top of page

ნამასტე, ქართულო თეატრო! გენაცვალე, ინდოეთო!

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

335459597_525466609763751_3272862478010748411_n.jpeg
335416554_587492213295564_4415423200052171731_n.jpeg
333636670_237592695372914_6815068327771465983_n.jpeg
335437066_532847202288616_6042971800888074180_n.jpeg
335587312_1804986243210199_6082927631254570550_n.jpeg

ლაშა ჩხარტიშვილი

ნამასტე, ქართულო თეატრო! გენაცვალე, ინდოეთო!

 

ინდოეთში ჩასულებს პირველი სიტყვა, რაც ყურში მოგვხდა და რითაც მოგვმართავდნენ - ნამასტე იყო. ამ ჯადოსნური სიტყვის წარმოთქმისას მასპინძელი ინდოელები ხელებს აერთებდნენ გულის ჩაკრასთან, თვალებს ხუჭავდნენ და თავს ხრიდნენ. ჟესტი წარმოადგენს რწმენას, რომ ყველა ჩვენგანში არსებობს ღვთაებრივი ნაპერწკალი, რომელიც მდებარეობს გულის ჩაკრაში. ეს ჟესტი კი არის აღიარება ერთი სულის მიერ მეორესი. ნამასტე სიტყვასიტყვით ქართულად ნიშნავს - მე თავს ვხრი. ეს ჟესტი და სიტყვათა კომბინაცია პატივისცემის გამომხატველია, რაც ერთმანეთის სულების პატივისცემას ნიშნავს და იმ ადგილის ანუ სხეულის, სადაც ადამიანების სულები სახლობენ, რომელიც სიყვარულის, სიმართლის, შუქისა და მშვიდობის ადგილია. მსგავსი ჟესტიკულაცია არა, მაგრამ სიტყვა ჩვენც გვაქვს და გონებაში იმთავითვე - გენაცვალე ამომიტივტივდა. ორივე გამოთქმა ადამიანების გულების, სულების, ჭირისა და ლხინის გაზიარება-შენაცვლებაზეა დაფუძნებული.

2023 წლის მარტში, მართლაც შედგა ქართველებისა და ინდოელების გულების, სულების, ჭირისა და ლხინის გაზიარება, რომელთა ინიციატორებიც კონკრეტული ადამიანები იყვნენ. დარპან რაშერი, რომელსაც ქართველმა თეატრალებმა სიყვარულით დარისპანი შეარქვეს, დიდი ხანია შეყვარებულია საქართველოზე, კარგად იცნობს ქართულ კულტურას და ყოფას და კლდიაშვილის დარისპანივით მოგზაურობს საქართველოსა და ინდოეთს შორის უკვე მრავალი წელია. თუ დარისპან ქარსიძე ქალიშვილების გათხოვებისთვის ირჯება, დარისპან რაშერი ქართული კულტურის მის პირველ სამშობლოში პოპულარიზაციისთვის იღწვის. ამ მნიშვნელოვან საქმეში და ინიციატივაში ქართველებიდან თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე ამოუდგა მხარში და სწორედ მათ მოახერხეს მათი რესურსების გამოყენებით მასშტაბური დანგლოკის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ქართული თეატრის კვირეულის მოწყობა ინდოეთში.

ინიციატივა კარგია და მისასალმებელიც, მაგრამ შიშველი ხელებით მისი განხორციელება წარმოუდგენელია. სწორედ ასეთი მასშტაბური იდეის რეალობად ქცევაში ლომის წილი შეიტანეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, აგრისა და ჯაიპურის მთავრობებმა. რომ არა მათი მხარდაჭერა, ქართული თეატრის კვირეული ინდოეთში ვერ შედგებოდა. საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად შედგა კვირეულის პროგრამა და შეირჩა თეატრები და მათი სპექტაკლები. აქცენტი სამინისტროს დაქვემდებარებულ დედაქალაქის თეატრებზე კი არა, რეგიონისა და კერძო თეატრებზე გაკეთდა, რომლებიც დედაქალაქში მოღვაწეობენ. ჯერ ერთი, რეგიონისა და დედაქალაქის თეატრებს შორის ზღვარი მხატვრული დონის თვალსაზრისით კარგა ხანია წაშლილია, რეგიონულ თეატრებში მოღვაწეობენ და სპექტაკლებს დგამენ გამორჩეული რეჟისორები, ხოლო კერძო თეატრებს იშვიათად უჩნდებათ ფინანსური რესურსი უცხოეთში გასტროლების გასამართად (თორემ საერთაშორისო ფესტივალებში ისინი აქტიურად იღებენ მონაწილეობას). სწორედ ამ პრინციპით შეირჩა კერძო თეატრები: თავისუფალი თეატრი, რომელმაც მისი დამფუძნებლის ავთანდილ ვარსიმაშვილის ერთ-ერთი საუკეთესო სპექტაკლი „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, ხოლო „თეატრმა ათონელზე“ კვირეულში მონაწილეობის მისაღებად გეგა გაგნიძის სპექტაკლი „მზის ხაზი“ წარმოადგინეს.

 

ინდოეთში ქართული თეატრის კვირეულისთვის სახელმწიფო თეატრებიდან ორი რეგიონული თეატრი შეირჩა. ოზურგეთის თეატრი ინდოელი მაყურებლის წინაშე დათა თავაძის პიესის „დედაომი“ მიხედვით საბა ასლამაზიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლით წარსდგა, ხოლო ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატულმა თეატრმა საპრემიერო წარმოდგენა „სამხეცე“ გამართა, რომელიც ნიკოლოზ წულუკიძის იგავ-არაკების მიხედვით დადგა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოჩა კაპანაძემ.

 

აგრასა და ჯაიპურში ინდოელი მაყურებელი (ძირითადად ინდური სათეატრო სფეროს წარმომადგენლები, ქალაქის საზოგადოებრიობა და მთავრობა) აღფრთოვანებით ხვდებოდა ქართულ დასებს, რაც აპლოდისმენტებში გამოიხატებოდა და სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ოვაციებს უმართავდა თეატრის ფოეში გამოსულ მსახიობებს. ენობრივი ბარიერი არ შექმნილა, რადგან ერთი მხრივ, წარმოდგენები სუბტიტრების თანხლებით მიმდინარეობდა, ხოლო მეორე მხრივ, მოძრაობაზე, ქართულ ტემპერამენტსა და ეფექტურ ჟესტიკულაციაზე დაფუძნებული სპექტაკლები ამარტივებდა სიუჟეტის აღქმას.

 

კვირეულის ფარგლებში საქართველოს თოჯინების თეატრების გაერთიანების ხელმძღვანელმა ნიკოლოზ საბაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ინდოეთის ფერების სამყაროს კულტურის ინსტიტუტთან. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს Ranglok Sanskriti Theatres-თან ერთობლივი პროექტების განხორციელებას, ხოლო ზემოთ ნახსენებ ინსტიტუტთან ერთობლივ სასწავლო პროგრამებს, უორქშოპებს, ტრენინგებს გამოცდილებათა გაზიარების მიზნით. ცნობილია, რომ ინდოეთში თოჯინური თეატრის ხელოვნება დიდ ინტერესს იწვევს ევროპაში მისი ფორმის, სათეატრო ენისა და გამომსახველობითი საშუალებების ორიგინალურობის გამო, ისე როგორც ინდოელებისთვისაა საინტერესო და მიმზიდველი ქართული თოჯინების თეატრი.

 

2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის შემდეგ, ქართული თეატრის ასეთი მასშტაბური ექსპორტი უცხოეთში არ განხორციელებულა, ხოლო აზიაში რამდენიმე ათეული წელია. ქართული თეატრები ხშირად სტუმრობენ ევროკავშირის ქვეყნებს, მაგრამ აზიას იშვიათად. ამიტომაც, ინდოეთში ქართული თეატრების კვირეულს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, ისე სტუმარი თეატრებისთვის, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ ქართული თეატრი არა მხოლოდ უპირატესია და ღირსეულად იკავებს მნიშვნელოვან ადგილს სათეატრო სამყაროში დღესაც, არამედ გაცილებით მხარდაჭერილია სახელმწიფოს მიერ, ვიდრე მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, ინდოეთში, რომლის მოსახლეობაც მილიარდ 400 მილიონს შეადგენს.

bottom of page