
ნაცნობობიდან უცნობობამდე და ერთმანეთის პირადი ცხოვრების ქსელში ახლართული ერთ დროს მეგობრები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

მარიამ ბელთაძე
ნაცნობობიდან უცნობობამდე და ერთმანეთის პირადი ცხოვრების ქსელში ახლართული ერთ დროს მეგობრები
მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე გიორგი სულთანიშვილმა პაოლო ჯენოვეზეს კინოსცენარი გააცოცხლა და შეეცადა ჩვენთვის ეჩვენებინა ის, რომ ყველაზე უცხო და უცნობი შეიძლება ჩვენთვის ყველაზე ახლო ადამიანი აღმოჩნდეს.
რეჟისორმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტების მეშვეობით, წარმოადგინა იმ ადამიანების სახე, რომლებიც საკუთარ სამეგობროშიც კი ინიღბებიან. ჩემი აზრით, ჩვენ ყველას გვაქვს იმის უფლება, რომ რაღაც დავმალოთ და ჩვენთვის სასურველ საკითხზე უბრალოდ არ ვისაუბროთ. ადამიანებს პირადი საზღვრები გვაქვს და ჩვენ ვირჩევთ ვისთან რას ვისაუბრებთ და რა საკითხს გავაზიარებთ. სპექტაკლი ევას (ლალი ღერკენაშვილი ) და როკოს (ალექსანდრე შარაბიძე) მისაღებ ოთახში იწყება და ერთი შეხედვითაც მარტივი სათქმელია, რომ ოჯახი დანგრევის პირას არის. ცოლ-ქმარს შორისაა განხეთქილება და აჯანყებული თინეიჯერი.
ევას ლალი ღერკენაშვილი განასახიერებს და მისი ცივი მზერით და უხეში კომენტარებით წარმოდგენას საკმაოდ კარგად გვიქმნის მისი პერსონაჟის დაძაბულ ყოველდღიურობაზე.
როკოს, ალექსანდრე შარაბიძე ირგებს და საკმაოდ ბუნებრივად ზუსტი ინტონაციებით და მიმიკით გადმოსცემს მისი პერსონაჟის სათქმელს. მათი შვილს სოფის კი ნანა მეტრეველი განასახიერებს და ცდილობს გვაჩვენოს ის თავსატეხები, რასაც მოზარდი გარკვეულ ასაკში გადის. ის კარგად ირგებს პერსონაჟს, მისი ორგანულობით და ლოგიკაზე დაფუძნებული გამომსახველობით მაყურებელი სწორად იგებს მის მდგომარეობას და შინაგან თავსატეხებს.
წყვილი სტუმრებს ერთი შეხედვით მხიარულ ვახშამზე იღებს და ცეკვითა და სიმღერით იმ დაძაბული ეპიზოდების განეიტრალებას ცდილობს, რომელიც თავს გადახდათ სანამ შეიკრიბებოდნენ. გიორგი სულთანიშვილი ცდილობს სცენაზე წარმოადგინოს ისეთი პრობლემები, როგორიცაა აკრძალული სიყვარული, სოციალურ ნორმებთან ბრძოლა, ღალატი და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია. ყველაფერი კი იქიდან იწყება, როდესაც ნებით თუ ძალდატანებით სამეგობრო ჩაებმება თამაშში, რომელიც მათი პირადი ცხოვრების ყველა დეტალს აშიშვლებს. რვა ადამიანის გზა მეგობრობიდან უცნობებამდე. ვახშამზე წყვილს სტუმრობენ ლეო (ნიკუშა ხრიკული), ელე (თამარ ქადაგიძე), ლუკა (ალექსანდრე კვეზერელი), ბიანკა(ანა თოგოშვილი) და პეპე (ნიკა ჭკადუა).
ლეო(ნიკუშა ხრიკული) და ელე(თამარ ქადაგიძე) წყვილია, რომლებსაც გაციებული პირადი ცხოვრება და სახლში არსებული უამრავი პრობლემა აწუხებთ, მათ შორისაა, დედის ფაქტორი, რომელიც წყვილს შორის დიდ კონფლიქტს და დაძაბულობას იწვევს. წყვილი ცდილობს მოსაწყენი ცხოვრების გახალისებას და ამისთვის ერთმანეთის ნაცვლად “ონლაინ” რომანებს მიმართავენ. ლეოს ნიკუშა ხრიკული წარმოგვუდგენს და ცდილობს გადმოსცეს გადაღლილი კაცი, რომელსაც ახალგაზრდა გოგოს “ჩაგდებული” ფოტო უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებს, ვიდრე საკუთარი ცოლი. ხრიკული საკმაოდ ბუნებრივია და უნდა ითქვას , რომ მისი შესრულება გადამდებია მაყურებლისთვის. მისი აჩქარებული შინაგანი ტემპორიტმი და სწრაფვა ნამდვილად აღსაქმელია, რასაც ვერ ვიტყოდი მის პარტნიორზე თამარ ქადაგიძეზე, რომლის გამომსახველობითი საშუალებები იმდენად არაბუნებრივი იყო, რომ პირადად მე , არ გამიჩნდა სურვილი რომ დამენახა მისი სატკივარი და გავყოლოდი პერსონაჟის ხასიათის განვითარების ხაზს. განსაკუთრებით მისი მონოლოგის დროს იმდენად ილუსტრირებულად და ყალბად გადმოსცემს სათქმელს, რომ მე ერთი სიტყვაც ვერ დავიჯერე. რაც შეეხება ახალ შეუღლებულ წყვილს ბიანკას(ანა თოგოშვილი) და ლუკას (ალექსანდრე კვეზერელი) ისინი ტემპერამენტიანი და საინტერესო წყვილი ჩანან ერთი შეხედვით, თუმცა, მათ შორის თავს იყრის ღალატის ქსელი, რომელშიც ლუკა(ალექსანდრე კვეზერელი) არის გახვეული და ახალგაზრდა ცოლს საკუთარი მეგობრის ცოლთან ევასთან (ლალი ღერკენაშვილი) ღალატობს და როგორც მოგვიანებით ვიგებთ, თავის თანამშრომელთან კი შვილს ელოდება. არც ბიანკაა (ანა თოგოშვილი) უდანაშაულო და საკუთარ ყოფილ შეყვარებულთან ქმრისგან მალულად მეგობრულ ურთიერთობას ამყარებს. რასაკვირველია, ბიანკას (ანა თოგოშვილის) უწყინარ ურთიერთობას არც შეედრება ის სასიყვარულო ოთხკუთხედი, რომელშიც მისი ქმარია. ლუკა (ალექსანდრე კვეზერელი) პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დასაბმელია, რასაც სპექტაკლში გათამაშებულ სცენაშიც ვხედავთ , როდესაც მეგობრებს მისი დაბმა უწევთ. ალექსანდრე კვეზერელის შესრულება არაბუნებრივია. ვერც ერთ მომენტში პირადად მე არ მიჩნდება სურვილი, რომ გავუგო პერსონაჟს. ინტონაციური უზუსტობა და გადაჭარბებული ემოცია ერთადერთია, რაც მსახიობიდან იკვეთება. ასევე ანა თოგოშვილის ბიანკა, რომელიც ტემპერამენტიან , ლამაზ , მიმზიდველ ქალად გვევლინება მისი კარგი სასცენო პლასტიკით, თუმცა , შესრულების მხრივ, მის პერსონაჟსაც დაყვება ის ხელოვნური შესრულების ელემენტები, რაც ჩემში მოწონებას არ იწვევს. პეპე (ნიკა ჭკადუა) საინტერესო და მეგობრებისგან განსხვავებული პერსონაჟია, რომელსაც საკუთარი იდენტობის დამალვა უწევს მის “ახლო” წრეში და საყვარელი მამაკაცის ქალად გასაღება.
თამაშდება ეპიზოდი, სადაც ლეო (ნიკუშა ხრიკული) და პეპე (ნიკა ჭკადუა) ტელეფონებს ცვლიან და აქ აშკარავდება მისი ორიენტაცია , მაგრამ, მხოლოდ ლეოსთვის დანარჩენები კი შედიან შეცდომაში და გონიათ რომ, ლეო არის ჰომოსექსუალი. აქ კარგად იკვეთება მათი არაჯანსაღი და ჰომოფობიური დამოკიდებულება. პეპე არის პერსონაჟი, ვისაც ეშინია იმის, რომ ვერ მიიღებენ და საკუთარ იდენტობას იქ მალავს, სადაც ყველაზე გახსნილი უნდა იყოს. ეს წარმოადგენს საზოგადოების სახეს, რომელთაც არ შეუძლიათ მათთვის უცხოსთან ადაპტირება და მხოლოდ იმას იღებენ, რაც მათთვის არის ბუნებრივი. ნიკა ჭკადუა სრული სიზუსტით და გააზრებით განასახიერებს პესონაჟს. მისი განცდები ჩემთვის, როგორც მაყურებლისთვის გასაგები და გადამდებია.
ციფრულ სამყაროში გამოაშკარავებული რეალური სახეები, რომლებიც გარწმუნებენ , რომ რეალურად შეიძლება არავის ვიცნობდეთ. ღირს თუ არა იქ შესვლა, საიდანაც არიცი როგორ გამოხვალ.
“უცნობები” საინტერესო სიუჟეტის გარშემო განვითარებული სტუდენტური სპექტაკლია, სადაც ჩანს ციფრული ეპოქის გავლენა ადამიანზე და დანგრეული ნდობა მათ შორის.
სპექტაკლი ერთხელ სანახავად ღირს ის შრომა, რომელიც მასშია ჩადებული ნამდვილად დასაფასებელია და ყველაფრის მიუხედავად ამბავი სამეგობროზე, რომელიც ერთ დროს ნაცნობებისგან იყო შემდგარი, ჩვენზე გავლენას ახდენს და გვაფიქრებს ყველა იმ ურთიერთობაზე, რომელიც გვაქვს ან არ გვაქვს.
პირადი სივრცის დაკარგვა და ტელეფონის მეშვეობით გაცხადებული სიმართლე - აი ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მახსოვს თეატრიდან გამოსულს.