ნუ ხმაურობ, ჰედა!..
ლელა ოჩიაური
ნუ ხმაურობ, ჰედა!..
მითურად ქცეული ჰედა გაბლერი (მისი „სახელობის“ პიესის, პიესაში დასმული საკითხების მიმართ დამოკიდებულების, სხვადასხვა დროს საზოგადოების რეაქციის, ასევე სხვადასხვა დროს დადგმული სპექტაკლებისა და გადაღებული ფილმების, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობებისა და სხვა ფაქტორების მიხედვით) XXI საუკუნეშიც აგრძელებს არსებობას და ამჯერად, ახალგაზრდა რეჟისორ თათა პოპიაშვილის მზერის არეში მოექცა. ბუნებრივად (როგორც სხვა ხშირ შემთხვევაში) გაჩნდა კითხვა - რატომ? რატომ დღეს, როდესაც ზოგადადაც არსებული და პიესაშიც გამჟღავნებული პრობლემები, მთავარი გმირის „არასტანდარტულობა“, წინააღმდეგობრივი, „თავისი“ დროიდან „ამოვარდნილი“, „მიუღებელი“ თვისებები, სურვილები, სწრაფვები, საზოგადოებას თითქოს აღარ აღაშფოთებს, აღელვებს და აწუხებს?
დღის წესრიგში თითქოს აღარც ოდესღაც, თავად საზოგადოების დაწესებული და 1890 და მომდევნო წლებშიც გადაულახავი სოციალური, ზნეობრივი, ეთიკური თუ მორალური ნორმები და ნიჰილისტური განწყობებია, რომლებიც რთულ და მნიშვნელოვან ბარიერებს უქმნიდნენ ადამიანებს, უშლიდნენ ეცხოვრათ, როგორც უნდოდათ ან უბრალოდ, ეცხოვრათ.
თათა პოპიაშვილმა ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერის“ თანამედროვე, საკუთარი ვერსია შექმნა, ჩვენი ცხოვრების უახლეს სურათებად წარმოადგინა და 4-აქტიანი პიესა ერთმოქმედებიან სპექტაკლში მოაქცია. თვითონ პიესა გურამი ღონღაძემ თარგმნა. მან და რეჟისორმა ტექსტის ადაპტაციასა და ინსცენირებაზე იმუშავეს.
თათა პოპიაშვილსვე ეკუთვნის მუსიკალური გაფორმება (ლაკონიური და სახიერი). ლაკონიურობა, მინიმალიზმი და მკაცრი გამომსახველობა ახასიათებს, უპირველესად, რეჟისორის სცენურ კონცეფციასა და მხატვრულ ფორმას; ბარბარა ასლამაზის სცენოგრაფიას (დეკორაციასა და კოსტუმებს) და სამსახიობო შესრულების ხერხებსა და მანერას, რთული ფსიქოლოგიური ბუნების პერსონაჟების სახეების გახსნაში. რეჟისორის თანაშემწეა რუსუდან ბარბაქაძე.
პიესის რთული, რთულად მოსათვინიერებელი და გასაშიფრი ტექსტი, არც თუ „გახსნილი“ შინაგანი წყობა და მრავალშრიანი ქვეტექსტები თათა პოპიაშვილმა და გურამი ღონღაძემ გამჭვირვალე და მკაფიოდ გამოკვეთილ, შეკუმშულ, თუმცა არაზედაპირულ და არამარტივ კონსტრუქციაში მოაქციეს.
სპექტაკლი აფიშაზე განსაზღვრულია, როგორც დრამა ერთ მოქმედებად, პერსონაჟები და როლების შემსრულებლები კი ასე არიან წარმოდგენილი (ოდნავ განსხვავებით იბსენისგან) - იორგენ ტესმანი - კულტურის ისტორიის კათედრის ასპირანტი - ბაჩო ჩაჩიბაია, ჰედა გაბლერი - მისი მეუღლე - ია სუხიტაშვილი, ქალბატონი იულიანე - მისი მამიდა - დარეჯან ხარშილაძე, თეა ელვსტედი - ჰედას მეგობარი - ლელა ახალაია, ბრაკი - მოსამართლე - მალხაზ ქვრივიშვილი, ეილერტ ლევბორგი - ლაშა ჯუხარაშვილი. რაც ხდება, ყველას ერთად და ცალ-ცალკე ამბავია, რთული და წინააღმდეგობრივ, გადაჯაჭვული ურთიერთობებით, პრობლემებით, მიღწევებით, გამარჯვებითა და დამარცხებით, აწმყოთი, მომავლითა და სიკვდილით.
სცენაზე დეკორაციის თეთრი, ნეიტრალური, უმეტყველო კედლებია, კარის რამდენიმე ღიობითა და ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად დაწყობილი მართკუთხა ტუმბოები - ტრადიციული ავეჯის ნაცვლად. აქა-იქ ჩადგმული ყვავილებიანი ლარნაკები და დრო და დრო - დალაგებულ-არეული წიგნები, სკამი, რომლებსაც ჰედა ფეხით თელავს, სათლი, რომელშიც ხელნაწერს წვავს. სულ ესაა. იქმნება საცხოვრებლის (რომელიც მოქმედების ერთადერთი ადგილია) პირობითი სივრცე, მფლობელის ინდივიდუალური ნივთებისა და მახასიათებლების გარეშე, რაც ადიკის, სივრცის განზოგადებისა და წარმოსახვის საშუალებას იძლევა.
სხვადასხვა ეპიზოდში - მკვეთრად თუ ნახევარტონებში განათებული, ჩაბნელებული თუ ნახევრადჩაბნელებული სცენა, სინათლის წყაროს ინტენსივობის ცვლა განწყობის, ვითარების, მოვლენების შეცვლას უკავშირდება და გამოხატავს.
რაღაცნაირად, ფიზიკურადაც კი, საგრძნობი სიცივეა და გაჩერებული დრო. გაჩერებული ცხოვრება და ოცნება, ვთქვათ, სიყვარულზე, თავისუფლებაზე. არარსებულზე. შეუძლებელზე. ფაქტობრივად, ცარიელ გარემოში. დეკორაციის თეთრ გარემოცვაში. თვალისმომჭრელ სითეთრეში, რომელსაც მხოლოდ განათება უცვლის შეფერილობას.
ფსიქოლოგიური მდგომარეობის ასეთი ვიზუალიზაცია ქმნის სივრცის, მოცულობის, ჰაერის და განყენებულობის ატმოსფეროსა და შეგრძნებას. ნათლად გამოხატავს მოქმედი გმირების შინაგან სიცარიელეს, გაუცხოებასა და თავისთავში ჩაკეტილობას.
პროექცია (რომელსაც რეჟისორი სულ რამდენჯერმე, დაჟინების გარეშე იყენებს და რომელსაც ია შერაზადიშვილი უძღვება), არანაკლებ ქმედითი და მეტყველია, ვიდრე ის, რასაც უშუალოდ სცენაზე, „ცოცხლად“ ვხედავთ. რეალობის ცოცხალი და პირდაპირი ანარეკლი, რომელიც კედლებზეც და პერსონაჟებზეც გადადის.
პროექციით აღბეჭდილი პარალელური სამყარო (იმ სივრცეს აჩვენებს, რომელსაც კედელი ფარავს და თვალმიუწვდომელია), ძირითადის ორგანული ნაწილია და შეიძლება კიდევ უფრო მთავარიც. ასეთ შემთხვევაში, აქცენტი სწორედ მთავარზე, მეტყველ და არსებით დეტალზე გადადის. ზუსტად ფიქსირდება ის, რისი ჩვენებაც და ხაზგასმაც რეჟისორს უნდა და რაზეც უნდა მაყურებლის ყურადღების მიპყრობა.
ვიდეო გამოსახულება, ერთი მხრივ, არღვევს სივრცეს, სცენის ფიცარნაგით შემოსაზღვრულ ტერიტორიას (რომელსაც მსახიობები, სხვადასხვა სცენაში, ასევე არღვევენ, როდესაც შემაღლებას ტოვებენ და ქვემოთ, დარბაზში ჩადიან) და ამავე დროს, კიდევ უფრო ხაზს უსვამს სამყაროსა თუ ადამიანების შინაგან ჩაკეტილობასა და გამოუვალობის შეგრძნებას.
„ჰედა გაბლერის“ სტრუქტურაში ყველაფერი კარგად მოფიქრებული, გათვლილი და გამიზნულია. არც ერთი დეტალი სცენაზე თუ კოსტუმის ფურნიტურაც კი, არც ერთი ფრაზა თუ გამოხატული ემოცია, არც ერთი ეპიზოდი თუ მათი კავშირი არაა გარეგნულ ეფექტზე აგებული (რაც ძალიან უყვართ ქართულ თეატრში) და შესაბამისად, „თვალისმომჭრელი“ არაა. არაფერი არღვევს ერთიანობის შეგრძნებას, ნახევარტონების გარეგნულად მშვიდ და შინაგანად დამუხტულ ატმოსფეროს.
ამ გალიასავით სახლში არც ოჯახური სიმყუდროვის პერსპექტივა ჩანს და ის არც თავშესაფარია, განმარტოებისა თუ ცხოვრების დარტყმების მოსაგერიებლად. (და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ დილიდან დადიან სტუმრები). „გალია“ ჰედასთვის არა მხოლოდ ოჯახი, ქმარი, მეგობრები და ნაცნობები არიან, არა მხოლოდ ყოფის ერთფეროვნება და მოწყენილობა, არამედ მთლიანად ცხოვრება.
თათა პოპიაშვილის სპექტაკლის ერთ-ერთი ღირსება მსახიობები და სამსახიობო ანსამბლია. ექვსი პერსონაჟი. სამი ქალი და სამი კაცი. რესპექტაბელური, სოლიდურ კოსტუმებსა და თავისუფალ ჟაკეტებში ჩაცმული კაცები და ხაზგასმით ინდივიდუალური სტილის კაბებიანი ქალები. ისინი ინიღბებიან და თან ზუსტად გამოხატავენ იმ ადამიანების კატეგორიას, პროფესიებსაც კი, რომლებსაც ასახიერებენ და არაერთ ნაცნობ სახეს გვახსენებენ.
ია სუხიტაშვილი, ბაჩო ჩაჩიბაია, დარეჯან ხარშილაძე, მალხაზ ქვრივიშვილი, ლელა ახალაია, ლაშა ჯუხარაშვილი - ქმნიან ამ (თანამედროვე) საზოგადოების ტიპური წარმომადგენლების, განსხვავებული ადამიანების, ურთიერთსაპირისპირო, დაპირისპირებულ ხასიათებსა და ინტერესების მქონე სახეებს. ტიპაჟებს და ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ პორტრეტებს.
ამ საზოგადოებაში ყველა ლამაზია, სანდომიანი, დახვეწილი გარეგნობითა და მანერებით. კულტურული და მომხიბვლელი ადამიანები, რომლების ინტერესები სხვადასხვაა, მაგრამ ერთმანეთზე მყარად გადაჭდობილი. სწორედ მიზნების, ურთიერთობების, კავშირების ყალბი ერთობა არყევს საბოლოოდ მათი არსებობის საფუძველს.
აქ მეორეხარისხოვანი და უმნიშვნელო, არც თავისთავად და არც საერთო პროცესში ჩართულობითა თუ მონაწილეობით, არავინაა. ყველა ინდივიდია, რომლებიც, ამავე დროს, „გაწერილი“ სქემების, ნორმების, კანონების, მიზნების მიხედვით მოქმედებენ. ეგუებიან რეალობას და ერგებიან ცხოვრების დადგენილ წესსა და დინებას. სახასიათო და მძაფრად გამოკვეთილი „როლებით“ ამ აწყობილ და თითქოს დაურღვევ სისტემაში. მათ გარშემო და მათი ცხოვრება ისე მიდის, როგორც „უნდა“ მიდიოდეს, როგორც საჭიროა და დადგენილია. მონოტონურად, ერთფეროვნად. მაგრამ შიგნიდან ყველაფერი უკვე დანგრეულია და რაც ხდება, მხოლოდ რეაქციაა ან ინერციაა, რომელსაც ვარდნა მოჰყვება.
ყველას, მათ შორის, ჰედასაც ის დამღა აზის, რომლისგან გათავისუფლება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ზოგი ეგუება და ჩვეულებრივად თვლის, რაც საზოგადოებამ, წლებია და საუკუნეებია, დააწესა. ჰედასთვის აუტანელი ხდება - კედლები, ოჯახი, არსებული წესები, კანონები, ისეთი „უმტკივნეულოც“ კი, როგორიცაა ფინანსური კეთილდღეობა, კარიერა და სახელის მოხვეჭა. დაპირისპირება არა ცუდისა და კარგის ბანალური ზღვარი, არა შავისა და თეთრის კონტრაპუნქტი და უბრალოება, არამედ, პირადი ინტერესების უპირატესობა და სხვის მიმართ გულგრილობა.
ამ წრეში, წარსულით, აწმყოთი თუ მომავლით დაკავშირებულ ადამიანებში, ყველა მთავარია და ყველას თავისი მნიშვნელობა, დატვირთვა და ფუნქცია აქვს, როგორც ერთმანეთის, ასევე ჰედას ცხოვრებაში, ამბავში, ახალგაზრდა, ყველასგან განსხვავებული და დინების საპირისპიროდ მავალი ქალის გარშემო ვითარდება.
ეს კი იწვევს კონფლიქტს შინაგანსაც, საკუთარ თავთან და ყველა სხვასთან. ყველა ერთის პირისპირ და ერთის წინააღმდეგ. შემდეგ როლები კიდევ ერთხელ გადანაწილდება და სწორედ ეს ერთი იწყებს სასოწარკვეთილ და დამარცხებისთვის განწირულ ბრძოლას. ჰედამ იცის, რა და რატომ არ უნდა. იცის, რომ ფარისევლების „შეთქმულებას“ უნდა დაუპირისპირდეს. მიდის ბედისწერის წინააღმდეგ და ეწინააღმდეგება იმას, რისი შეცვლაც არ შეუძლია. თუმცა დროზეც, საზოგადოებაზეც და საკუთარ თავზეც იმარჯვებს.
ამბობენ, რომ, თუ არა გყავს მსახიობი, რომელსაც ჰედა გაბლერის თამაში შეუძლია, როგორც უნდა გიზიდავდეს პიესა და დადგმა გინდოდეს, ჯობს ეს სახიფათო ნაბიჯი არ გადადგა, ჩიხში რომ არ აღმოჩნდე. რუსთაველის თეატრში არის ასეთი მსახიობი და მისი არსებობა აღმოჩნდა კიდეც თათა პოპიაშვილისთვის სურვილის და თან წარმატებით ასრულების წინაპირობა.
იმასაც ამბობენ, რომ ჰედა გაბლერი არ უნდა იწვევდეს სიმპათიას, თანაგრძნობასა და თანაგანცდას, ბევრი თვისების, საქციელისა თუ ნამოქმედარის გამო. უნდა გაღიზიანებდეს და არ უნდა ემხრობოდე.
ია სუხიტაშვილის ჰედა ახალგაზრდა, ლამაზი, მოხდენილი და მიმზიდველი ქალია. მოვლენები რეალურად მის გარშემო ტრიალებენ. ის, პირველი გამოსვლის შემდეგ სულ სცენაზეა, ეპიცენტრშია, თითქოს ყველაფერს მართავს ან მას მართავენ. მისი გარეგნობა, სოციალური მდგომარეობა, წარმოშობა, თავნებობა ადამიანებში, ერთი მხრივ, რიდსა და აღტაცებას, მეორე მხრივ, მეტოქეობის გრძნობას, წინააღმდეგობისა და მასზე გავლენის მოპოვების სურვილს იწვევს. ხაზგასმული სითამამე და უხეშობა, აგრესია, ქედმაღლობა და ირონია, სინამდვილეში, ნიღაბია, რომელსაც უმწეობისა და დაუცველობისგან თავს აფარებს. ნიღაბი, რომელსაც ია სუხიტაშვილი ნელ-ნელა იხსნის და საბოლოოდ, ჰედას ნამდვილ სახეს, ბუნებას, განცდებს, ვნებებს, სურვილებს, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ამჟღავნებს. წითელი კაბაც მისი გამორჩეულობის, სითამამისა და არაბანალურობის გამომხატველია, ისევე, როგორც ამბის დასასრულის მეტაფორა და წინასწარი, გამაფრთხილებელი ნიშანი.
სიჩუმეს, დილის „სიმშვიდეს“ დასაწყისშივე არღვევს დარეჯან ხარშილაძის, მამიდა იულიანეს ნაადრევი და მოულოდნელი ვიზიტი. პირველი სწორედ ის ხსნის მოქმედებას, სწორედ მისი გამოჩენით იწყება სპექტაკლი და სწორედ ის აძლევს ტონალობას ამბავს, რომელიც ბევრ ხაზს, შტრიხსა და მოვლენას მოიცავს.
იულიანეს მოკრძალებულად უჭირავს თავი, „კულტურულად“, რბილად და შემპარავად მეტყველებს, სპეციფიკური მანერით; უხერხულად და გაუბედავად მოძრაობს, ამავე დროს, უცერემონიოდ იჭრება ტესმანების ახალ ბინაში. ფორიაქობს, ალაგებს, საკუთარ უპირატესობას ამტკიცებს.
„მოდური“ ჩაცმულობა, ჭრელი და ბრჭყვიალა სამოსი, ფსევდომოდური ვარცხნილობა/ქუდი/პარიკი (ჰედასთვის თავის მოსაწონებლად), მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი (რომლებშიც წონასწორობას ძლივს იცავს) და ზომიერებას მოკლებული, ვულგარული მაკიაჟი - ის ვიზუალური ნიშნები თუ ხერხებია, რომლებითაც დარეჯან ხარშილაძე ქმნის თან გულუბრყვილო, თან აბეზარი, თან ზედმეტად აქტიური და თან მფრთხალი შუახნის (ლამაზი) ქალის სახეს, რომელიც ცდილობს, ყველას ასიამოვნოს და კინფლიქტი გაანეიტრალოს და რომელიც ტიპური, საზოგადოების გარკვეული ჯგუფისთვის დამახასიათებელ, ადვილად გამსაზღვრელ ნიშნებსა და თვისებებს ატარებს.
პირველს სწორედ მამიდას შეაქვს დისონანს,ი ამ ერთი შეხედვით მშვიდ, მოწესრიგებულ, გაკრიალებულ და ჰარმონიულ სამყაროში. რომელშიც, როგორც ჩანს, უფრო ზუსტად, გამოჩნდება, რომ ადგილი, პირველ რიგში, ჰედა გაბლერს არ აქვს.
იორგენ ტესმანი - სათვალიანი სიმპათიური ახალგაზრდა, პერსპექტიული მეცნიერი, საქმიანი, შეყვარებული (?) კაცი, რომელსაც აწმყოში ყველაფერი აქვს და უკეთესი მომავლის მოლოდინშია. ბაჩო ჩაჩიბაიას მისი ხასიათის, თვისებების, განწყობის ცვალებადობის (ზოგჯერ სრულიად შეუმჩნეველი) ზუსტი და მოქნილი დეტალები აქვს ნაპოვნი. ისე, რომ, თითქოს არა თუ ხედავ, რას აკეთებს, როგორ მოძრაობს, როგორ, რა ინტონაციით, რაზე დასმული მახვილით წარმოთქვამს ფრაზებსა თუ სიტყვებს, არამედ, ისიც „გესმის“, რაზე ფიქრობს და შინაგანად როგორ ნელ-ნელა იცვლება. ან, შეიძლება, არც იცვლება და რეალურ სახეს, თანდათან ამჟღავნებს. მსახიობი ახერხებს, ბოლომდე არ გაამჟღავნოს მისი ხასიათი და ოსტატურად შენიღბოს. დატოვოს საიდუმლოდ და არ დააკონკრეტოს. სწორედ ამიტომაა, რომ ტესმანის, თითქოს დაბნეული და გულწრფელი ადამიანის ყველა ნაბიჯსა თუ რეპლიკას, ხელოვნურობის, რაღაც ნამდვილის არქონის ელფერი დაჰკრავს.
მალხაზ ქვრივიშვილის მოსამართლე ბრაკიც - გარეგნულად რესპექტაბელური, სიმპათიური, სინამდვილეში კი, ცბიერი, ავანტურისტი სახელმწიფო მოხელეა, რომელიც არც შანტაჟს ერიდება და არც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას. ის სიტყვიდან საქმეზე გადადის, უცბად და არაერთხელ იცვლის იმიჯს, კარგი მოთამაშეა და მოქნილი გონება აქვს. მსახიობი ქმნის, ერთი შეხედვით. საიმედო, სანდო და დადებითი ადამიანის სახეს, რომლის თავდაჭერის, კარგი მანერების, დახვეწილი საუბრისა და თითქოს ლაღი ბუნების მიღმა, საშიში ადამიანი იმალება, რომელიც არა მხოლოდ აშანტაჟებს და აღელვებს ჰედას, არამედ საერთო დაძაბულობასა და შფოთს ბადებს. (კარგია, რომ ეს საინტერესო და თავისთავადი მსახიობი თეატრში დიდი ხნის შემდეგ ამ როლით დაბრუნდა. რაც, ერთი მხრივ, პირადად მისთვის, მის ბიოგრაფიაშია კარგი ფაქტი და მეორე მხრივ, სპექტაკლისთვის).
ლაშა ჯუხარაშვილის ეილერტ ლევბორგი საკუთარი თავის, საკუთარი შეცდომებისა და გარემოებების კიდევ ერთი მიზეზი და თან მსხვერპლია. მამაკაცური ენერგეტიკითა და სახასიათო, დასამახსოვრებელი, მკვეთრი და მეტყველი ნაკვთებით, მოძრაობით, პლასტიკით, შინაგანი ძალითა და მიმზიდველობით გამორჩეული. რომელიც ადვილად ხიბლავს ქალებს. ის ხელმოცარული, ნიადაგს მოწყვეტილი, ნიჭიერი ადამიანია, რომლის უსუსურობა და მერყეობა ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში გადატანილი ტრავმების კვალს ატარებს. ხან უხეში, დაუნდობელი და ცინიკურია, ხან ლმობიერი, რბილი და გულახდილი. მსახიობი მსუბუქად, თავისუფლად, ლაღად გადადის ერთი მდგომარეობიდან მეორეში (ერთადერთხელ, თეასთან კონფლიქტის დროს, კარგავს მოჩვენებით სიმშვიდესა და წონასწორობას). ისიც მოთამაშეა, რაც ბიძგს აძლევს მოვლენების შემობრუნებასა და შემდგომ საბედისწერო განვითარებას.
ლელა ახალაიას თეა ელვსტედი - ჰედასა და ლევბორგის მეგობარი - ანგელოზისებრი გარეგნობით, სინაზით, რბილი და დამყოლი ხასიათით გამოირჩევა. ძველმოდური თეთრი მაქმანის საყელოიანი კაბა, მამიდას მსგავსი კულულები, მოკრძალებული, თავდაჭერილი, დახვეწილი და თითქოს უსუსური მოძრაობის, ჯდომისა და საუბრის მანერა, მის კდემამოსილებას უსვამენ ხაზს, თუმცა, იმის სრულიად საპირისპირო თვისებებს, რაც სინამდვილეში ახასიათებს ამ ახალგაზრდა მიზანდასახულ და ყველაფერზე წამსვლელ ქალს. ის „როლიდან“ არასდროს გაამოდის, არადროს იცვლის იმიჯს და არასდროს კარგავს წონასწორობას.. ფრთხილად და შემპარავად მოქმედებს, ზუსტად დასახული გეგმის მიხედვით და აღწევს კიდეც მიზანს.
თათა პოპიაშვილის ჩანაფიქრითა და დადგმის ხასიათიდან გამომდინარე, მსახიობები კონფლიქტურ სიტუაციებში, უკიდურეს ფსიქოლოგიურ „ვარდნებში“ და მუდმივად დაძაბულობის (მსუბუქი ფლირტის სცენებშიც კი) მდგომარეობაშიც კი, გარეგნულად არასდროს გადადიან ზღვარს. ვნებები მათ შინაგან სამყაროში ტრიალებენ, ისინი ყოველთვის იცავენ და ინარჩუნებენ სენტიმენტების, ემოციების ზომიერებასა და ზომიერების საშუალო ხარისხს.
ყველაფერი ერთ დღე-ღამეში ხდება, დილიდან დილამდე, სპექტაკლის მსვლელობის საათ ნახევრის განმავლობაში, რომელიც ცხოვრების მხოლოდ 24 საათს იტევს. ამ 24 საათში იწყება, იცვლება, გარდაისახება, იშლება, გადანაცვლდება თითოეული პერსონაჟის ბედი და ყველაფერი სრულდება.
„ნუ ხმაურობ, ჰედა“, - გასძახებს, თეასთან ერთად საქმით გართული იორგენი კედლის მიღმა მყოფ ცოლს და ეს, უხეშად, მოწყვეტით და სრულიად უგულოდ წარმოთქმული ბოლო რეპლიკა (რომელიც ტესმანის სრულიად ახალ, თუ ჭეშმარიტ სახეს ამზეურებს) ბევრად უფრო მჭახედ გაისმის, ვიდრე თვითონ გასროლა, რითაც ჰედა გაბლერი ინიციატივას იღებს ხელში და მთავარ, ფინალურ აქტს აღასრულებს.
„ჰედა გაბლერის“ დაწერიდან 130 წელი გავიდა. საუკუნეც უკვე მეორედ შეიცვალა. თითქოს სხვა დრო და სხვა ცხოვრება მოვიდა, სინამდვილეში, საზოგადოება XXI საუკუნეშიც ისეთივეა, როგორიც იყო და როგორი პრობლემებიც ჰქონდა, დღესაც იგივე აქვს.
ამიტომაც აღმოჩნდა ჰენრიკ იბსენის ეს უბერებელი პიესა თათა პოპიაშვილისთვის საინტერესო და ყურადსაღები მასალა და მიმზიდველი დღევანდელი მაყურებლისთვის. რეჟისორის პოზიციასა და სათქმელში ირეკლება თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნილებები, მისწრაფებები, თვისებები და მიზეზები, რომლებიც, დროის გასვლასთან ერთად უფრო გაღრმავდა და გართულდა, რაც ჰედა გაბლერის ხმაურსა და ამბოხს იწვევს.
თათა პოპიაშვილის „ჰედა გაბლერი“ ურთიერთობებზეა, მარტოობაზე, სიყვარულზე, უსიყვარულობაზე, სიყვარულის ძალაზე და უძლურებაზე, დარღვეულ კავშირებზე, განშორებაზე, იმპულსებზე, რომლებიც გვმართავენ და კარგად დაგეგმილ ავანტურაზე, სანუკვარ თუ „ჩვეულებრივ“, „ბანალურ“ ოცნებასა თუ სურვილებზე და ასეთივე მიზნებზე. და საპირისპიროდ, ჰედა გაბლერის, ასევე „ბანალურ“ და უძველეს ადამიანურ სწრაფვასა და აუხდენელ ოცნებაზე - უყვარდეს და უყვარდეთ, იყოს თავისუფალი და არ იყოს მარტო, იყოს სხვაგან და არა იქ, სადაც სიცივე და სიცარიელეა. ბედნიერების ამაო ძიებასა და პიროვნულ სითამამეზე.
„ჰედა გაბლერის“ ჩვენებები რუსთაველის თეატრში თითქმის ერთი სეზონი გრძელდება (სპექტაკლი უკვე ტრაბზონის ფესტივალშიც მონაწილეობდა და წარმატებითაც) და რაც დრო გადის, არათუ „ძველდება“ და „იშლება“, არამედ, მეტ ძალასა და ენერგიას იკრებს, ახალ-ახალ სიღრმეებს იძენს, სარეჟისორო გადაწყვეტის საფუძველზე, მსახიობების ნამუშევრის დახვეწისა და პერსონაჟებში ახალი თვისებების, ხასიათების ახალი ნიუანსების აღმოჩენის, ახალი შინაგანი კონტაქტების გაბმისა და გამტკიცების წყალობით.
ფოტოები ავტორი - თინა ყაზახიშვილი