top of page

ობსერვატორიის ინკუბატორი

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

344098748_173263561996551_4536050071916388304_n.jpeg

თამთა ქაჯაია

ობსერვატორიის ინკუბატორი

 „საპნის ოპუსის“ (ტექსტის ავტორი დავით გაბუნია) პრემიერა ილიაუნის სარკეებიან დარბაზში გაიმართა. მხატვარმა (თეო კუხიანიძე) კედლები შავი პარკებით დაფარა, რითაც ატმოსფეროს მეტი დაძაბულობა შემატა. სარკეების მეშვეობით სპექტაკლის მსვლელობა ყველა კუთხიდან აღქმადია, მაყურებელი მთელი წარმოდგენის დროს საკუთარ ანარეკლსაც ადევნებს თვალს. დამსწრე საზოგადოების და  მსახიობების ემოციის აღქმა სინქრონშია შესაძლებელი. როგორია ადამიანი, როდესაც სხვის ტრაგედიას განიცდის და ამავდროულად საკუთარ თავსაც აკვირდება, როგორც მაყურებელი, დამკვირვებელი. უფრო სწორად, რომ ვთქვათ, როგორია მაშინ, როცა სპექტაკლის დროს საკუთარ თავს ხვდება.

პარტერის ცენტრალური ადგილი ამაღლებულია შავი ფიცარნაგით. სპექტაკლის მსვლელობისას, მსახიობები მაყურებელს ფეხზე წამოდგომას სთხოვს. იატაკქვეშ იმ საპნების გროვაა, რომელსაც ისტორიულად, ებრაელების მუცლის ქონისგან ამზადებდნენ. შემზარავია, იმის წარმოდგენა რომ შენ, როგორც მაყურებელი ამ ყველაფრის თანამონაწილე ხარ.

ამბავი საკონცენტრაციო ბანაკად ქცეულ, აბასთუმნის ობსერვატორიაში ვითარდება. პიესაში მოქმედი პირი ხუთი ქალი და ერთი ჯარისკაცია. რეჟისორმა მამრობითი სქესი გააქრო და ქალების ტრაგედიაზე გვესაუბრა. სალომე (ანიკო შურღაია), მედიკო (ნუცა სულაბერიძე), ნესტანი (ანკა დიდმანიძე), ქეთევანი (ნუკა ქევხიშვილი) და ექთანი (თამუნა თევზაძე). დრამატურგმა თითოეულ პერსონაჟს ლიტერატურული პერსონაჟების სახელები მიანიჭა და მათი გმირობა აღმატებით ხარისხში აიყვანა. როგორც პიესაში, ასევე სპექტაკლში ისტორიული რეალობა და ფაქტები შეცვლილია, მოვლენათა განვითარების  ციკლი დარღვეული, თუმცა ყოველივე ამას ხელი არ შეუშლია რეჟისორისთვის სპექტაკლი დრამატურგიულად განევითარებინა.

ვანო ხუციშვილის შემოქმედება ყოველთვის განსხვავებული სტილის და ხელწერისაა. მას განსაკუთრებული უნარი აქვს დაამძიმოს გარემო, შექმნას განწყობა და მხოლოდ ამის შემდეგ გაჩვენოს სპექტაკლი („ალტონელი განდეგილები“, „მოჩვნებები“ და ა.შ.).

მოქმედება 1953 წელს ხდება. ლენინის ძეგლი ჩამოგდებულია, სტალინს ბორკილები ადევს და ნაცისტები საქართველოში არიული რასის გამოყვანის პროექტზე მუშაობენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის დამძიმებული გარემოება დარბაზში შესვლისთანავე იგრძნობა. თეთრი კურდღლის ფორმაში გადაცმული სალომე (ანიკო შურღაია), მაყურებელს შორის დადის და  ერთგვარ უსიტყვო კომუნიკაციას ამყარებს. სალომეს კოსტიუმი, განსხვავდება დანარჩენი ქალების ჩაცმულობისგან. მის ბავშვურობას სკოლის მოსწავლის თეთრი პერანგი (წარწერებით) და შავი ქვედა ბოლო უფრო მეტად ამძაფრებს. ანიკო სკოლის მერხიდან შემოსული პატარა, (ჰაბიტუსიც ხელს უწყობს) უმწეო გოგონაა, რომელიც საცდელი კურდღელივით გამოკეტეს გალიაში.

გერმანელებთან აღდგომის დღესასწაულის ცენტრალური ფიგურა - სიმბოლო კურდღელია. გერმანელ ლუთერანებს, ბავშვებისთვის (სამაგალითო ქცევის შემთხვევაში) ჯილდოდ კურდღლები მიჰყავდათ. ასევე, ძველ გერმანულ კულტებში ის ასოცირდება ნაყოფიერების ქალღმერთთან - „ოსტართან“ (გერმანიაში დღესასწაულს „ოსტერნს“ უწოდებენ). ქალღმერთ ოსტარის დღესასწაულში  ჩადებულია იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის კონტექსტი. რეჟისორმა სალომეს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ეტაპი - ქალად ქცევა, მკვდრეთით აღდგომას გაუთანაბრა, გაშიშვლებული ქალის თეთრი ზეწრით შემოსვა კი რიტუალს მიამსგავსა. მაყურებლის წინაშე, დამცირებული, ტრანსფორმირებული სალომე დგას, რომელსაც ბედი უსამართლოდ მოექცა. ანიკო შურღაია ბოლომდე განიცდის გმირის სათქმელს და  გვაჩვენებს ქალის სახეს, რომელიც  მხოლოდ გასამრავლებელი საშუალებაა.  აქვე მართლდება, რეჟისორის მიერ შეტანილი რემარკა იოჰან ვოლფგან გოეთეს „ფაუსტიდან“, რომელსაც სალომე ციტირებს: „[...]იმ ძალის ნაწილს, რომელსაც სურს სიკეთე და ყოველთვის ქმნის ბოროტებას“. გოეთეს ფაუსტიც ხომ ამაზეა, როგორ სძლიოს საკუთარ თავს ადამიანმა  დამარცხებით, გამარჯვებაზე.  ფინალში, დამარცხებული ქალები, საპნიანი წყლით იწამლავენ თავს და ასრულებენ სიცოცხლეს. მათი დამარცხებაც გამარჯვების საწყისისად იქცევა. ქეთევანი კი ამბობს: [....] „ჩვენც ბოროტება ვართ, იმიტომ რომ ვეგუებით, იმიტომ რომ, წინააღმდეგობას არ ვუწევთ“.

ნესტანი (ანკა დიდმანიძე) მეამბოხე, აგრესიული ქალის პერსონაჟს ქმნის. მისი ტრაგედია მედიკოსგან არ განსხვავდება. თუმცა, ორივე მსახიობი გმირების სხვადასხვა ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ნუცა სულაბერიძე  კულმინაციურ მომენტში დიდი სიფრთხილით (როდესაც მასზე ძალადობის ფაქტს იხსენებს) გარდაისახება და სრულ ემპათიას იწვევს მაყურებელში. მისი ემოციური მდგომარეობა ავტომატურად იცვლება. ანკა დიდმანიძე კი უცვლელად,  სწორხაზოვნად ავითარებს პერსონაჟს. ნუკა ქევხიშვილისგან მოდის იმპულსი, თითქოს მთლი სპექტაკლის განმავლობაში ემზადება საკუთარი თავის გაშიშვლებისთვის, ემოციების გარეთ გამოტანისთვის. მისი თითოეული ქმედება აბსოლუტურად გულწრფელი და გახსნილია. რაც შეეხება ექთანს - თამუნა თევზაძე, ხელოვნურია, მისი თითოეული შემოსვლა, დაზეპირებული ტექსტის უემოციო წაკითხვას ჰგავს, თუმცა შეიძლება სწორედ ეს იყოს მსახიობის ამოცანაც, რადგან საკონცენტრაციო ბანაკის ზედამხედველს ვერ მოსთხოვ ემპათიას.

საბოლოოდ ჩვენ ვხედავთ, სასოწარკვეთილ, დატყვევებულ ქალებს, რომლებსაც სქესი სასჯელად ექცათ. ჩაკეტილ სივრცეში მათ არ აქვთ არჩევანის გაკეთების საშუალება, ისინი მსხვერპლნი არიან ომის და ძალადობის.

 „მე აღარ მჯერა, მაგრამ მაინც ვქსოვ“.

bottom of page