top of page

ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შესახებ:

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

361332364_312808391093475_702150974532834036_n.jpeg

ანა (ალექსანდრა) სულამანიძე
ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის შესახებ:


2023 წლის 5-15 ივლისს ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ჩატარდა, რომელსაც ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრმა უმასპინძლა. საგულისხმოა, რომ ფესტივალმა წინა  სეზონებით მოახერხა და დღეს მომლოდინე მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავდა, და როგორც წლევანდელი ვითარება გვაჩვენებს, ეყოლება კიდეც. ყოველივე ამას კი განაპირობებს აღნიშნული ფესტივალის ფორმა და შინაარსობრიობა, რადგან სწორედ ეს ემსახურება ქართული კლასიკური თუ თანამედროვე მწერლობის პოპულარიზაციას, როგორც ქვეყანაში ასევე მის ფარგლებს მიღმა.


ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს განსაკუთრებულად მნიშვნელობას ატარებდა, რადგან ორი საიუბილეო თარიღი აღინიშნა: ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 155-ე და ნოდარ დუმბაძის 95-ე წლის იუბილე.
ფესტივალის ჟიური სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელოვანები იყვნენ: ნინია სადღობელაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე), მარინა ბუზუკაშვილი, გუბაზ მეგრელიძე, რუი მადეირა, კუბილაი ერდელიკარა, დერმან ატიკ, იუსუფ ჟაფაროვ.


სასიხარულოა, რომ ფესტივალმა უმასპინძლა სხვადასხვა ქვეყანას, როგორც ფესტივალის მონაწილეებს, ასევე სტუმრის ამპლუაში და ათი დღის განმავლობაში საქართველოსთან ერთად წარმოდგენილი იყო: უკრაინა, ყაზახეთი, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, პორტუგალია, ესპანეთი.


საკონკურსო სპექტაკლები : „ავი მუსაიფი“ (მოზარდ მაყურებელთა თეატრი), „წერილები ნაძვებს“ (აზერბაიჯანის თეატრი), „ვანო და ნიკო“ (ქუთაისის თოჯინების თეატრი), „ქეიფი სოლოლაკში“(გორის თეატრი), „ჩემო კალამო ანუ ჩვენი გოლგოთა“(დმანისის თეატრი), „ბოშები“(ჭიათურის თეატრი), „ომობანა“(ყაზახეთის მუსიკალური თეატრი), „კუკარაჩა“ (ყაზახეთის საბიტ მუკანოვის სახელობის თეატრი), „სამანიშვილის დედინაცვალი“(ზესტაფონის თეატრი), „ჩუმად რეპეტიციაა!“ (თელავის თეატრი), „HELLADOS-გაკვეთილი“ (სენაკის თეატრი), „ასტიგმატისტები“ (მოძრაობის თეატრი), „არ დაიდარდო“ (გრიბოედოვის თეატრი), „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი (თავისუფალი თეატრი), “Hellados” (კაშკადარინის მუსიკალურ-დრამატული თეატრი).

ამ წერილში კი მინდა მიმოვიხილო რამდენიმე საკონკურსო თუ მის ფარგლებს მიღმა გამართული წარმოდგენა:

ფესტივალი გახსნა ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა და წარმოადგინეს ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის ნოდარ მაჭავარიანის რომანის „ავი მუსაიფის“ მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლი.

სპექტაკლი „ავი მუსაიფი“ ძალიან მნიშვნელოვან მიზანსა და პასუხისმგებლობას იკისრებს. რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი მსახიობებთან ერთად გვესაუბრება საქართველოს მნიშვნელოვან და ამავდროულად ტკივილით აღსავსე წარსულზე. წარმოდგენაში ვხედავთ ერეკლე II-ის მეფობის თავგადასავალს, სადაც აშკარად იკითხება შემქმნელთა სიყვარული ერეკლე მეფის მიმართ. სპექტაკლი სავსეა იმდროინდელი ეპოქის ისტორიული პერიპეტიებით. გვაჩვენებს დღევანდელობის ურთულეს პრობლემებსაც, როგორიცაა სიკეთისა და ბოროტების ჭიდილი, სიყვარულისა და სიძულვილის შეჯახება, რწმენის მომლოდინე იმედგაცრუება, ერთგულების ფასეულობა, ღალატი, ომი, ადამიანური ღირებულებები, პატრიოტიზმი და სარწმუნოების მნიშვნელობა.


სასიხარულოა, რომ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად დიდ გამოწვევას ჩაეჭიდა და ნოდარ მაჭარაშვილის რომანის პირველი გასცენურება სწორედ მას ეკუთვნის. საზოგადოების მეტად ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია, ამისთვის თეატრის ენა ყველაზე საინტერესოდ და მოქმედად მიმაჩნია, თუმცა, ვფიქრობ, რომ თუ ქრონომეტრაჟი შედარებით მცირე იქნება მაყურებლისთვის მეტად გასაგები და საინტერესო გახდება, რადგან მონოტონურად წარმართული სპექტაკლი ხელს უწყობს, მაყურებელი მოწყდეს სპექტაკლს. მეტი ექსპრესიულობა, მსუბუქი და გასაგები ენა და ატმოსფერო მაყურებლისა და მსახიობებს შორის დიალოგის შექმნას მხოლოდ და მხოლოდ წაადგებოდა.


სწორედ „ავი მუსაიფის“ მონაწილე მსახიობმა - თამარ მამულაშვილი დასახელდა ნომინაციაში „საუკეთესო ქალი მსახიობი“.

ჩემთვის, განსაკუთრებით სასიხარულო და ამავდროულად ამაღელვებელი იყო უკრაინის სპექტაკლის ნახვა. მსახიობი და თეატრის ხელმძღვანელი სპეციალურად ფესტივალისთვის ჩამოვიდნენ ფაქტობრივად ბრძოლის ველიდან, შემოქმედთათვის კი ამ რთულ ველზე ყველაზე ძლიერი და მეტყველი სიტყვა სწორედ სცენიდან ჟღერდება.


ხერსონის აკადემიურ მუსიკალური-დრამატული თეატრის წარმოდგენა არ ეხმიანება ფესტივალის შინაარსს, თუმცა კონკურსს მიღმა გათამაშებული მონოსპექტაკლი საკმაოდ ემოციური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სპექტაკლი „იუდა" დაფუძნებულია იუდას ბიბლიურ სიუჟეტზე, იუდას აღსარებაზე. საგულისხმოა, რომ თავად რეჟისორს სერგეი პავლიუკს ეკუთვნის სცენოგრაფია და მუსიკალური გაფორმება. მსახიობი წარმოდგენისას მხოლოდ თიხის საძერწ მანქანას იყენებს და მასთან მუშაობის პროცესში აცოცხლებს იუდას მონოლოგს. სცენაზე მდგარი ერთადერთი რეკვიზიტი არაერთი სიმბოლოს მატარებელია. შეგვიძლია აღვიქვათ, რომ ეს არის ცოდვა, რომელიც მუდმივად ერთ წრეზე ტრიალებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ადამიანი მართავს. ასევე, სხვადასხვაგვარად შეგვიძლია აღვიქვათ რეჟისორის გადაწყვეტა, რომლის მიხედვითაც პერსონაჟს სამჯერ უფუჭდება ნამუშევარი, მეოთხე ცდაზე კი ფიალა იძერწება. საინტერესოა, რომ მთელი ეს პროცესი მაყურებლის თვალწინ ვითარდება, რაც მათ ჩართულობას უწყობს ხელს. სინანული, რომელსაც მთელი ეს მონოლოგი ემსახურება, ეტაპობრივად მიდის საბოლოო შედეგამდე. მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლი არ იყო წარმოდგენილი საერთაშორისო ენაზე, მსახიობსა და მაყურებელს შორის ემოციათა გაცვლა მოხერხდა.

სპექტაკლებს შორის ერთ-ერთი იყო მოძრაობის თეატრის სპექტაკლი „ასტიგმატისტები“ ეს არის სოსო ბაკურაძის „მუნჯი კინო“ სცენაზე, რომელიც გვიყვება ერთი ოჯახის კომიკურ ამბავს. წარმოდგენის მთავარი მოტივი, რასაც სცენიდან გვეუბნებიან, ის გახლავთ, რომ თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარად აღიქვამს სამყაროს და მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ხედვათა შეჯახება აბსურდულ წარმოდგენას კომიკურ ატმოსფეროს სძენს.


სპექტაკლის კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძეა. მუსიკის როლი უფრო მკვეთრად იკვეთება არავერბალურ წარმოდგენაში, სადაც მთავარი ბერკეტი სწორედ მუსიკაა და მაყურებლისთვის კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინოა თითოეული დეტალი და ცხადია, განსაკუთრებულად ყურადსაღებია წარმოდგენა სრულ თანხვედრაში იყოს მუსიკასთან. „ასტიგმატისტების“ შემთხვევაში სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური გაფორმება შინაგან რიტმსა და მუხტს აძლევს და ერთგვარად აცოცხლებს წარმოდგენას.

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული პროფესიული თეატრის კონკურსს ფარგლებს მიღმა წარმოდგენილი სპექტაკლი „არ დაიდარდო“ ფესტივალის მეშვიდე დღის დასასრულს მაყურებლისთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. რეჟისორმა ავთანდილ ვარსიმაშვილმა სპექტაკლი იმ ლეგენდარულ ქართველ მოღვაწეებს მიუძღვნა, რომლებმაც ნახევარი საუკუნის წინ შექმნეს ფილმი „არ დაიდარდო“. შემოქმედებითმა ჯგუფმა სცენაზე გააცოცხლა გიორგი დანელიას, რეზო გაბრიაძისა და გია ყანჩელის უკვდავი დანატოვარი. სპექტაკლს გამოარჩევს ანსამბლურობა და ერთიანი ძალა, რაც მაყურებელს არ გამოეპარება, რადგან ეს ყოველთვის აისახება სცენიდან წამოსულ იმპულსებზე. მსახიობები ერთიანი ძალით გვიყვებიან ამბავს ადამიანთა ფასეულობასა და ღირებულებებზე, სიყვარულსა და ურთიერთობებზე. რა არის ადამიანისთვის პრიორიტეტი. ნინა კიკაჩეიშვილის პერსონაჟი აცოცხლებს ყველასათვის საყვარელ სიმღერებს, რაც მაყურებელში ერთგვარ სენტიმენტებსაც აღვიძებს. და ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობები სცენაზე ბოლომდე იხარჯებიან და ქმნიან პერსონაჟთა განსხვავებულ ტიპაჟებს.  საინტერესოა, რეჟისორის დასკვნითი სცენის გადაწყვეტა, სადაც შეიძლება დავინახოთ მთელი სპექტაკლის მთავარი ხაზის სათქმელი: ადამიანი მიდის და ტოვებს საკუთარ ლანდს.

ელენე მაცხონაშვილი ის რეჟისორია, რომელმაც ფესტივალის ფარგლებში წარმოადგინა სამი სპექტაკლი, რომელიც ეხმიანებოდა და გვიყვებოდა ნოდარ დუმბაძის შესახებ.
თავად რეჟისორი გახლავთ სპექტაკლების ინსცენირების ავტორი, რომელიც ეფუძნება ნოდარ დუმბაძის ჩანაწერებსა და მოთხრობებს.


„ცის კარი“-საინტერესოა, რომ სპექტაკლი მაქსიმალურად გამომსახველობითი ფორმებითაა გაჯერებული და ეს განსაკუთრებით გასაგებსა და მეტყველს ხდის. ყოველივეს კი განაპირობებს ის ფაქტორი, რომ წარმოდგენა სინთეზურია და პიესის კითხვის პარალელურად თოჯინების გათამაშებასაც ვუყურებთ (თოჯინების მხატვარი- ვახტანგ ქორიძე). მსახიობები, რომლებიც თოჯინებს ათამაშებენ, შესაბამის ხმებს გამოსცემენ, ამგვარი ეფექტი სანახაობრივად მეტად სასიამოვნო და დამაჯერებელია. სპექტაკლი თავისი შინაარსიდან გამომდინარე ძალიან ამაღელვებელი და სევდიანია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი წარმოდგენა მონოტონურად მიმდინარეობს, მაყურებელში აღვიძებს ერთგვარ განცდებსა და სენტიმენტებს. განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა ფინალური სცენა, სადაც გათამაშებულია სიკვდილის, დამარხვის სცენა. ფაქტია, ელენე მაცხონაშვილმა შექმნა საკმაოდ პირქუში ატმოსფერო და სცენიდან გვესაუბრა ისეთი ენით, რომელიც სასიამოვნოა, როგორც ბავშვებისათვის ასევე დიდებისათვის. ასევე უნდა აღინიშნოს სპექტაკლში არსებული ანსამბლურობა, მიუხედავად იმისა, რომ პიესას კითხვით აცოცხლებს ორი მსახიობი დანარჩენები კი ძირითადად ქმედითად არიან დატვირთულნი, თანაბარი მნიშვნელობა აქვს თითოეულის ხაზს.


„ინტერვიუ სარკეში“- საინტერესოა თუ რას ნიშნავს „ინტერვიუ სარკეში“? ეს ერთდროულადაა პირდაპირი და ირიბი ენა, რომლის მიხედვითაც სარკე საკუთარი თავის გაცნობისა და პოვნის სიმბოლოა, სადაც საკუთარ თავს უყურებ ნამდვილს (თვალსაჩინოა, რომ ელენე მაცხონაშვილი არაერთ სპექტაკლში იყენებს სარკეს, თავისი სიმბოლური დატვირთვით, როგორც ქმედით რეკვიზიტს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ როლსაც ასრულებს).
უნდა აღინიშნოს, რომ სპექტაკლის სცენოგრაფია სწორედ ელენე მაცხონაშვილს ეკუთვნის, რომელმაც კოსტიუმებისა თუ ზოგადად სცენის მხატვრობით შექმნა საკმაოდ სევდიანი ერთიანობა, რომელიც გამოიხატება სპექტაკლში ერთი ფერის დომინირებით. ასევე, ყურადღებას იქცევს ნიჩბები, რომლის მეშვეობითაც მსახიობები სხვადასხვა სცენას განასახიერებენ: სახლის, მატარებლის, ხელისშემშლელი ღობის და ა.შ

სტუმარი სპექტაკლი იყო ასევე „მაგიდა, ადგილი სადაც“. რუი მადეირას სპექტაკლში ამბავს სცენაზე ორი მსახიობი აცოცხლებს ვალენტინა პიკიაუ და როჯერიო ბოანე. ყურადღებას უპირველესად იპყრობს სათაური. რეჟისორი ყოველივეს ანიჭებს იმ დატვირთვას, რომ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება გავერთიანდეთ, ვიყოთ დაბალანსებული ემოციებითა და გრძნობებით. ადამიანები ყოველთვის უამრავ მაგიდასთან სხდებიან, რომლის რაოდენობრივად განსაზღვრაც ფაქტობრივად შეუძლებელია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ყოველი მათგანი ტოვებს მნიშვნელოვან გამოცდილებასა და მოგონებას. რეჟისორი ალეგორიული ენითა და დატვირთული სიმბოლოებით მაყურებელს მოკლე, სხარტ წარმოდგენას სთავაზობს. ამასთანავე, საინტერესოა, რომ სპექტაკლი ნაწილობრივ ინტერაქციულია, რაც ხელს უწყობს მნახველის ჩართულობასა და ინტერესის გაღვივებას.

მუსიკალური კომედია „შეყრა“ დავით დოიაშვილმა ზურაბ ანტონოვის პიესის „მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით დადგა. შესაბამისად, სპექტაკლში ასახულია განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანების თანაარსებობა და ერთ მოცემულობაში ყოფნა, რასაც გარკვეული პრობლემები ახლავს თან. სპექტაკლის მთავარი ხაზი კი ის არის, რომ ყველა პერსონაჟი ცდილობს გახდეს კეთილშობილი და სიყვარულის მატარებელი, ამიტომ თითოეული მათგანი სხვადასხვა გზით გადის ამ გამოწვევას. წარმოდგენა მაქსიმალურად დატვირთულია ცეკვით, სიმღერითა და იუმორით, რაც, თავის მხრივ, მეტად საინტერესოა ქართველი და უცხოელი მაყურებლისათვის, რადგან „ცეკვა-თამაშით“ აგებული სანახაობა არ იძლევა მოდუნების საშუალებას, არამედ პირიქით, მაყურებელს ახალისებს და ვერ წყდება სპექტაკლს, და მეტიც, სპექტაკლში გაჟღერებული სიმღერები დასრულების შემდეგაც გაჰყვება და აეკვიატება.

ჩემთვის ფესტივალის ფარგლებში ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლი გახლავთ „Hellados”. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რეჟისორმა კახა გოგიძემ იმუშავა უზბეკ მსახიობებთან და შემოქმედებით ჯგუფთან ერთად და სასიხარულოა, რომ, აღნიშნულ მოცემულობაში, სპექტაკლში შენარჩუნებული აქვს ქართული სულისკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა ძირითადად მათ ენაზე თამაშდება, მნიშვნელოვანი დამახასიათებელი ან საკვანძო ფრაზები ქართულად ჟღერდება: „ჩემი სამშობლო საქართველოა, ჩემი სამშობლო სოხუმია“, „სოხუმი საქართველოა“. გარდა იმისა, რომ სპექტაკლი მოგვითხრობს სამშობლოს სიყვარულსა და ერთგულებაზე, ადამიანებისა და მეგობრების ღირებულებებსა და ფასეულობებზე და ურთიერთობების მნიშვნელობაზე, სასიხარულოა, რომ რეჟისორმა წინა პლანზე წამოწია სოხუმის თემა, ისე, რომ არ დაიკარგა სხვა ასევე მნიშვნელოვან გაჟღერებულ თემებში. ფაქტია, სპექტაკლი, განსაკუთრებით მეორე ნაწილი, არ იძლევა მოდუნების საშუალებას, რადგან ექსპრესიულად განვითარებული მოვლენები მოქმედებს მაყურებლის ემოციებსა და განცდებზე და თითოეულში აღვიძებს სენტიმენტებსა და იმ დანაკლისს, რასაც სოხუმის მონატრება ჰქვია. ასევე მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს სპექტაკლის მინიმალისტური, მაგრამ ამავდროულად შთამბეჭდავი სცენოგრაფია. მხატვარმა ნ.ჰამიდოვიმ ერთი მოწყობილობა მრავალფუნქციურად დატვირთა, რომელიც სპექტაკლის კულმინაციურ მომენტში გემად ტრანსფორმირდება, შემდგომ იანგულის იმწყვდევს ისე, რომ ოთხი კედლის ასოციაცია იქმნება. მაყურებლისთვის უცხო, შთამბეჭდავი და მოულოდნელია სცენაზე მდგარი დიდი რეკვიზიტის ამგვარი ფუნქციონირება და ყოველივეს მსახიობები მაქსიმალურად ითვისებენ.


შეუძლებელია „ჰელადოსის“ ფინალმა არ იმოქმედოს მაყურებელზე, იმდენად ღრმა ემოციური დატვირთვა აქვს. აღნიშნულ სპექტაკლში რეჟისორის გადაწყვეტა ოდნავ განსხვავებულია, რადგან მის ინტერპრეტაციაში, გვაჩვენებს იმას თუ როგორ გრძელდება შემდგომი მოვლენები, ამგვარი მიზანსცენით რეჟისორი გვეუბნება, რომ ომი გრძელდება და ბოლოს სადღაც მაინც შევხვდებით. ყოველივე ეს, ნამდვილად ემოციურია, თუმცა ამავდროულად ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სპექტაკლს რამდენიმე ფინალი აქვს.


ფესტივალის გრანპრის მფლობელი სპექტაკლის შესახებ:
თავისუფალი თეატრის დასმა წარმოადგინა დავით კლდიაშვილის ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“. სპექტაკლის რეჟისორი გოგი მარგველაშვილი გახლავთ. მოგეხსენებათ, დავით კლდიაშვილის თითოეული პიესა თუ მოთხრობა საკმაოდ ხშირად იდგმება ქართული თეატრის სცენაზე და თეატრთან დამეგობრებულ საზოგადოებას არაერთი სახის ინტერპრეტაცია ექნება ნანახი, თუმცა აღნიშნული სპექტაკლი ნამდვილად ახალი სიტყვაა ქართულ თეატრში და ვფიქრობ, რთულად მოიძებნება მაყურებელი, რომელსაც ნანახი დიდხანს არ გაჰყვება. პიესა საუკუნე ნახევრის წინ დაიწერა და რეჟისორები დღემდე ეძებენ სიახლეს. გოგი მარგველაშვილის ინტერპრეტირებულ წარმოდგენაში მოქმედება თანამედროვე სამყაროში ხდება.  ეს კი აისახება რეჟისორის თითოეულ გადაწყვეტაში: პერსონაჟები თანამედროვე ენით საუბრობენ, იყენებენ ტელეფონებს, კოსტიუმებიც მორგებულია მოცემულობას და ყველაზე მოულოდნელი რამ: პლატონ სამანიშვილი და ივანე გვერდევანიძე ხვდებიან „მაკდონალდსში“ და არა გზად, ცხენებზე მსხდომი.


გარდა ამისა, სპექტაკლში მკაფიოდ არის წამოწეული მეტად საჭირბოროტო პრობლემა. ფარისევლობა და მხოლოდ ზედაპირული რწმენა. მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენის კუთხეში დევს ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მკითხაობის, მკრეხელობის დროს აბრუნებენ, ამით რეჟისორი საზოგადოების დეგრადაციაზე მიუთითებს და ხაზს უსვამს მათ არასწორ ხედვასა და ქმედებას, რაც ადამიანის სულიერებისთვის დამანგრეველია. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომ პერსონაჟები ღვთისმშობლის ხატს ეთაყვანებიან, ამის პარალელურად კი თავიანთი ქმედებითა და საუბრით, ეწინააღმდეგებიან ახალი ქმნილების შობას და ყოველივე ამის ფონზე ვლინდება თუ რა მხეცია გაღარიბებული აზნაური ადამიანი და როგორ შეიძლება სიღარიბეს დამონებული ადამიანი მორალურად დეგრადირდეს.


შემოქმედებითმა ჯგუფმა სრულიად ახლებური ენით გააჟღერა დავით კლდიაშვილის მნიშვნელოვანი ნაწარმოები. თავისუფალი თეატრის აღნიშნულ სპექტაკლში ძალიან ბევრი თემის, პრობლემის, ადამიანური ფაქტორისა და სიახლის ამოკითხვა შეიძლება და სწორედ ამიტომ, ძალიან სასიხარულოა, რომ ოზურგეთის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კლდიაშვილის ახლებური ინტერპრეტაცია.


ნოდარ დუმბაძის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით ნომინაციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საუკეთესო სცენოგრაფია- ვახტანგ ქორიძე

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი. ერლომ ახვლედიანი „ვანო და ნიკო“, რეჟისორი მარიამ სიხარულიძე
 

საუკეთესო მსახიობი (ქალი) - თამარ მამულაშვილი

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო პროფესიული თეატრი. ნოდარ მაჭარაშვილი „ავი მუსაიფი“ რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი

საუკეთესო მსახიობი (კაცი)-ზვიად პაპუაშვილი
გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი.

ნოდარ მაჭარაშვილი „ქეიფი სოლოლაკში“ რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე- შველიძე
 

ქართული მწერლობის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია - აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ეროვნული დრამატული თეატრი

გოდერძი ჩოხელი „წერილი ნაძვებს“, რეჟისორი ნიგარ გულაჰმადოვა
 

ნოდარ დუმბაძის საუკეთესო სცენური ინტერპრეტაცია - ნოდარ დუმბაძე „კუკარაჩა“, რეჟისორი ბარზუ აბდურაზაკოვი

საბიტ მუკანოვის სახელობის ყაზახეთის სახელმწიფო მუსიკალური დრამატული თეატრი/ ყაზახეთი
 

საუკეთესო რეჟისურა - კუდუს კუჟამიაროვის სახელობის იუგურული მუსიკალური კომედიის სახელმწიფო აკადემიური თეატრი/ყაზახეთი

ბასა ჯანიკაშვილი „ომობანა“, რეჟისორი გაუხარ ადაი
 

საუკეთესო სპექტაკლი - გრან პრი - დავით კლდიაშვილი „სამანიშვილის დედი(ს)ნაცვალი“ რეჟისორი გიორგი მარგველაშვილი, თავისუფალი თეატრი

bottom of page