top of page

ოჰ, ეს კაცია ადამიანი...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

6DA6198F-0026-40E7-8D12-6E5270D172E4.png

მანანა თევზაძე

ოჰ, ეს კაცია ადამიანი...

სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლი თბილისში.

 

მაისის 23 რიცხვში, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდი სცენა სენაკის სახელმწიფო თეატრს დაეთმო. მაყურებელმა, შუადღეს, ჯანი როდარის „ჩიპოლინო“ იხილა, ხოლო საღამოს - ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ - ტრაგიკომედია ორ მოქმედებად, რომლის ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ვახტანგ ნიკოლავა გახლავთ, სცენოგრაფი - ლომგულ მურუსიძე, კომპოზიტორი - ლევან მიქელაძე. კოსტიუმების მხატვრობა - სოფო ჩალაშვილსა. სპექტაკლის პროგრამაში სრულადაა წარმოდგენილი სადადგმო ჯგუფი, მთავარი როლების შემსრულებელნი: ლუარსაბი - თენგიზ თოფურიძე, დარეჯანი - თამუნა აბშილავა-კობახიძე, ასევე სპექტაკლის სხვა მონაწილენი და  სენაკის თეატრის დრამატული სკოლა-სტუდიის აღსაზრდელები. მითითებულია, რომ სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური და სენაკის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით. 

სენაკის თეატრის ორივე სპექტაკლზე გაყიდული ბილეთების მიხედვით სრული ანშლაგი იყო. მაყურებელი, ძირითადად, მოსწავლე ახალგაზრდობა და ალბათ მათი პედაგოგები, თუმცა, „კაცია-ადამიანის?!“ სანახავად ბევრად უფრო მეტად უფროსმა მაყურებელმა მოიყარა თავი, მათ შორის, სენაკის თეატრის თბილისელმა გულშემატკივარმაც. რამ მოიყვანა ისინი აქ, ამ სპექტაკლზე? ჭავჭავაძის სიყვარულმა თუ სენაკის თეატრის გულშემატკივრობამ? ბავშვები სპექტაკლის დამსწრე პოპულარულ მსახიობებთან ერთად იღებდნენ სურათებს. სავარაუდოდ ნანახი ჰყავდათ ფილმებსა თუ ტელესერიალებში, იქნებ სპექტაკლებშიც?

დახურულმა ფარდამ კიდევ უფრო დააინტერესა სპექტაკლის დაწყების მომლოდინე მაყურებელი, და აჰა, ფარდაც გაიხსნა... 

თითქმის ცარიელ სცენაზე, ოდესღაც დიდებული სასახლის შემორჩენილი ნანგრევები ჩანს, აქა-იქ  ზანტად წამოქცეული დოქები და კალათები, ღვთისმშობლის ხატი - ჰაერში უმოძრაოდ, უსასოოდ ჩამოკიდებული... ჭერის ფიცარიც ჰაერშია, ჯაჭვებზე... მარჯვენა მხარეს, რატომღაც სრულიად თანამედროვე ფულის ხე, ქოთანში კარგა მაღლად  ამოზრდილი - ოჯახური დოვლათის სიმბოლო! უკანა კედელთან, რამდენიმე შემორჩენილ ფანჯარასთან, მსახურები ჩამწკრივებულან.  და ყველაფერი ეს, ნელი-ნელ ივსება და იფარება კვამლის ბურუსით... დეკორაციის ნაცნობი, საერთო განწყობილების შემქმნელი სტილი თვალში მომხვდა... მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, რომ მხატვარი ლომგულ მურუსიძე ყოფილა, დაფიქრებული აზროვნებითა და განსხვავებული ხელწერით. 

ოჰ, ეს კვამლის ბურუსი რომ არ მოეგონებინათ, რა ეშველებოდათ თეატრალურ წარმოდგენებს? მით უმეტეს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, რომელსაც შეიძლება ვერაგობა და სიყვარული ვუწოდოთ, რადგან ძალიან ვრცელია და უყოყმანოდ ნთქავს, თუ ოდნავ მაინც ვერ იგუებს დეკორაციას, განათებას, ხმასა თუ სხეულს... მაგრამ ამიტომაც ასე სასურველი და სახიფათოა ყველა რეჟისორისათვის! რადგან სთავაზობს აუწონავ აღმაფრენასა და სიხარულს და სინანულსაც და წუხილს...

ისმის მუსიკა... პერსონაჟები მიდი-მოდიან, სადღაც, უკან, სუფრაც იშლება... სცენის მარცხენა მხარეს, სავარძელში, მარტო კაცი - (თენგიზ თოფურიძე) ზის თავჩაქინდრული...

აი დარეჯანიც - (თამუნა აბშილავა-კობახიძე), უცნაურად განსხვავებული ილიასეული გმირისაგან. მაღალი, არც მსუქანი და არც გამხდარი. შუბლზე თმაგადაწეული, მუნშტუკით სიგარეტს ეწევა და სავარძელში მჯდომ ლუარსაბთან ბაასობს... 

მათი პირველივე დიალოგი ილიასეულია, სიტყვაშეუმცდარი.  გლეხებზე ბაასობენ: - შენოდენა დედაკაცს სიზმარიც კი დაეჯერებაო! - ამბობს ლუარსაბი. შიშველ ტანზე შავი, გრძელი,  ბეწვის საყელოთი ხალათი აქვს შემოცმული. რაღაც ისეთი ნიშნისმოგებით იცინის დარეჯანთან საუბრისას... და მერე და მერეც სულ იცინის, ხითხითებს, ხარხარებს ლუარსაბი, იმგვარად უსიამოვნოდ, რომ ძალაუნებურად ყურადღებას იპყრობს და რაღაც ცუდს გაფიქრებინებს. 

თავისთვის მიდი-მოდის ლამაზისეული - (სოფი ჩალაშვილი), თავზე შემოდებული ლასტით; ცეკვა-ცეკვით გადადის ერთი ადგილიდან - მეორეზე, გადაკიდებულ ხალიჩასა სწმენდს, საქმობს რა, და საერთოდაც, საქმითაა ყველა დაკავებული და ოჯახიც სავსეა კიტრით, ტარხუნით... 

მაგრამ უცებ, ურმების ნაკლებობის გამო გაბრაზდება ლუარსაბი, მკლავებს დაიკაპიწებს, თოფს შემართავს და ისვრის და ისვრის, აფრთხობს მტერსა და მოყვარეს, - შიში შეიქმს სიყვარულსაო! - ხარხარებს დიდად კმაყოფილი.... დარეჯანი აბა, რის დარეჯანია თუ კვერს არ დაუკრავს და იწყებენ ცოლ-ქმარი საუბარს საღვთო საკითხებზე, სიკეთისა და ბოროტის ხეზე და საუბრობენ და საუბრობენ...

მოქმედება ოდნავი ადგილმონაცვლეობით შემოიფარგლება. სპექტაკლი მდორედ მიედინება, თითქოს თავისით, მაგრამ ამასობაში იკვეთება, რამდენად კარგი მეტყველება აქვთ მსახიობებს, რამდენად კარგი აღნაგობა, რამდენად ოსტატები არიან ისინი! 

თითქოს არაფერიაო, ბაბალეს - (ეთო მაღლაკელიძე) შემოსვლა კამეჩის გათავისუფლების სათხოვნელად, მაგრამ დარეჯანს რომ ბავშვი გადააწოდა შესალოცად, უცებ ყველაფერი ჩაჩუმდა და ხომ ასეთი გოროზი დედაკაცია დარეჯანი, უცებ გაიყინა, თითქოს... უჩვევი ხელი ჰკიდა პაწია ბავშვს  და გაჰქრა მისი გულგოროზობა. მაგრამ დარეჯანის რუხი და შავი ფერის ჩაცმულობა კიდევ უფრო  გამუქდა, ჩამუქდა...

თიხის კრამიტებზე გადაბიჯებით, ეზოში, ძლივ-ძლიობით შემოდიან მაზლის ცოლი ელისაბედი - (ეკა კოღუა) და მისი მოახლე ქალი. ეს ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ლუარსაბის ეზო-კარ-მიდამოს „მოწყობილობას“, „კეთილდღეობას“ შეგვახსენებენ. პირიქით, მსახური გოგოები ხშირ-ხშირად სცვლიან გაშლილ სუფრაზე ყვავილების თაიგულებს... ერთნი გააქვთ, სხვები შემოაქვთ... ალბათ იმიტომ, რომ დღე - დღეს ენაცვლება და დროც გადის, გადის...

ელისაბედისა და დარეჯანის შეხვედრა ორი დარბაისელი დედაკაცის საუბარია. რა დინჯად საუბრობენ ისინი, ყოველგვარი კუთხური კილო-კავის გარეშე, როგორც თავად ხაზგასმით ამბობენ, კარგი ოჯახისა და გვარის შვილები არიან! თავადიშვილები! 

სრულიად განსხვავებული ტიპაჟები დგანან სცენაზე, განსხვავებული ჩემი და იქნებ არა მხოლოდ ჩემი, ტრადიციული წარმოდგენისა მათზე. დარეჯანის და ლუარსაბის სახლში ყველა რიგიანად გამოიცქირება, ერთი ლამაზისეულია მხოლოდ აწეწილი თმითა და ვარცხნილობით და თავისებურად, ულაზათოდ ჩაცმული. 

ო, როგორ გაბრაზდა ლუარსაბი ელისაბედის სიტყვებზე, ყმებს ჩამოგვართმევენო?.. იყვირა და იყვირა... ლუარსაბის ერთი შეყვირება და გამოცოცხლდა, ამოძრავდა მისი კარ-მიდამო, შემორბიან და გარბიან დაბნეული მსახურები, დათო - (ჯამბულ ჭანტურია) კი, ყველაფერში ეთანხმება  ბატონს, - გლეხი კაცი რეგვენიაო! და - მაშ, ბატონი უცხო ხომ არ არისო! - კვერს უკრავს დარეჯანი!...

და აქ ისმის სასოაწრკვეთილი, მომაკვდინებელი ფრაზა ილიასეული ლუარსაბისა: - მე თუ არ ვიქნები, ქვეყანა სულ ამოვარდნილაო!

კომედიურ გმირს ჩვეულნი, იმდენად დრამატულ გმირს გადავეყარეთ სცენაზე, რომ ისეთი კარგად ცნობილი კულინარიული საუბარიც კი, სერიოზული და უცნაურად ხმამაღალია...

მთელ სპექტაკლს ფონად გასდევს სევდიანი ინსტრუმენტული მუსიკა, ნარევი ახალი თუ ძველი მელოდიური ჰანგის შერწყმისა, რომელიც სწორედ ზუსტად შეესატყვისება სპექტაკლის მთლიან განწყობილებას.

სცენის სიღრმეში ერთი ძლიერი სხივით გამოიკვეთა ეტლზე ასული ჯგუფი: ახალგაზრდა მთვრალი ლუარსაბი, დავითი და მისი ცოლი ელისაბედი და იქვე შორიახლოს მოსე გძელაძე... და ვაჭრობაც ჩაღდება... 

- ათი მაინც იყოსო! - როგორც იქნა შეთანხმდნენ ქორწინებაზე, მერე ხელი ჰკრეს დარეჯანს, ჩაახუტეს ლუარსაბსა, „მრავალჟამიერიც“ შემოსძახეს, გაიჩარხა საქმე და იქორწინეს ლუარსაბმა და დარეჯანმა, ასე ამგვარად. 

ლუარსაბის გადატყლაშუნებული შოლტი, ცხენების მაგიერ, სულ დარეჯანს ელაწუნება სახეში. 

საკმაოდ რთული გადაწყვეტაა რეჟისორული - ორი მსახიობის დიალოგი, თითქმის განუწყვეტელი... როგორ უნდა ენდობოდეს რეჟისორი მსახიობებს, რომ მათ ოსტატობას ჩააბაროს მთელი სპექტაკლი. სცენაზე, ალბათ, ილია ჭავჭავაძის მოთხრობის სრული ტექსტია ამეტყველებული, კუპიურების გარეშე, რომ არ დაიკარგოს სიტყვა, აზრი, მნიშვნელობა და რომ მსახიობების ოსტატობა გამოიკვეთოს. ასეთი შინაგანი ძალის დიალოგს, ხშირად გაურბიან  რეჟისორები და სწორედ ამიტომაც გაისმა ტაში ასეთი ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ.

ორივე მოქმედება გაჭენებული ცხენების თქარა-თქურით იწყება.  დაიძრა ცალსხივმინათებული ეტლი ავანსცენისაკენ, თელეთის მოსალოცად, აქეთ-იქეთ ფარანანთებული, იმედად... 

- განა შვილი იმისთვის მინდა, რომ მართლა მინდა? დავითი არ მინდა გავახაროო! - ამბობს გულამოყოლებით ლუარსაბი და ისეთი ავისმომასწავებელი გუგუნი მძლავრდება, რომელიც ადრეც მოგეყურადათ, მაგრამ ყურად არ იღეთ და ახლა კი გაკრთობთ... 

სიზმრის სცენაში დიალოგს მონოლოგი ენაცვლება; მერე მღერიან და ცეკვავენ ფეხმძიმე დარეჯანი, თეთრი ყვავილებითა და ნაოჭასხმული თეთრი პერანგით... და ლუარსაბი, გახარებული, რომ იმ სულძაღლ დავითსა და ქოფაკ ელისაბედს არ დარჩება მისი მამული... 

ცეკვავენ და ილხენენ მათთან ერთად გლეხებიც, ან იმათ კი ანაღვლებთ, რომ მტრად გადაექცნენ ერთმანეთს ძმები და ახლობლები სისხლით?..

მაგრამ ელისაბედი, რომ ქოლგით იპრაჭება და დავითი რომ შოლტს ატყლაშუნებს?

აიწეწა თმა განრისხებულმა ლუარსაბმა და გამოენთო დარეჯანს...

ცუდი სიზმრები თან სდევს ქართულ ლიტერატურულ გმირებს, გაავებულებს, გაპარტახებულებს, დასაწყლებულებს... 

ვაჰ, რა ჯინი სჭირს ძმას - ძმისა? 

ერთი შეჰკივლა დარეჯანმა, - გაიჩუჩუნაო! 

და კვლავ, - თვალი დაუდგება დავითსაო!..

კახეთივით დინჯი სპექტაკლია, მაგრამ რა გულისმომკვლელია ეს ყველაფერი... 

გუგუნი კი უფრო და უფრო ავისმომასწავებელი, თითქოს მართლაც, მეორედ მოსვლააო...

გლოვით დადის ლუარსაბი და ეძებს დარეჯანს ხველაამტყდარი, სუფრასმიმჯდარი... ერთი კი თავს ჩამოჰკიდებს მაგიდას და წავა დარეჯანთან... მხოლოდ ლამაზისეულის ზანზალაკის სუსტი წკარუნი ამცნობს ჩაბნელებულ სამყაროს მათ აღსასრულს...

არარსებულ ცხენებზე შოლტის გადატყლაშუნებით იწყება ორივე  მოქმედება! 

ვის და რას უტყლაშუნებენ ასე გამეტებით ამ სპექტაკლში? არარსებულ ცხენებს თუ არარსებულ საზოგადოებას? 

ტკივილიანი საკითხია, იმდროიდან დღემდე შემორჩენილი...

ლამაზისეულის ზანზალაკის წკარუნი უშველის ამ ხალხს, სადაც ძმას - ძმა სძულს და ახლო ნათესავს - ახლო ნათესავი? შორებელზე რომ არაფერი ითქვას?

საკვირველად ბრაზიანები არიან ლუარსაბიც და დარეჯანიც. 

სენაკის ვახტანგ ნიკოლავასეულმა სპექტაკლმა დაარღვია ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის?!“ გმირთა დროის მანძილზე შექმნილი ტიპოლოგია და  სრულიად სხვაგვარი გმირები წარმოაჩინა: ყველასა და ყველაფერზე - გლეხებზე, მთავრობაზე, ხელმწიფეზე, კანონებზე, ბუნებაზე, სამყაროზე... გაბრაზებული და მუდმივ ბაასში  ენერგიადახარჯული გმირები.  

მათი ასე მწუხარე წასვლა ამქვეყნიდან, ავტორის ნება და სურვილი იყო, მაგრამ ამას კი იფიქრებდა ილია ჭავჭავაძე, რომ ორი საუკუნის შემდეგ ისევ და ისევ გაუთავებლად მობაასე და მოლაპარაკე ხალხი იცხოვრებდა მის ქვეყანაში? 

ხალხი, რომელსაც ჰპირდებოდა, - სხვა დროება მოვა და ახალი თაობა შეეშველება შენს დიდებასო!

ოჰ, ეს კაცია ადამიანი...

bottom of page