„ნოეს“ გახსენება, ანუ შეფასების ვნებითი სტრუქტურის შესახებ
სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის
„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
ვალერი ოთხოზორია
„ნოეს“ გახსენება, ანუ შეფასების ვნებითი სტრუქტურის შესახებ
„ნოე“ არის სპექტაკლი, რომელზეც, ჩემი აზრით, მოგვიანებით, გვიან, ან წლების შემდეგ უნდა ისაუბრო; უნდა გაიხსენო, როგორც ბავშვობა, როგორც წარსული, შესაძლოა როგორც ის, რაც არ გვახსოვს, ისტორია პრეისტორიული, მაგრამ აქ და ახლა; ისტორია, როგორც ანტი-ისტორია, ისტორია, რომელსაც უარყოფ; უნდა გაიხსენო, როგორც უარყოფის უარყოფა; გახსენება, როგორც დიალექტიკურად ფილოსოფოსობა.
„ნოე“ „ახალი დრამის ფესტივალზე“ (ფესტივალის ორგანიზატორი: სოფო კილასონია) დადგა ახალგაზრდა რეჟისორმა გრიგოლ ნოდიამ, 2019 წელს, თავისივე ტექსტის მიხედვით, მთავარ როლში კი მსახიობი შაკო მირიანაშვილი თამაშობდა.
რის გამოც ახლა „ნოეს“ ვიხსენებ, არის ის, თუ რამდენად აღმაფრთოვანა მაშინ მან... წარმოდგენა დიდუბის სპორტული დარბაზის სივრცეში გაიმართა, წრეზე შეკრული სკამებით, რომლებზეც მაყურებლები ვისხედით; ჩვენს წინ იყო მოედანი, სადაც ნახერხი ეყარა. იყო ქათამი, ჯამი, ჩამოსაკიდი ხელსაბანი და შაკო მირიანაშვილი, რომელსაც ლაშა ჩხარტიშვილმა „ყველაფერზე წამსვლელი მსახიობი“ უწოდა... და მე ამ წარმოდგენამ აღმაფრთოვანა. სხვათა შორის, სპექტაკლის დასაწყისში შაკომ შემთხვევით ხელი გაიჭრა, მაგრამ თამაში განაგრძო, მერე კი, როგორც გაირკვა, ჭრილობა საკმაოდ სერიოზული აღმოჩნდა და კვალიც დატოვა...
რატომ ვიხსენებ მე ამას? იმიტომ, რომ ახლა, როცა ვიხსენებ, და ოდნავ მანამდეც, ისეთივე აღფრთოვანება არ დამეუფლა... და ისიც გავაცნობიერე, რომ მიზეზი იყო არა მხოლოდ მოგონების დაძველება (მას შემდეგ სულ რაღაც სამი წელი გავიდა), არამედ გემოვნების ცვლილება ჩემში, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს ცვლილება იმდენად შესამჩნევი გამოდგა, რომ მე ამან დამაფიქრა.
ახლა, როცა „ნოეს“ ვუყურებ ჩემს წარმოდგენაში, არც ისე მაოცებს, არც ისე მაღელვებს და არც იმდენად მზაფრავს, როგორც სამი წლის წინ, და არა იმიტომ, რომ უკვე ნანახი მაქვს. მინდა ვთქვა, აწი რომც ვნახო მსგავსი რამ, მე მას უკვე სხვა თვალით შევხედავ; უფრო ცივი, უფრო დისტანცირებული, უფრო მოზომილი მზერით. მეტსაც ვიტყვი: შესაძლოა მომწყინდეს კიდეც; მომბეზრდეს... რატომ? იმიტომ, რომ მე უკვე გავიზარდე და ისეთი ახალგაზრდა აღარ ვარ.
რას ვგულისხმობ გაზრდაში? შესაძლოა იმას, რომ პროფესიულად გავიზარდე ამ სამი წლის განმავლობაში (რასაც ადასტურებს ჩემი გამოცდილება თეატრის სფეროში)? უპირატესად, მე ამას არ ვგულისხმობ. გაზრდაში ვგულისხმობ „გასვლას“, ფრანგები ამბობენ - „passer“ („პასე“) და ეს სიტყვა ცოცხალი, ცხოველი სიტყვაა ფრანგულ ენაში, და მრავალი მნიშვნელობით იხმარება (გააჩნია კონტექსტს და იმას, თუ რომელ სიტყვასთან კავშირშია, ასევე მესამე პირის ნაცვალსახელითაა თუ მის გარეშე და სხვ.). ეს სიტყვა ნიშნავს - გავლას, გადავლას, გადალახვას, გადაწოდებას, გამოტოვებას, გადაჭარბებას, გატარებას (გზის მიცემას) ..., და პატიებას, ბოდიშის მოხდას...
მე მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც მოხდა ჩემში ამ სამი წლის განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა, ვნების თვალსაზრისით. ყველაზე დრამატული ცვლილება სამყაროში, ჩემი აზრით, ვნებაში ცვლილებაა. და მე სწორედ ვნების სტრუქტურაზე ვსაუბრობ. სხვათა შორის, სიტყვა ვნება - „passion“, აშკარად ნაწარმოები ჩანს ამ ზმნიდან - „passer“...
ახლა ვხვდები იმას, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდულ ვნებას; რამხელა ვნება აქვს... და ამას წუწუნით არ ვამბობ; არც მხოლოდ დადებითი მნიშვნელობით ვამბობ; უპირველეს ყოვლისა, ვამბობ განსხვავების თვალსაზრისით.
ვნება არსად ისე მნიშვნელოვანი არაა (ცხოვრების შემდეგ), როგორც ხელოვნებაში. ახლა ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, იმის გარკვევა გვმართებს, როგორი ვნების სტრუქტურის ქმნილებასთან გვაქვს საქმე (ამა თუ იმ შემთხვევაში), როგორი ვნების ხელოვანთან. თუ ეს ახალგაზრდული ვნების სულის ყივილია, მაშინ ქმნილებას ან ხელოვანს შეიძლება გაუძლო ან ვერ გაუძლო; აიტანო ან ვერ აიტანო; შეგიყვარდეს ან შეგძულდეს; მოგეჩვენოს პრიმიტიული ან მძლავრი. უნდა იცოდე, რომ რეგისტრი, რომელშიც ამ შემთხვევაში ვარდები, ასეთი ინტენსიური რეგისტრია, სადაც ვერ შეინარჩუნებ ვერც ნეიტრალობას და ვერც ზომიერებას, პროფესიონალური თვალსაზრისით.
„ნოე“, ჩემი აზრით, სწორედ ასეთი სულის ყივილია, ახალგაზრდული, განწირული, მარგინალური; როგორც მამარდაშვილი იტყოდა, როცა მოზარდობის ასაკში იღვიძებ და „ცოცხალი გვამების ტყეში აღმოჩნდები“... „ნოე“ არის სპექტაკლი, რომელიც სწორედ ამგვარი გვამების ტყეში აღმოჩენის მომენტს ეძღვნება, ვიდრე (ისევ მამარდაშვილის ტერმინებით რომ ვთქვათ) აზრის ინტენსივობა შეგიპყრობს, ვიდრე სიმბოლოსა და მე-ს შორის დაჭიმულ ველში აღმოჩნდები. „ნოე“ არის სპექტაკლი სწორედ ასეთ დაჭიმულ ველზე და ამ ველში ვერაღმოჩენის მარცხზე, ტრაგედიაზე. რა თქმა უნდა, „ნოე“ ახალგაზრდული სპექტაკლია და მას აკლია ის, რაც აქვს, მაგალითად, შექსპირს: აზროვნების დრამატურგია. მაგრამ ახალგაზრდულ რამეს არ მოეთხოვება ასეთი რამ, ხოლო თუ მოეთხოვება, მხოლოდ პირობითად, დროებით, მეორეხარისხოვნად, რეფრენის სახით. ჩემი პოზიცია ასეთია. რადგან არსებობდა ახალგაზრდული ეპოქები, სადაც აზროვნება რეფრენი იყო: მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ხელოვნებაში, როცა სულის ყივილს ჰყავდა ატანილი ხელოვნება იმპრესიონიზმიდან სურეალიზმამდე; და კლასიკური ეპოქა, სადაც აზროვნება იყო ბაზისი. ცისფერყანწელებს ვერ მოვთხოვთ კლასიკური გაგებით აზროვნებას, მაგრამ ბარათაშვილს ამას ვერ წავართმევთ (თუმცა, ბარათაშვილზე ახალგაზრდა, განა, ვინაა?).
არც იმდენად აზროვნებაზე (ხელოვნებაში და მის სპეციფიკაზე) არ მინდოდა რამე მეთქვა. უფრო მინდოდა, მეთქვა შეფასებაზე, და შემფასებელზე. თუკი ხელოვნებაში არსებობს ხელოვანი, რომელიც ყივის, როგორც სული, და აგრეთვე ხელოვანი, რომელიც „აზროვნებს“, როგორც მთლიანი სამყარო, სამყაროს წიაღში, მის გულისგულში (ტრაგედიაში თუ კომედიაში); და ერთს ვუწოდებ ახალგაზრდას, ხოლო მეორეს - კლასიკურს, გნებავთ კლასიკას; არსებობს თუ არა კრიტიკოსი, რომელიც იქნება ახალგაზრდა იმ კრიტიკოსის გვერდით, რომელიც არის კლასიკური? ჩემი აზრით, არსებობს; და უნდა არსებობდეს; საჭიროა, რომ არსებობდეს. რატომ? ამას შემდეგ აბზაცში ვიტყვი.
იმიტომ, რომ - ჩემი აზრით, - არსებობს ვნების, ყველაზე ცოტა, ორგვარი სტრუქტურა (მე ამაში პრაქტიკულადაც დავრწმუნდი): ახალგაზრდული, სულის ყივილის მსგავსი, და არახალგაზრდული, კლასიკური, იგივე მოაზროვნე. ეს სტრუქტურა არსებობს არა მხოლოდ თეატრის სცენაზე, არამედ ცხოვრებაშიც, ნებისმიერ სცენაზე, ნებისმიერ ინსტიტუციაში, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანში. ხომ გახსოვთ, ნიცშე რას უწოდებდა ორ ძალას: დიონისურსა და აპოლონურს. ბრწყინვალე მიგნების თანამედროვე ნაკლი ის არის, რომ უკვე კლიშედ იქცა, ის ელფერი დაკარგა, რაც უნდა ჰქონდეს. ეს უკვე ყველამ იცის (გაუგია მაინც), როგორც ცნობილი, მაგრამ არასწორად. სიმცდარე სწორედ ისაა, რომ თუკი აპოლონური განსაზღვრადი და განსაზღვრულია, დიონისურიც, როგორც წესი, ასეთი ჰგონიათ. სინამდვილეში, დიონისური განუსაზღვრელია, როგორც სულის ყივილი; ის პრიმიტივიზმს, პირველყოფილებას, აგრესიულობას და ცხოველ ენთუზიაზმს ინარჩუნებს (ნეგატიური განსაზღვრებით); თუკი განსაზღვრადი გახდებოდა, ის უკვე აპოლონურის ფორმად იქცეოდა. მაგრამ შორს ნუ წავალთ, ფილოსოფიაში არ გადავიჩეხოთ.
მე ძალიან მიკვირს, როცა ახალგაზრდა კრიტიკოსების შეფასებებს ვერ ვასხვავებ სხვების შეფასებებისგან; როცა ისინი სხვებს ძალიან ჰგვანან. არა მხოლოდ პათოსით ჰგვანან, არამედ აზრთა წყობით, ტემბრით, რიტმით, მეთოდით, სინტაქსით და სტილითაც კი, რადგან მოკლებულნი არიან სტილს, სულის ყივილს, დიონისურს. ამის გარეშე ვერ ვიპოვით მისასვლელს ახალგაზრდულ ქმნილებასთან და ვერც კრიტიკის ტრადიცია ვერ შეიცვლება, ვერ განახლდება, ვერ გადასხაფერდება; და რაც არ იცვლება, ის კვდება.
ზოგჯერ, მე დიონისური შეფასება უფრო მენატრება ხოლმე, ვიდრე დიონისური ქმნილება. ვფიქრობ „ნოეზე“, როგორ აღმაფრთოვანა მაშინ და როგორ არ აღმაფრთოვანებს ახლა. ამის გამო, მას მხოლოდ კი არ ვაკრიტიკებ, არამედ მადლიერი ვარ - რაც მაშინ მომცა, მაგრძნობინა.
რადგან მასში მე ჩემი ვნებით („passion“) უკვე გავიარე („passer“): გადავაჭარბე, გადავლახე, გამოვტოვე, გზა დავუთმე, და ამის გამო ბოდიში („passer“)...
სამწუხაროა, რომ „ნოე“ არ შემორჩა სცენას, ყოველ შემთხვევაში ის დღემდე არსად ჩანს; ან, იქნებ, ერთი გაელვება უნდა ყოფილიყო, როგორც სიჩქარის ერთხელ გადაჭარბება; ვინ განსჯის ამას? ვინ იცის?
გრიგოლ ნოდიამ ამ სპექტაკლით აჩვენა, როგორ შეუძლია ტკივილის, ტანჯვის გატარება თავის სხეულში (გრძნობებში); რომ ცდილობს, სხეულში (გრძნობებში) გატარებული გაატაროს წარმოსახვაშიც. განა, სხვა რა არის ხელოვნება? განა, სხვა რა იწვევს ჩვენს თანაგრძნობას სხვისადმი? ჩემი აზრით, გრიგოლ ნოდია „ნოეში“ შეეხო ამგვარ სხვას, მან სცადა გავლა სხვაგან, სცადა, თავისი ვნება სხვაში გაეტარებინა. სწორედ ესაა ის, რამაც მე ყველაზე მეტად დამაინტერესა, დამაინტრიგა და შემძრა „ნოეში“: სხვა; სხვა, რომელიც ასე მოახლოვდა. გურული შეშლილი ნოეს ისტორია, ეს ხომ არც ისე შორსაა იმ ნოესგან, რომელმაც წარღვნას გადაგვარჩინა? რომელმაც გამოგვატარა ვნებას... ვნებაში გავლა, ვნებაზე გადავლა და ვნების გატარება, გზის დათმობა, როგორც ბოდიშის მოხდა (სხვისადმი, როგორც სრულიად უცხოსადმი, როგორც სავსებით ახლობლისადმი), ვფიქრობ, ძლიერი გაკვეთილის მომცემია. ეს გაკვეთილი მიიღო გრიგოლმაც და ზოგიერთმა მისმა მაყურებელმაც. გაკვეთილი ვნების შესახებ.