top of page

მტრის ბოლნისური კოსმეტიკა...

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და

მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

3171b455-18b4-4bda-aa81-cb58aab7fdc7.jpeg

22.03.2026

ნერონ აბულაძე

მტრის ბოლნისური კოსმეტიკა...

     

ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა მაყურებელს მორიგი პრემიერა შესთავაზა. ,,მტრის კოსმეტიკა“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც თეატრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და რეჟისორმა ლაშა ნოზაძემ ამელი ნოტომის ამავე სახელწოდების მოთხრობის, გნებავთ მინი-რომანის საფუძველზე განახორციელა. ნაწარმოები იმდენად მცირე მოცულობისაა, რომ მისი წაკითხვა დაახლოებით ერთ საათშია შესაძლებელი.

    

პარიზის აეროპორტის მოსაცდელი ოთახი. წარმატებული მენეჯერი ჟერომ ანგუსტი (დავით ხახიძე) ბარსელონაში მიფრინავს, მაგრამ მისი რეისი დაგვიანებულია. მას უახლოვდება უცნობი, რომელიც თავს ტექსტორ ტექსელად (აპოლონ კუბლაშვილი) წარუდგენს და იწყებს მის შეწუხებას - თავდაპირველად მისი უბედური ბავშვობის ისტორიებით, შემდეგ კი აღსარებით, რომ ზუსტად ათი წლის წინ მან ჟერომის ცოლი მოკლა.

  

მთელი მოთხრობა და შესაბამისად სპექტაკლიც ორ მამაკაცს შორის დიალოგზეა აგებული. ჯიუტი ადამიანი აეროპორტში გაურკვეველი ვადით გადადებულ რეისს ელოდება და უხერხულ საუბარს იწყებს. რაც არ უნდა ეცადოს მეორე მგზავრი არასასურველი თანამოსაუბრის მოშორებას, ვერ ახერხებს. საბოლოოდ, საუბარი  მისი გარდაცვლილი მეუღლის, გარდაცვალების მიზეზებსა და  გარემოებებზე გადადის. საერთო ჯამში, სრულიად ბანალური სიტუაციის მიუხედავად, საქმე გვაქვს ნამდვილი კრიმინალურ თრილერთან.

     

XXI საუკუნემ, წარმოსახვისა და გამომსახველობის სიუხვემ მეტად კომფორტულ მდგომარეობაში ჩააყენა როგორც მწერალი, ასევე მისი მკითხველი. შემთხვევით არ გამოვყოფთ ერთმანეთისგან სიტყვებს -  [წარმომსახველობა] და [გამომსახველობა]. მწერალს,  განსხვავებით კლასიკური ეპოქებიდან, აქვს ის თავისუფალი გაქანების საშუალება, როცა აბსტრაქცია შეუძლია ისე გაუტოლოს რეალობას, რომ რთულია  ზღვრული სივრცის განსაზღვრა სიუჟეტურ კონსტრუქციაში, ამა თუ იმ მოცემულ კონკრეტულ ნაწარმოებში. ფაქტიურად თავისუფალია ავტორის ფანტაზია,  თავისუფალია მისი აზროვნება... მასშტაბი ერუდიციის წყალობით მოდის, თუმცა პერსპექტივებისა და მიზანსცენების განლაგება მისი მხატვრული გემოვნების შესაბამისია. ამიტომაა თანამედროვე მწერლობაში წარმოსახვა და გამოსახვა თანაბარზომიერი.

      

საუკუნეთა მიჯნის (XX-XXI სს.) შემოქმედთა სამწერლო გალერეის ერთ-ერთი წარმომადგენელი ამელი (დაბადებით ფაბიენ-კლერ) ნოტომია, ბელგიელი ფრანგულენოვანი მწერალი, რომელსაც წელს დაბადებიდან 60 წელი უსრულდება. იმისათვის რომ კარგად გავიცნოთ მისი შემოქმედების ზოგიერთი ასპექტი, მიზანშეწონილად მიმაჩნია ორიოდ სიტყვით შევეხო მწერლის ბიოგრაფიულ საკვანძო შტრიხებს. ამელი დაიბადა ბარონის ოჯახში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან მიიღო საფუძვლიანი განათლება. მამა დიპლომატი იყო და შესაბამისად ამელის ბავშობა ერთ ლოკაციაში არ მიმდინარეობდა. ოჯახთან ერთად იგი მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ ფაქტორმა განაპირობა მომავალი მწერლის ფანტაზიის ფართო ჰორიზონტი. იგი ოჯახთან ერთად სხვადასხვა დროს ცხოვრობდა ჩინეთში, ა.შ.შ.-ში, ლაოსში, ბირმაში, იაპონისა და ბანგლადეშში. ეცნობოდა ამ ქვეყნების კულტურასა და ეროვნულ თვითმყოფადობას, რაც შემდგომში აისახა კიდეც მის რომანებში, პიესებში, მოთხრობებსა და ზღაპრებში. ერუდირებულ ოჯახში გაზრდილი მარტო ამელი არ დასდგომია სამწერლო კარიერას, მისი უფროსი დაც მწერალია. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სამუშაოდ ტოკიოში მიდის. მისი რომანები დაჯილდოვებულია არაერთი პრემიით, მის ნაწარმოებებს ასწავლიან ბელგიისა და საფრანგეთის სკოლებში. მწერლის პოპულარობა ისე დიდია ფრანგულენოვან მკითხველში, რომ მის საპატივცემულოდ ერთ-ერთ ასტეროიდს ეწოდა ნოტომის სახელი. ამჟამად ამელი ნოტომი არის კორიდასთან მებრძოლი საზოგადოების წევრი, თანაუგრძნობს ფემინისტურ მოძრაობას, თუმცა მისი წევრი არაა. დაწერილი აქვს 30-მდე რომანი, ასზე მეტი მოთხრობა და ზღაპარი. ამელი ნოტომი მონორომანზე „მტრის კოსმეტიკა“ („Cosmétique de l’ennemi“) მუშაობდა 2003-8 წლებში.

     

თავისი ფორმით და სტრუქტურით ნაწარმოები კლასიკურ ექსპოზიციურ კონსტრუქციას მიჰყვება - აქვს მკვეთრად გამოხატული საექსპოზიციო, საკვანძო და კულმინაციური ნაწილები, რომელიც მიმდინარეობს თითქმის სწორხაზოვნად, იქამდე, ვიდრე მთავარი გმირის ალტერ-ეგო არ ჰყვება საკუთარ თავგადასავლებს... სწორხაზოვნების პრინციპი მიუხედავად ამისა მაინც არ იშლება, რადგან მონათხრობი ამბები (პირველი - თანაკლასელი ბავშის მოკვლა ლოცვით, მეორე - კატის საკვების შეჭმა და შეყვარებულის ისტორია მონმარტრის სასაფლაოზე) დინამიურად ინაცვლებენ წინა და უკანა პლანზე იმის შესაბამისად, თუ რა აქცენტები სჭირდება ავტორს საჭირო ექსპრესიის გამოსაწვევად. დიალოგებში უხვადაა ფილოსოფიური მსჯელობები, რომლებიც სულაც არ ხდის მოსაწყენს ნაწარმოებს, ხანდახან პირიქითაც ხდება, მეტად ახალისებს ასეთი წიაღსვლები კომიკური სიტუაციის განვითარებას, როდესაც თანამგზავრი თავს აბეზრებს ნაწარმოების მთავარ გმირს თავისი საუბრებით. ეს იმთავითვე იწვევს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ ერთ-ერთ მფრინავი ფრაზის „არასოდეს არ გაუბათ ლაპარაკი უცნობ ადამიანს“ ალუზიას. უნდა ითქვას, რომ ალუზიის პრინციპი ხშირად გვხვდება ამ მინირომანში, მაგალითად, აკუტაკავა რიუნოსკეს ნოველისა „უსიერ ტყეში“, სადაც მკვლელობა და მისი გარემოებები წარმოდგენილია რამდენიმე თვალთახედვით და ლოგიკური პრინციპით. ამელი ნოტომიც ანალოგიურ სიტუაციაში სვამს თავისი სიუჟეტის საკვანძო საკითხს და აძლევს ჰალუცინაციის შეფერილობას. თავისი, ასე ვთქვათ საფირმო მკვლელობა შეფუთულია ჰალუცინაციური გრავიტაციით, სადაც ალტერ-ეგო (ტექსტორ ტექსელი) მიიზიდავს თავისკენ ეგოცენტრულ წუხილს გმირისას (ჟერომ ანგუსტი), საბოლოოდ მიაღწევს და გამოიწვევს მასში სინდისის ქენჯნას პარანოიდალური ქმედების გამო. აქ ფროიდისტული ფორმულა მოქმედებს სექსუალური არასიჯანსაღისა, ამიტომაა სიუჟეტში ჩასმული ორი თითქოსდა ერთმანეთთან და მთავარ ხაზთან შეუსაბამო ეპიზოდი - თანაკლასელი ფრანკის მოკვდინება დისტანციურად ლოცვის მეშვეობით და კატის საკვების დამზადება თევზითა და ბრინჯით, მერე ამ საძაგლობის ბოლომდე შეჭმა, რის გამოც დაკარგავს რწმენას ღმერთში, რადგან ღმერთი დემონზე სუსტი გამოდგა და ვერ, ან არ აღუდგა ტექსტორ ტექსელში იმავე ჟერომში ჩაბუდებული დემონიურ ძალას. ამ მეორე შემთხვევის შემდეგ ტექსელს ეცვლება წარმოდგენა ყველაფერზე, თუნდაც იმაზე, რომ თურმე რა ტყუილ-უბრალოდ მოუკლავს ფრანკი და უჩნდება მის მიმართ სიბრალული მხოლოდ იმის გამო, რომ მისთვის არაფერი არ შეცვლილა თანაკლასელის სიკვდილით. სწორედ აქ ავლენს მწერალი  თავისი გმირის ფარულ სექსოპათოლოგიას, არასრულფასოვნებას პიროვნებაში, რამაც შედეგად მოიტანა საკუთარი ცოლის (იზაბელის) მოკვდინება იმის გამო, რომ მონმარტრის სასაფლაოზე ვერ შეძლო მისი გაუპატიურება და მხოლოდ სიზმრებში ჰქონდა ჩარჩენილი სექსუალური ლტოლვა მის მიმართ.

   

სიუჟეტური თანმიმდევრობა იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ტექსელი ცდილობს თავი მოაკვლევინოს ჯერ იზაბელს, შემდეგ კი თანამოსაუბრე ჯერომს. აქაც ერთგვარი ბიბლიური ალიუზიაა კაენისა, რომელმაც მოკლა ძმა და შემდეგ დაეხეტება მთელს ქვეყნიერებაზე იმ იმედით, რომ ვიღაც აუცილებლად მოკლავს მას, თუმცა ღმერთის მიერ დადებული ნიშანი, შვიდგზის მიეზღვება კაენის მკვლელსაო, თან სდევს როგორც უებარი წყევლა და შეჩვენება. ანალოგიურად იქცევა ერთის შეხედვით ტექსტორ ტექსელი, მაგრამ ეს ერთი შეხედვით ჩანს ასე. სპექტაკლის საფინალო მონაკვეთი მთლიანად მიძღვნილია ტექსტორის აღიარებას, რომ იგი ჟერომის სინდისი და ერთგვარი წარმოსახვაა მთავარი გმირისა. აქ იკვეთება სწორედ აკუტაგავა რიუნოსკეს მეთოდური ნაირსახეობა თვალთახედვისა, როდესაც იზაბელის მკვლელობა დანახულია განსხვავებული რაკურსით, უკვე ჟერომის თვალსაწიერიდან, თუ როგორ და რატომ კლავს იგი საკუთარ ცოლს, რომ სასაფლაოზე შეხვედრის შემდეგ იდეაფიქსად ექცა ჟერომს იზაბელის გაუპატიურება, მიუხედავად იმისა, რომ იგი მისი ცოლი იყო. ეს ერთგვარი რომანტიული წიაღსვლებია, თუმცაღა მაინც გამუქებული სიკვდილით, როდესაც თავის გმირს ათქმევინებს, რომ მუდამ იქ უნდოდა დარჩენილიყო მისი შეყვარებული, სადაც პირველად ნახა. წარმოსახვა ამ კომპოზიციაში თავისთავად არ გამორიცხავს რეალობას, პირიქით, უფრო ავსებენ ერთმანეთს და ამრავალფეროვნებენ. კულმინაცია იმდენად მძაფრდება, რომ შეიძლება მრავალი დასასრული მოუძებნო და ერთმანეთზე უკეთესი.  

  

მცირე ფამილარული ჩარევების გარდა რეჟისორი სრულად ინარჩუნებს ავტორისეული ორიგინალის ფაბულასა და სიუჟეტურ განვითარებას. ორ ადამიანს შორის საუბარი საბოლოოდ ერთი პერსონაჟის შინაგან კონფლიქტში გადაიზრდება, როგორც  კლასიკური ეგზისტენციალური დრამა და რომელსაც ლაშა ნოზაძე ფსიქოანალიტიკური თრილერის  სტანდარტული ჩარჩოებით ,,ფუთავს“. საბოლოდ „კოსმეტიკა“ ამ შემთხვევაში არ არის ფხვნილი ან კრემი, არამედ თეორია სამყაროს სტრუქტურის შესახებ, რომელიც წარმოიშვა სიტყვიდან „კოსმოსი“. სადადგმო გუნდის - (ტექნიკური მენეჯერი - სიმონ ბერიაშვილი, ტექნიკური რეჟისორი - ნინო ალადაშვილი, კომპოზიტორი - ლევან კიკვიძე, მხატვარი - ნუგზარ გიორგაძე, მხატვარ გამნათებელი - რომან მინაძე, ხმის ოპერატორი - თორნიკე შეყილაძე, თეატრის დირექტორი  - ნატალია ყიფშიძე) სასახელოდ უნდა ითქვას, რომ თეატრმა მართლაც შესანიშნავად გაართვა თავი დასახულ ამოცანას, როდესაც გადაწყვიტეს ამ ნაწარმოების სცენაზე გადატანა. უნდა აღინიშნოს, რომ არაერთმა თეატრმა გადაიტანა „მტრის კოსმეტიკა“ თეატრალურ ფიცარნაგზე და ყველამ თავისებურად, რადგან თავად ნაწარმოები იძლევა გარდასახვისა და წარმოსახვის მრავალფეროვნებას. აქ შეიძლება დაკავებული იყოს როგორც მინიმუმ ორი მსახიობი, ასევე მრავალფეროვნებისთვის (მასობრივ სცენებს არ ვგულისხმობ) დაემატოს კიდევ სამი-ოთხი პერსონაჟი. რეჟისორი ასეც მოიქცა და მთავარი მოქმედი გმირების პარალელურად სცენაზე ვხვდებით დამატებით პერსონაჟებს - (გია ღვინერია, დავით ამირიანი, კახა ბერძენაძე), რომლებიც აეროპორტის პოლიციელებს განასახიერებენ.

   

სპექტაკლის მხატვრული გაფორმება - (ნუგზარ გიორგაძე) რეჟისორის კონცეფციის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს, სადაც მინიმალური ბუტაფორიული დეტალებით თავიდანვე განსაზღვრულია მოქმედების ადგილი. ავანსცენაზე აეროპორტის სავარძლებია განლაგებული, სცენის სიღრმეში კი განთავსებულია სატელეფონო ჯიხური, სათამაშო აპარატი, დეკორატიული ხე და მინი ბარი, რაც თავიდანვე მიგვანიშნებს, რომ მოქმედება  აეროპორტის მოსაცდელში  ხდება. ამ შემთხვევაში - (ისევ და ისევ ნაწარმოების სპეციფიკიდან გამომდინარე) მაყურებელთა სავარძლებიც სცენაზევეა განთავსებული, რაც კიდევ უფრო ინტიმურ ატმოსფეროს ქმნის. სცენის სიღრმეში დროგამოშვებით ირთვება მონიტორი, რაც ასევე ლოგიკურად ჯდება საერთო მხატვრულ გადაწყვეტაში. იგივე შეიძლება ითქვას სპექტაკლის მუსიკალურ გაფორმებაზე - (ლევან კიკვიძე), სადაც სხვადასხვა მუსიკალური ფრაგმენტების ერთობლიობა, ე.წ კომპილაცია ორგანულად ერწყმის რეჟისორის კონცეფციას და გადამწყვეტი ფუნქცია აკისრია ერთიანი მხატვრული ატმოსფეროს შექმნის თვალსაზრისით.

      

რეჟისორის კონცეფცია და შესაბამისად თამაშის ხერხი ფსიქოლოგიურად მართალი თეატრის მხატვრულ პრინციპებს ეფუძვნება, სადაც შენარჩუნებულია ადგილის, დროისა და მოქმედების ერთიანობის კლასიკური კანონი.  ლაშა ნოზაძე ლიტერატურული პირველწყაროს მსგავსად გარკვეულ მონაკვეთამდე ,,მალავს“, რომ საქმე გვაქვს გმირის ალტერ-ეგოსთან, ნაცვლად ორი დამოუკიდებელი პერსონაჟისა. თავდაპირველად მაყურებლისათვის ჯერომ ანგუსტი და ტექსტორ ტექსელი სხვადასხვა პიროვნებები არიან, ერთი მეორეს აეროპორტში რეისის გადადების გამო გამოესაუბრება და თავს აბეზრებს თითქოსდა უშინაარსო ლაყბობით. არადა, აქ იხსნება სიუჟეტური ფაბულა, რომ თურმე ჯერომის ცოლი ჯერ სასაფლაოზე გააუპატიურა ტექსტორ ტექსელმა და ათი წლის ძებნის შემდეგ შემოაკვდა. იგი ამით ცდილობს პროვოცირება მოუწყოს აღშფოთებულ ჟერომს და თავი მოაკვლევინოს. საექსპოზიციო სცენების შემდეგ ვხვდებით გარკვეულ მინიშნებებს, - (მაგალითად ქუდების გაცვლა),  რომ შესაძლოა ეს იყოს დიალოგი საკუთარ თავთან, თუმცა სპექტაკლში შენარჩუნებულია მუდმივი დაძაბულობა, მოქმედების განვითარებაც აღწევს თავის ლოგიკურ კულმინაციას და საბოლოოდ ყველაფერი ნათელი ხდება -  მოცემულ სპექტაკლში სიუჟეტი გადაწყვეტილია კლასიკური მეთოდით - ორი პერსონაჟი = ორი მსახიობი. მნიშვნელოვანია ის, რომ რეჟისორის მიერ სწორად არიან შერჩეულნი მსახიობები, რომლებიც რაღაც შტრიხებით ჰგვანან ერთმანეთსს.  

 

აპოლონ კუბლაშვილისა და დავით ხახიძის გმირები, თავიანთი გრძნობათა ბუნებით  თავიდანვე მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, როგორც ერთი ადამიანის ორი მხარე. მსახიობებს თანამედროვე ქართულ თეატრში არაერთი საინტერესო მხატვრული პერსონაჟი განუსახიერებიათ და მაყურებელთა თუ პროფესიონალ კრიტიკოსთა დადებითი შეფასებებიც დაუმსახურებიათ. ამ შემთხვევაშიც ისინი ბოლომდე იხარჯებიან, ითავისებენ გმირების შინაგან მდგომარეობასა და ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

  

დასასრულს თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლნისის მუნიციპალური თეატრი განსაკუთრებული აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით გამოირჩევა და გადაჭარბებული არც იმის თქმა იქნება, რომ  მსგავსი სტატუსის მატარებელ თეატრებს შორის უპირობოდ ინარჩუნებს ლიდერის პოიზიციებს. თეატრი ასევე აქტიურადაა ჩერთული ადგილობრივ და საერთაშორისო საფესტივასლო ურთიერთობებში და ამ გზით სრულად ითავისებს ქვეყნის კულტურული პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რაც ქართული კულტურის მსოფლიო კულტურებთან  ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს გულისხმობს.

bottom of page