top of page

ომი, ომია…

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

ომი, ომია..jpg

თამარ ცაგარელი

ომი, ომია…

 

თეატრში სიმშვიდეა, „მეზღაპრე“, რომელიც ბავშვების სიმშვიდეს ზღაპრებით ინარჩუნებს და მათ გართობაზე ზრუნავს, გვიყვება, თუ „როგორ მოერია პატარა ბაჭია, უზარმაზარ დათვს და როგორ გაათავისუფლა ტყე ტირანისაგან“, რომელიც „ჰეფი ენდით“ სრულდება, და, რომელიც მეტაფორაა იმ ამბისა, რასაც ომი ქვია, ომი საქართველოში, ომი უკრაინაში, ომი.... ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს, თუმცა.....ომი, ომია!!!

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის თეატრის რეჟისურის სპეციალობის ჯერ კიდევ, სტუდენტმა გიორგი კაშიამ,  2022 წლის 27 მარტს, ქალაქ ქუთაისში, არა სათეატრო სივრცეში, არამედ, ბარ-რესტორან „სახლში,“ ქუთათურებს ერთ მოქმედებიანი სპექტაკლის - „ომი, ომია“ - პრემიერა წარმოუდგინა, რომლის ტექსტის ავტორი თავად რეჟისორი გახლავთ. ამ წარმოდგენით ახალგაზრდა შემოქმედმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინაში დაღუპულ გმირებს.

აღნიშნული სპექტაკლი „თეატრალურის“ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სცენაზე 2022 წლის 20 ივნისს იხილა საზოგადოებამ,  როგორც სტუდენტ გიორგი კაშიას საკვალიფიკაციო ნაშრომი, რომელიც უმაღლესი ქულით შეფასდა. წარმოდგენის ნახვიდან დღემდე (09.08. 2022) ამ სპექტაკლზე ჩემი ემოცია არ განელებულა, პირიქით, 2008 წლის 8 აგვისტოს სამაჩაბლოს ტკივილიანმა მოგონებებმა, კიდევ ერთხელ გამახსენა ეს წარმოდგენა და, ამიტომაც, ვისაც არ უნახავს ან უნახავს რეალურ ამბავზე დაფუძნებული სპექტაკლი „ომი, ომია...“ (მონაწილეობენ: დიმა - ნოდარ მელაძე, ნიკალაი - გიგა აბულაძე, ანდრო დგებუაძის მუსიკის ფონზე), მათ მსურს ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარო.

დღეს, XXI საუკუნეში ომი მძვინვარებს მსოფლიო რუქაზე აღნიშნულ გარკვეულ ტერიტორიებზე და, საზოგადოება, რეალურად თუ გარდასახვით, სახელოვნებო სივრცეში, განიცდის მის შედეგებს: როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ გარდაცვალებას. როგორც ცნობილია, ომისა და სიკვდილის თემა, ისტორიულად, არა ერთი ლიტერატორისა თუ ხელოვანის ინტერესის საგანი ყოფილა, სადაც ნათლად წარმოჩინდება ადამიანის უსუსურობა, და, უსუსურობის შედეგად გამოწვეული ფსიქო-ფიზიკური აშლილობა თუ სიკვდილის აქტამდე და მის განხორციელებამდე მისვლა. სწორედ, პიროვნების ტრანსფორმირების „კარდიოგრამული ნიღაბი“ შექმნა ახალგაზრდა რეჟისორმა თავისივე ტექსტითა და სპექტაკლით, მსახიობებთან ნოდარ მელაძესთან და გიგა აბულაძესთან ერთად. 

დღეს, როცა რეალურად გაგვახსენა საკუთარი ძალა ომის მრისხანე ღმერთმა არესმა, რომელმაც უკრაინაში „დაიდო დროებითი თავშესაფარი,“  ახალგაზრდა შემოქმედებითი ჯგუფი მაყურებელს წარმოუდგენს ფსიქო-დრამატულ ჭრილში აგებულ სპექტაკლს. ჩვენთვის, მაყურებლებისთვის, ეს ორი პერსონაჟი და გარე სამყაროს შორის არსებული დაძაბული დამოკიდებულება, ურთიერთობა, ნაცნობია და მტკივნეული - „ომი,ომია და შენ თუ არ ესვრი, თვითონ გესვრის’’.  მიზანი მიღწეულია, როგორც თუნდაც, რეჟისორ გიორგი კაშიას ამ ერთი ტექსტით, ასევე, მასზე დაფუძნებული სპექტაკლით „ომი, ომია.“ ამის მიზეზი კი, რეალური ცხოვრებისეული მოქმედებაა, რომელსაც თავისი სპეციფიკურობა ახასიათებს. იგი წარმოიშვება, როგორც პიროვნების, გმირის, ნების გამოხატვის შედეგი და თავის განხორციელების გზაზე მას წინ არაერთი დაბრკოლება ხვდება: სხვა გმირების საპასუხო მოქმედება იწვევს კონფლიქტურ დაპირისპირებას და ბრძოლას, რომლის გარეშე როგორც დრამის, ასევე სპექტაკლის არსებობა შეუძლებელია. ვლინდება კონფლიქტი, რადგან კონფლიქტებით სავსე სიტუაციები და ხასიათები ქმნიან დრამის, როგორც ჟანრის ნიადაგს, განსაზღრავენ მისი არსის მთელ  ზნეობრივ მნიშვნელობას. თუნდაც წარმოდგენის დასასრულს, როცა, პერსონაჟები გათხრილი საფლავის წინ დგანან, საფლავიდან ამოდის სინათლე, ნიკოლაის (მსახიობი - გიგა აბულაძე) იარაღი აქვს მიშვერილი დიმასთვის (მსახიობი - ნოდარ მელაძე), რომელიც სთხოვს, რომ ახლა არ მოკლას, ახლა ის თეატრში უნდა წავიდეს, იქ მისი შვილია. ნიკოლაი ჩახმახს გადასწევს, მან გადაწყვეტილება მიიღო. დიმა თვალებს ხუჭავს და ელოდება გასროლას, გაისმის სროლის ხმა. სცენა ბნელდება.

მანამდე კი... რა ხდება მანამდე: რამპასთან, სცენის ავანსცენაზე, მიწაა ამოთხრილი, ქვემოდან „ცივი“, თეთრი განათებაა, თხრილში ორი ცალი ბარია მიყუდებული, მსახიობები ერთმანეთს უყურებენ, აშკარაა, საფლავი ერთ-ერთისთვისაა გამზადებული. სცენის შუაში მაგიდაა, რომელზეც რადიო და ჭადრაკის დაფა დევს, მაგიდაზე წითელი გადასაფარებელია გადაფარებული, როგორ სიმბოლო ბოროტების იმპერიისა. მსახიობები ჭადრაკს თამაშობენ. ისინი ყოველი ახალი სვლისას გვიყვებიან ბრძოლის დეტალებს და იბრძვიან გამარჯვებისთვის, ბოლომდე არიან ჩართულნი თამაშის პროცესში და ცდილობენ გააზრებული სვლები აკეთონ. დიმა მოწინააღმედეგეს - ნიკოლაის ჭადრაკის თამაშში ამარცხებს, რომელიც, თავის მხრივ, მაგიდის საფარს, რომელზეც ჭადრაკის წაქცეული ფიგურებია, როგორც დაღუპული ჯარისკაცები, მისკენ ქაჩავს და თავზე ეყრება, აბულაძის პერსონაჟი წითელ გადასაფარებელს, როგორც ალამს მთელი ენერგიით აფრიალებს, რათა სიცოცხლე შეუნარჩუნონ და ტყვედ ჩაბარდეს.  დიმა მას, თვალებსა და ხელებს სწორედ ამ „ალმით“ უხვევს და უკრავს, როგორც სიმბოლოს „სისხლის მსმელი“ ადამიანისა, რომელიც ბავშვებსაც არ ინდობს.  სცენას ზემოდან, მათ, ყვითელი ნათურა ანათებს, რომლის ნათება უფრო ძაბავს გარემოს. მაყურებელს კი, შთაბეჭდილება რჩება, რომ ამბავი სარდაფში ვითარდება, სადაც გარკვევით ისმის ქალაქის  დაბომბვის ხმა, რასაც ზემოდან ჩამოყრილი ბუტაფორიული ტომრები უფრო ცხადს და ქმედითს ხდის.

თეატრი დაბომბეს... რეალური დოკუმენტური ამბავი ცოცხლდება სცენაზე. ის თეატრი დაბომბეს, რომელიც, სწორედ რომ 2022 წლის 16 მარტს რუსულმა სამხედროებმა გაანადგურეს... მარიუპოლის თეატრი - ყველაზე დიდი თავშესაფარი, სადაც 1500 მშვიდობიანი მოსახლე - ბავშვები და მათი მშობლები - აფარებდნენ ხოლმე თავს, არადა თეატრს ორივე მხარეს ეწერა ДЕТИ / ბავშვები. ამ თეატრში იმყოფებოდა ნოდარ მელაძის პერსონაჟის შვილიც, მისი ცხოვრების არსი.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რეჟისორმა სპექტაკლის სტრუქტურა და მიმდინარეობა ისე ააწყო, რომ თითოეული პერსონაჟის ფსიქო-ტიპაჟის ნიღაბი ემოციურად და სახიერად გამოძერწეს მსახიობებმა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. თუნდაც, ნოდარ მელაძის პერსონაჟის - დიმას ერთ-ერთი მონოლოგი, რომელიც, სახეზე ნიღაბ აფარებული თითქოსდა ბავშვებს ეთამაშება, თუმცა, ვერბალური აქტით გამოხატავს გარე სამყაროს სისასტიკეს, ამ შემთხვევაში ნიღაბი არა შენიღბვას, არამედ შინაგანისა და ფარულის გარეთ გამოტანას, ობიექტურ რეალობაზე პროეცირებასა და მაყურებელთან მის გაზიარებას ემსახურება. ზოგადად, სპექტაკლში პერსონაჟთა განცდები, ემოციები თანადროული თუ მოგონებებით, რომელიც, ომთანაა დაკავშირებული, სადაც გამოყენებულია ბრეხტისეული აპარტეს პრინციპი: მიმართვა და მონოლოგი მაყურებლისთვის, იმდენად, სწორად და ზუსტი აქცენტებით არის განხორციელებული, დარბაზში ბადებს ემოციურ მუხტს და, შესაძლოა, ამგვარი მუხტის „ტალღა“ ბუმერანგივით უბრუნდება კიდეც, მათ, სცენაზე.  სპექტაკლში ასევე მინიმალურად, მაგრამ ღრმა და ემოციებით  „დატვირთულია“ ანდრო დგებუაძის მუსიკაც: „Air bach“ თუ „Doctor who“ და „Wake up“, რომელიც შინაარსობრივად გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს ადამიანებს და სიმშვიდის იმედს იძლევა....

„როგორ მოერია პატარა ბაჭია, უზარმაზარ დათვს და როგორ გაანთავისუფლა ტყე ტირანისაგან“ - ეს ზღაპარია, რომელიც,  სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვებით სრულდება. რა ხდება რეალობასა თუ მის მიღმა, სცენაზე?! „ბევრი დავკარგეთ, დავკარგე მონაპოვარი, რომლის სიცოცხლეც, ყველას სიცოცხლეს მერჩივნა“ -  ომში, შეიძლება ითქვას, გამარჯვებული არავინაა. მას მხოლოდ ნგრევა და სიკვდილი მოაქვს.

bottom of page