top of page

ობლები

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

363721736_246430888304947_860749736785241584_n.jpg

ნუცა კობაიძე

ობლები

 „ლენანის სილამაზის დედოფალი“ (The Beauty Queen of Leenane, 1996.), „თავის ქალა კონემარაში“ (A Skull in Connemara, 1997.) და „მარტოხელა დასავლეთი“ (The Lonesome West, 1997.)  მარტინ მაკდონას ცნობილი ტრილოგიაა (Leenane Trilogy), რამაც კრიტიკოსების დიდი მოწონება და საერთაშორისო აღიარება მოუტანა ავტორს.

ამ ტრილოგიის ბოლო ნაწილი შეცვლილი სახელწოდებით - „ობლები“ (ექსცენტრიკული კომედია) რეჟისორმა ვახო ნიკოლავამ ზესტაფონის თეატრში დადგა (9 ოქტომბერი, 2020). როგორც მაკდონას ბევრი ნამუშევარი, „მარტოხელა დასავლეთიც“ ცნობილია თავისი შავი იუმორითა და ადამიანის ბუნების ბნელი ასპექტების კვლევით მოცული მახვილგონივრული ტექსტით.

მძიმე ატმოსფეროა გაცრეცილი ავეჯით გავსებულ გრძელ ოთახში (მხატვარი: ნათია ბერაძე). ის ასახავს აქ მცხოვრები ძმების ემოციურ მდგომარეობას - მარტოსულობას. თარო წარმოადგენს ინტელექტუალური ჩართულობის მცდელობას, რომელიც მაშინვე ქარწყლდება, როგორც კი ერთ-ერთი ძმა ფეხებით შესდგება ძირს დაყრილ რამდენიმე წიგნს. კედელზე დაკიდებულ სხვადასხვა ფოტოზე ბუნდოვნად ჩანს შორეულ წარსულში დარჩენილი ერთ დროს აქტიური ცხოვრება. ნახატებს შორის გამორჩეულად თვალსაჩინოა ძაღლის პორტრეტი.  ვალენი (გიორგი გლოველი) ყოველ ჯერზე, როგორც ხატს ისე ემთხვევა ხოლმე მას. ძაღლის პორტრეტი და ჯვარი, წმინდანების ქანდაკებები და კედელზე დაკიდებული სანადირო თოფი ურთიერთ კონფლიქტშია, ისევე როგორც,  იქნება ეს ძმების, თუ მამა უელშისა (ზურაბ აბესაძე) და გერლინ კელეჰერის (ნინიკო აბესაძე)პერსონაჟები.

მამა უელში ადგილობრივი კათოლიკე მღვდელია, რომელიც ცდილობს შუამავლობას მოწინააღმდეგე ძმებს შორის. ის კეთილგანწყობილი, მაგრამ არასტაბილური  პერსონაჟია. „წესით არ ვსვამდი, სანამ აქ არ ჩამოვედი. ასეთ სამრევლოში ძალაუნებურად დაიწყებ...“ მსახიობისთვის რთული ამოცანაა შეასრულოს ალკოჰოლზე დამოკიდებული სასულიერო პირის გმირი, რომელსაც ბოლომდე  არ აქვს რწმენა. მამა უელში მიმართავს კოულმენს (თემურ კიკნაველიძე)  - „იცი რას გეტყვი, შენ ადამიანებში სიკეთეს ხედავ. წესით მეც ასე უნდა ვიქცეოდე, მაგრამ არ გამომდის და მზად ვარ პირველი ქვა ვესროლო ადამიანს“. სუსტი ნებისყოფის მამაო ვერ უძლებს მრევლის ცოდვებს. ასეთი როლი მოითხოვს პირადი ბრძოლისა და ეჭვების  კომპლექსური და კონფლიქტური ემოციების ღრმა გააზრებას. „კოულმენი: შენზე უარესებიც არსებობენ, ბევრად უარესები, ზუსტად ვიცი. უბრალოდ, სულიერად ოდნავ მოიკოჭლებ. დალევა გიყვარს და რწმენაც არ გაქვს მყარი. სხვა მხრივ კი, სანიმუშო მღვდელი ხარ...“ მოძღვარს ჩვეულებრივი საერო პირი არიგებს და ასწავლის ჭკუას - „კოულმენი: ჯობს მეტი არაფერი თქვა. აღსარების საიდუმლოს არღვევ მამაო“. რწმენის დაკარგვასთან დაკავშირებული კონფლიქტებით გამოწვეული პერსონაჟის შინაგანი არეულობა უფრო აშკარა უნდა იყოს. ზურაბ აბესაძე სათანადოდ ვერ წარმოაჩენს გმირის ცვლილებებს - ეჭვისა და სასოწარკვეთის დაბალანსება რთული ამოცანა აღმოჩნდა.

 

ალკოჰოლიზმი და რელიგიური რწმენა მგრძნობიარე და მნიშვნელოვანი თემებია. ზოგადად, ასეთი როლის შესრულება მოითხოვს როგორც ემოციურ სიღრმეს, ასევე თანაგრძნობას. აქვე მინდა აღვნიშნო სცენა, როცა მოძღვარი წერილს უტოვებს ძმებს - რეჟისორმა გადაწყვიტა წერილი თვითონ მამა უელშს წაეკითხა, რის შედეგადაც სცენა პათეტიკური/ხელოვნური გამოვიდა. ასეთი ემოციური მომენტები მეტად სახიფათოა. აქ გრძნობების დაბალანსება მნიშვნელოვანია. მსახიობს შეეძლო გულწრფელად წაეკითხა წერილი, რაც უფრო დამაჯერებელს გახდიდა სცენას. შეიძლება მსახიობის არავერბალური, ფიზიკური ქმედება ემოციურად უფრო ძლიერი ყოფილიყო, ვიდრე ხელების გაშლით წაკითხული ტექსტი. პათეტიკას ვერ გაექეცა  მუშტების დაწვის დროსაც, ძმების კინკლაობისას გავარვარებულ სინზე რომ დააწყო მამა უელშმა. საბოლოო ჯამში, როლის სირთულის გათვალისწინებით, მსახიობის შესრულება შეიძლება შეფასდეს დამაკმაყოფილებლად.

გერლინი, ასაკიდან გამომდინარე (თინეიჯერი - 17 წლის) ძალიან გულწრფელია. გრძნობების გამოხატვა მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს და მოძღვარსაც თამამად უშლის გულს.  მიუხედავად იმისა, რომ გერლინი მეორე ხარისხოვანი გმირია, ხელს უწყობს სიუჟეტის დინამიკას. მას კონორების ოჯახში მოაქვს როგორც ანდერძი ისე მამაოს უკანასკნელი წერილიც.  ხდება შუამავალი ცოცხლებსა და მიცვალებულებს შორის. საინტერესოა სცენა, როცა ახალგაზრდა ქალი (ახალგაზრდა - სიწმინდის, უდანაშაულობის სიმბოლო) მოძღვარს (სიბრძნე, სულიერება) განუმარტავს ცხოვრების აზრს. ეს ერთი შეხედვით მარტივი სურათი გვიჩვენებს  თაობების ურთიერთდამოკიდებულებას; ცხოვრებისეულ ინტერპრეტაციებს; ცოდნის, სიბრძნის გაზიარებას... პროვოკაციულია გამომწვევად ჩაცმული სკოლის ფორმა და საღეჭი რეზინის უხეში ღეჭვა - ნინიკო აბესაძის პერსონაჟი თითქოს ხაზს უსვამს თავის სექსუალურ იდენტობას. საღეჭი რეზინი შეიძლება იყოს არასასიამოვნო განწყობის, უყურადღებო დამოკიდებულების გამომხატველი, ან უხერხულ სიტუაციაში კონტროლის შენარჩუნების საშუალება. ვფიქრობ, საერთოდ ამოსაღებია სცენა, სადაც გერლინი დანის ყელზე მიბჯენით ცდილობს ძმების ჩხუბის შეჩერებას - უემოციო, მექანიკური ქმედება აფუჭებს კონკრეტულ სცენას. მისი არადამაჯერებელი შესრულება გავლენას ახდენს მთელ ეპიზოდზე.

გიორგი გლოველის და თემურ კიკნაველიძის თამაშის ფონზე იკარგება ზურაბ აბესაძის და ნინიკო აბესაძის შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ თემურ კიკნაველიძე სპექტაკლის დასაწყისში თითქოს გაუგებარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ვფიქრობ  პარტნიორის - გიორგი გლოველის სამსახიობო ენერგია გადამდები აღმოჩნდა მისთვის და გამოჩნდა თუ როგორ აძლიერებს სწორი პარტნიორობა შესრულების ხარისხს.

გიორგი გლოველი თავისი უნიკალური სამსახიობო ოსტატობით ქმნის ცინიზმითა და სარკაზმით გამორჩეულ დასამახსოვრებელ სახეს. სიბრაზის, იმედგაცრუების მომენტები ან თუნდაც სიყვარულის ხანმოკლე გამოვლინებები ბუნებრივად თამაშდება. გლოველი საუკეთესო ვახო ნიკოლავას სპექტაკლში „ობლები“.

„Last Rose of Summer“-ის ფონზე (მუსიკალური გაფორმება: ვახტანგ ნიკოლავა) იწყება და მთავრდება სპექტაკლი. კომპოზიცია მუსიკალურად კრავს წარმოდგენას. მელანქოლიური სიმღერის ტექსტი ზაფხულის უკანასკნელ ვარდზეა. ეულად დარჩენილი ყვავილი იქცევა იზოლაციისა და მარტოობის სიმბოლოდ, რადგან ის სილამაზის უკანასკნელი ნარჩენია გაცვეთილ ლანდშაფტში. ეს მელოდია ამძაფრებს სპექტაკლის ემოციურ მხარეს. კომიკური სცენაა კოულმენ კონორის მიერ შესრულებული ფონოგრამა - ფიგაროს არიიდან „Largo al Factotum“, რომელიც ცნობილია თავისი ჩქარი და რიტმული სტილით, სადაც მომღერალი სიტყვებს სწრაფი თანმიმდევრობით გადმოსცემს, მსახიობი თემურ კიკნაველიძე კი ვერ აყოლებს ტუჩების მოძრაობას და სცენა უფრო კომიკური ხდება. სტრიქონების ზუსტად დამახსოვრება და გადმოცემა მსახიობების ვალდებულებაა. შეცდომის შემთხვევაში ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს არტისტის სანდოობა. მაყურებელმა თუ დაინახა სიყალბე, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს წარმოდგენაზე და მთლიანად მის ხარისხზე. თუმცა ამ შემთხვევაში თემურ კიკნაველიძემ მიმართა იმპროვიზაციას - გამოვლენილმა სპონტანურმა კრეატიულობამ მოხიბლა მაყურებელი და გადაარჩინა სცენა „ჩავარდნას“.

კოულმენსა და ვალენ კონორს მთელი სპექტაკლის განმავლობაში მშფოთვარე და დაძაბული ურთიერთობა აქვთ, რაც იუმორისა და ტრაგედიის ნაზავია. მათი კომუნიკაცია მუდმივი კამათით, წყენითა და ძალადობით გამოირჩევა. მტრობითა და აგრესიით განწყობილები ხშირად ჩხუბობენ წვრილმან საკითხებზე. ძმებს შორის ფიზიკური ურთიერთქმედება კომედიური და დრამატულია, რაც სპექტაკლის მსვლელობის დროს კარგად აისახება მსახიობების თამაშში. პერსონაჟების ურთიერთობის სიღრმის დიდი ნაწილი ქვეტექსტშია – გამოუთქმელ აზრებსა და ემოციებში. მსახიობები ახერხებენ ბალანსის დაჭერას კომიკურ და დრამატულ ელემენტებს შორის. მუდმივი კონფლიქტის მიუხედავად, ძმები ერთმანეთზე დამოკიდებულები არიან. იაზრებენ, რომ ერთმანეთის ერთადერთი ოჯახის წევრები არიან. ზოგჯერ ავლენენ ურთიერთობის სურვილს, მაგალითად ფინალურ სცენაში, როცა გულს უშლიან ერთმანეთს და ჩადენილ ცოდვებს უმჟღავნებენ. ვალენი: „შემეძლო ციხეში გამეშვი, მაგრამ ეს არ გავაკეთე [...] მარტო დარჩენის შიშის გამო. მომენატრებოდი“.

დაბოლოს, წარმოდგენა ორი ძმის - კოულმენისა და ვალენ კონორების დისფუნქციურ ურთიერთობაზეა. სპექტაკლი იკვლევს მარტოობის, ძალადობის, ოჯახის, რელიგიის, პატიების თემებს, პრობლემური წარსულის გავლენას აწმყოზე, ადამიანური ურთიერთობების სირთულეებს. ვფიქრობ, ამ დადგმით  საინტერესო, ფსიქოლოგიური სპექტაკლი შეემატა ზესტაფონის თეატრის რეპერტუარს.

„მერე რა რომ ვჩხუბობთ ხოლმე, ესეც ხომ სიყვარულია...“

ილუსტრაციები ავტორის

bottom of page