ნუ გააღვიძებ ბოროტებას
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის
სამინისტროს მიერ.
ლაშა ჩხარტიშვილი
ნუ გააღვიძებ ბოროტებას
„წარსული - მკვიდრი საძირკველია აწმყოსი,
როგორც აწმყო - მომავლისა“
ილია ჭავჭავაძე
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის ახალმა სამხატვრო ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქანთარიამ როცა დააანონსა, რომ აპირებდა სპექტაკლის დადგმას სტალინის შესახებ, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, რაც ბუნებრივია, ვინაიდან უახლესი ისტორიის ყველაზე დიდ ტირანზე და დიქტატორზე საზოგადოებაშიც არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს. არიან ანტაგონისტურად განწყობილები (რაც ბუნებრივია) და მისი მეხოტბეები. ჯერ არ დადგმულ სპექტაკლზე, აზრის გამოთქმა კი სრულიად მიუღებლად მიმაჩნდა, რადგან არ იყო ცნობილი როგორ და რა რაკურსით გვიჩვენებდა რეჟისორი სტალინის პორტრეტს.
არც ის მიმაჩნია სწორად, რომ ისტორია და მისი მწარე გამოცდილება დავივიწყოთ, აქაოდა თითქოს არაფერი მომხდარა, პირიქით, მგონია, რომ ისტორიას და დაშვებულ შეცდომებს თვალი უნდა გავუსწოროთ და რაც შეიძლება ღრმად ვიკვლიოთ, რომ მომავალშიც არ დავუშვათ იგივე შეცდომები. ასევე მგონია, რომ ისტორიის სასირცხვილო ეპიზოდების ცოდნა და გაანალიზება, ერთგვარი პრევენციაა მომავალში საფრთხეების ასარიდებლად, თუმცა მგონია, რომ საზოგადოება არ იცვლება, რადგან ადამიანი ისევ ისეთი სასტიკი და ამავდროულად მიამიტი, მოტყუებული რჩება, როგორც ადრე. კაცობრიობა ისტორიის გაკვეთილებზე ვერაფერს სწავლობს და არც მაქვს იმედი, რომ წარსულის გააზრების და გადაფასების შემთხვევაშიც კი, ოდესმე იგივე შარში (ხათაბალაში) არ გაეხვევა.
მაშინ რა არის პოლიტიკაში მოღვაწეობის საკმაოდ დიდი გამოცდილების მქონე რეჟისორის - ალექსანდრე ქანთარიას მიზანი სპექტაკლის „1902 წელს ბათომში“ დადგმით? ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში რეჟისორმა განაცხადა: „დიქტატორი სამშობიაროში არ იბადება, დიქტატორს ქმნის გარემო“. ბათუმელთა სპექტაკლის ადრესატიც სწორედ საზოგადოებაა, რომელიც მუდმივად ფხიზლად უნდა იყოს და გარკვეული პასუხისმგებლობაც აიღოს საკუთარ თავზე.
ბათუმის თეატრის სპექტაკლი არ მოგვითხრობს დიქტატორზე, ტირანზე, მონსტრზე. პირიქით, ის გვიხატავს ახალგაზრდა, ენერგიულ და ჭკვიან ლიდერს, რომელიც მოხერხებულობით, გამჭრიახობით, მაცდური მომხიბვლელობითა და ქარიზმატულობით გამოირჩევა. ალექსანდრე ქანთარიას სპექტაკლში მომავალი ტირანის მხატვრულ პორტრეტში მხოლოდ რამდენიმე საშიში, საგანგაშო და საყურადღებო შტრიხი იკვეთება...
მიხაილ ბულგაკოვის „ბათუმი“, რომელიც ახალგაზრდა სტალინის რევოლუციონერობის პერიოდის თავგადასავლებს აღწერს, მხოლოდ ერთხელ, 1992 წელს დაიდგა მოსკოვის სამხატვრო თეატრში და მალევე მოიხსნა რეპერტუარიდან სამხატვრო საბჭოს გადაწყვეტილებით. ქართულ თეატრში კი ყველასგან მივიწყებული პიესა 2023 წელს, ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე, ალექსანდრე ქანთარიას რეჟისორობით განხორციელდა. სპექტაკლი უკვე ნახა დედაქალაქის მაყურებელმაც რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე, რომლის შემდეგაც საგასტროლო ტური გორში, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში გორელ მაყურებელთან შეხვედრით დასრულდება.
მოქმედება სპექტაკლში ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარეობს. წარმოდგენა გვიხატავს რევოლუციურად განწყობილ ქვეყანას, რომელიც შფოთმა, არეულობამ და ქაოსმა მოიცვა, რომლის ავტორიც იოსებ ჯუღაშვილია. ის კულისებიდან მართავს პროცესს, ჯერ ხანძარს აჩენს და შემდეგ მის ჩასაქრობად მიდის.
რეჟისორი, სპექტაკლის მთავარი გმირის პორტრეტის ხატვისას, მაქსიმალურად ცდილობს დაიცვას ბალანსი. გვიჩვენოს ერთი მხრივ, ცხოვრებაზე გაბოროტებული, ამბიციებით შეპყრობილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომელიც მიზნად ისახავს ხელისუფლების ხელში ჩაგდებას გვამებზე გადაბიჯების გზით, ხოლო მეორე მხრივ, გვიჩვენებს ქარიზმატულ ლიდერს, რომელსაც სოციალური უთანასწორობის აღმოსაფხვრელად დიდი მიზნები და გეგმები გააჩნია. ის აღწევს მიზანს, ვინაიდან მას სხვათა დარწმუნების დიდი ძალა და სწორი ინტუიცია აქვს.
იოსებ ჯუღაშვილის როლს საინტერესოდ ასრულებს ბათუმის თეატრის მსახიობი - დავით ჯაყელი. მსახიობი ქმნის მისტიკური და წინააღმდეგობებით სავსე, მტკიცე ხასიათის ლიდერის მხატვრულ სახეს. დავით ჯაყელის მეტყველი თვალები, მის პერსონაჟს კიდევ უფრო მეტ მისტიკურობას და იდუმალებას სძენს. იგი გვიხატავს ქარიზმატულ, ენერგიით სავსე, მიზანდასახულ, ინტუიციის განსაკუთრებული უნარით გამორჩეულ, ძლიერ და გონიერ, ფრთხილ და წინდახედულ, დინჯ და ზოგჯერ ფიცხ ახალგაზრდა კაცს. მსახიობი ოსტატურად ახერხებს დახატოს იოსებ ჯუღაშვილის წინააღმდეგობრივი ხასიათი, რაც მის კონტრასტულ ქმედებებში გამოიხატება. ვფიქრობ, დავით ჯაყელმა თავის შემოქმედებით ბიოგრაფიაში ერთ-ერთი წარმატებული მხატვრული სახე იოსებ ჯუღაშვილის როლის შესრულებით ჩაიწერა.
ალექსანდრე ქანთარიას წარმოდგენაში არაერთ სახასიათო ტიპაჟს ვხვდებით. მაკა შალიკაშვილი მკითხავი ბოშა ქალია, რომელიც ერთდროულად სოსო ჯუღაშვილის ბედისწერად და მთხრობლადაც გვევლინება. ქუთაისის გუბერნატორს სახასიათო პერსონაჟად წარმოგვიდგენს მსახიობი ავთანდილ ქარჩავა, ისე როგორც თამარ მაყაშვილი ელვასის. ცალკე აღნიშვნის ღირსია დიმიტრი მელიას მიერ შექმნილი ქარხნის მმართველი ვაინშენდის მხატვრული სახე. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს სულ ორი ეპიზოდი აქვს, ის ახერხებს მაყურებელს დაამახსოვროს თავი და წარმოგვიჩინოს ტიპური ევროპელი წუწურაქი ბიზნესმენის ტიპაჟი. არანაკლებ საინტერესო პერსონაჟს ქმნის მამუკა მანჯგალაძე პოლკოვნიკი ანთაძის სახით, ისე როგორც გიორგი ყურავა პორფირს. სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ მსახიობები: კახა კობალაძე (სილიბისტრო), თამარ ბოლქვაძე (ნატო), მიხეილ ღომიძე (ადიუტანტი), თორნიკე ბარამიძე (სემინარიელი), გოგიტა მეგრელიძე (სასულიერო სემინარიის ინსპექტორი), ზაზა ზოიძე (კოტე კანდელაკი), ლაშა კონცელიძე (თეოფილე), მასიურ სცენებში მონაწილეობენ: ნინო კვიტაიშვილი, რამაზ ღორჯომელაძე, ზურაბ გორგილაძე, ჯუმბერ კახიძე. მსახიობთა შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი ხარვეზი სასცენო მეტყველება და დაბალი ხმის ტემბრი იყო. რამდენიმე ეპიზოდი, მათ შორის, ავანსცენაზე ისე გათამაშდა, რომ პარტერში მაყურებელს არ ესმოდა მსახიობის წარმოთქმული არცერთი ფრაზა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პარალელურად ჟღერდა მუსიკა ან ე.წ. „ხმაურები“.
სპექტაკლში დეკორაცია ერთდროულად მასშტაბურია და თან მინიმალისტური (მხატვარი გოგლა გოგიბერიძე). სცენის ცენტრში დიდი რკინის ჭიშკარი დგას, ხოლო ფონზე აივნებია განლაგებული და შუქურა მოჩანს. პერსონაჟთა ჩაცმულობა ეპოქის შესაბამისია და ავთენტური. სცენის უკანა ფონზე რამდენჯერმე გაიელვებს შავ-თეთრი დოკუმენტური კადრები ეკრანზე, რომელიც სტალინის ცხოვრების ეპიზოდებს ასახავს, თუმცა მას ჭიშკარი ეფარება და მისი აღქმა მაყურებლისთვის ბუნდოვანია, ისე როგორც ამ კადრების ჩვენების მიზანი, რომელიც (ჩემი აზრით) არაფერს სძენს წარმოდგენას. სპექტაკლისთვის საგანგებოდ შექმნა მუსიკალური თემები და ხმაურები კომპოზიტორმა ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ხოლო სასცენო მოძრაობაზე იმუშავა კოტე ფურცელაძემ.
და მაინც: რა ამახსოვრდება მაყურებელს შემდგომში ჩამოყალიბებული ტირანის ახალგაზრდობიდან? ის არის მოძალადე (სემინარიელის ცემის ფაქტი), თავაზიანი (როგორადაც იქცევა სილიბისტროს სახლში), მტკიცე და დაუნდობელი (პოლკოვნიკ ანთაძის მიერ სოსოს აყვანის ეპიზოდი) და დავით ჯაყელის მიერ დასამახსოვრებლად წარმოთქმული ფრაზები: „სისხლი დაიღვაროს, სისხლის გარეშე არაფერი გამოვა“, „საქმეა მთავარი და არა მსხვერპლი“. ციმბირში გადასახლებიდან სოსო ჯუღაშვილი რევანშისთვის ბრუნდება, მას ძალა გამოცლილი აქვს და მის აღსადგენად იქვე იძინებს. ამ დროს ჩნდება მისი ერთგვარი ბედისწერა, ბოშა ქალი, რომელიც მეტაფორულ ფრაზას წარმოთქვამს: ჩუმად, არ გააღვიძოთ! ასეთი ფინალით რეჟისორი მაყურებელს ასოციაციურად ფიქრს აიძულებს და მის გაღვიძებაზე პასუხისმგებლობას საზოგადოებას აკისრებს.