top of page

აუცილებელია - მსახიობის, რეჟისორის, თემის, პრობლემის - თანხვედრა!

236851493.jpg

აუცილებელია - მსახიობის, რეჟისორის,  თემის, პრობლემის - თანხვედრა!

ლელა ოჩიაური

ნინო კასრაძეს ქართულ კულტურაში - თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში - განსაკუთრებული ადგილი უკავია. ამისთვის ბევრი პირობა აქვს - გამორჩეული გარეგნობა, ინტელექტი, ნათელი და ცოცხალი გონება, ხელოვნების მიმართ ცნობიერი  დამოკიდებულება, პროფესიული და მოქალაქეობრივი პოზიცია და რაც მთავარია, უსაზღვრო ნიჭიერება.

როდესაც საუბარი ნინო კასრძეს ეხება - ყველა უსტყვიდ თანხმდება , რომ საუბარი მაღალ სტანდრტსა და ხარისხზეა. 90-იანი წლებიდან და დღემდე - ათეულობით და წამყვანი როლი თეატრში (რუსთაველის თეატრში - რობერტ სტურუას სპექტაკლებში „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“, „მაკბეტი“, „ლამარა“, „ჰამლეტი“, „მეთორმეტე ღამე“, „დარისპანის გასაჭირი“, „ბიდერმანი და ცეცხლისწამკიდებელი“, „სტიქსი“, „იაკობის სახარება“ და ანდრო ენუქიძის  „ირინეს ბედნიერებაში“;  „სამეფო უბნის თეატრში“ - ნიკა თავაძის „მოახლეებში“, გურამ ღონღაძის „მარინა რევიაში“ და სხვა);  მნიშვნელოვანი სახეები - სხვადასხვა თაობის რეჟისორების ფილმებში - ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, მარგო ზუბაშვილის „ბედნიერება“, ლევან თუთბერიძის „გასეირნება ყარაბაღში“, ალეკო ცაბაძის „მარტოობის ორდენის კავალერი“, ზაზა ხალვაშის „მიზერერე“, გიორგი შენგელაიას „ორფეოსის სიკვდილი“ და ა.შ.) და მომაწილეობს ტელესერიალში - „ჩემი ცოლის დაქალები“, რომელშიც, მაკას როლის შესრულებით, ამ, არაერთი ნიშნით გამორჩეულ პროექტს, შეიძლება ითქვას, ახალი მიმართულება მიანიჭა.    

ბანალური და შეკითხვით დავიწყოთ - რატომ და როდის აირჩიეთ პროფესია?

ნინო კასრაძე: არც კი ვიცი, რა გიპასუხოთ. ჩემ ახალგაზრდობაში (სკოლა 1987 წელს დავამთავრე) პროფესიას, ძირითადად, ასე ვთქვათ, „ოჯახური პროექტების“ მიხედვით ირჩევდა.  თითქოს წინასწარ იყო გადაწყვეტილი - ვიღაცას „სად“ უნდა ჩაებარებინა, ვიღაცას - „სად“. საკუთარი თავის გამოცდა, რაღაცის ძებნა - ჩვენ დროს ხდებოდა, ჩვენი მშობლების დროს, მით უმეტეს. ჩემს გარშემო 80 პროცენტი სამედიცინოზე აბარებდა. ყველაზე პოპულარული ფაკულტეტი იყო. დღეს სხვა მდგომარეობაა. ჩემი შვილები საფრანგეთში სწავლობენ და   ერთი ამბობს, რომ პილოტობა უნდა.  მეორეს - კოსმონავტობა. ან, ვთქვათ,  „სიაიეის“ აგენტობა აქვს გადაწყვეტილი. შემდეგ ახალი სურვილები უჩნდებათ. და ვხვდები, რომ ეს არის არჩევანის თავისუფლება.  მართლაც, რაც გინდა, შეგიძლია გახდე. მთავარია - შრომა. მთავარია - გინდოდეს და კარგად ისწავლო.

მე შეიძლება, კიდეც მინდოდა პროფესია ამერჩია, მაგრამ ამას ვერასოდეს ვიტყოდი. ძალიან მორიდებული ვიყავი. მშიშარა. შემდეგ მოხდა დამთხვევა (ამას, როგორც ვატყობ, ცხოვრებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩემს ცხოვრებაში). სკოლაში ინგლისურს გაძლიერებულად ვსწავლობდით და მასწავლებელმა „პიგმალიონი“ დადგა. ელიზა დულიტლს ვთამაშობდი, რის შემდეგაც ყველა მასწავლებელმა გადაწყვიტა, რომ მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. მეც მაშინ გადაწყვიტე და რაც მთავარია, ზუსტად ის ვიგრძენი მაშინ, რასაც ახლა ვგრძნობ, მუშაობისას. ამდენი წლის შემდეგ.

რა განცდაა ეს? რას გრძნობდით და გრძნობთ ახლა? 

მარტივად თუ ვიტყვი - საშინელი, აღგზნებამდე მისული აღელვება. მახსოვს, მცხელოდა. კეფიდან მოდიოდა რაღაც საოცარი მხურვალება. მთელი კვირა, სპექტაკლის წინ,  არ მძინებია. ვერ ვიძინებდი. დღესაც, როდესაც რაღაცას ვაკეთებ, არა რუტინულს, საშინელი ეიფორიულ მდგომარეობაში ვვარდები. რაღაც ტალღასავით ამოდის შიგნიდან. გაურკვეველი ძალა. არც ვიცი, რა დავარქვა. მაგრამ ზუსტად ვიცი, ეს ისაა, რაც საქმეს, როლს  სწორად გაკეთებინებს.

როდის ჩნდება ეს მდგომარეობა - სცენაზე გასვლის წინ, სპექტაკლის მიმდინარეობის, როლზე ფიქრის დროს?

მუშაობის დროს. რეპეტიციაზე. იშვიათად, მაგრამ სპექტაკლის მიმდინარეობისას. თუმცა, მაინც უფრო ძიების პროცესს ახლავს. როდესაც რაღაცას აკეთებ, რაც ადრე არ გაგიკეთებია. ან გაგიკეთებია, მაგრამ ახლებურად ცდილობ შედეგის მიღებას. ეს განცდა, ეიფორიული მდგომარეობა სპექტაკლზე სულ ნაკლებად და ნაკლებად მიჩნდება ხოლმე.

სწორედ ამ შეგრძნების გამო ავირჩიე მსახიობის პროფესია. ახლა რომ ვფიქრობ, ან ერთი სპექტაკლი რატომ იყო ამისთვის საკმარისი, ან, როგორ შეიძლება 17 წლის ადამიანმა „გაარტყა“ იმას, რაც შემდეგ მთელი ცხოვრება შენი ჰობიც, სამუშაოც, ვალდებულებაც, მოვალეობაც, შენი სიხარულიც იქნება?! როგორ შეიძლება ეს მოხდეს 17 წლის ასაკში?! ალბათ შეიძლება. ჩემ შემთხვევაში, ხომ ასე მოხდა. ამის თქმა დღეს უკვე შემიძლია, მაგრამ მთელი ეს დრო არ ვიცოდი, სწორად ავირჩიე პროფესია თუ არა. მხოლოდ მაშინ, როდესაც ხელობა ვისწავლე, მივხვდი, რომ - სწორად.

ვინ გასწავლათ ხელობა? ვინ იყო თქვენი სახელოსნოს ხელმძღვანელი?

შალვა გაწერელია. მაგრამ არ ვიტყოდი, რომ ჩვენ ხელობას ვეუფლებოდით. იმიტომ რომ, ხელობასთან დაკავშირებით ყველაფერი ბევრად გვიან ვისწავლეთ. არა მგონია, რომ სწავლის დროს ადამიანი იმ სავარჯიშოებიდან და ეტიუდებიდან, თეორიისა და პრაქტიკის ცნებებიდან რამეს იმახსოვრებდეს. ბატონი შალვა არც ცდილობდა, რომ ეს ჩვენთვის თავზე მოეხვია. მთავარი იყო, რომ ბავშვები - ველურები, მოსული სხვადასხვა სკოლიდან, სხვადასხვა სურვილით, სხვადასხვა მიზნით - ერთ ველში მოექცია. აეხსნა - სად ვართ, რა გვინდა და რას ვაკეთებთ, მეტ-ნაკლებად ესწავლებინა დისციპლინა, რა არის მსახიობი, რამდენად დრამატულად შეგიძლია იმოქმედოს საზოგადოების რაღაც ფენაზე, რას ნიშნავს მსახიობის პროფესია, რა რისკებია და ა.შ. - ეს არავინ ვიცოდით. და ეს იყო შალვა გაწერელიას მთავარი მიზანი. ამოცანა იყო - ჩვენთვის ელემენტარული რაღაცეები ესწავლებინა და საბაზისო ცოდნა მოეცა. ატმოსფეროს შეგრძნება და  კონცენტრირება. (ყველაფერი დანარჩენი მერე ვისწავლე). 

ძირითადი, მთავარი ემოციები არის სტუდენტობიდან, ბავშვობიდან. რადგან სამსახიობოზე მივიღეთ, ისინი უკვე ჩვენი კოლეგები არიან და ყველაფერი მაშინ იწყება. თავიდანვე მთავარ რაღაცეებზე უნდა ვილაპარაკოთ. და არ უნდა ვუყუროთ, როგორც ბავშვებს, რომლებსაც სხვა მიმართულებით უნდა ვასწავლოთ.

შემდეგ, როდესაც „თეატრალური“ დავამთავრე და რუსთაველის თეატრში მივედი, აი, ის მთავარი - კონცენტრირების უნარი - საკმარისი  აღმოჩნდა, რომ რობერტ სტურუასთან მემუშავა და  არაფერი გამჭირვებოდა.

ანუ, ადვილია რობერტ სტურუასთან მუშაობა?

შემდეგ გამიჭირდა. 2000-იანი წლებიდან, როდესაც ისეთი სპექტაკლების კეთება დავიწყეთ, როგორიცაა „მეთორმეტე ღამე“. აქ უკვე მხოლოდ ნიჭი აღარ იყო საკმარისი. იყო უამრავი პერსონაჟი, ყველა კარგი მსახიობი და შენ შენი თავი უნდა დაგემკვიდრებიანა, გეთამაშა ბიჭი - ვიოლა.  აი, ეს იყო რთული, „ჰამლეტში“ გერტრუდა იყო რთული. „ბიდერმანი“ რთული იყო. მარტო ჩემთვის არა. ყველასთვის, რადგან სტურუა რაღაცას გვთხოვდა, სრულიად ახლებურს. ახალს. სხვას.

ჩემთვის ახალი ის იყო, რომ მე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოველთვის „ფართო მონასმით ვხატავდი“. ახლა კი, რობერტ სტურუა ძალიან დეტალურ, ნიუანსებით, ძალიან ზუსტად გარდასახვას ითხოვდა. მე, როგორც მსახიობი, სწორედ „ზაფხულის ღამის სიზმარში“ შევდექი. მანამდე მართლა არ ვიცოდი - მსახიობობა ჩემი პროფესიაა, გატაცება, თუ ახალგაზრდობის პრეროგატივა.

რას გულისხმობთ? როგორ შეიძლება ეს არ გცოდნოდათ?

არ მიგიქცევიათ ყურადღება, რა ადვილია იყო მსახიობი, როდესაც ახალგაზრდა ხარ? ძირითადად, ასეა. შემდეგ ხდება განთესვა და რჩებიან მსახიობები, რომლებიც ასაკშიც ახერხებენ მსახიობობას.

შემდეგ, როდესაც ასაკის ბარიერიც გადავიარე და ვნახე, რომ კიდევ მინდა მუშაობა, რომ ეს კვლავ მანიჭებს სიამოვნებას; როდესაც ვნახე, რომ ისევ უნდათ ჩემთან მუშაობა, მაშინ მივხვდი, რომ პროფესია სწორად ამირჩევია.     

მთავარი კიდევ ისაა, რომ რაღაც ეტაპზე მსახიობობის სურვილი იკარგება.  განსაკუთრებით, კაცებს ემართებათ. ეს გრძელ დისტანციაზე დაბრკოლებებით სირბილს გავს.

შემდეგ უფრო რთული, მეტაფიზიკური აზრები ჩნდება - ამას აქვს აზრი? რატომ უნდა ითამაშო? ვისთვის უნდა ითამაშო? ვისთან უნდა ითამაშო? რაც მანამდე პროფესიაში გაკმაყოფილებდა, თითქოს ვიწროვდება და უინტერესო ხდება. 

თუ ამასაც გადალახავ, შემდეგ სათქმელზე ფიქრის ეტაპი დგება. და არავინ მითხრას, რომ 20 წლის ასაკში ისეთი სათქმელი გაქვს, ან ისევე ხვდები, რა უნდა თქვა! (სპექტაკლის აზრზე, იდეაზე არ ვამბობ). შენი სათქმელი! ესეც ასაკთან ერთად მოდის, მე მგონი. რომ იქ გინდა იყო, სადაც რაღაცას იტყვი. იმ სპექტაკლში. იმ ფილმში.

და მთავარი პრობლემა, რომელიც არსებობს - არის მსახიობისა და რეჟისორის არათანხვედრა. რეჟისორს შეიძლება რთული და საინტერესო ამოცანები ჰქონდეს და მსახიობი ისეთი მოუმზადებელი და გაუცნობიერებელი იყოს - ბოლოს ვიღებთ გაოცებულ მაყურებელს და კიდევ უფრო გაოგნებულ მსახიობს. ეს სად ვყოფილვარ, რას ვაკეთებ, ვინ ვყოფილვარ, რა შემძლებიაო...

ძალიან დამოკიდებული პროფესიაა. ვიღაცას რაღაც უნდა გათქმევინოს, მაგრამ, სინამდვილეში,  მთავარი ხომ ისაა, შენ რა გინდა, თქვა. თეატრის, როგორც სათქმელის მეშვეობით. თეატრი - როგორც საკუთარი თავის გამოხატვის ადგილი და საშუალება.

ჩამოდის რომელიმე უცხოური დასი. ვხედავ, მსახიობები ისე თამაშობენ, თითქოს ეს რომ არ ითამაშონ, მოკვდებიან. უსაზღვრო სურვილი აქვთ, ეს აკეთონ. ზოგს უკეთ გამოსდის და ზოგს - ნაკლებად, მაგრამ მთავარი - მოთხოვნილებაა.  ჩვენთან ამას ვეღარ ვხედავ. თითქოს მოტივაცია აღარ აქვთ. ვერ ვხედავ გარდაუვალ ჟინს, გააკეთო ის, რაც ძალიან გინდა.

გაოცებული ვარ დემნა გვასალიათი. როგორ მოახერხა ამ კაცმა, ის, რაშიც ჩვენ ვიცხოვრეთ, წუმპეში, 90-იან წლებში, ამოეწია და მოეყოლა  ჩვენი წარსული. ვიღაცისთვის ეს სქელლანჩიანი ჩუსტები და მოდური ტანსაცმელია და ჩემთვის არის ჩემი ახალგაზრდობა. აჩვენო, რა ტკივილია ამაში და ეს აქციო ხელოვნებად, არ არის განსაკუთრებული ნიჭიერება?!

ხედავთ გამოსავალს? გზას?

ახლა, ჩემი წარმოდგენით, უნდა იყოს უამრავი პატარა თეატრი. უამრავი! ყოველ კუთხე-კუნჭულში. რაღაც ძველი, „თეატრალური სარდაფის“ ტიპის... ყოველ დღე რაღაც უნდა იწერებოდეს, იდგმებოდეს და მეორე დღეს, ისევ. თავიდან.  რეპერტუარულ თეატრებს თავისი ცხოვრება აქვთ, მაგრამ მათგან მეტს ვითხოვ - რას აძლევენ მაყურებელს, რას უყვებიან, რას უბრუნებენ?!

აი, ხომ არის ჩვენთან ახალგაზრდული თეატრი?! როგორ თამაშობენ! იმიტომ რომ ისეთ რაღაცეებზე საუბრობენ, რაც მათთვის ძალიან მტკივნეულია. აი, ეს თანხვედრა - მსახიობის, რეჟისორის,  თემის, პრობლემის - არის აუცილებელი! როგორც შეუძლიათ, რა განცდაც აქვთ, ისე ყვებიან ქვეყნის უახლეს ისტორიას.

ამ შემთხვევაში, დათა თავაძის „პრომეთე. დამოუკიდებლობის 25 წელს“ ვგულისხმობ. „სამეფო უბნის თეატრში“.  ახალგაზრდებს აქვთ სურვილი,  თეატრალურ ენაზე რაღაცის რეფლექსია გააკეთონ. ისინიც 25 წლის იყვნენ, როდესაც სპექტაკლზე მუშაობდენ. თან ჩანს რეჟისორისა და მსახიობების თანამონაწილეობა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. საერთოდ, თუ მსახიობს არ ესმის, ვერ გრძნობს და რაღაც დოზით არაა რეჟისორთან, მის აზრთან,  სათქმელთან კავშირში,  გამორიცხულია, რომ რაღაც გამოვიდეს. გამორიცხულია!

რამდენი რამეა მოსაყოლი და დასაფიქრებელი! რამდენი თემაა! საიდან მოვდივართ, როგორ გვიჭირს კომუნიკაცია - არაა სათქმელი?!

რა ხდება კინოში?

უკეთესი ვითარებაა. კინოს აღიარება სადღაც სხვაგან ხდება. ჩვენი ბაზარი იმდენდ პატარაა, მისი მიხედვით ვერ შეაფასებ. კინომ რომ ფესტივალამდე წარმატებას მიაღწიოს, სტანდარტებში უნდა იჯდეს - ხმის, გამოსახულების. კინოში, საბედნიეროდ, ასე თუ ისე არსებობს -  ფინანსური და ადამიანური რესურსი, ტექნიკური გამართულობა და აქტუალური თემებიც. შედეგად, ქართული კინო თეატრზე ბევრად წარმატებული აღმოჩნდა. ოღონდ, წარმატებისთვის, შედეგისთვის, უნდა იყოს გულწრფელი, ნამდვილი და ამის შემფასებელი არ უნდა იყოს მხოლოდ შენი ქვეყანა.

სხვათა შორის, ძალიან მომწონს თეატრალური ფესტივალები. რამდენიმე წლის წინ, საერთოდ წასვლას ვაპირებდი პროფესიიდან და ფესტივალებმა გადამარჩინა. მაშინ ვნახე ლეპაჟი, კრიმოვის სპექტაკლები, „გეკოს“ თეატრი და სურვილი დამიბრუნდა.

რას ფიქრობთ ტელევიზიაზე, უფრო ზუსტად,  „ჩემი ცოლოს დაქალებზე“?

ჩემთვის სულერთია რას ვაკეთებ. თეატრია, კინოა, სერიალია. მე თამაში მინდა. მე მინდა ვთქვა, რაც მინდა რომ ვთქვა. მით უმეტეს, ასეთ კარგ სერიალში. იქ დიდი სიამოვნებით მივედი, ყოფნას ვაგრძელებ და მინდა, კიდევ გამიგრძელდეს იქ ყოფნა.

ეს სერიალი საშუალებაა, გამოვხატო ჩემი დამოკიდებულება, ჩემი პოზიცია, ჩემი ხედვა, ჩემი განცდები. სულ ვოცნებობდი, მეთამაშა თანამედროვე ქალი, შვილებით, წუხილებით, შინაგანი მდგომარეობით. და „ჩემი ცოლის დაქალებში“ ამის შესაძლებლობა მომეცა. ქეთი დევდარიანმა მომცა  საშუალება  ჩემი სათქმელი მეთქვა. მოხდა პერსონაჟთან ჩემი თანხვედრა  - ჩემი ასაკის, სათქმელის, განცდების. თუნდაც შვილებზე ფიქრის (დღეს ძალიან მადარდებს ეს პრობლემა), საზოგადოებაზე, ქალზე, კომპლექსებზე. რამდენი ქალის როლი ერთად  ვითამაშე სერიალში! ამას სად შევძლებდი ან კინოში ან თეატრში, ვინ მათამაშებდა?! 

და ამა თუ იმ სერიას რომ ვიღებდით,  თუ ყოველთვის არა, ათჯერ მაინც მაქვს საკუთარი თავისთვის ნათქვამი - ნინო, შენ ამას ვეღარასოდეს ითამაშებ! არ ჩათვალო, რომ ეს ისევ იქნება ან უბრალოდ გაივლის. ისიამოვნე ამით.  არ მინდოდა, ჩქარა გასულიყო, როგორც ჩემმა ახალგაზრდობამ გაირბინა, მინდოდა რაღაც დამრჩენოდა.

რამე რომ იყოს, დღეს ლედი მაკბეტს ისევ ითამაშებდით?

ვითამაშებდი და ჩემი ვერსიაც მაქვს, როგორ ვითამაშებდი. ოღონდ, ისიც თანამედროვე უნდა იყოს. ზუსტად ჩემი ასაკის და მეტისაც.

არის რამე, რაც გინდოდათ გეთამაშათ ან ვინმე, ვისთანაც ითამაშებდით? თითქმის ყველა მნიშვნელოვანი როლი, რომელიც მსახიობს შეეძლო შეესრულებინა, ნათამაშები გაქვთ.

 დიახ, თქვენც თქვით, რომ მნიშვნელოვანი პერსონაჟი მაქვს განსახიერებული. მე, რობერტ სტურუამ იმდენი კარი გამაღებინა, რთული როლების, იმდენი იდუმალი, დაბურული ოთახში შემაჭყიტა (მნიშვნელობა არა აქვს, რა გამომივიდა და რა არა), ზოგან შევიხედე, ზოგან შევედი, ზოგან დავრჩი, ისეთი საოცარი სამყაროები გავიარე, ისეთი განცდები  იყო (თუნდაც ლედი მაკბეტი, რომელიც სხვა როლებსაც ეყოფოდა), გამიჭირდება თქმა, რომ ამას და ამას ვითამაშებდი.  განცდების, ემოციური კუთხით ბევრ რამეს შევეხეთ.

ახლა, ყველაზე მეტად თანამედროვე პერსონაჟები მაინტერესებს. ეს უფრო რებუსად მიმაჩნია და დღეს, კლასიკის დადგმას რომ იწყებენ, რეალობიდან ცოტა გაქცევა მგონია. იქ ყველაფერია. შემდეგ ამ კლასიკის თანამედროვეობაზე მორგებას იწყებენ. რატომ? თუ ასეა, მაშინ თანამედროვე დადგი!

ვისთან - ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ერთნაირად გვინდოდეს რამის გაკეთება. მთავარი თამაშის სურვილია. მე ახლა ისეთი ასაკი მაქვს, რასაც მომცემენ, ალბათ ვითამაშებ, მაგრამ, თუ სურვილია,  თანამედროვე მინდა.

ისე, საერთოდ მგონია, რომ ახალგაზრდები უნდა მუშაობდნენ ასაკოვნებთან და პირიქით. ეს საუკეთესო კომბინაციაა. იქ იმდენი რამაა, იმდენი გაცვლა, სწავლების პროცესი. და მეც მინდა ახალგაზრდებთან მუშაობა.

bottom of page