუფალია ზედმეტი ბუტაფორიული დეტალებისაგან. კედლებზე მიმაგრებულია აფხაზეთის ქუჩების აღმნიშვნელი აბრები. სცენის სიღრმეში განთავსებული კედლის ნანგრევი სიმბოლური დატვირთვის პარალელურად ეკრანის ფუნქციასაც ასრულებს რა დროსაც მაყურებელი კიდევ ერთხელ, თანმიმდევრობით ხედავს აფხაზეთის ომისა და ლტოლვილთა გადაადგილების ტრაგიკულ, დოკუმენტურ კადრებს. მუსიკალური გაფორმება - (ნიკოლოზ საბაშვილი) - რეჟისორის კონცეფციის ნაწილია და სცენაზე ქმნის შესაბამის ატმოსფეროს.

           

როგორც აღვნიშნეთ სცენაზე მხოლოდ ერთი მსახიობი - (მაკა შალიკაშვილი)- დგარს. მთელი მონოსპექტაკლის განმავლობაში მსახიობი თანმიმდევრულად მიყვება და ასრულებს რეჟისორის დავალებებს. მსახიობი აღწევს გარდასახვის იმ ხარისხს, რა დროსაც სრულად იკითხება მისი დამოკიდებულებების გარდაცვლილ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან.

            

და ბოლოს, რეჟისორი კონსტანტინე აბაშიძე თავადაც აფხაზეთის ომის მონაწილეა. მის თვალწინ ჩაიარა ომის ტრაგიკულმა პროცესებმა...თავად განიცადა მეგობრების დაკარგვის ტკივილი, ქვეყნის ლამაზი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვის ტკივილი...წარმოდგენა დაახლოებით ერთი საათი ქრონომეტრაჟისაა, სადაც წარმოდგენილია ომი - ომის გარეშე...რეჟისორის კონცეფცია ფსიქოლოგიურად მართალი თეატრის მხატვრულ პრინციპებს ემყარება, სადაც ნებისმიერ მცირე დეტალს თუ მსახიობის მოძრაობას, ჟესტიკულაციას თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება. ეს კოტე აბაშიძის თეატრალური გზავნილია, რომელიც თოჯინების თეატრის მცირე სცენის გავლით აუცილებლად მიაღწევს განსაზღვრულ ადრესატებამდე.

bottom of page