
მტერი
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს


ლაშა ჩხარტიშვილი
მტერი
ფოტო: ბექა ცირეკიძე
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების თეატრმა მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. სპექტაკლი, რომელიც განკუთვნილია 8+ მაყურებელზე, გულგრილს ვერც პატარებს დატოვებს და ვერც ზრდასრულებს. ნიკა საბაშვილის საავტორო სპექტაკლი „მტერი“ რეჟისორის ისეთი ნამუშევარია, რომელშიც თავს იყრის თოჯინების, საგნების და არავერბალური თეატრის გამომსახველობითი საშუალებები და ფორმები, რაც სპექტაკლს აღქმის თვალსაზრისით უნივერსალურს ხდის ნებისმიერი მაყურებლისთვის.
სპექტაკლის სიუჟეტის შემთხზველი თავად რეჟისორი ნიკა საბაშვილია, რომელიც სხვადასხვა ხმებთან (ბუნებრივი მოვლენების თუ ყოფითი) ერთად თავისივე შექმნილ მუსიკალურ თემებს იყენებს. მთელი სპექტაკლის სტრუქტურა და სიუჟეტის განვითარება სწორედ მუსიკალურ ხმოვან რიგზეა დაფუძნებული და დამოკიდებული. ცოცხალ მუსიკალურ აკომპანემენტს სპექტაკლს თეთე ბერძენიშვილი უწევს, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თოჯინების თეატრის მსახიობის სპეციალობის მეორე კურსელია. ის არ არის ერთადერთი სტუდენტი ვინც ნიკა საბაშვილის სპექტაკლის მონაწილეა. „მტერი“ ფაქტობრივად დებიუტია პროფესიულ სცენაზე იმ ჯგუფის სტუდენტებისთვის, რომელსაც ნიკა საბაშვილი ხელმძღვანელობს (პედაგოგი მალხაზ გაბუნია) „თეატრალურში“. თითქმის ათი წლის განმავლობაში თოჯინების თეატრის სპეციალობაზე სტუდენტების მიღება შეჩერებული იყო და ახლა ქართულ თოჯინების თეატრს პროფესიონალების ახალი თაობა ეზრდება, რაც მისასალმებელია.
ნიკა საბაშვილი სპექტაკლში „მტერი“ გვიხატავს საზოგადოებას, დაუდნობელს და ულმობელს, ადამიანებს მანკიერი თვისებებით და ინდივიდს, რომელიც ცხოვრებამ და გარემოებებმა აქცია მარტოსულ ადამიანად. ერთი ოჯახის მაგალითზე სპექტაკლი მოგვითხრობს სამყაროზე და ადამიანებზე, რომელთა თითოეული ქმედების და ხასიათის ჩამოყალიბება გარემო ფაქტორებმა განაპირობა.
სპექტაკლის სახელწოდება შემთხვევით არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ზოგადია, იძლევა კონკრეტიკის საშუალებასაც, რაც მაყურებლის ინდივიდუალურ აღქმაზეა დამოკიდებული. განსხვავებული ადამიანი, საზოგადოებას მტრად მიაჩნია, განსხვავებული ადამიანი თავად შეიძლება გახდეს საკუთარი თავის და საზოგადოების მტერიც.
მაყურებელი თვალს ადევნებს ინდივიდის ცხოვრების ყოველ ეტაპს დაბადებიდან გარდაცვალებამდე, მისი ფსიქიკის ჩამოყალიბებას, მის ადაპტაციას საზოგადოებასთან, ცხოვრების გზაზე დახვედრილ წინააღმდეგობებს და მასთან გამკლავებისა და თუ დაბრკოლების ეპიზოდებს, მის გზას მსხვერპლიდან მონსტრად ქცევამდე. რეჟისორი ეხება ბულინგის თემას, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობად იქცა. ვუყურებთ უმრავლესობას, რომელიც ჩაგრავს თვითმყოფად და სუსტ ადამიანს. მაყურებელს რჩება განცდა, რომ ძალადობას ერთმანეთის მიმბაძველობით სჩადიან საზოგადოების წევრები, რომელიც ტრენდადაა ქცეული.
სპექტაკლში მონაწილეობენ თბილისის თოჯინების თეატრის მსახიობები: მარიკა ძაგნიძე, ნინო პაპიაშვილი, თათია ბაქრაძე, რამონა მიქელაძე, ნათია ხმიადაშვილი, დავით ბერიძე, ოთარ ფადარაშვილი. პროფესიონალებს ღირსეულ პარტნიორობას უწევენ სტუდენტები: ნუცა აბაშიძე, ნანა ახვლედიანი, მარიამ ბერუაშვილი, თეთე ბერძენიშვილი, ლუკა ბურდიაშვილი, ლიზი ბურჭულაძე, მარიამი გაბაძე, რაჟდენ ლაღაძე, ლევან მიქაბერიძე, თორნიკე მიქაძე, ნიკი ტაბაშიძე, ლუკა ფესვიანიძე, სანდრო ფოლადაშვილი, ნინო ჯალაღონია.
თუ სპექტაკლს, როგორც სასწავლო პროცესის ნაწილს შევხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მომავალი მსახიობები სწორ გზაზე დგანან და უკვე ფლობენ იმ ელემენტებს, რომლებიც პროფესიონალიზმად ქცევისთვის აუცილებელი და საჭიროა. ამიტომაც ააგო სპექტაკლი რეჟისორმა-პედაგოგმა ეტიუდების პრინციპზე, სადაც სტუდენტებს გრძელი მონოლოგების კითხვა და დიალოგების გათამაშება კი არ უწევთ, არამედ არავერბალური ხერხების გამოყენება, აფექტური მოძრაობები, ყურადღება, ვოკალური მონაცემები და სასცენო მოძრაობა ის ელემენტებია, რომელიც ქნის ეტიუდებს და მთლიანობაში ჰყვება ამბავს, ვეცნობით ხასიათებს, პერსონაჟებს. პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, სტუდენტები თოჯინებსაც ატარებენ. სწორედ, თოჯინის ტარების ოსტატობის დაუფლებაა სტუდენტების უმთავრესი ამოცანა.
თოჯინასთან ურთიერთობის პროფესიული უნარები გამოავლინა ნინო ჯალაღონიამ, რომელიც კონკრეტულ ეპიზოდებს ცოცხალ პლანში თამაშობს და მას პარტნიორობას უწევს თოჯინა. ასევე უნდა აღინიშნოს ნიკი ტაბაშიძის და ლუკა ბურდიაშვილის მუშაობა სცენაზე და თოჯინასთან. რეჟისორმა პროფესიონალებს და სტუდენტებს რამდენიმე ამოცანა დააკისრა, გარდა იმისა, რომ მათ უწევთ ცოცხალ პლანში თოჯინასთან სცენური პარტნიორობა, მომდევნო ეპიზოდში თოჯინის მართვა. ეს ხერხები ინტენსიურად ენაცვლება ერთმანეთს სპექტაკლში.
შერეული პლანის სპექტაკლი არაერთი მხატვრული ხერხით გამოირჩევა და ის აერთიანებს გამომსახველობითი საშუალებების არაერთ ხერხს, რომელიც ქმნის ჰარმონიულ, ეფექტურ ვიზუალს, რაც უფრო ცხადს ხდის სპექტაკლის სიუჟეტს და სათქმელს.
ნიკა საბაშვილის, თბილისის თოჯინების თეატრისა და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის თოჯინების მსახიობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტთა ერთობლივი ნამუშევარი სასიამოვნო, სევდიანი და ეფექტური სპექტაკლია, რომლის ნახვის შესაძლებლობა ფართო მაყურებელს მიმდინარე და მომდევნო სეზონების განმავლობაში ექნებათ.