
მზად ხა რთ განაჩენის გამოსატანად?
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

24.03.2026
ლელა წიფურია
მზად ხართ განაჩენის გამოსატანად?
წარმოგედგინათ ოდესმე თავი მსაჯულის როლში? გიფიქრიათ, რომ თქვენს განაჩენზე ადმიანის ბედი იქნებოდა დამოკიდებული? გამოუტანდით განაჩენს? მე ვერ შევძელი. უბრალოდ ვერ ავწიე ის ერთი ფურცელი, რომელიც მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის, „ტერორის“ დაწყების წინ მაყურებლებს დაგვირიგეს და ფურცლის ფერით უნდა გადაგვეწყვიტა დამნაშავე იყო თუ არა სამხედრო უნიფორმაში სანიმუშოდ ჩაცმული ლარს კოხი, რომელმაც 164 ადამიანი ააფეთქა თვითმფრინავში სტადიონზე მისული სამოცდაათი ათასი ფეხბურთის გულშემატკივრის გადასარჩენად. დრამატურგის და იურისტის ფერდინანდ ფონ შირახის 2014 წელს დაწერილი და პიესა მსოფლიოს 32 ქვეყანაში დაიდგა და 130-მდე დადგმა განხორციელდა. ფერდინანდ ფონ შირახი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. პიესა დავით კაკაბაძემ თარგმნა და კოტე მარჯანიშვილის თეატრმა გამომცემლობა „ატლასში“ დაბეჭდა. მადლობა თეატრს, ძალიან კარგია, განსაკუთრებით კრიტიკოსებისთვის. ამ ჟანრის პიესები, სადაც მოქმედება სასამართლოს პროცესზე ვითარდება, საკმაოდ იშვიათად შეგხვდებათ ქართულ სცენაზე. მით უფრო ნაკლებია ინტერაქციული ეპიზოდები და საერთოდაც არ გვხდება იმგვარი სპექტაკლები, სადაც ფინალი მაყურებლის განაჩენზეა დამოკიდებული. იმ დღეს მაყურებელმა მფრინავი ლარს ფონ კოხი ( პაატა ინაური) გაამართლა. იყო კი განაჩენი სამართლიანი? არ ვიცი ვინ როგორ, მაგრამ ჩემი რწმენით ერთი ადამიანის მკვლელიც კი ვერასდროს მოიშორებს სტატუსს, თუნდაც ეს დანაშაული უფრო მეტი ადამიანის გადასარჩენად ქონდეს ჩადენილი. გამონაკლისი, ცხადია თავდაცვაა, მაგრამ ეს პიესაში არ ხდება, ახალგაზრდა მფრინავი თავისდაუნებურად ხდება მსაჯული და სწორედ მისი ამ გადაწყვეტილების განსჯის პროცესი დადგა რეჟისორმა თემურ კუპრავამ.
სამყარო მესამე მსოფლიო ომის საშიშროების წინაშე დგას. ტერორი ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა. ყველა საინფორმაციო პროგრამა აფეთქებებით იწყება. მათი არეალი სხვადასხვა კონტინენტებზეა განფენილი და სასამართლო პროცესებიც, ტერორისტული აქტების თუ საომარი პროცესების თემაზე საინფორმაციოების სიუჟეტების ყოველდღიურობის ნაწილია. რაც შეეხება პროცესის თანამონაწილეობას, კაფკას „პროცესის“ პერსონაჟებს დამსგავსებულნი უფრო ვართ ამ სამყაროში სამწუხაროდ. ასეა თუ ისე, მარჯანიშვილის თეატრს ახალი წარმოდგენა უთუოდ იმსახურებს მაყურებლის ინტერესს- დარბაზი ყოველთვის სავსეა. შირახის პიესა მეცამეტე წელია მსოფლიოს მრავალ თეატრში წარმატებით იდგმება. რით იპყრობს ეს პიესა მსოფლიო თეატრების ამგვარ ყურადღებას? მე პირადად შირახის ამ პიესას ვერაფრით მივაკუთვნებდი მაღალი რანგის დრამატურგიულ ნიმუშთა რიცხვს. ამბავი რომელიც პიესაში ვითარდება, თავისთავად საინტერესოა, მაგრამ პერსონაჟებს აკლია სიღრმე, აზროვნების პროცესი. მათი მსჯელობა ბოლომდე სასამრთლო პროცესის ანალოგია და იურიდიული დებატების ჩარჩოშია მოქცეული, რაც ერთგვარად სწორხაზოვანს ხდის მხატვრულ ნაწარმოებს. ცხადია ეს ყოველივე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც თავის კვალს ტოვებს და საბოლოოდ წარმოდგენა რამდენადმე ტექსტის მტკიცებითი ფორმით ურთიერთმიმართვის გახანგრძლივებულ პროცესად იქცა. დიალოგებში ცხადია სრულად არის დაცული იურიდიული ფორმატი, მაგრამ მის მიღმა არც თუ სრულად არის წარმოსახული მოქმედი პირების ხასიათები. გამონაკლისს ალეკო მახარობლიშვილის ლაუტერბახი წარმოადგენს. მსახიობი გარდა ფუნქციონერისა პერსონაჟის სიხარბეს და ყოველგვარი თანაგრძნობის არარსებობას გვიჩვენებს მისი დაკითხვის ეპიზოდში. დანარჩენი როლებით, რომელთაც მსახიობები ასრულებენ, არ მოაქვთ პერსონაჟების ბიოგრაფია სცენაზე . ამიტომაც არ იქმნება სპექტაკლში ხასიათების გალერეა და წარმოდგენაც ნამდვილ იურიდიულ პროცესს ემსგავსება.
„ტერორის“ სცენოგრაფია ანკა კალატოზიშვილს ეკუთვნის. სასცენო მინიმალიზმი-ვფიქრობ ამგვარადაც შეიძლება შეფასდეს მხატვრის ნამუშევარი. დარბაზში რიგების ნახევარი აღებულია და წინ წამოწეული სცენა მაყურებელთა დარბაზის ნაწილია თითქოს. თუ იმასაც დაუმატებთ, რომ სპექტაკლის ერთ-ერთი პერსონაჟის გარდაცვლილის ცოლის შემსრულებეილი ( თეა ალფაიძე) დარბაზიდან ადის სცენაზე და დარბაზიდანვე ძალით გაყავთ ისტერიკამდე მისული, მოქმდების ადგილის და აუდიტორიის თანამონაწილეობა უფრო თვალსაჩინო გახდება. სცენაზე კი თანამედროვე დიზაინით შექმნილი ბაცი ფერის კანტებიანი მაგიდები და ვენური სკამებია განლაგებული. შუშის კაბინა, საიდანაც მსჯავრდებული კოხი პერიოდულად გამოდის და თავის მართლაც თავგანწირულ და ემოციურ ადვოკატს ( ნინო კვირიკაშვილი) მიუჯდება ხოლმე. სვეტებს შორის განლაგებულ უკანა ფონს უზარმაზარი ეკრანი იკავებს, სადაც მთელი წარმოდგენის მანძილზე ნაჩვენებია თვითმფრინავის თუ სტადიონის სქემები, ლიუფთჰანზას ფრენის გრაფიკი, მარშრუტი და ა.შ. ვიდეოინსტალაციას ექსპრსია შემოაქვს წარმოდგენაში. მხატვრული გაფორმების დეტალია მოსამართლე ეკა ჩხეიძის წითელი მანტია და წითელი ქუდი, რომელიც გამოკვეთს პერსონაჟის ლიდერულ თვისებებს. მსახიობი მკაცრი მოსამართლის სტატუსის მიღმაც ცდილობს პერსონაჟის ქალური მომხიბლელობის შენარჩუნებას. მისი პლასტიკა და ღიმილი შემფასებელი მზერის გასაწონასწორებელია თითქოს.
ადვოკატის ( ნინო კვირიკაშვილი) და პროკურორის ( ანუკი ბუბუტეიშვილი) კოსტიუმები ერთმაგვარია- შავი შარვლები და მოსასხამები და თეთრი ჟაბოიანი პერანგები. ორივე ლამაზი ახალგაზრდა მსახიობი ემოციურად ცდილობს საკუთარი პოზიციის დამტკიცებას. ანუკი ბუბუტეიშვილს თანააზროვნების პროცესისკენ მიყავს მაყურებლები. პიესაში პროკურიც და ადვოკატიც კაცები არიან. სპექტაკლის ახალგაზრდა მსახიობები არანაკლებ ენერგიულად იცავენ თავიანთ პოზიციებს. მინდა საინტერესო როლები და წარმატებები ვუსურვო მათ.
მთავარი დამნაშავე , მსჯავრდებული, როგორც მას სპექტაკლში მიმართავენ, ლარს კოხი (პაატა ინაური) მაიორის წოდებით და მუნდირით-ასეთად წარსდგა ის სასამართლოს და ჩვენს შემთხვევაში მაყურებლის წინაშე. სპექტაკლის პირველ ნახევარში პერსონაჟი უტყვად ისმენს მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს. მხოლოდ ადვოკატის სიტყვებს ეთანხმება. თავის მართლების პროცესში არასოდეს კარგავს წონასწორობას და ღირსების გრძნობას. პაატა ინაური სრულად არის დარწმუნებული საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში. ის დაბეჯითებით იცავს საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობას და როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს, ლარს კოხს მსოფლიო თაეტრების უმრავლესი მსაჯული-მაყურებელი ამართლებს. იმდღევანდელი მსაჯულების განაჩენიც გამამრთლებელი იყო- თითქმის ყველამ თეთრი ფურცლით გაამართლა მსჯავრდებული. უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ტერორი“ მარჯანიშვილის თეატრის ყველაზე საუკეთესო სპექტაკლი არ არის, მსაჯულის როლი ნამდვილად იზიდავს მაყურებელს. სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის. მე კი ვერ შევძელი იქ განაჩენის გამოტანა...თქვენ მზარ ხართ განაჩენის გამოსატანად?