top of page

„ოიდიპოსი“ ახალ თეატრში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

E4B58528-00EB-42D4-8426-D4CEFF9AF4E8.png

ანა ბენიძე

„ოიდიპოსი“ ახალ თეატრში

თეატრის იდეური არსი და დანიშნულება ძალზე ღრმა და მასშტაბურია. იგი მეტად მნიშვნელოვანი და აუცილებელი კულტურულ-საზოგადოებრივი სივრცეა, რომელიც ყველანაირი დიაპაზონის თემასა და ყველა სეგმენტის ადამიანს იტევს. თეატრალური დადგმები ერთი მხრივ, ზოგადია, მაგრამ მეორე მხრივ, - ზედმეტად ზუსტი და კონკრეტული.   

თეატრი ცოცხალი ორგანიზმია, რომლის სადადგმო კონცეფცია თუ რეპერტუარი დროის შესაბამისად იცვლება, რაც განპირობებულია მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური პროცესებით.

ქართული თეატრი მუდმივად ახერხებდა ეზოპეს ენით, ქვეტექსტებითა და მეტაფორებით გამოეხატა პროტესტი და მწვავე საკითხებზე გაემახვილებინა ყურადღება.

თეატრი დღესაც ინარჩუნებს საზოგადოებრივ ფუნქციას და არ ღალატობს ძველ ტრადიციებს. სანდრო ახმეტელის დროინდელი რეპრესიების მსგავსად, დღესაც, კულტურის სფეროს წარმომადგენლები დევნის სამიზნე ხდებიან და თეატრი კვლავ მგრძნობიარე წერტილად რჩება, სადაც ხელოვნება მჭიდროდ იკვეთება პოლიტიკასთან. დაპატიმრებები, ძალადობა, ცენზურა, პოლიტიკური ნიშნით თანამდებობიდან გათავისუფლებები და დანიშვნები, ამის საილუსტრაციოდ,  დავით დოიაშვილის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლება და ამავე თეატრის წამყვანი მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის უკანონო პატიმრობა შეგვიძლია მოვიყვანოთ. მიუხედავად იმისა, რომ „ახალი თეატრი“ ამჟამად ფუნქციონირებას ვერ ახერხებს, მისი წევრები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ პოზიციას მიმდინარე საპროტესტო აქციებზე.

„ახალმა თეატრმა“  საკუთარი „მანიფესტით“ რეგიონალური ცენტრები მოიარა და ქუჩაში გამართული წარმოდგენებით  პირდაპირი დიალოგი წარმართა მაყურებელთან. ეს თეატრი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, ყოველთვის გამოირჩეოდა სოლიდარობითა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, რასაც მუდმივად აფიქსირებდნენ სპექტაკლთა დასასრულს. „ახალი თეატრის“ რეპერტუარში  რეჟიმის საწინააღმდეგო სპექტაკლები, როგორიცაა - „ოიდიპოს მეფე,“ „მეფე ლირი,“ „მაკბეტი,“ „მე გადმოვცურავ ზღვას,“ „ბუნკერი,“ „ვკვდები როგორც ქვეყანა,“ იყო წარმოდგენილი. დასანანია, რომ დღეს ამ თეატრის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სასიხარულოა, რომ თბილისის რამდენიმე თეატრში სპექტაკლის დაწყებამდე კეთდება განცხადება, რომლითაც თეატრი სოლიდარობას უცხადებს სინდისის პატიმრებს და მხარს უჭერს ქვეყანაში წესრიგის, სიმშვიდისა და სამართლიანობის დამყარებას.

2021 წლის 14 ოქტომბერს, ახალი თეატრალური სივრცე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი გაიხსნა ანტიკური დრამატურგიის შედევრით - ,,ოიდიპოს მეფე.’’  კლასიკური დადგმისგან განსხვავებით, დავით დოიაშვილისეული ინტერპრეტაცია ჰიბრიდული თეატრის სახეა - მაყურებელი რეალურ და ვირტუალურ სანახაობას ადევნებს თვალს. სპექტაკლი იწყება ინტერაქციული წინაპირობით, რაც სოციალური ფონის კვლევის ნაწილია. მსახიობი გიგი ქარსელაძე, რომელიც წამყვანის როლში გვევლინება, მაყურებელს სთხოვს, საკუთარი აზრი დააფიქსიროს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვებზე. კითხვები ძირითადად, გლობალურ თემებს შეეხება, ვგონებ, ურიგო არ იქნება, თუ ყოველდღიურ, როგორც გლობალურ, ისე ლოკალურ მიმდინარე მოვლენებსაც გამოიკვლევენ. ამ მხრივ, თეატრი მეტად შეძლებს  საზოგადოებაზე დაკვირვებასა და მასობრივი ფსიქოლოგიის შესწავლას, მეორე მხრივ, მაყურებლისთვის გაჩნდება უსაფრთხო, თავისუფალი სივრცე, პლატფორმა, სადაც ღიად გააზიარებს მოსაზრებებს. ინტერაქციის პროცესში, გარდა წამყვანისა, პარტერში წარმოდგენილია ქორო, რომელსაც ანა ქურთუბაძე და ნატა ბერეჟიანი ასახიერებენ. ამ კონკრეტულ სცენაში, ანა ქურთუბაძე ხელისუფლების მიერ მოსყიდული პირია, რომელიც გამზადებულ ტექსტს კითხულობს. ნატა ბერეჟიანი კი, ის მოქალაქეა, რომლის ხმაც გამაყრუებელ სიმართლეს გაყვირის, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. იგი მეფის მხრიდან გულისხმიერებას, დახმარებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ქვეყანა უპატრონოდანაა მიგდებული, რაც მმართველში ბრაზს იწვევს და ბრძანებს, გააჩუმონ და დაუყოვნებლივ გაიყვანონ დარბაზიდან.

არცთუ იშვიათად ვაწყდებით ხელისუფალთა მიერ გარკვეული თანხის, პროდუქტებისა ან დაპირებების სანაცვლოდ მომადლიერებულ და მოსყიდულ ამომრჩეველთ. ასევე არ ახალია ის ფაქტი, რომ  პოსტებს ატოვებინებენ, იჭერენ, აჯარიმებენ, დევნიან, აშინებენ... მათ, ვინც ხმას იმაღლებს უსამართლობის წინააღმდეგ, ღიად აფიქსირებს თავის პოზიციას და უპირისპირდება, ნიღაბს ხსნის მმართველთ.

ხალხთან საუბრისას, ოიდიპოსი - კახა კინწურაშვილი დიდ ეკრანზეა გამოსახული, რომელსაც ფონად წინა, ე.წ. ,,სელფის’’ კამერა აქვს, რაც შარავანდედის იმიტაციას ქმნის. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ამგვარი მეტაფორული ხერხით, იგი ,,სპეტაკ’’ მმართველად წარმოჩინდება და მოსახლეობას თვალებს უხვევს. მოგეხსენებათ, საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა დღევანდელ პოლიტიკოსთა საყვარელი საქმიანობაა, რისთვისაც ,,დაუღალავად’’ ირჯებიან და ძალებს არ იშურებენ. ოიდიპოსის ტირანია და დღევანდელ პოლიტიკოსთა სახე მეტად იკვეთება კრეონტთან მიმართებაში, ვის როლსაც დავით ბეშიტაიშვილი ასრულეს. ,,თოქ-შოუში,’’ ოიდიპოსი ყველანაირად ცდილობს, დაამციროს კრეონტი, რომელსაც რთულ პირობებში უწევს საკუთარი სიმართლის მტკიცება და დაცვა. ხოლო რეკლამის დროს, ფიზიკურად უსწორდება და ამცირებს. მათი სიტყვიერი წაკიდებისას, სცენა ბრუნავს, ამით რეჟისორი გვეუბნება, რომ ადამიანებთან და სიტუაციებთან მიმართებაში არ უნდა გამოვიყენოთ ფრონტალური აღქმა, რაც ხედვის ერთ წერტილს მოიცავს. არამედ, ბერძნული ქანდაკებასავით უნდა შემოვუაროთ და სხვადასხვა პერსპექტივიდან დავაკვირდეთ. სცენის ბრუნვა ბედის ბორბლის ტრიალის იმიტაციასაც წააგავს, ამასთანავე ის ჩაკეტილ წრესაც წარმოადგენს, რომელიც დაუსრულებლად მეორდება. ჩვენს რეალობაში ხშირია ფიზიკური დაპირისპირება პოლიტიკოსთა შორის, რომლებიც ერთმანეთის დაკნინებით ცდილობენ საკუთარი თავების ამაღლებასა და საზოგადოებაზე მანიპულირებას. თითოეული მხოლოდ საკუთარი ეგოსთვის იბრძვის. აქვე, არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ იშვიათია ობიექტური მედია, რომელიც მხოლოდ ქვეყნისა და ერის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და სათანადოდ აშუქებს სინამდვილეს. კრეონის გმირი ოიდიპოსს გამოძიების საწყის წერტილზე აყენებს - იგი აცნობს აპოლონის სიტყვას, რომელიც ლაიოსის მკვლელის დასჯას მოითხოვს, რათა თებე შავი ჭირისაგან იხსნას. მიზანსცენაში, როდესაც დავით ბეშიტაიშვილი პარტერშია და ხალხს მიმართავს, დამსწრე საზოგადოებასთან ამყარებს თვალით კონტაქტს და სხეულის ენით მოუწოდებს დამშვიდებისკენ, ფონად ხალხის ხმაა და ეკრანზე მსახიობთან ერთად ჩანს მაყურებელიც, როგორც თანამონაწილე.

მეფის ამპარტავნება და ტირანია იხატება ტირესიასთან საუბარშიც, ვის როლშიც ქალი მსახიობი, მარინა ჯოხაძე გვევლინება. იგი საინტერესოდ წარმოაჩენს პერსონაჟის მხატვრულ სახეს და ემოციურ სიმძაფრეს მატებს სპექტაკლს. აღსანიშნავია, რომ მისან ტირესიასსა და ოიდიპოს შორის გარკვეული კავშირია, ორივესთვის ჩადენილმა დანაშაულებმა განაპირობა ფიზიკური სიბრმავე, მესამე თვალის, სხვაგვარად მეექვსე გრძნობის გააქტიურება, და სულიერი გასხივოსნება. მათ შეიგრძნეს სამყაროსეული სიბრძნე, ჭეშმარიტება და აღასრულეს ადამიანის უმთავრესი ცხოვრებისეული საზრისი: ,,შეიცან თავი შენი,’’ რაც უმაღლეს მესთან, ზეცნობიერთან დაკავშირებასა და სამყაროსთან გამთლიანებას მოიაზრებს. გარდა ამისა, ორივე მათგანი ადამიანი-გველია, რაც მათ სიბრძნეში, სიარულის მანერასა და ,,ტყავის გამოცვლაშია’’ გამოვლენილი.

ტირესიასი ძალზე გამოცდილი და ყურადსაღები პერსონაჟია. იგი დაცინვის პარალელურად ძირითად მიმართულებას აძლევს ტირან მმართველს და უბიძგებს, გახსნას მთავარი კარი, რომელიც შინაგანად ჩააღრმავებს, საკუთარ აჩრდილთან შეახვედრებს, რის შემდეგაც ტრანსმუტაციას გაივლის და გასხივოსნდება, თუმცა იმ კონკრეტული მომენტისთვის, ოიდიპოსი ამას ვერ აცნობიერებს, რადგან საკუთარი ეგო აბრმავებს. მეფის ამპარტავნული ბუნება მეტად ვლინდება მის შემდეგ სიტყვებში: ,,ჭკუით შევძელი, ფრინველთათვის არ მითხოვია.’’ სცენაზე ტირესიასი და ოიდიპოსი ერთმანეთის პირდაპირ სხედან. მათ შორის არსებული სივრცე შესაძლოა ჩაითვალოს გარკვეულ მინიშნებად იმისა, რომ მეფეს სიბრძნე აკლია და თავისი მსოფლმხედველობით დისტანცირებულია მოხუცი მისნისაგან. მეორე მხრივ, არსებული მანძილი მათ შორის ბმასაც გამოხატავს. თან ოიდიპოსი მარჯვნივ ზის, რაც სიმბოლურად, მომავლის მხარეს წარმოადგენს. ტირესიასი ეზოთერიკულ ცოდნასა და გამოცდილებას ფლობს. იგი დამხმარე ინსტრუმენტით, ტაროს დასტითაა წარმოდგენილი, თუმცა სპექტაკლში ტაროს კარტს მანდამაინც არ აქვს დატვირთვა, შესაბამისად, მისი გამოჩენა, თუ არ გამოჩენა არაფერს ცვლის. საინტერესოა, რომ ტაროს სისტემაში, უმაღლეს არკანთა შორის რიგით მეათეა ფორტუნა, ბედის ბორბალი, რომელზე გამოსახული სიმბოლური ფიგურებიდანაც ერთ-ერთი სფინქსია. ხმალ მომარჯვებული ხთონური მცველი ბორბლის თავზეა განთავსებული და დაფარულ ცოდნას, კოსმიურ ცვლილებებს, კარმულ ციკლს... გამოხატავს. ნუმეროლოგიურად ათი, ანუ ერთი - ერთიანობასა და ყველაფრის საწყისს წარმოადგენს. როდესაც ტირესიასი სიმართლეს აჟღერებს: ,,ვისაც შენ ეძებ, იგი მკვლელი შენა ხარ თვითონ;’’ ,,შვილი მამის მკვლელი არის, ძმა თავის შვილთა, ხოლო დედისა, ალბათ, მიხვდი,’’ ეკრანებზე ვხედავთ ოიდიპოსის ბედისწერით განსაზღვრულ ცხოვრებას და მის ფეხებშეკრულ მდგომარეობას. მიზანსცენაში, ფონად ვხედავთ ანტიგონეს, ქოროსთან ერთად, რაც იმის გამომხატველია, რომ ანტიგონე მამამისთან ერთად გაივლის ამ გზას. ოიდიპოსის ცხოვრებისეული მოგზაურობა ასოციაციურად რამდენიმე გმირს მაგონებს. ერთ-ერთია გილგამეში, რომელშიც ენქიდუს სიკვდილმა მძლავრი გარდატეხა მოახდინა, უკვდავების მაძიებელი გახდა, დაფიქრდა მნიშვნელოვან თემებზე და საბოლოოდ, მისი ზნეობრივი, მოაზროვნე პიროვნების გაღვიძება იხილა მკითხველმა. ასევე მახსენდება ალისა, რომელიც საოცრებათა ქვეყანაში ხვდება, სადაც ადგენს საკუთარ იდენტობას, პიროვნულად იზრდება, ფორმირდება და იქიდან დაბრუნებული რეალობის აღქმასა თუ შეფასებას სხვაგვარად იწყებს. შეუძებელია, არ ვახსენო შექსპირის პერსონაჟებიც. ანტიკური პროტაგონისტის მსგავსად ჰამლეტსაც სდევს მამამისის აჩრდილი და მკვლელის დასჯას ითხოვს. ვგონებ, ოიდიპოსის ხვედრს ნათლად გამოკვეთს ჰამლეტის სიტყვები: ,,დროთა კავშირი დაირღვა და წყეულმა ბედმა მე მარგუნა მისი შეკვრა.’’  შექსპირის ,,მაკბეტშიც’’ ყველაფერი წინასწარაა გაწერილი და სიუჟეტი წინასწარმეტყველების თანახმად ვითარდება. ასევე შესამჩნევი მსგავსებაა ლირსა და ოიდიპოს შორის.

არსებულ რეალობას ასახავს ,,ინტერვიუს’’ მიზანსცენაც, რომელშიც სარბენ ბილიკზე მდგარი კახა კინწურაშვილი წელზევით, სოლიდურად გამოიყურება, ხოლო წელს ქვევით, საცვალშია წარმოდგენილი. კოსტიუმით შექმნილი კონტრასტი ხაზს უსვამს მმართველთა მიერ ილუზორული რეალობის შექმნას, რაც ჩვენი ყოველდღიურობის უცვლელი ნაწილია. ამასთანავე, ამ სცენით რეჟისორმა დაგვანახა, რომ ყოველი პოლიტიკურა ფიგურა ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია, როგორც ჩვენ და მათი ყოველი ეკრანზე გამოჩენა ფასადურია. შესაბამისად, უნდა შევწყვიტოთ ბელადომანია და წარმოდგენა, რომ ყოვლისშემძლენი არიან და იდეალური ცხოვრებით ცხოვრობენ,  გარდა პოლიტიკოსთა კრებითი სახისა, ოიდიპოსი ბრმა საზოგადოებაა, რომელიც ვერ ხვდება, თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი. სამწუხაროდ, ძირითად შემთხვევებში, ადამიანები გვიან ხვდებიან სიმართლეს, რასაც ხშირად მსგავსი ფრაზა ერთვის - თვალები ამეხილა.

კახა კინწურაშვილის ოიდიპოსს პარტნიორობას უწევს ნინო კასრაძე, რომელმაც ოიკასტეს ოსტატურად საინტერესო სახე შექმნა. პერსონაჟში გულის რევას იწვევს ყოფილი ქმრის, ლაიოსის სახელის ხსენება, რასაც პირადად მე ამგვარ ახსნას ვუძებნი - უსიამოვნო რეაქციას შესაძლოა, ტკვილი და სტრესი ბადებდეს, თუმცა ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ერთი მხრივ, ლაიოსზე ფიქრისას, ოიდიპოსი უდგებოდეს თვალწინ, რადგან თავად თქვა - სახით, იერით ერთმანეთს ჩამოჰგავდნენ და ალბათ, შინაგანი კონფლიქტი აქვს. მეორე მხრივ, ერთგვარი მიმანიშნებელი რეფლექსია. სხეულის კუნთოვანი მეხსიერება და ქვეცნობიერი სიგნალს აძლევს იოკასტეს და ეუბნება, რომ ოიდიპოსი მისი შვილია და როგორც ორსულობის დროს იცის ხოლმე, ისე აღებინებს. აქვე ვიტყვი, რომ რეჟისორმა ლაიოსის როლში, სოფოკლეს ფოტო გამოიყენა. როგორც ავტორი, რომელმაც დაწერა, შექმნა იგი. მათი ამგვარი კავშირი გამართლებულია იმ მხრივაც, რომ სოფოკლეს სიცოხლის ბოლო ეტაპი ოიდიპოსის ცხოვრების ფინალს ჰგავდა. ტაძართა მოლოცვისას, იოკასტე ამბობს: ,,სამსხვერპლოდ მოვედი თქვენთან’’ და თავის ჩამოხრჩობის იმიტაციას აკეთებს. მოგვიანებით, ისე ვითარდება სიუჟეტი, რომ იგი თავის ჩამოხრჩობით ასრულბეს სიცოცხლეს. მისი ქმედება ,,სისხლით’’ ცოდვის გამოსყიდვასა და ჩადენილ დანაშაულთან ერთად ცხოვრების გაგრძელების სიმძიმეს, აუტანლობას გამოხატავს. ამბავს ნატა ბერეჟიანი - ქორო გვატყობინებს: ,,ჩვენ აღარა გვყავს დედოფალი... იოკასტემ თავი ჩამოიხრჩო.’’ განსაკუთრებით გამორჩეულია მსახიობის შესრულება სიმართლის გაცხადების დროს, - ცეკვით გამოხატავს ,,პროტესტს’’ ოიდიპოსის მიერ გამოძიების გაგრძელებასთან დაკავშირებით და მაღალ ემოციურ დაძაბულობას ქმნის შემდეგი სიტყვების წარმოთქმისას: ,,გთხოვ, გევედრები, ნუღარ იძიებ, ჩემი ტანჯვაც საკმარისია.’’ მას სურს, საკუთარი შვილი დაიცვას და თავადაც შეიმსუბუქოს ტანჯვა, რათა ცხოვრების გაგრძელება შეძლოს - ,,ნეტა, ვერასდროს გაიგო, ვინ ხარ, საბრალოვ,’’ მაგრამ საბოლოოდ, ვერ ახერხებს ამ ყველაფერთან გამკლავებას. ეს იოკასტეს ბოლო სიტყვებია, რასაც თავადვე გვეუბნება და დედოფლისეური ხელის ქნევით გვემშვიდობება. აქვე დავძენ, რომ რეჟისორის მიერ სპექტაკლში გაზრდილია იოკასტეს როლი და მნიშვნელობა, რაც ძალზე მომწონს, რადგან ოიდიპოსის სახის შექმნაში იოკასტე ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს ასრულებს. პერსონაჟები გამოდიან, დისტანცირდებიან სიუჟეტიდან და გარდა მოქმედი გმირებისა, გარე დამკვირვებელ-შემფასებლებადაც გვევლინებიან. მაგ: ოიდიპოსის მიერ თვალების დათხრა გამოსახულია ეკრანზე, რასაც მაყურებლთან ერთად, მსახიობებიც, ნინა კასრაძე და კახა კინწურაშვილი უყურებენ. ერთი მხრივ, ესაა ბრეხტისეული ,,გაუცხოების ეფექტი,’’ თუმცა მეორე მხრივ, რეჟისორმა ამ ფორმით დაგვანახა ის, რაც პიესაში არ თამაშდება და ქოროსგან ვიგებთ. პერსონაჟის გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მას თვალები უდა დაეთხარა, მისი თავისუფალი ნებაა მიუხედავად იმისა, რომ იქამდე ტირესიასმა გააჟღერა - ,,თვალხილულისგან ბრმა შეიქნება, მდიდრისაგან - არაფრისმქონე’’ ოიდიპოსი ვეღარ ხედავდა თვალების ქონის აუცილებლობას, რადგან სათანადოდ ვერ გამოიყენა და ვერ დაინახა ის, რაც რეალურად მის წინ იყო. გარდა ამისა, მასი ქმედება განაპირობა რეალობასთან შეხვედრის შემდეგ დედამისის შიშველი სხეულის დანახვამ და მის მიმართ სიბრალულის განცდამ.

გარკვეულწილად, კითხვას ბადებს, თუ რის გამო დასჭირდა დამდგმელ რეჟისორს სპექტაკლში ანტიგონეს შემოყვანა, რომლის როლსაც დარო დოიაშვილი ასრულებს, მაგრამ ასევე გასაგები და მისაღებია, რადგან სპექტაკლში ასახულია ოიდიპოსის მთლიანი ყოფა. ამასთანავე, ანტიგონეა მისი მომავალი და მთავარი საყრდენი, რაც კარგად ჩანს სოფოკლეს მომდევნო ნაწარმოებში -,,ოიდიპოსი კოლონოსში.’’ და ასევე, რიგით მესამე პიესა სწორედ ანტიგონეზეა. ამასთანავე, ანტიგონეს გამოჩენა გარკვეულწილად, მუხტავს დაძაბულობას და კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს პერსონაჟთა ცოდვის სიმძიმეს. 

იოკასტეს მიერ ცხოვრების ჩვეულ რიტმში გაგრძელების სურვილმა რეჟისორს პირობითი რეალობა შეაქმნევინა - ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი, სწორედ ანტიგონეს მონაწილეობითაა - ოიდიპოსსა და ანტიგონეს შორის მჯდარი კოვზგაწვდილი, დაბნეული დედა, რომელიც ანტიგონესთვის განკუთვნილ საკვებს ოიდიპოსს აწვდის. იოკასტეში ეს მომენტი შერეულ ემოციას ბადებს, რადგან გვერდით შვილიც და ქმარიც უზის ოიდიპოსის სახით, ხოლო მაყურებელში ღიმილის მომგვრელია, გამომდინარე იქიდან, რომ გარკვეულ უხერხულობას იწვევს და ტრაგი-კომიკურ მომენტს ქმნის.

ოიდიპოსი სიმართლეს პოლიბოსის მსახურისგან და ლაიოსის მწყემსისგან იგებს. იგი ძალმომრეობას იჩენს ტატო ჩახუნაშვილის პერსონაჟის მიმართ, რასაც აბაზანის სცენა და იარაღის დამიზნება ადასტურებს, შედეგად, მსახური იძულებული გახდა, ლაიოსის მწყემსზე მოეყოლა, ვის როლსაც არჩილ სოლოღაშვილი ასრულებს. ორივე მათგანს სურს, აირიდოს წარსულის გაცხადების პასუხისმგებლობა და თოჯინას, რომელიც ჩვილი იოდიპოსის სახე-ხატია, ერთმანეთს ესვრიან, რაც პირდაპირ ასახავს ბავშვის ბედის ხელიდან ხელში გადასვლას. მათი სცენიდან გასვლისას, სოლოღაშვილის პერსონაჟი ხელჯოხს მოსამართლის ჩაქუჩივით არტყამს რამდენჯერმე და ხაზს უსვამს თავისივე ნათქვამს: ,,თუ ეს ბავშვი შენ ხარ მეფეო, შენზე ცოდვილი დედამიწაზე არავინაა.’’ სიმართლის პირისპირ დარჩენილი ოიდიპოსი მღერის ფრანგულ საბავშვო სიმღერას - ‘’bonjour mes amis,’’ რაც რამდენიმეგვარად აიხსნება. სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე, ოიდიპოსი ესალმება თავის რეალურ ბავშვობას. იგი ბავშვობიდან მოყოლებული მთელი ცხოვრების გზას გადის და ახლანდელ თავს ეკითხება, თუ როგორაა. სიმღერის დანიშნულებაა ასევე მისი ,,დაკარგული’’ ბავშვობის შედეგად გაუცნობიერებლად გაჩენილი სიცარიელის ამოვსება, ასევე შეიძლება, როგორც საკუთარ თავს, ისე მაყურებელსაც ეკითხებოდეს, ამ ყველაფრის შემყურე როგორ გრძნობს თავს. სანამ ოიდიპოსი პირისპირ შეხვდებოდა რეალობას, იქამდე რეჟისორს ჰქონდა მცდელობა, ნარკოტიკითა და ელექტრონული მუსიკით პერსონაჟის ყურადღება გადაეტანა, რათა აღარ დაესვა კითხვები და მისთვის ტრაგედია აერიდებინა. ასევე ამ მხრივ, დოიაშვილმა ერთგვარად შეამზადა ოიდიპოსი (მასთან ერთად მაყურებელიც) და მომდევნო სცენაში ტრაგედიის სიმძაფრე და რადიკალური კონტრასტი დაგვანახა.

სპექტაკლში ანტიკური და თანამედროვე ეპოქების მჭიდრო ბმას გამოხატავს სამოსი, რაც ასევე ხაზს უსვამს პერსონაჟთა სტატუსსა თუ წარმომავლობას. ეპოქათა კავშირს ეხმიანება მუსიკალური მხარე, ბერძნული და ფრანგული სიმღერა, რომელიც ერთგვარ ფონად გასდევს მთავარი გმირის ტრაგედიას და ზრდის ემოციურ დაძაბულობას. ამასთანავე, სამოსიც, მუსიკალური გაფორმებაც და პერსონაჟთა ტექსტიც, პიესის ავთენტურობას ინარჩუნებს. 

ორ საათ-ნახევრის განმავლობაში, მაყურებელი იხილავს ოიდიპოსის მდგომარეობას განსაზღვრულ ბედისწერაში - ,,ტირანს, რომელიც ძალაუფლებიდან ბავშვობამდე დადის.’’ ,,ოიდიპოსი ყველა დროში ოიდიპოსია და ყველა დროში არსებობს ოიდიპოსი. ის არაა მხოლოდ ერთი სქესის გამომხატველი, მასთან ყველა ახდენს იდენტიფიცირებას, რადგან ესაა ამბავი ადამიანსა და განსაზღვრული ბედისწერის გარდაუვალობაზე. ამიტომ ოიდიპოსი, ალბათ, სანამ ადამიანი და თეატრი იარსებებს, იქამდე იქნება აქტუალური.’’ მსახიობ კახა კინწურაშვილის სიტყვებს ადასტურებს ფინალური აქტი. მოსასხამში მჯდომ ოიდიპოსს ხელში მისივე გამომხატველი თოჯინა უჭირავს, სახეზე ნიღაბი უკეთია და იოკასტეს ჟესტიკულაციით გამოხატულ მითითებას - თავი მაღლა აწიე - ასრულებს. მისი ამგვარად წარმოჩენა დასტურია, რომ მან სრულფასოვნად ითამაშა მასზე დაწერილი სცენარი და გამთლიანდა, სრულყოფილი გახდა. ნიღაბი ქოროსთანაც ფიგურირებს. ამ ფორმით პერსონაჟები განზოგადებულ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენენ და პირდაპირ გვეუბნებიან, ჩვენ ნებისმიერი თქვენგანის სახეს წარმოვაჩენთო. რაც შეეხება, იოკასტეს ჟესტს, ამით იხატება, რომ ცოდვა ადამიანურია, შესაბამისად, ცხოვრებას თავი არ უნდა დავუხაროთ და სასოწარკვეთას არ უნდა მივეცეთ. მუდამ თავაწეულებმა უნდა ვიაროთ და მიუხედავად ყველაფრისა, მტკიცედ განვაგრძოთ სვლა მომავლისკენ.

ინსცენირების მთავარ ღირსებად და სათქმელად შეიძლება ჩაითვალოს კახა კინწურაშვილის მიერ პირობითი რეალობის შექმნა და განსახიერებული პერსონაჟისგან გამოყოფა. ჩვენება, რომ ლიტერატურა ცალკე რჩება და მსახიობი, ადამიანი ცალკე. მისი დასკვნითი მონოლოგი ეფუძნება მსახიობის პირად არჩევანს, რაც მისი მხრიდან არის მცდელობა, გაექცეს ბედისწერას, შესაბამისად, უარს ამბობს სპექტაკლის დასრულებაზე. ,,მე, როგორც ადამიანს, მაქვს ერთ-ერთი მთავარი სისუსტე, მინდა, ვიყო ჩემი ბედის განმკარგველი და მსურს, მჯეროდეს, რომ შემიძლია შევცვალო ჩემი ბედისწერა და ჩემი თავი. ესაა, რაზეც მინდოდა, რომ დავმდგარიყავი. შეიძლება, ამ პიესაში და ზოგადად, ცხოვრებაშიც, ეს განწირული სულისკვეთება იყოს, მაგრამ როგორც ადამიანმა, მე მხოლოდ და მხოლოდ ეს ვიცი და შესაბამისად, ეს განწირულობაც მისაღებია.’’ მსახიობი თავის სიტყვაში ახსენებს ჩვენს მეზობელ ქვეყანასაც, რომელიც, სამწუხაროდ, ბედისწერით გვერგო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა შევეგუოთ ჩვენს ამგვარ ბედს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ბედისწერა ყველას გვაქვს, იგი ცვალებადია, შესაბამისად, მკვდარი თევზივით არ უნდა გავყვეთ მის დინებას, არამედ საკუთარი ნება უნდა გამოვიყენოთ, რის საფუძველზეც სრულებით შეგვიძლია მისი ჩვენებურად გადაწერა და მორგება.

მონოლოგის შემდეგ, მსახიობი სცენის სივრცეში იკარგება და წამყვანი, გიგი ქარსელაძე მაყურებელთან გადმოდის შემდეგი კითხვით, უნდა დასრულდეს თუ არა სპექტაკლი, რაზეც მაყურებელთა სკამის სახელურზე დატანილი შტრიხ კოდის მეშვეობით თითოეული ჩვენგანი სურვილისამებრ, აფიქსირებს პირად არჩევანს და წყვეტს ოიდიპოსის ბედსა და სპექტაკლის სათქმელს. მსგავსი რეჟისორული გადაწყვეტა აუგუსტო ბოალის ფორუმ-თეატრის პრინციპების თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს, რაც მაყურებლის როლს, პასუხისმგებლობას აძლიერებს და თეატრი წარმოჩინდება არა მხოლოდ ხელოვნების ფორმად, არამედ - სოციალური ცვლილებების კატალიზატორი. თავად რეჟისორი მაყურებლის თავისუფალ ნებასთან დაკავშირებით მიიჩნევს: ,,თუ სჯერათ, რომ ბედისწერა გარდაუვალია, მაშინ უნდა ნახონ ფინალი.’’  თუმცა რეალურად, მსახიობის მონოლოგი ემსახურება იმას, რომ მაყურებელს აღარ მოუნდეს სპექტაკლის დასასრული.

როგორც არისტოტელე ამბობდა, ,,ადამიანი პოლიტიკური არსებაა,’’ შესაბამისად, პოლიტიკა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. სწორედ პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენს ქცევასა და საზოგადოებრივ ცხოვრებას, შედეგად, თეატრი არ კარგავს საზოგადოებრივი სარკისა და ტრიბუნის მნიშვნელობას - რჩება სივრცედ, სადაც შესაძლებელია ძალაუფლების კრიტიკული გააზრება და მმართველთა ფიგურის მრავალმხრივი წარმოჩენა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცვალებად პოლიტიკურ გარემოში. 

bottom of page