top of page

ალტერნატიული გზით ახლის შესაქმნელად

3.jpeg

ალტერნატიული გზით ახლის შესაქმენლად

„ახალი დრამის ფესტივალი“ დაიწყო

 

ლაშა ჩხარტიშვილი

 

ვისაც ტრადიციული თეატრი მოგბეზრდათ, ვინც ფიქრობთ, რომ თეატრი ის უკვე აღარ არის, რასაც კლასიკური აკადემიური თეატრები გთავაზობთ, მაშინ „ახალი დრამის ფესტივალის“ წარმოდგენები არ უნდა გამოტოვოთ, რადგან შესაძლოა ამ ფესტივალზე ალტერნატიულ სივრცეში, ალტერნატიული ფორმის წარმოდგენები ნახოთ ალტერნატიულ თემებზე. ფესტივალის შემქნელები და მონაწილეებიც ერთად ეძებენ ახალ გზებს ახალი დრამის, სათეატრო ენის, მეთოდოლოგიისა და გამოცდილების შესაძენად.

 

„ახალი დრამის ფესტივალი“ უკვე მეორე წელია „დიალოგისა და განვითარების სახლის“ ინიციატივა - ორიგანიზებით იმართება. (თბილისის მერიის ხელშეწყობით). ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ხელოვნებათმცოდნე და კრიტიკოსი სოფო კილასონიაა, რომელმაც ახალგაზრდული არტისტული ფორუმის შექმნით, მიზნად დაისახა პლატფორმის ჩამოყალიბება დრამატული და პერფორმატიული ხელოვნების განვითარებისთვის. ამ კუნძულს კი შექმნიან სრულიად დამოუკიდებელი არტისტები, რომლებიც გათავისუფლებულნი არიან ყოველგვარი დოგმადქცეული წეს-კანონებისაგან. ამავდროულად, ფესტივალი მასში მონაწილე არტისტებს და მაყურებელსაც, მონაწილეობისთვის შეთავაზებული პირობით, ახალ გამოცდილებას შესძენს.

 

ახალი დრამის ფესტივალზე მისული მაყურებელი არ უნდა ელოდოს სპექტაკლს (პირდაპირი გაგებით). ამ სიბრტყეზე სპექტაკლის, როგორც ფორმისა და შინაარსის ერთობლიობის პროდუქტის, დეკონსტრუქციას ახდენენ სათეატრო ხელოვნების განვითარებისა და მისი განახლებული მომავლის შექმნის მიზნით. ძნელია ახლავე თქვა, რომ ფესტივალში მონაწილე არტისტების შემოთავაზებული გზა ერთადერთი და სწორი ველია სათეატრო ენის გასაჯანსაღებლად და განსავითარებლად, მაგრამ ფესტივალი მაყურებელს თანამედროვე ხედვასა და მიდგომებს სთავაზობს.

 

ფესტივალში მონაწილეობენ არტისტები (მწერლები, დრამატურგები, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები...), რომლებსაც აქვთ ამბიცია და სურვილი ახლებურად, ალტერნატიული ფორმითა და მაყურებელთან საკომუნიკაციო ენით შექმნან მხატვრული პროდუქტი. ფესტივალში არ მონაწილეობენ დებიუტანტები, ფესტივალის ორგანიზატორები მონაწილეთა შერჩევისას ითვალისწინებენ ხელოვანების გამოცდილებას.

 

ექსკლუზიური პროექტები, რომელიც სპეციალურად ახალი დრამის ფესტივალისთვის იქმნება (ისე როგორც მხატვრული პლაკატები, ავტორი გურამ მაცხონაშვილი) ალტერნატიულ სივრცეში ერთჯერადად ცოცხლდება. წელს ეს სივრცე ცოტნე დადიანის 134-ში მდებარე შრომითი რეზერვების სპორტული დარბაზი აღმოჩნდა, რომელიც კამერული ფესტივალისთვის საკმაოდ მასშტაბურია, იმაზე უფრო, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენა.

 

2019 წლის ახალი დრამის ფესტივალი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილების მქონე რეჟისორის, მსახიობის და დრამატურგის დათა თავაძის, კომპოზიტორ ნიკა ფასურისა და 25 მსახიობის მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის  შექმნილი კომპოზიციით „ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან“ გაიხსნა.

 

ამ უცნაური (შესაძლოა უცხო) ფორმისა და შინაარსის წარმოდგენაში მელოდია, მუსიკალურ-ხმოვანი რიგი (მთელი წარმოდგენის მსვლელობისას შორიდან ისმის სხვადასხვაგვარი ხმები) და ტექსტის მუსიკალურობა დომინირებდა. ვგულისხმობ, გამომსახველობითი ხერხის თავისებურებას. წარმოდგენის დაწყებამდე 25 მსახიობის მიერ ერთმანეთის პარალელურად წარმოთქმული ფრაზები ორკესტრის აწყობის ხმოვანებას მოგაგონებდათ. თითქმის სამი საათის განმავლობაში მაყურებელი ინტერესით ისმენდა 25 მიკროფონით 25 მსახიობის 25 ხმას. კომპოზიციაში „ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან“ ვიზუალი ნიველირებულია და მთავარი აქცენტი ხმაზეა გადატანილი (კომპოზიცია 25 ხმისთვის შეიქმნა), შესაბამისად მხატვრულ პროდუქტში დეკონსტრუირებულია სანახაობა, როგორც თეატრის მთავარი გამომსახველობითი ხერხი და მასთან ერთად კლასიკური, ტრადიციული პიესის ფორმა და სტრუქტურა. ამ კომპოზიციაში არაფერი იყო სანახავი, მას უნდა მოუსმინო, საკუთარი ფანტაზიაც ჩართო და შენს მიერ წარმოსახვაში შექმნილ ვიზუალს, 25 მსახიობის უნიკალური ხმა უნდა „დაადო“. ამიტომაც არის, რომ წარმოდგენა რადიოპიესას უფრო გავდა, ვიდრე სპექტაკლს. მცდელობის მიუხედავად, მაყურებელის მხედველობის არე ყველა მსახიობს ვერ წვდება, მათ ერთმანეთთან რამდენიმე მეტრი მანძილი აშორებთ, ამიტომაც ძნელია გაარჩიო რომელი მსახიობი კითხულობს ტექსტს, აქ მთავარია მოუსმინო, გაიგონო, წარმოიდგინო...

 

როგორც არავერბალურ თეატრის ტიპებში (ცეკვისა და მოძრაობის თეატრი) ფაქტობრივად გაქრა კლასიკური სიუჟეტის თხრობის მანერა, დრამატულ თეატრშიც უმნიშვნელო ხდება სიუჟეტური თანმიმდევრულობა, სიუჟეტის თხრობის კლასიკური ჩარჩო-მანერა. ძირითადი აქცენტი მოვლენების და თემების მიმართ ხელოვანის დამოკიდებულებაზე, განცდებსა და ვნებებზე, განწყობებზე გადადის. დათა თავაძის კომპოზიციაშიც ადამიანთა ცხოვრებიდან რამდენიმე ათეული ეპიზოდი მოვისმინეთ. მაყურებლის თვალწინ ცოცხლდება არა მხოლოდ ეპიზოდები, არამედ ადამიანები, განსხვავებული შეხედულებებით, აზროვნებით, ლექსიკით... ტექსტი, რომელიც მაყურებელს ესმოდა ეპიზოდების შესაბამისად სტილისტურადაც და ინტონაციურადაც განსხვავდებოდა ერთმანეთისგან... ცოცხალი და ბუნებრივი პასაჟების პარალელურად კომპოზიის მსვლელობისას ხელოვნური, გამომშრალი და ემოციებისაგან დაცლილი ეპიზოდებიც შეგვხვდა. მონაწილე მსახიობთა დიდი ნაწილი კი ამ ტექსტს ქმედითს (მიუხედავად მსახიობთა სტატიკურ მოცემულობაში ჩაკეტვისა) და წარმოსახვითს ქმნიდა, მსახიობები აცოცხლებდნენ კონკრეტულ პერსონაჟებს და ამავდროულად ზოგად მხატვრულ სახეებს, ტიპაჟებს. დათა თავაძე ირონიით, იუმორითა და სატირულადაც ეხმიანება ჩვენს და ჩვენი საზოგადოების ცხოვრებასა და სიტუაციებს, ხატავს მას ისეთს, როგორიც ის არის...

 

დადგმაში უხვად ვხვდებით პირდაპირ და უშუალო ინტერაქტივს, რომელიც ეხება პირად, ინტიმურ, საზოგადოებრივ და გლობალურ საკითხებსა და თემებს. პირდაპირი ინტერაქტივი მაყურებლთან ყოველთვის შეიცავს გარკვეულ ინტრიგას, რომელიც ჩნდება დარბაზში მსხდომთა და მონაწილეებს შორის. ცნობისმოყვარე მაყურებელი ელოდება ამ „ინტერვიუს“ ცქერა-მოსმენას, მაგრამ ის არ ვითარდება, იქვე წყდება (თუმცა მაყურებელთა რიგებში მყოფი დრამატურგი ალექსი ჩიღვინაძე ინტერაქტივის განვითარებას შეეცადა მსახიობთან კონტრშეკითხვების გზით).

 

კიდევ ერთი ხერხი, რომელსაც კომპოზიციაში - „ბნელა და არ იცის, რომ ოთახში სხვებიც არიან“ შევხვდით ჯვარედინი და პარალელური დიალოგები იყო, რომელიც რთული ხერხია და მსახიობთაგან მაქსიმალურ კონცენტრაციას და სიზუსტეს მოითხოვს. ამოცანას, რომელიც სამსახიობო ხელოვნების ელემენტების განვითარება-გაძლიერებას უწყობს ხელს, 25-ვე მსახიობმა წარმატებით გაართვა თავი და ისინი როგორც სიმფონიური ორკესტრი ისე ჟღერდნენ.

 

კომპოზიცია ბუნებრივი განათების ფონზე დაიწყო და სპორტულ დარბაზში მალე სიბნელემაც დაისადგურა. დარბაზში ბნელოდა, ოღონდ ყველამ იცოდა, რომ ამ დარბაზში სხვებიც იყვნენ, ცოტა ხნის შემდეგ განათდა კიდეც, მაგრა არტისტთა ხმებმა კომპოზიციაში თავისი როლი და ფუნქცია მაინც არ დაკარგა, კვლავ დომინანტი დარჩა. მხოლოდ ხმებით გაიელვა-ჩაიარა ადამიანთა ცხოვრების მნიშვნელოვანმა ეპიზოდებმა მაყურებლის თვალწინ.

 

25 არტისტი: პაატა ინაური, მაგდა ლებანიძე, გიორგი შარვაშიძე, ქეთა შათირიშვილი, იაკო ჭილაია, ივა ქიმერიძე, სოფიო ზერაგია, ლევან სარალიძე, ანანო ვარძიელი, ზუკა ცუხიშვილი, სანდრო სამხარაძე, ნიკა აფციაური, ნიკუშა ბაქრაძე, ნუცა აბაშიძე, დაჩი ბაბუნაშვილი, ბუკა თოლორდავა, ოთო ლობჟანიძე, ოთო აშკარელი, სალომე მაისაშვილი, ანკა დიდმანიძე, თაკი მუმლაძე, ლიკა მაისურაძე, ნათია ჩიქვილაძე, ლაშა გაბუნია, მარიამ ქანთარია ქმედების გარეშე, შემოსაზღვრულ სივრცეში აცოცხლებდნენ გმირებსა და სიტუაციებს...

 

ახალი დრამის ფესტივალი 15 სექტემბრამდე გასტანს. წარმოდგენების გარდა ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია დრამატურგთა მარათონი და შემაჯამებელი დისკუსია. სტუდენტებისთვის დასწრება თავისუფალია.

bottom of page