ნონვერბალური და ვერბალური აქტი სოციალურ მარწუხებში მყოფ საზოგადოებაზე
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
სოფო ხუნდაძე
ნონვერბალური და ვერბალური აქტი სოციალურ მარწუხებში მყოფ საზოგადოებაზე
ბავშვთა ქალაქ მზიურის ამფითეატრში, საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის დრამის რეჟისურის სპეციალობის სტუდენტის - ქეთევან სამხარაძის პოლიტიკური სპექტაკლის „ნუღარ გამოხვალ ოთახიდან - პოლიტიკური ფარსი 5 ეპიზოდად“ პრემიერა შედგა. პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრი“ და ფრიდრიხ ებერტის ფონდი.
სპექტაკლში ამბავი საქართველოში გაბატონებულ სოციალურ მდგომარეობასა და მონური მარწუხების სიმძიმილით შებოჭილ საზოგადოებაზეა, რომლის წევრებსაც მოუნელებელი ლუკმასავით აწევს ყანყრატოზე სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებანი. სცენაზე ხუთ მოქმედ გმირთან გვიწევს კომუნიკაცია, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებულ ისტორიებს მოგვითხრობენ.
სპექტაკლ-პერფორმანსის დაწყებამდე ყურადღებას საპროექციო ეკრანი იპყრობს, სადაც მაყურებელს ეძლევა საშუალება მუსიკის ფონზე გაეცნოს ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას. სცენაზე განლაგებული დეკორაცია კი, მხოლოდ და მხოლოდ ფიცარნაგიდან ნეონის ნათურებით ამონათებული ხუთ მიკროფონსა და ამავე რაოდენობის წყლის ბოთლს წარმოადგენს, რომლებიც ჭადრაკის დაფის განლაგებას მოგვაგონებს.
ხუთ, ერთმანეთისგან განსხვავებული ისტორიას, ერთმანეთთან სოციალურად გაუსაძლისი მდგომარეობის ამსახველი ამბავი აკავშირებს. პირველივე ეპიზოდიდან, რომლის მოქმედი გმირიც 25 წლის (შემდგომში კრედიტ ოფიცერი) ნოდარია (მსახიობი სანდრო კახეთელიძე) მონოლოგის რეჟიმში მოგვითხრობს საკუთარ უბედურებაზე, რაშიც ერთგვარ რომანტიკასაც ხედავს და სიმშვიდე ეუფლება. ჩემი რწმენით, მსახიობი პარადოქსული დამოკიდებულებით წარმოაჩენს პერსონაჟს. ფრთხილი, მოზომილი რეპლიკები და მისი თვითირონიული დამოკიდებულება საკუთარი ფუქსავატური ყოფის მიმართ, საშუალებას აძლევს, რომ ზერელე დამოკიდებულებები ფიქრის სკალის დონის განსაზღვრით გაამართლოს. არ საუბრობს, მაგრამ ძალიან აწუხებს შეყვარებულის, დედის და მეგობრის (ამ უკანასკნელს კი ბანკის ვალი დაადო კისერზე ვალდებულებად) მოახლოებული დაბადების დღის თარიღები. მას, რა თქმა უნდა, „სხვა ნოდარის“ ვაკანსიაზე დაწუნების საფუძველზე უმართლებს და სამსახურში აიყვანენ 300 გაუფასურებულ ლარად შეფასებულ 16 საათიან სამუშაო განაკვეთზე. მსახიობის თამაშში იგრძნობა გრძნობათა სიწრფელის ორგანულობაც. ვფიქრობ, არსებული მიდგომა ჰარმონიულად ერწყმის პრობლემის არსს.
მეორე ეპიზოდში 19 წლის სტუდენტი ნია (მსახიობი სალომე ესაძე) გვიყვება პირად ისტორიას. ის, როგორც სტუდენტთა 90-ზე მეტი პროცენტი, შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლია. მონოლოგის დროს მისი ცვალებადი ინტონაცია გამოხატავს პერსონაჟის შინაგან მდგომარეობას, რომელიც თავქუდმოგლეჯილი ცდილობს გაექცეს დეფრაგმენტირებულ ყოფას. სალომე ესაძე საკუთარ გმირს თანაგანცდით უდგება. მისი დამოკიდებულება როლის მიმართ მრავალფეროვნებით გამოიხატება. მიმიკური პლასტები ერთდროულად მოცინარ-მომტირალია, თვითირონია კი შეგრძნებას უფრო ამძაფრებს. თითოეული სტუდენტის ტკივილს მსახიობის საოცრად მეტყველ თვალებში ვკითხულობთ. „არჩევანი თუ არადანი?“ - ნიას პერსონაჟის ნაძალადევ ღიმილში იგრძნობა ორჭოფობა, რომელიც არჩევანის არსის გაუფასურებას უსვამს ხაზს.
მესამე ეპიზოდში ვეცნობით 43 წლის მასწავლებელს - ნანის (მსახიობი ანიკო შურღაია). პერსონაჟის გაყინული მზერა, დამსხვრეული ოცნებები პროფესიის მიმართ, საუბრის თვითდაჯერებული მანერულობა, შეფარული მკაცრი ტონისა და მარტოსულობის სევდის კოლაბორაცია კარგი მიგნებაა მსახიობის მხრიდან. ანიკო შურღაიამ არტისტული ინდივიდუალურობით ზუსტად წარმოაჩინა პანდემიის პირობებში ყოფიერების ტრაგიკული სინამდვილე. ასევე არ შემიძლია, რომ არ აღვნიშნო მსახიობის პლასტიკურობა. სიჩუმეში ტკივილისა და ცოცხლად დარჩენის სურვილის განცდაში ამეტყველებული შინაგანი ამბოხი, რომელსაც მეოთხე ეპიზოდში ასრულებს. გამომსახველობითი ფორმა გვაიძულებს გავთიშოთ რაციონალურობა და მთელი ყურადღება არა მონოლოგს, არამედ ესთეტიკურ მხარეს მივაპყროთ.
მეოთხე ეპიზოდია - „ესაა ყველაზე მწარე ირონია“. ნონა (მსახიობი ანანო ვარძიელი), 30 წლის, ექთანი, რომელსაც „COVID 19“ დაუდასტურდა. ის ტკივილსა და ძილს შორის არის გაჭედილი, მაგრამ პროფესიულ პასუხისმგებლობას გვერდს ვერ უვლის. ამავდროულად ჩნდება კითხვა, ეს ნამდვილად საათში სამ გაუფასურებულ ლარად შესრულებული პროფესიული ვალდებულებაა?! თუმცა, როგორც ვიგებთ, „საწუწუნო არაფერი აქვს“, სანიტრებს 227 ქართულ, ეროვნულ, გაუფასურებულ ლარად უწევთ სამუშაოს შესრულება. პარალელურად, როგორც აღვნიშნე, ფიცარნაგზე თამაშდება ვიზუალური აქტი, რომელიც მაყურებელთან შინაგანად იმდენად შემოდის კონტაქტში, რომ ჩვენდაუნებურად მთელ ყურადღებას ესთეტიკური მხარე იპყრობს. მოცემულმა ეპიზოდმა ჩემში, როგორც მაყურებელში ორი სხვადასხვა ემოცია გააღვიძა. ეს არის სიცოცხლისა და სიკვდილის კოლაბორაციის აუტანელი სიმსუბუქის შეგრძნება. ყოფნა, თუ არ ყოფნა?! რომელი სჯობს ამ შემთხვევაში?! ვფიქრობ, მსახიობი ინსტინქტურ დონეზე გადმოსცემს თავის სათქმელს, რაც ერთგვარ ხიბლს სძენს წარმოდგენას. არანაირი ქვეტექსტი, რეჟისორის გადაწყვეტით პირდაპირ, ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე ვეჯახებით რეალურ სამყაროს. ანანო ვარძიელის პერსონაჟი ქაფიან ზღვას ჰგავს, რომელიც უუნაროდ, დაბნეული ნაწყვეტ-ნაწყვეტ ეხეთქება ნაპირს. ნონას პერსონაჟის გაუაზრებელი აგრესიით გვიხატავს სიცარიელეში მყოფ პიროვნებას, რომელსაც უნდა გმირი იყოს.
მეხუთე ეპიზოდი ეთმობა 45 წლის ნოდარს (მსახიობი ნიკა ჯაფარიძე), რომელიც შეუმდგარი პიროვნებაა. საკუთარი პერსონის წარდგენის სურვილს ემოციურად დატვირთული ეკიდება. მისივე ინტონაციაში იკვეთება სევდანარევი ირონია საკუთარი თავის მიმართ, რომელსაც სისტემათა ზიზღის გრძნობა კვებავს, სადაც „ადამიანებს საკვებად იყენებენ და მათ ნარჩენებს გადაამუშავებენ“. ნიკა ჯაფარიძის გარდასახვა პერსონაჟად დახვეწილი მანერულობით გამოირჩევა. გარკვეულ მიზანსცენებში კი, მისი გათამაშებული როლი შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი პიროვნების შინაგან სამყაროს წარმოადგენს, რომელსაც აქვს მოლოდინი იმისა, რომ აღიარებას მოიპოვებს სოციუმში, თუ არჩევნებში კენჭს იყრის. ამავდროულად, მისივე გაუცხოება როლის მიმართ დამცინავი ტონით შემოდის მაყურებელთან კონტაქტში და ამჟამინდელ უნიათო, უღირს, შეურაცხყოფილ საზოგადოებას მიმართავს ირონიულად, „და თქვენ გჯერათ, რომ მე ასეთი ახალგაზრდა მსახიობი, მართლა 45 წლის კაცი ვარ?!“. ნოდარი ამავდროულად პაროდიზირებულია. ამ შეფარულ კომიკურობაში კი იგრძნობა ტრაგიკული ინტონაციაც. ის უკვე ძალა გამოცლილი ცდილობს დამალოს მისივე უმოძრაო, არსებობისთვის უუნარო პერსონაჟის განცდები, რომელსაც სამსახიობო ოსტატობით, მიმიკური პლასტითა და გააზრებული მანერულობით წარმოაჩენს. ამასობაში სცენა სრულიად ცარიელდება, მაყურებლები კი ფიცარნაგზე დაყრილ კოსტიუმებს ვუკრავთ ტაშს.
ჩემი რწმენით, ამ სპექტაკლში მთავარი დამწყები რეჟისორის, ქეთევან სამხარაძის მიგნებები, მონდომება და საქმისადმი ფაქიზი დამოკიდებულებაა. მისი შინაგანი ინტელექტი თითოეულ ნიუანსში იკვეთება. ეპიზოდებს ერთმანეთისგან ქოროს წამღერება გამოყოფს, რაც წარმოდგენას პირველქმნილ რიტუალურ-საკრალურ იერსახეს აძლევს. გარდა იმისა, რომ სპექტაკლში იგრძნობოდა ბრეხტისეული გაუცხოების, პოლიტიკური თეატრისა და კათარსისის ნიშნები, მინდა აღვნიშნო, რომ დამწყებმა რეჟისორმა შეძლო ნონვერბალური და ვერბალური აქტი ყოფილიყო თანაფარდობაში.