top of page

ნუ დავთმობთ თავისუფლებას!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

348372972_941864793603219_4652420302543476409_n.jpg

ლელა ოჩიაური

ნუ დავთმობთ თავისუფლებას!

საოპერო ხელოვნების ყველაზე არმცოდნე ადამიანებმაც კი იციან ზაქარია ფალიაშვილის სახელი და მისი ორი ოპერის - „აბესალომ და ეთერისა“ და „დაისის“ შესახებ. უმეტესობამ ისიც იცის, რომ ბევრი ათეული წლის განმავლობაში,  თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ყოველი სეზონი „აბესალომ და ეთერით“ იხსნებოდა და „დაისით“ იხურებოდა და რომ ისინი ეროვნული კულტურის სიამაყე და საგანძურია.

„აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“, ფაქტობრივად, სულ იყო რეპერტუარში და პირველი დადგმების დღიდან, მათში თითქმის ყველა თაობის მომღერალი მონაწილეობდა, „ტრადიციულ“ თუ ახალ, სხვადასხვა დირიჟორის  მუსიკალურ, სარეჟისორო და სცენოგრაფიული გადაწყვეტის ვერსიებში.

2016 წელს, ახალი „აბესალომ და ეთერი“ რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ, დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა და სცენოგრაფმა გოგი ალექსი-მესხიშვილმა წარმოადგინეს, რომლითაც გაიხსნა ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგარემონტებული შენობა. და აი, „დაისის“ (ვალერიან გუნიას სიუჟეტსა და ლიბრეტოზე) ჯერიც მოვიდა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, თბილისში არ შესრულებულა და რომლის დადგმისთვის, ოპერაში, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ,  ტენორ ბადრი მაისურაძის განზრახვით, დიდი ხანი ემზადებოდა.

„დაისის“ ახალი პრემიერა მისი  პირველი პრემიერიდან (1923 წლის 19 დეკემბერი) 100 წლის შემდეგ,  29 აპრილს გაიმართა და საზოგადოების მოლოდინმაც (რაც ყოველთვის ახლავს ქართული ოპერების ახალ დადგმებს) გაამართლა.

ახალი „დაისის“ (მესამე ვერსია) დამდგმელი დირიჟორია რევაზ ტაკიძე; დირიჟორი - მალხაზ კობახიძე; მთავარი ქორმაისტერი - ავთანდილ ჩხენკელი; დამდგმელი რეჟისორი - გოჩა კაპანაძე; დამდგმელი სცენოგრაფი, კოსტუმებისა და განათების მხატვარი - გიორგი ალექსი-მესხიშვილი; ცეკვების „ქართული“ და „მთიულური“ კოსტუმების მხატვრები - გიორგი ალექსი-მესხიშვილი და ნინო სუხიშვილი; დამდგმელი ქორეოგრაფი - ილიკო სუხიშვილი (უმცროსი); ვიდეოპროექცია - დავით მაჭავარიანი; რეჟისორის ასისტენტები - ზაზა აღლაძე, ქეთევან-ხათუნა ბედელაძე, ლელა გვარიშვილი, თამარ გურგენიძე; სცენოგრაფის ასისტენტები - ეკატერინე გელაშვილი, აჩიკო შამახია, გიორგი გორგიაშვილი; სადადგმო სამსახურის უფროსი და მთავარი გამნათებელი ამირან ანანიაშვილი; მხატვარი-მოდელიორი - თამარ ჩარგეიშვილი; სცენის მთავარი მემანქანე - გია გელაძე; სპექტაკლის წამყვანი რეჟისორი - მარინა ბურჭულაძე.

სპექტაკლში სოლისტების რამდენიმე შემადგენლობა მონაწილეობს, სხვადასხვა თაობისა და გამოცდილების მომღერლები, ვარსკვლავები და ახალგაზრდები - თბილისისა და მსოფლიოს საოპერო თეატრების სოლისტები, რომელთაგან ზოგს არაერთხელ უმღერია „დაისში“ და ზოგმა პირველად შეასრულა ესა თუ ის წამყვანი პარტია - მალხაზი (ტენორი - თემურ გუგუშვილი, არმაზ დარაშვილი,  ალექსანდრე თიბელიშვილი, გიორგი სტურუა, ზურაბ იაშვილი), კიაზო (ბარიტონი - ელდარ გეწაძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, მამუკა ლომიძე, გიორგი ლომისელი, ლევან ტაბატაძე, ალუდა თოდუა, გიორგი მჭედლიშვილი, სულხან გველესიანი), მარო (სოპრანო - ლიანა კალმახელიძე, მარიანა ბერიძე, მარიკა მაჩიტიძე, ნათია სტეფანიშვილი, სოფიო გორდელაძე, მარია კუბლაშვილი, ნათია ბეჟაშვილი), ნანო (მეცო სოპრანო - ირინა ალექსიძე, ელენე ჯანჯალია, ირინა შერაზადიშვილი, მარიამ ბარათაშვილი), ცანგალა (ბანი - გია ასათიანი, გოჩა დათუსანი, კახაბერ თეთვაძე, გიორგი ჭელიძე, გივი გიგინეიშვილი, ლევან მაკარიძე, გიორგი გოდერძიშვილი), ტიტო (ტენორი - თამაზ საგინაძე, ფილიპე ღაჭავა) და გიორგი ბეროშვილი - რომლისთვისაც ტიტოს პარტია წარმატებული დებიუტია. ოპერის ორკესტრი და გუნდი და „სუხიშვილები“ (რომლებიც „დაისთან“ ისტორიულადაც არიან დაკავშირებული და რომლებიც განუმეორებელ ბრწყინვალებას მატებდნენ და მატებენ „დაისის“ არსებობას), რომლების ერთობა და თანამოაზრეობა ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ბრწყინვალებას მთელი სისავსითა და სრულფასოვნად წარმოადგენს, რასაც სადადგმო ჯგუფის ზუსტად მოძებნილი, გამოკვეთილი მუსიკალურ-დრამატული ხაზები, აქცენტები, ქვეტექსტები და მხატვრული გადაწყვეტის ხარისხი განსაზღვრავს.

გოჩა კაპანაძემ „დაისს“ ახლებური და არასტერეოტიპული გადაწყვეტა მოუძებნა, შექმნა ტრადიციაზე დაყრდნობილი და თანამედროვე  ხერხებითა და მიდგომით აწყობილი სპექტაკლი (რაც პირდაპირ პასუხობს თავად ოპერის ხასიათსა და ბუნებას) და ბუნებრივად დაუქვემდებარა რევაზ ტაკიძის მუსიკალური გადაწყვეტის ვერსიასა და საოპერო სპექტაკლის ასევე ბუნებრივ და აუცილებელ კანონებს, სისტემასა და ამავე დროს, ნაწარმოების იდეასა და ისტორიულ-თანადროულ კონტექსტს.

სიმბოლიკა, რომელიც ოპერის სახელწოდებაშივეა ჩადებული და საფუძველიდანვე ქმნის ამბისა და პრობლემების მეტაფორულობას, მუსიკალური რიგისა და ცალკეული ელემენტების მოცულობითი, სიღრმისეული და მრავალგანზომილებიანი ალეგორიული ჟღერადობა, ამბისა და სიუჟეტის, ერთი მხრივ, რეალობა და მეორე მხრივ, ლეგენდის, გამონაგონის, წარმოსახვითი მხატვრული სივრცის მაგია, რომელიც გოჩა კაპანაძის მიერ „შეთხზული“, თეთრსამოსიანი, თეთრმოსასხამიანი, თეთრლეჩაქიანი ქალის - ბედისწერის, საფრთხის მაუწყებელი და „უხილავი“, არამატერიალური, არამიწიერი  ფიგურის (ლიკა გუგეშაშვილი, თეა კოპალეიშვილი) დროდადრო გამოჩენითაც იტვირთება; რეჟისორსა და სცენოგრაფს გარემოს, სივრცის, მოვლენათა რიგის მეტაფორებითა და სიმბოლოთა ჯაჭვით გადაწყვეტის, აგების, გააზრების ხელსაყრელ პირობას უქმნის.

გოგი ალექსი-მესხიშვილის დეკორაცია  „ტრადიციული“ დეკორაციის სიმძიმისა და სივრცის შეზღუდულობისგან სრულიად თავისუფალია. მოძრავი და ცვალებადი სტილიზებული, აბსტრაგირებული „კედლები“, ფსევდოეროვნული სახეებისა და ფორმების გარეშე (რაც ბუტაფორიულობას ანიჭებს ხოლმე სცენას და რასაც ხშირად მიმართავდნენ ეროვნული კულტურის ნაწარმოებების შექმნისას) და ქართული ხელოვნების ნამდვილი ტრადიციების დიდებულების ინდივიდუალური გააზრებით; მზის დისკოში მოქცეული სიცოცხლის, უკვდავების ხის ფერადოვანი გამოსახულება სიღრმეში, ციხის კედლებისა თუ ბანიანი სახლების ლაკონური სიბრტყეების „მონახაზები“, მხატვრული განათების, ვიდეოპროექციის ესთეტიკა და ჰარმონია ქმნიან მისტიკურ და ზღაპრულ გარემოს, რაც გოჩა კაპანაძის რეჟისურის საერთო კონცეფციას, ფანტასმაგორიულ ატმოსფეროს ავსებს და ამდიდრებს.

ამასთან, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის მელოდიურობა, კონტრასტულობა, მთლიანი დრამატურგია და ცალკეული ნაწილების დინამიკა, სხვადასხვაგვარობა, მრავალფეროვნება, მრავალშრიანობა, სიმდიდრე, ლიბრეტოს - ტექსტების ღრმააზროვნება და ქართული პოეზიის სინთეზი; სოლო პარტიები, დუეტები თუ სხვა  ვოკალური ნომრები, გუნდები, ქორეოგრაფიული/მასობრივი სანახაობის დრამატურგიული თვალსაჩინოება მკაფიოდ და მყარად ორგანიზებულ სისტემას, კონსტრუქციას, მომღერლებისგან, მუსიკოსებისგან, მოცეკვავეებისგან თავისუფლებას, გახსნილობასა და არაერთგვაროვნებას „მოითხოვენ“. და თითოეული მათგანი, ამ მოცემულობიდან და პირადი უნარებიდან, შესაძლებლობებიდან და თავისუფლების ინდივიდუალური ხარისხიდან გამომდინარე, იყენებს დირიჟორის, რეჟისორისა და სცენოგრაფის შექმნილ გარემოს, ატმოსფეროსა და გადაწყვეტის კონცეფციას.

გუნდის, სოლისტებისა და მოცეკვავეების მოქმედება, სცენაზე არსებობა, გადაადგილება ამ სივრცეში, მიზანსცენებისა და მუსიკალური, საშემსრულებლო ხელოვნების, ქორეოგრაფიული სცენების „შიდა“ და ერთიანი დატვირთულობა  დინამიკური, ცოცხალი და ქმედითია, შეუზღუდავი როგორც დეკორაციის ელემენტების, კოსტუმების (რომლებიც ასევე სტილიზებულია და ათავისუფლებენ მომღერლებს ფიზიკურადაც და შინაგანადაც), ასევე სარეჟისორო გადაწყვეტის მხრივ.

როგორც აღიარებულია, „დაისი“ ესაა ქართული ეროვნული ფოლკლორისა (რიტმების, ტონების, ინტონაციების, წყობის) და ევროპული საოპერო მუსიკის სინთეზი, რომელიც სხვადასხვა კატეგორიის, ტიპის მუსიკალურ ნომრებს, ლირიკულ, დრამატულ,  კომედიურ, ჰეროიკულ,  ტრაგიკული ხასიათებსა თუ ჟანრის მუსიკასა და ჰარმონიას აერთიანებს; ერთი მხრივ, რთული წყობისა და რთულს შესასრულებლად და მეორე მხრივ, იმდენად დახვეწილსა და მაღალი მხატვრული ხარისხის, რომ არც შემსრულებლებსა და არც მსმენელს, წამითაც კი არ „უტოვებს“ ინტერესის დაკარგვისა თუ ყურადღების „გაფანტვის“ საშუალებას, მაესტრო რევაზ ტაკიძისა და ავთანდილ ჩხენკელის წინამძღოლობით.

მით უმეტეს, რომ სპექტაკლში მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებული ღირებულებების, მოქალაქეობრივი პოზიციითა და სათქმელით გაჯერებული მოვლენები ვითარდება, დრამატურგიული აგებულება და პრობლემატიკის ინტენსივობა, კონტრასტი და უნისონი, პერსონაჟების სახეები და ხასიათები იმდენად გამოკვეთილი და მრავალწახნაგა ნიშნებითა და შტრიხებითაა მდიდარი, რომ არტისტებისგან ასევე გამომსახველი სამსახიობო ხერხების გამოყენებას მოითხოვს და არა მხოლოდ ვოკალური მონაცემების გამოყენებას.

დღეს „დაისის“ დადგმა, როგორც ოდესღაც, ახალდამარცხებულ, ახლადგასაბჭოებულ და უიმედო საქართველოში, გამარჯვების იმედით გვავსებს და ძალას გვმატებს, აღგვაფრთოვანებს და სიხარულს გვანიჭებს.

ფოტოები - თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საიტიდან

bottom of page