top of page

ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

577063620_1236243871859270_4223968242509572781_n.jpg

25.11.2025

ლაშა ჩხარტიშვილი

ნუ იტყვით ვაჟკაცის აუგს!

 

ვაჟა-ფშაველას პოემას „ალუდა ქეთელაური“, განსხვავებით დიდი პოეტის სხვა ნაწარმოებებისგან, ნაკლებად სწყალობს ქართული თეატრი. ამ მოვლენასაც აქვს თავისი ახსნა. პოემა სცენისთვის არ არის განკუთვნილი და ეს ფაქტორიც კი მნიშვნელოვანი ბარიერია, ისე როგორც პოემაში მინიმუმამდე დაყვანილი დიალოგები. სწორედ ეს სირთულე აფრთხობს რეჟისორებს და არა პოემაში წამოჭრილი პრობლემები, რომელიც საუკუნე ნახევრის შემდეგაც არ კარგავს აქტუალობას.

 

ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ დღესაც იმავე სიმწვავით აყენებს პრობლემებს, რომლებიც თანამედროვე საზოგადოებისთვის ცვლილებების მიუხედავად, კვლავ აქტუალურია. პოემაში დასმული პრობლემები  - არა ჰუმანისტური ტრადიცია, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ღირსების შელახვა, ბრბოს ფენომენი - სწორედ ის საკითხებია, რომელზედაც შენდება კონფლიქტი ნაწარმოებში. სპექტაკლი „ალუდა“ თანამედროვე რეჟისორის ხელში გადაიქცა არა მხოლოდ კლასიკური ტექსტის ახლებურ სცენურ ინტერპრეტაციად, არამედ მსჯელობის ობიექტად იმ საკითხებზე, რომლებიც კვლავ განსაზღვრავს ჩვენს საზოგადოებრივ ყოფას.

 

„ალუდა ქეთელაურს“ ახალი სცენურ სიცოცხლე თელავის თეატრმა ნანუკა ხუსკივაძის დადგმით შესძინა. თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში, სამხატვრო ხელმძღვანელის რანგში მისული ცნობილი მსახიობისა და რეჟისორისთვის, ლოგიკური იყო ახალი სეზონის გახსნა სწორედ ვაჟა- ფშაველას ნაწარმოებით. მეტ ადრე, ნანუკა ხუსკივაძე კარგად იცნობს თელავის თეატრის დასს, მათ შესაძლებლობებსა და მისწრაფებებსაც კი, რადგან მას არაერთხელ უმუშავია თელავის თეატრში, როგორც მიწვეულ რეჟისორს პაატა გულიაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში. შესაბამისად, ნანუკა ხუსკივაძემ კარგად იცის თელავის თეატრის ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც სპექტაკლში „ალუდა“ გამოვლინდა.

 

ნანუკა ხუსკივაძის დადგმაში თვალშისაცემია რამდენიმე თემატური ხაზი: ინდივიდისა და ჯგუფის (გარკვეული საზოგადოების) ურთიერთობა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, სამართლიანობისა და ღირსების საზღვრები. სწორედ ამ რაკურსით წარმოაჩენს რეჟისორი პრობლემებს და ძალაუნებურად მაყურებელი გონებაში ავლებს პარალელს დღევანდელობასთან, ყოველდღიურობასთან და რწმუნდები: 

 

·      რომ დღესაც ჭირს განსხვავებული მოსაზრების გაზიარება;

 

·      რომ დღესაც არსებობს ადამიანთა ჯგუფ(ებ)ი, რომელიც ბრმად ენდობა თავის ლიდერს და იქცევა ბრბოდ და არა საზოგადოებად;

 

·      რომ ღირსებაშელახული ადამიანი იქცევა აგრესორად;

 

·      რომ ზოგიერთი ტრადიცია დაცლილია ჰუმანიზმისგან...

 

 

ნანუკა ხუსკივაძის სპექტაკლი სტილისტური თვალსაზრისით რობერტ სტურუას სათეატრო ენაზე დაფუძნებულ სპექტაკლებს მოგაგონებთ, ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან იგი ათწლეულობის განმავლობაში იყო (და დღესაც რჩება) რობერტ სტურუას თეატრის ნაწილი. ეს  „გავლენა“ იგრძნობა სცენოგრაფიაში, ქორეოგრაფიულ პარტიტურაში, მუსიკალურ აქცენტებში, მსახიობ-პერსონაჟთა სპეციფიკურ მეტყველებაში. სპექტაკლი იწყება ორიგინალური და მისტიკური რიტუალის მსგავსი ქორეოგრაფიული ჩანახატით (ქორეოგრაფი მურო გაგოშიძე) - წრეზე სინქრონულად მოძრავი შავი ფიგურები, რომლებიც დრო და დრო ეცემიან. ამ პლასტიკაში გადაწყვეტილი მეტაფორის არსი საფინალო ეპიზოდში იხსნება, რომელიც აღიქმება როგორც ეპილოგი, ერთგვარი რეზიუმე - რომ კაცობრიობა საუკუნეთა განმავლობაში მუდმივად ერთ წრეზე ტრიალებს, რომ ცხოვრება გარკვეული მარათონია, რომელშიც საბოლოოდ ძლიერიც კი ძირს ეცემა და კვდება, რომ არაფრად ღირს ერთი ადამიანის სიკვდილი და გაუბედურება, რადგან ყველანი „სიკვდილის შვილები ვართ“, განურჩევლად სტატუსისა და ღირსების კოეფიციენტისა.

 

მხატვარმა ქეთი ნარეკლიშვილმა, რეჟისორთან ერთად, გაშლილი სივრცე შექმნა, მსახიობები ამ სივრცეში ლაღად მოძრაობენ (აღსანიშნავია, რომ მათი ექსცენტრული მოძრაობა ამ დადგმაში ლოგიკურია და თავსებადი შინაარსთან, სპექტაკლის კონცეფციასთან), სცენის სიღრმეში კოშკურა დგას, რომელიც არ არის სტატიკური და სიტუაციის შესაბამისად იცვლის ადგილსა და ფუნქციას. სცენაზე მრავალფუნქციური თეთრი წრიული დაზგა დგას, რომელზედაც თემია (საზოგადოება) განლაგებული, ისინი ძირითადად ჯგუფურად გადაადგილდებიან. პერსონაჟთა სრულ უმრავლესობას შავი თანამედროვე კოსტიუმები აცვიათ, ეთნოგრაფიული სამოსის დეტალებით შემკულ-გაფორმებული. ნატალია თოთიბაძის მუსიკა თანამედროვე ელემენტებითა და „ხმაურებით“ გაჯერებული მეტ მისტიკას და დრამატიზმს ანიჭებს სპექტაკლს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პროლოგსა და ეპილოგში გაჟღერებული ხმები, რომელიც ჯოჯოხეთის ხმებს წააგავს, სულების ხროტინს...

 

სპექტაკლში საზოგადოება ქცეულია ბრბოდ, რომელიც ბრმად ლიდერის მითითებებზეა დამოკიდებული, ამიტომაც, ის სასტიკია და დაუნდობელი. მათთვის არ არსებობს თანასოფლელი, ბავშვობის მეგობარი, უბრალოდ ღირსეული თანამოქალაქე, მათთვის არსებობს ლიდერის ნარატივი და ტრადიციის ბრმად დაცვა. ამ საზოგადოებაში ალუდას ოჯახის წევრების გარდა, აღმოჩნდება ერთი ადამიანი - მინდია (ასრულებს ლევან გაბრავა), რომელიც წინ აღუდგება უსამართლობას და სოლიდარობას უცხადებს ალუდას, თუმცა უშედეგოდ. მის პროტესტს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ბერდიას (ოთარ აშკარელი) გადაწყვეტილებაზე, რომელსაც ზურგს უმაგრებს თემი. 

 

 

დიდი ინტერესით იცქირება ეპიზოდი, როცა ალუდა (გიორგი ტაბიძე) გულახდილად უყვება თემს მუცალთან (ბუკა ღლონტი) შეხვედრის ამბავს, რომელიც ირიბ დაპირისპირებაში გადადის, როცა ცნობისმოყვარე თემი მეტი ინფორმაციის მისაღებად სკამებზე „მიჯაჭვული“ ახლოს მიიწევს ალუდასკენ. არანაკლებ ყურადღებით იცქირება სცენები ქათქათა ლეკვი ალუდას მონაწილეობით, რომელიც უნებლიეთ თუ გაწვრთნის წყალობით, სრულად ადეკვატურად იქცევა სცენაზე. რეჟისორული თვალსაზრისით, საინტერესოა ალუდას თემიდან მოკვეთის და მისი სახლთან გამოთხოვების სცენა და ალუდასა და მისი შვილის ერთგვარი გასხივოსნება, როგორც მორალურად გამარჯვებულის ხატი.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ: გიორგი ტაბატაძე (ალუდა), ბუკა ღლონტი (მუცალი), ოთარ აშკარელი (ბერდია), ლევან გაბრავა (მინდია), მანანა აბრამიშვილი (ალუდას დედა), ანი ამინაშვილი (ალუდას ცოლი), თეკლა სულქაველიძე (შუქია), ლექსო ცინკვერაშვილი-რაზმაძე (უშიშა), ლაშა ქიფლაშვილი (მაცნე), ასევე: ნინი დვალიშვილი, მარიამ მაისურაძე, გიორგი გელაშვილი, დათა ხუნაშვილი, ბექა პაპუნაშვილი. ამ სიიდანაც კარგად ჩანს, რომ თელავის თეატრის აფიშაზე გამოჩნდნენ ახალი მსახიობები. ამ ისტორიული თეატრის ცხოვრებაში დასის განახლება-შევსება ახალგაზრდა პროფესიონალი მსახიობებით უმნიშვნელოვანესი და გადაუდებელი აუცილებლობა იყო. თუმცა მათ, ბევრი შრომა მოუწევთ (პირველ ყოვლისა საკუთარ თავზე) იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი არიან თელავის თეატრის ახალი ენერგია და ძალა, რომელსაც ძალუძს ახალ რეპერტუარში კონკურენტუნარიანი სივრცის შექმნა.

bottom of page