
მტაცე ბელთა დროება — ძალაუფლების, მორალისა და გადარჩენის თამაშები
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს
.jpeg)
16.06.2026
ანა მირიანაშვილი
მტაცებელთა დროება — ძალაუფლების, მორალისა და გადარჩენის თამაშები
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენაზე წარმოდგენილი საკურსო სპექტაკლი „მტაცებელთა დროება“, რომელიც ჯეკ ლონდონის პიესა „ძარცვის“ მიხედვით გიორგი ქანთარიამ დადგა, საინტერესო მცდელობაა თანამედროვე თეატრალურ ენაზე გააცოცხლოს ტექსტი, რომელიც თავად ავტორის ეპოქაშიც წინააღმდეგობრივ და რთულად დასადგმელ მასალად მიიჩნეოდა.
ქართველი მკითხველი ჯეკ ლონდონს იცნობს მისი ცნობილი პროზაული ნაწარმოებებით: „მარტინ იდენი“, „თეთრი ეშვი“, „წინაპართა ძახილი“, „დიდი სახლის პატარა დიასახლისი“ და სხვა. პიესა „ძარცვა“ სოციალური და პოლიტიკური დრამის ჟანრს მიეკუთვნება და ამ ავტორისთვის დამახასიათებელი თავგადასავლებისა და ველური ბუნების ნაცვლად, ყურადღება მთლიანად გადატანილია ძალაუფლებაზე, პოლიტიკაზე და ადამიანის მორალურ პასუხისმგებლობაზე. ტექსტის ცენტრში ამერიკული მაღალი საზოგადოებაა — ფინანსური ელიტა, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, გავლენიანი ადამიანები, რომელთათვისაც ძალაუფლება და პირადი სარგებელი მორალურ კატეგორიებზე მაღლა დგას. სწორედ ამიტომ პიესა თავის დროზე ზედმეტად პუბლიცისტურ, დეკლარაციულ და იდეოლოგიურ ტექსტად შეფასდა და ფართო სასცენო ცხოვრებას ვერ ეღირსა.
რამდენადაც ვიცი, ჯეკ ლონდონის ეს შედარებით უცნობი პიესა საქართველოში პირველად დაიდგა. რეჟისორმა გიორგი ქანთარიამ ოთხმოქმედებიანი პიესა ორ მოქმედებაზე დაიყვანა, შეცვალა სათაური და ტექსტი სტუდენტური ჯგუფის შესაძლებლობებსა და მონაცემებს მოარგო. შედეგად, წარმოდგენა აღარ აღიქმება როგორც მხოლოდ პოლიტიკური მანიფესტი — იგი ადამიანური ურთიერთობების, ძალაუფლებისა და მორალური კომპრომისების ცოცხალ კვლევად იქცევა.
ჯეკ ლონდონი მკვეთრად აკრიტიკებს იმ სამყაროს, სადაც ფული და პოლიტიკური გავლენა ადამიანურ ღირსებაზე მაღლა დგას. სიუჟეტი ვითარდება პოლიტიკური ინტრიგების ფონზე. მთავარი გმირები აღმოჩნდებიან შანტაჟის, კორუფციისა და მორალური არჩევანის წინაშე. პიესის ძირითადი კონფლიქტი პირდაპირი მნიშვნელობით მხოლოდ „ძარცვას“ არ ეხება — ავტორი სვამს უფრო ღრმა კითხვას: ვინ არის სინამდვილეში ქურდი? სისტემა, რომელიც ადამიანებს ძარცვავს, თუ ადამიანი, რომელმაც სისტემა გაძარცვა? ეს ნაწარმოები აშკარად გამოხატავს ჯეკ ლონდონის სოციალისტურ და ჰუმანისტურ შეხედულებებს. მას სჯეროდა, რომ ამერიკული საზოგადოება სულ უფრო მეტად ექცეოდა კაპიტალისა და ძალაუფლების გავლენის ქვეშ, ხოლო უბრალო ადამიანები ამ სისტემაში ხშირად მსხვერპლად იქცეოდნენ.
ჯეკ ლონდონი ამ პიესაში ძალიან პირდაპირ უპირისპირდება კორუფციას, ფინანსურ ელიტას, ამერიკული მაღალი საზოგადოების მორალურ კრიზისს, არასრულწლოვანთა ექსპლუატაციას. ალბათ იმიტომაც, რომ თავად ძალიან ღარიბი ოჯახიდან იყო, ბავშვობიდან მძიმე შრომა უწევდა — მუშაობდა ქარხანაში, მეზღვაურად, მეთევზედ, მოგზაურობდა და ხეტიალობდა. სწორედ ამ რთულმა ცხოვრებამ განსაზღვრა მისი შემოქმედების მთავარი თემები. დღეს ეს პიესა საინტერესოა იმითაც, რომ მასში ასახული თემები — კორუფცია, პოლიტიკური მანიპულაცია, ფულის ძალაუფლება, ადამიანური მანკიერებანი და მორალური კრიზისი — კვლავ თანამედროვე და აქტუალურია.
საკურსო სპექტაკლის მთავარი ამოცანა, როგორც წესი, სტუდენტთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენაა, დამდგმელმა რეჟისორმა მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყოს სტუდენტი მსახიობების ნიჭის და სამსახიობო მონაცემების გამოვლენას, რათა გამოიკვეთოს, თუ რა პროფესიულ უნარებს დაეუფლნენ სტუდენტები სამი წლის განმავლობაში, რა ამოცანები დაძლიეს წარმატებით და რის დახვეწაზე მოუწევთ მუშაობა მომავალ წელს. უნდა აღინიშნოს, რომ პერსონაჟთა ხასიათები მართლაც ზედმიწევნით დამუშავებული და დახვეწილია. ასეევე, „მტაცებელთა დროებაში“ განსაკუთრებით თვალშისაცემია არა ცალკეული მსახიობების, არამედ მთელი ჯგუფის ერთიანობა. აშკარად იგრძნობა პარტნიორობის კულტურა, საერთო რიტმი და სცენური ნდობა, რაც ახალგაზრდულ სპექტაკლებში იშვიათი და განსაკუთრებით დასაფასებელი თვისებაა. სპექტაკლში მონაწილეობენ: ქრისტინე ლაცაბიძე, ნინი ანდრონიკაშვილი, მარიამ ბურდული, ნინი ქორიძე, ქეთევან ხოჯანაშვილი, ნანა სირაძე, საბა ჩარკვიანი, ნიკოლოზ ტყავაძე, კახაბერ მირზაშვილი, ლაშა წიკლაური, გიორგი სხილაძე, გურამ შენგელია, საბა ნუცუბიძე.
სამწუხაროდ, დიმიტრი ალექსიძის სახელობის სცენა ტექნიკური შესაძლებლობებით შეზღუდული სივრცეა — არ არსებობს კლასიკური კულისები, მოძრავი წრე თუ რთული სასცენო მექანიზმები. მიუხედავად ამისა, რეჟისორი და მსახიობები დეკორაციის ცვლილებასაც კი სპექტაკლის ნაწილად აქცევენ. სცენური ტრანსფორმაციები ყოველგვარი „ჩაბნელების“ გარეშე, დინამიკურად და ბუნებრივად მიმდინარეობს, რაც წარმოდგენის ტემპორიტმს განსაკუთრებულ დინამიკას ანიჭებს.
სპექტაკლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირსება მისი მუსიკალური და პლასტიკური გადაწყვეტაა. სიმღერა და ცეკვა აქ ორგანულად იბადება მოქმედებიდან და მის ბუნებრივ გაგრძელებად იქცევა. განსაკუთრებით საინტერესოა სიმღერის სცენა, სადაც მსახიობები ცოცხლად უკრავენ როიალზე. თავდაპირველად ყველაფერი ზედმეტად მოწესრიგებული და ჰარმონიულია, თუმცა ახალი პერსონაჟების გამოჩენასთან ერთად ეს წესრიგი თანდათან ირღვევა. მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ხმოვან გადაწყვეტასაც. ორივე მოქმედების დასაწყისში ბილიარდის ბურთების ერთმანეთზე შეჯახების ხმა ისმის. თავდაპირველად ეს მხოლოდ უცნაური აკუსტიკური ეფექტია, თუმცა მეორე მოქმედებაში, როდესაც სცენაზე ბილიარდის მაგიდა ჩნდება, მეტაფორა სრულად იშლება — პერსონაჟები ბილიარდის ბურთებს ემსგავსებიან, რომლებსაც უხილავი ხელი მართავს. ოჯახი, საზოგადოება, ეკლესია, ძალაუფლება — ყველა ერთი თამაშის ნაწილია, სადაც ადამიანები კრიტიკულ მომენტში ერთმანეთს ეჯახებიან, იფანტებიან და საბოლოოდ იმარჯვებს ის, ვისაც თამაშის მართვის ძალა აქვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებულად მძაფრად ჟღერს ფრაზა: „ძალა ყოველთვის მტაცებლის მხარეს არის“.
სპექტაკლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მეტყველების კულტურაა. ჯგუფის თითქმის ყველა წევრი გამოირჩევა მკაფიო დიქციითა და გამართული სასცენო მეტყველებით, რაც ახალგაზრდა მსახიობთა თაობაში სულ უფრო იშვიათ მოვლენად იქცა. ამაში აშკარად იგრძნობა მეტყველების პედაგოგის, მანანა ბერიკაშვილისა და მისი ასისტენტის, ადელინა გოგუაძის, პროფესიული მუშაობა.
„მტაცებელთა დროება“ საინტერესოა იმითაც, რომ, მაყურებელი თვალსაჩინოდ ხედავს - მიუხედავად ისტორიული და გეოგრაფიული დისტანციისა, გასული საუკუნის დასაწყისის ამერიკული საზოგადოება თითქმის არაფრით განსხვავდება თანამედროვეობისგან. კორუფცია, ძალაუფლებისადმი ლტოლვა, მორალური კომპრომისი, ადამიანური ურთიერთობების ნგრევა — ეს პრობლემები დღესაც ისეთივე აქტუალურია, როგორც ჯეკ ლონდონის ეპოქაში. სწორედ ამიტომ სპექტაკლი სცდება მხოლოდ სტუდენტური ნამუშევრის ჩარჩოს და მაყურებელს თანამედროვე სამყაროზე საფიქრალს უტოვებს.