ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ოთეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი პირველი - „ო-ჯახი“
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
ნერონ აბულაძე
ჩანაწერები ბათუმის თოჯინების საერთაშორისო ოთეატრალური ფესტივალიდან
ნაწილი პირველი - „ო-ჯახი“
ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი კიდევ ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც წელს მეორედ იმართება. გასულ წელს ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინიციატივის ირგვლივ ერთსულოვნად გაერთიანდნენ საქართველოში არსებული თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრები. სახელმწიფო კულტურული ინსტიტუციების მხარდაჭერით და ერთობლივი ძალისხმევით თოჯინების საერთაშორისო ფესტივალის დაფუძნების იდეა რეალობად იქცა. გასულ წელს ფესტივალის საერთაშორისო სტატუსი საერთაშორისო ჟიურის მოწვევით იყო გამართლებული. განსხვავებით გასული წლისგან, წლევანდელი საფესტივალო პროგრამა ქართული თოჯინური სპექტაკლების პარალელურად ექვსი ქვეყნის - (საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, პოლონეთი, თურქეთი, ყაზახეთი) თოჯინური თეატრებით სახით არის წარმოდგენილი. ფესტივალი საზეიმოდ 23 სექტემბერს ქართული პრემიერით გაიხსნა. ,, ო - ჯახი“ - ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის რეჟისორობით განხორციელდა. ორივე რეჟისორი, როგორც თეატრების - (საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანება - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი), ისე , ფესტივალი სამხატვრო ხელმძღვანელები არიან, მათვე ეკუთვნით ფესტივალის დაფუძნების იდეა და მათივე ძალისხმევით ხორციელდება, უკვე მეორედ. წარმოდგენის ლიტერატურული პირველწყაროს ავტორებიც რეჟისორები არიან, უფრო ზუსტად კონცეფციის, რადგან სპექტაკლი მთლიანად არავერბალურია და ძირითადი აქცენტები ვიზუალურ - ქმედით მხარეზეა გადატანილი. მსახიობები დიალოგებს სასტვენის დახმარებით წარმართავენ.
საექსპოზიციო სცენები თანმიმდევრულად გვაცნობს ერთი ოჯახის -(ქმარი, ცოლი, ბებია, შვილიშვილი) წევრებს. რთულია სპექტაკლის ჯანრის განსაზღვრა...შეგვიძლია ვუწოდოთ ტრაგი - კომედია გაჯერებული გროტესკის ელემენტებით. სცენაზე იქმნება ერთგვარი მისტიკური, სიურრეალისტური სამყარო და მსახიობებიც თამაშის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ, სადაც პლასტიკას, მიმიკასა და ჟესტიკულაციებს ენიჭება მთავარი ყურადღება. ამბავი ერთი შეხედვით მარტივია...წყვილი ერთმანეთს ეცნობა, ჩნდება სიყვარული და შედეგად ახლად შექმნილ ოჯახს გოგონა გაუჩნდება. თითქოს ყველაფერი კარგად არის, თუმცა გოგონას ამქვეყნად მოვლინება ცვლის ყველაფერს. საქმე იმაშია, რომ ოჯახის ყველა წევრი თეთრები არიან, თეთრია მათი სახეც თმაც და სამოსიც, გოგონა კი წითელთმიანი იბადება. წყვილი მიიჩნევს რომ ეს ნორმიდან გადახვევაა, რაც თავისთავად ქმნის წინააღმდეგობას და უპირისპირდება საზოგადოებაში არსებულ, სტერეოტიპად ქცეულ კანონიკურ ჩარჩოებს. ქართულ ენაში არის შვიდი მთავარი (წამყვანი) ფერების დასახელება. სხვა ენებში ან მეტია, ან ნაკლები. მაგრამ არის კიდევ ფერთა მიმსგავსებითი დასახელება. კიდევ უფრო მეტია მიმსგავსებულ ფერთა დასახელება წარმოებული სიტყვებით, მაგრამ საქმე ლინგვისტიკაში კი არა, არამედ ადამიანურ ყოფაშია, ინდივიდუალიზმში, მრავალფეროვნების ყოფიერებაში დამკვიდრების აუცილებლობაში. ამ ხაზითაა მიმართული საზოგადოების ბრძოლა გაბატონებულ სტერეოტიპებთან. ერთფეროვნება როგორც ენობრივი თვალსაზრისით, ისე ფიგურალური მნიშვნელობით ნიშნავს უინტერესო და მოსაწყენ ყოფას. ამიტომ ყველა დროში ცდილობდნენ გაემრავალფეროვნებინათ ცხოვრება, მთელი პროგრესული ცივილიზაცია ამაზეა აგებული. ხომ აქსიომაა, მაგრამ ყველა ეპოქაში უწევდა მრავალფეროვნებას ერთფეროვნებასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. სწორედ მრავალფეროვნებასა და ერთფეროვნების რუტინას შორის ბრძოლაა სპექტაკლის ლაიტმოტივი, სადაც ყველაფერში უსაშველოდ დომინირებს თეთრი ფერი, პერსონაჟთა ჩაცმულობიდან რეკვიზიტებამდე.
ყველაფერს თან სდევს ,,საძაგელი“ სიწმინდის წესიერება, რომელიც ფერშია ასახული, თითქოს სხვა არაფერი არსებობდეს, თითქოს განსხვავება ცოდვაცაა და დანაშაულიც. არის ოჯახი, რომლის წიაღში ვითარდება დრამა თვითაღმოჩენის. რაც უფრო შორეულია თაობა, მით უფრო უძრავია დადგენილი წესები სითეთრისა, თუნდაც დავარქვათ ამას სისპეტაკე. ავტორები და რეჟისორები ხაზს უსვამენ, რომ ყოველთვის ვერ იქნება სისპეტაკის იდეა სპეტაკი. რადგან სწორედ მასშია ჩადებული ხინჯი და ქაოსი. რაც უფრო ახალგაზრდაა თაობა, მით უფრო შედის გაღიავება-გამუქების შეფერილობა და არა კონტრასტი. სცენური სივრცე - (სცენოგრაფი ნიკოლოზ საბაშვილი, მხატვარ შემსრულებელი გიორგი გოგიტიძე, კოსტიუმების მხატვარი დავით ტაკიძე) მაქსიმალურად თავისუფალია ზედმეტი ბუტაფორიული დეტალებისგან. მოქმედება გამჭვირვალე ფარდის უკან მიმდინარეობს. სცენაზე განლაგებული ოთხი თანაბარი ზომის კოლონადები, როგორც ანტიკური ეპოქის ცივილიზაციისა და წესრიგის სიმბოლო ქმნის მართკუთხედს, სადაც თამაშდება წარმოდგენა. აქვე ვხვდებით კიდევ ერთ პერსონაჟს, რომელიც ცელით ხელში შავი მოსასხამით სიკვდილს განასახიერებს. მხატვრული გაფორმება ძირითადად თეთრისა და შავის კონტრასტშია გადაწყვეტილი, როგორც სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და სიბნელის, სიცოცხლისა და სიკვდილის მარადიული დაპირისპირება. ავანსცენაზე თანმიმდევრულად განლაგებულია სხვადასხვა ფერის ძაფის გორგლები. კოსტიუმებიც პირობითია - თეთრი ფერის ნაქსოვი მოსასხამები არა არის აღბეჭდილი კონკრეტული ეპოქისა თუ დროის ნიშნით, რაც სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემის მარადიულობას გულისხმობს. მიზანსცენათა მონაცვლეობისას ე.წ ტიხრის ფუნქციას დიდი ზომის ბუტაფორიული საათი წარმოადგენ, როგორც გარდამავალი სცენა სიკვდილთან დაპირისპირებისა, რაც ყველა თაობის ხვედრია; საათის ისრებთან ბრძოლა - აკადემიური დროის დაჩქარება, ან შენელება - ეს უკვე უფერადო ალეგორიაა ფანტასმაგორიულ კონტექსტში გადაწყვეტილი. ეს არა არის არც მთავარი და არც კულმინაცია, რადგან მიზანსცენა მონაცვლეობას ლოგიკურად მივყავართ უცილობელ კონტრასტთან - თაობასთან, რომელიც საკუთარ თავში რევოლუციური შემართებით ატარებს აბსოლუტურად სხვა ფერს.
თაობა იბადება და ის აცხადებს პრეტენზიას სიცოცხლისას, არსებობისას და ის ვალდებულია, რომ იცოცხლოს და იარსებოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებს, რადგან ეს ახალი თაობა, ახალი ხედვა და ახალი აღქმაა. არაფრიდან არ იბადება ყველაფერი, თუ იმ არაფერში არაა ბირთვი ყველაფრის, - ეს უკვე აინშტაინი და კიურია (ფარდობითობის და კვანტური ფიზიკის თეორიები). სწორედ ამ ღერძზე აღმოაჩენს შვილი (დედ-მამისთვის) და შვილიშვილი (ბებია-ბაბუისთვის) დედ-მამასა და ბებია-ბაბუაში დავანებული მრავალფეროვნების დალექილ ნიჭს, ტვინში ჩაყინულ უნარს და დამალულ ინდივიდს. მტკივნეულია სტერეოტიპთა რღვევა, იმდენად მტკივნეული, რომ მზად არიან საკუთარ შთამომავლობას ებრძოლონ, შეეწინააღმდეგონ, რაც სწორედ ასტრონომიული დროის დაჩქარება-შენელების მარადი ბრძოლაა. საბოლოოდ მარცხდება ერთფეროვნება როგორც ბუნებაში, ისე რასაკვირველია სცენაზე. ამ ვითომდა წესიერების უწესოებაში აღმოჩნდება მრავალი ფერი. სითეთრე ფერადდება და ადგილს დაუთმობს მრავალფეროვნებას. ხელის ერთი მოსმით ირღვევა თეთრის მოსასხამები, რომლის მიღმაც მრავალფეროვნება ჩნდება. ინგრევა სცენასა და პარტერს შორის არსებული კედელი, დასასრულს ავანსცენაზე განლაგებული ფერადი ძაფის გორგლები კი იძენს მნიშვნელოვან ფუნქციას - ერთმანეთთან დააკავშიროს მხატვრული პერსონაჟი და მაყურებელი. ვფიქრობ, სპექტაკლში ყველაზე შთამბეჭდავი მიგნებული სათქმელი კი არა, არამედ სათქმელის გადმოცემის ფორმის ორიგინალობა, მისი სიმარტივე და ღრმააზროვნება. თითოეული დეტალის უბრალოდ და გასაგებად გადმოცემა ყოველგვარი სიტყვების და გადატვირთული აზრების გარეშე. სპექტაკლის კონცეფციის ორგანული ნაწილია მუსიკალური -(ნიკოლოზ საბაშვილი) გაფორმება. მოლოდინს გადააჭარბა მონაწილე მსახიობების -(მამა - რევაზ ხოფერია, დედა - დიანა ჩახუნაშვილი, შვილი - სალომე ცაგურია, ბებია მარიამ გველესიანი, სიკვდილი ნოდარ სამთელაძე) - პროფესიულმა შესაძლებლობებმა იგრძნობა ანსამბლურობა და რაც მთავარია თოჯინური სპეციფიკისგან განსხვავებული თამაშის ხერხის გათავისება, რომელთა უკანაც რასაკვირველია რეჟისორები - ირაკლი კიკვაძე და ნიკოლოზ საბაშვილი დგანან.