top of page

მსხვერპლი   „დედოფალია“    

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

დიდი რაოდენობით ზიზღი და ცოტაოდენი სიყვარული

მაია კიკნაძე

 მსხვერპლი   „დედოფალია“    

 

თბილისში არსებულ თეატრებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უდავოდ „ქალაქის თეატრს’’ უკავია. თეატრის გახსნის/2022/ დღიდან შემოქმედებითმა ჯგუფმა,  მოახერხა საინტერესო თეატრალური პროცესების წარმართვა, რამაც განაპირობა მისი პოპულარობა.

სულ ახლახან, ახალგაზრდა რეჟისორმა დავით თარბამ  ქალაქის თეატრის სცენაზე ირლანდიელი მწერლის  მარტინ მაკდონას პიესა  „ლინეინის სილამაზის დედოფალი’’ განახორციელა. თეატრში მისული მაყურებელი, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ძირითადად ახალგაზრდა თაობა,  დიდი ინტერესით ადევნებდა თვალყურს სცენაზე განვითარებულ მოვლენებს. ნაცნობმა ისტორიებმა, ოჯახური ძალადობის საშინელმა ტრაგედიამ, სპექტაკლი კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

სპექტაკლის რეჟისორმა დავით თარბამ პიესაში დასმული პრობლემები უცვლელად გადაიტანა სცენაზე.  თითოეული   გმირის მოქმედებას ზუსტი ფსიქოლოგიური ხასიათი მოუძებნა,   ქმედითი გახადა ყოველი სიტყვა, რასაც ხელი შეუწყო კარგად აგებულმა დიალოგებმა, რომლებიც სრულად შეესაბამება თანამედროვე სამეტყველო ენას. ამ მხრივ დასაფასებელია  მთარგმნელების ანა გოგიშვილისა და ქეთევან  სამხარაძის მუშაობა.   

სპექტაკლში, ჰარმონიულად არის შეთავსებული ავტორისეული ტექსტი და სპექტაკლის ფორმა. აქ  მწერლის აზრი  და სიტყვა გამოკვეთილია, აქედან გამომდინარე   სპექტაკლში ზუსტად არის  წარმოდგენილი  რეჟისორის სათქმელის სიცხადე, რაც რეჟისორთან ერთად მისი გუნდის/ რეჟისორის ასისტენტი სოფო ხუნდაძე, ქორეოგრაფი გიორგი ტიელიძე, განათების მხატვარი ანასტასია ონიანი, მუსიკალური გამფორმებელი ნიკა კოხრეიძე, მხატვარი აჩიკო შამახია, კოსტიუმების მხატვარი გვანცა ჯავახიშვილი, სანდრო მარგველაშვილი, ქეთი ცხაკაია, ანი იმნაძე,ნიკოლოზ ჯაფარიძე, ირაკლი ჩხიკვაძე  / დამსახურებაცაა.

  დავით თარბა,  სპექტაკლში არ ცდილობს  ფორმისეული ძიებებისა თუ სცენური ეფექტების საშუალებით სცენის გადატვირთვას. ამ შემთხვევაში, მთელი აქცენტები გადატანილია მსახიობთა შესრულებაზე, მათ ოსტატობასა და ნიჭიერებაზე.     რეჟისორი სპექტაკლში რეალისტურ გარემოს ქმნის, აქ ვხვდებით ადამიანთა პორტრეტებს,  ნატურალისტური თეატრისთვის დამახასიათებელ დეტალებს. სპექტაკლში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გარემო. აჩიკო შამახიას სცენოგრაფია ზუსტად გამოხატავს მოქმედ გმირთა   სამყაროს, მათ შინაგან ბუნებას. პირველივე ეპიზოდებიდან მაყურებელი ინტუიციით ხვდება,  რომ ამ სახლში საშინელი ამბავი უნდა განვითარდეს. ოთახის გამურული კედლები  ციხის ჭუჭყიან კედლებს  მოგვაგონებს. სცენაზე მხოლოდ რამდენიმე ნივთია /მაგიდა, ტელევიზორი, სავარძელი,სამზარეულოს  ნიჟარა, ჭურჭელი/ წარმოდგენილი, აქ ყველაფერს სიძველის და სიბინძურის სუნი ასდის, სამზარეულოს ნიჟარის ჩათვლით.  ამ გარემოში ირონიას იწვევს სცენის შუაში ჩამოკიდებული ე.წ „ბროლის ჭაღი,“ რომელიც  შესაძლოა, წარსულზეც ახდენდეს მინიშნებას.

მოქმედება ირლანდიის ქალაქის ერთ-ერთ ოჯახში ხდება. სპექტაკლი მოგვითხრობს ერთი ოჯახის ისტორიას, დედისა და ქალიშვილის ურთიერთობას, მათ გაუსაძლის ყოფას. სიძულვილითა და ზიზღით არის გამსჭვალული მათი რეპლიკებიც. ყოველი ეპიზოდში, მსხვერპლსა და მოძალადეს შორის  სიტყვიერი შეჯიბრია გამართული. საკითხავია თუ ვინ ვის მოერევა. მიუხედავად დედის სიკვდილისა, სპექტაკლის ბოლოს ეს საკითხი, მაინც ღიად რჩება, თუმცა ამ ბრძოლაში არავინ რჩება გამარჯვებული.    

ეგოისტური სურვილებით შეპყრობილი დედა,  ცდილობს ქალიშვილი სახლში გამოამწყვდიოს, საკუთარ მოსამსახურედ აქციოს და პირადი ცხოვრება წაართვას, რასაც ახერხებს კიდეც. ქეთი ცხაკაიას მეგ ფოლანი, გარეგნობით უშნო  სიმსუქნისგან გადაადგილებას ძლივს რომ  ახერხებს, სულიერებისგან დაცლილი ერთი შეხედვით ჭირვეული დედაბერია, რომელიც ზოგჯერ პატარა ბავშვივით მზრუნველობას ითხოვს. თუმცა მოქმედების მსვლელობის დროს, მსახიობი კარგად ავლენს მისი გმირის სასტიკ ბუნებას და  მოძალადე დედის განზოგადებულ პორტრეტს ქმნის.  ქეთი ცხაკაია, როლის შესრულების დროს  ძალზედ ბუნებრივია და დამაჯერებელი.  უშნო, გარეგნობაზე ხაზგასმით,  ის გმირის ფსიქოლოგიურ სიღრმეებსაც  სწვდება და მძიმე სულიერ მდგომარეობაზეც მიგვანიშნებს. განსაკუთრებით სისასტიკეს ავლენს, როდესაც მისი შვილისთვის განკუთვნილ სასიყვარულო წერილის დაწვას განიზრახავს. მსახიობი, ნელი მოძრაობითა და ამავე დროს „ჟინით შეპყრობილი,“ სიამოვნებით ანადგურებს  მას და ამით,  შვილს საბოლოოდ მომავლის იმედს  უკლავს.  

ანი იმნაძის მორინ ფოლანის  /შვილი/ სახე, სპექტაკლში ცენტრალური როლია, სწორედ მას შეარქვა ავტორმა „სილამაზის დედოფალი,“ რაც სპექტაკლში ირონიულად ჟღერს/ეს ავტორის „შავი იუმორია’’/ . გმირის სახე მსახიობს სწორად  აქვს გააზრებული. როლო საკმაოდ რთულია და ფსიქოლოგიურადაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. სპექტაკლში, ანი იმნაძე მსხვერპლის როლს განასახიერებს, რომელიც შემდეგ თავად ხდება მოძალადე. გარეგნობით მომხიბვლელი ქალი, არაერთხელ ყოფილა „ბულინგის“ მსხვერპლი, ჯერ კიდევ ლონდონში მუშაობის დროს,  მისი წარმოშობის/ირლანდიელი რომ იყო/გამო დასცინოდნენ, რისთვისაც მკურნალობა დასჭირდა.  თუმცა უარესი მას ოჯახში, დედის გვერდით ელოდა, რომელმაც ფსიქიკური „ტრავმები“განუახლა. მოძალადე დედამ  40 წლის ქალი გაუთხოვარი დატოვა და მიუხედავად მორინის მცდელობისა საკუთარი თავი გადაერჩინა, საბოლოოდ მაინც მარტო დარჩა.  ანი იმნაძე, თავისი მომხიბვლელი გარეგნობით, სცენაზე გამოჩენისთანავე იქცევს მაყურებლის ყურადღებას. ის პირველივე ეპიზოდში დედისადმი იჩენს მზრუნველობას, თუმცა იმდენად არ უყვარს, რომ მის სიკვდილს ნატრობს.

 მსახიობი, თავის მოქმედებაში საკმაოდ თანმიმდევრულია. მისი საშემსრულებლო ოსტატობა მიმართულია როლის  ფსიქოლოგიური ხასიათის  გახსნაში. გმირის სულიერი განცდის გადმოცემა,  მისი შესრულება ჯერ როგორც მსხვერპლის, შემდეგ კი მოძალადის, მსახიობის მხრიდან მაღალ კვალიფიკაციასა და სამსახიობო ოსტატობის წყალობით მიიღწევა. 

სპექტაკლში, დედასა და შვილის  ურთიერთობა, რეჟისორის დავით თარბას მიერ გააზრებულია, როგორც  სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც  სპექტაკლის ფინალურ ეპიზოდში  ფიზიკურ ძალადობაში გადადის.  სპექტაკლის კულმინაციური ეპიზოდი, შოკისმომგვრელი სისასტიკით არის გადმოცემული. ქალიშვილი  დედის გამოსატეხად /დედამ შეყვარებულის წერილი დაუმალა/,ტაფაზე ადუღებულ  ზეთს  ჯერ ხელზე, შემდეგ კი გულმკერდზე ასხამს, ასე  წამების გზით სურს დედისგან სიმართლის გაგება. აქ უკვე ნათელი ხდება რეჟისორის კონცეფციის არსი - მოძალადესთან ცხოვრებამ, საბოლოოდ მსხვერპლიც მოძალადედ აქცია.

 ფსიქიკურად გაუწონასწორებელი,  აგონიაში ჩავარდნილი  მორინი, შეყვარებულთან სადგურზე გარბის, რომელიც მისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა.  მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მას ვერ შეხვდება,  ილუზიის ტყვეობაში მყოფი, იჯერებს,  რომ ნახა და მასთან ერთად  ცხოვრებას დათანხმდა. მისი შეყვარებული  პატო დული ირაკლი ჩხიკვაძის შესრულებით, ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდაა,  დადებითი გმირია, რომელსაც  საზღვარგარეთ წასვლა და მორინთან ერთად ცხოვრების მოწყობა სურს. სწორედ მან შეარქვა მორინს, სილამაზის დედოფალი. ირაკლი ჩხიკვაძისა და ანი იმნაძის წყვილი პარტნიორული მუშაობის კარგი მაგალითია.  ირაკლი ჩხიკვაძე საკუთარი გმირის განცდებს საყვარელი ქალის მიმართ, ძალზედ ბუნებრივად გადმოგვცემს.  ის სიყვარულს ამჟღავნებს მორინის მიმართ მაშინაც კი, როდესაც ერთად არ არიან/ /ვგულისხმობ მსახიობის მონოლოგს, როდესაც წერილი მორინს მისწერა/. ის კარგად ხედავს, თუ რას განიცდის მორინი დედის ოჯახში, ამიტომ სთხოვს თავის ძმას რეის, რომ წერილი მორინს პირდაპირ ხელში გადასცეს, რასაც მისი ძმა ვერ ასრულებს. რეის როლის შემსრულებელი ნიკოლოზ ჯაფარიძეს პატარა, მაგრამ დასამახსოვრებელი როლი აქვს. მსახიობი სხვადასხვა ეპიზოდში /სიტუაციის მიხედვით/ ცდილობს  ხასიათის წარმოჩენას. თავიდან თუ მის გამოჩენას სცენაზე  გარკვეული სიმსუბუქე შემოაქვს, შემდეგ ოდნავ გადაჭარბებულ ისტერიულობას ავლენს/დიალოგი მორინთან/. ნიკოლოზ ჯაფარიძე ჯერ კიდევ სტუდენტია და  პირველ ნაბიჯებს დგამს თავის პროფესიაში, მინდა მას წარმატებები ვუსურვო.  

დავით თარბას სპექტაკლი ოჯახურ ძალადობას ეძღვნება. სიმძაფრითა და დრამატიზმითა არის დადგმული თითოეული სცენა, სპექტაკლში რეჟისორი არ ქმნის თეატრალურ ილუზიას, აქ ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ მაყურებელი  სპექტაკლის თანამონაწილე ხდება და თვალყურს ადევნებს ცხოვრებაში არსებულ ტრაგიკულ მოვლენებს, ახალგაზრდა ქალის ტრაგიკულ ისტორიას.

bottom of page