top of page

მზე ისევ ამოვა

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

353692140_235276289297495_8984830760637585231_n.jpg

გიორგი ყაჯრიშვილი

მზე ისევ ამოვა

გორის გიორგი ერისთავის თეატრის რეპერტუარს ახალი კომედია შეემატა -  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსის (ჯგუფის ხელმძღვანელია გია კიტია) სტუდენტმა გიორგი თენაძემ რამდენიმე ვოდევილი გააერთიანა და სახელით „მზე კიდევ ამოვა“ მაყურებელთა წინაშე წარადგინა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

გამოიყენა რა ზურაბ ანტონოვის კომედიის „მზის დაბნელება საქართველოში“ მთავარი თემა - თბილისში მზის დაბნელების მოლოდინში და მისი შიშით გამოწვეული მოვლენები, მან ასევე ინსცენირებაში ჩართო რაფიელ ერისთავის „ეჭვიანის“ და იმავე ანტონოვის „მე მინდა კნეინა გავხდე“ რამდენიმე სცენა.

სპექტაკლი მუსიკალურ-ქორეოგრაფიულია (კომპოზიტორი დაჩი დოდაშვილი, ქორეოგრაფი ტატა მეცხოვრიშვილი, ქორმაისტერი ნინი ქებაძე, სასიმღერო ტექსტის ავტორი ლუკა ბაზაძე) სადაც იუმორთან ერთად სჭარბობს კუპლეტები ცოცხალი შესრულებით და საცეკვაო ნომრები, სადაც ახალგაზრდა მოცეკვავეები არიან დაკავებული. ამ და წინა სეზონში სინთეზური წარმოდგენები მუსიკალური ნომრების და ცეკვების გამოყენება უკვე მესამე სპექტაკლში გვხვდება: „მზის დაბნელება საქართველოში“ (რუსთავის თეატრი, რეჟისორი გიორგი ქანთარია), „ვოდევილები“ (მესხეთის თეატრი, რეჟისორი კახა გოგიძე) და დღევანდელი წარმოდგენა და უნდა ითქვას, რომ კუპლეტების ცოცხალმა შესრულებამ ნამდვილად ახლებური სიცოცხლე შესძინა ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში შექმნილ ქმნილებებს და მიუხედავად მასში აღძრულ საკითხთა „სიძველისა“ ისინი ასეთი ინტერპრეტაციით ძალზე თანამედროვედ გამოიყურება და რაც მთავარია იტაცებს მაყურებელს, რაზეც მეტყველებს მათი რეაგირება და ჩართულობა.

გორის თეატრის სპექტაკლში სასცენო გარემო ძალიან ხატოვანია (სცენოგრაფი ნისა სამადბეგიშვილი). სცენაზე მოწყობილ „კედლებზე“, რომლებიც სხვადასხვა კუთხით ტრიალდება მაყურებლის მხარეს ხალიჩები და მუთაქებია გაკრული. ასევე ორი დიდი წითელი მუთაქა ავანსცენაზე თამაშდება ხოლმე, რაც ფერადოვან კოლორიტს და ეთნო-ფოლკლორულ ხასიათა მატებს წარმოდგენას. უკანა პლანზე დიდი „მზის“ გამოსახულება, რომელიც ფინალში უნდა დაბნელდეს. აი, აქ ამ სასცენო გარემო თამაშდება კეკელას (ელენე დარჩია) და თავადი ილიკო გუგენიძე (დაჩი ბაბუნაშვილი), ტასიას (მზიკო ტურაშვილი) და დომენიკოს (ზაზა ცარულაშვილის) სიყვარულის ამბები. ბარბარე თულუხჩოვის (ლიკა კევლიშვილი) მცდელობები, რომ კნეინა გახდეს და გეურქ კარაპეტოვის (იაკობ-კობა კოპაძე) ბიზნეს-პრობლემები.

სპექტაკლის დასაწყისს და ფინალს ამშვენებს უხუცესი მსახიობის ანზორ გვაძაბიას მიერ წაკითხული საკვანძო ფრაგმენტები კომედიებიდან. ყოველი სცენა მსახიობთა მიერ განსაკუთრებული ოსტატობით და სხარტი იუმორით, პლასტიკით, სასიმღერო ტექსტებითაა გათამაშებული, სადაც ალაგ-ალაგ ჩართულია კინტოების (მათი ჩაცმულობა ძალიან სტილიზებულია განსხვავებული ორიგინალისგან) და ქართული ცეკვები შესატყვისი სასცენო კოსტიუმებით. სპექტაკლში უხვადაა გამოყენებული ბუტაფორიაც.

ჩემი აზრით, ყოველივე ამან, სცენების ხშირმა ცვლამ, მათ შორის პაუზებმა, რომელიც ამ დროს იქმნება წარმოდგენას ერთგვარი ფრაგმენტულობა შესძინა, სამწუხაროდ, დაიკარგე ამბავთა შორის ბმა - თხრობა, რაც ართულებს მთლიანი ხაზის აღქმას. იმედია მომავალში, სპექტაკლის გათამაშებისას ეს ხარვეზი აღმოიფხვრება.

bottom of page