top of page

მშობელთა კრება

37804254_1853425118067935_20744104788801

მშობელთა კრება

თამარ ცაგარელი


თანამედროვე ადამიანები ქვეყანაში განვითარებული საბაზრო ეკონომიკის შვილები ვართ, რომელთაც შრომით ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენცია ყოველდღიურად თამაშის ახალ წესებს გვთავაზობს. ამ თამაშის წესებმა ყველაზე მთავარი - პიროვნების ნიველირება მოახდინა, რასაც, ხშირად, გულგრილობამდე მივყავართ, რომელიც არის სხვისი თავისუფლების უარყოფა უგულებელყოფის სახით, იგი არის სიბრმავე სხვის მიმართ. ეს უსიამოვნო გრძნობა სხვათა თავისუფლების დამორჩილების ახალი ცდის საბაბს იძლევა, რაც იმას მოასწავებს, რომ “მე” მივუბრუნდები სხვას, როგორც ობიექტს და ვეცდები გამოვიყენო, როგორც ”იარაღი,” რათა მის თავისუფლებას დავეუფლო.

” - აუ, მოიყვანე რა ცოლი მალე!

-დავბერდი კაცი, შვილიშვილები მინდა!

-ქორწილს არ იხდი?

-ბავშვს ხო მე მომანათლინებ?....

-ცოლს ამუშავებ?

-შენით ვერ უნდა შეინახო შენი ოჯახი?

და, ბოლოს: ”როგორც იქნა დავაქორწინეთ ბიჭი, ბავშვიც გავაკეთებინეთ, გავაჩენინეთ და მოვანათლინეთ....” (წარმოდგენა ”მშობელთა კრება”). ”მე” ”შენ” გაგაკეთებინე....ან ”-რაღა ჩემს ვენახში...” ანუ, ”მე” ნუ შემეხება ”შენი” ცოდვა და პრობლემა და....”მე” არ უნდა შევწუხდე....

ამგვარი დაუფლების ფონზე ოჯახის, სკოლისა თუ საზოგადოების მოჩვენებითი ერთიანობა აღმოცენებულია თავისებური გაუცხოებისა და თავისუფლების დაკარგვის ნიადაგზე. როგორ ვითარდება ამ დროს მოზარდის ფსიქიკა? რა პრობლემები და კომპლექსები უყალიბდება მას? როგორ პიროვნებად ყალიბდება იგი? და ყველაზე მთავარი, ”რას ნიშნავს მშობლობა, როგორ ცვლის ჩვენს ცხოვრებას სხვისთვის უმნიშვნელო დეტალებიც კი, რა მოთხოვნებს გვიწესებს გენდერული სტერეოტიპებით სავსე გარემო და როგორ ცდილობს შეზღუდოს ჩვენთვის ბუნებრივი მისწრაფებები. რა როლი აქვს მამაკაცს გენდერულ თანასწორობაში და არის თუ არა პატრიარქალური სამყარო ისეთივე მჩაგვრელი მამაკაცისთვის, როგორიც ქალისთვის. რაზე გვიწევს უარის თქმა, როცა სამყაროს უფლებას ვაძლევთ შეზღუდოს ჩვენი სურვილები არსებული ნორმების სასარგებლოდ.“ (ღია სივრცე) 
2017 წლის 24 დეკემბერს „მშობელთა კრებაზე“ გახლდით. ეს არ იყო ჩვეულებრივი კრება, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, მშობლები თუ ბავშვები ვართ მიჩვეულები. ღია სივრცის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტური წარმოდგენა - ”მშობელთა კრება” (რეჟისორები: დავით ხორბალაძე და მიხეილ ჩარკვიანი)- პირადი ემოციური გამოცდილების გაზიარებითა თუ ნიკო ლოქრთქიფანიძის ნოველის - ”ტრაგედია უგმიროდ” - შეხსენებით, მაყურებელს თვითანალიზის მონაწილეს ხდის.
როგორც ცნობილია, დოკუმენტური სპექტაკლი ნატურალისტური და პოლიტიკური თეატრის გაგრძელებაა, რომლის განვითარება ორმა ფაქტორმა განაპირობა: 1.ტრადიციულ თეატრში არსებული წინააღმდეგობების დაძლევამ და სცენა-კოლოფიდან „თავის დაღწევამ,“ რომლის მიზანი გახლდათ სხვადასხვა გამომსახველობითი ფორმების ძიების პროცესი და 2. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პიროვნების ნიველირებამ, საკუთარი „მეს“ ძიებამ სამყაროში და იმ რეალობამ,  რომელიც  მეორე  მსოფლიო  ომის  შედეგებმა  დაუტოვა  ევროპას. ფაქტების
„გამოძიებისა“ და რეალური ისტორიების ჩვენების პრინციპზე აგებული წარმოდგენები, საკუთარ თავთან დაბრუნებას და შეცდომების დანახვა/აღიარებას სთავაზობდა მაყურებელს. სპექტაკლებმა თეატრისთვის უჩვეულო გარემოში გადაინაცვლა: ქუჩაში, მოედანზე, სარდაფში, ქარხანაში, კაფეში, სკოლის შენობებსა თუ, ჯერ კიდევ, ომის შედეგად შემორჩენილ ჩამონგრეულ- დამწვარ შენობებში. ახალ სივრცეში სიუჟეტი შეცვალა მოვლენამ, ფაქტმა, რომელიც, საზოგადოებისთვის რეალურ ინფორმაციას წარმოადგენდა. ნამდვილ და თეატრში შექმნილ ილუზორულ სამყაროს შორის ზღვარის წაშლის სურვილმა ახალი მოძრაობის წარმოშობა განაპირობა, რომელშიც აქტიურად ჩაება არაერთი თეატრ-სტუდია, ახალგაზრდული და ექსპერიმენტული დასი: კანტორის „კრიკო 2“( cricot 2), შეხნერის „თეატრი გარაჟი“ (performing Garage), გროტოვსკის თეატრი ლაბორატორია (teatr laboratorium), მალინას „ცოცხალი თეატრი“ (the living theatre), სტიუარტის ექსპერიმენტული თეატრალური კლუბი (La mama), მნუშკინას „მზის თეატრი“ (Théâtre du Soleil), ჩაიკინის „ღია თეატრი“ (Open Theatre), ჩინოს კაფე-თეატრი (Caffe Cino), შუმანის „პური და თოჯინა“ (Bread and Puppet) და სხვ; სცენისა და მაყურებელთა დარბაზის დიფუზია ტრადიციული თეატრალური არქიტექტურის პირობებში შეუძლებელი იყო. გაჩნდა ახალი სივრცის მოთხოვნილება, სივრცისა, რომელიც არ „დაუშვებდა“ პორტალური თაღით გამიჯნული ორი ზონის არსებობას. განსაზღვრებამ „სცენა“ „დარბაზი“ ადგილი დაუთმო ცნებას - „ერთიანი თეატრალური სივრცე“. არათეატრალურ სივრცეში თამაშის პრაქტიკა სივრცის ათვისების სამ ძირითად პრინციპს ეფუძნება:1. სივრცის ნეიტრალიზება, მისი ფუნქციური ნიშნების სრული ლიკვიდაცია; 2. აუთენტური არქიტექტურის შენარჩუნება; 3. პიესის სამოქმედო გარემოს შესაბამისად შერჩეული და ათვისებული „მზა“ სივრცე.

ღია სივრცის შემოქმედებითმა ჯგუფმა ”მშობელთა კრება” კი, ჯერ-ჯერობით, საკუთარ სივრცეში არსებული რემონტის გამო, სკოლის შენობაში გამართა, თუმცა, არსებული გარემოს სპეციფიკური ატმოსფერო ფსიქოლოგიურად უფრო მეტ ემოციას ბადებდა. აქ ყველაფერი რეალურია და ეს რეალობა, როგორც ცხოვრება გარს ერტყმის მაყურებელს. მხატვრის, ანა გურგენიძის მიერ წარმოდგენილი სამყარო, ”ready-made” სივრცის გამოყენება სხვა დანიშნულებით წარმოუდგენელია. აღნიშნულ კონკრეტულ გარემოში ადგილისა და დროის ერთიანობის კანონი მოქმედებს. ”მშობელთა კრების” კონკრეტული და აბსტრაქტული დრო, ფაქტობრივი ხანგრძლივობა და პიესის დრო შერწყმულია. სამოქმედო ადგილის შეცვლა რეალობის ილუზიის რღვევის გარეშე შეუძლებელია (თუ მაყურებელი რეალურად არ გადაინაცვლებს ახალ კონკრეტულ გარემოში). მათი კრება იწყება და ყველანი, ჩვეულებრივი სკოლის კრებიდან განსხვავებით, დროულად მოსულები, ერთ პატარა ოთახში შევდივართ, მაყურებელი ემოციურ ზემოქმედებას სპექტაკლის პირველივე წუთებიდან გრძნობს. ზღურბლის გადაბიჯებისთანავე, ტრუსებსა და მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები იატაკზე გაშხლართულან. მაყურებელს დანიშნულების ადგილამდე, მის სკამამდე, მისასვლელად, საკმაოდ პატარა მანძილის გავლა უწევს, მაგრამ, პერსონაჟებს შორის გავლისას, ემოცია იღვიძებს, ერთმანეთს ცვლის სხვადასხვა გრძნობა, ხდება აღრევა: შიშისა და სიცივის (არა ფიზიკური) შეგრძნებისა, რაც იმ ვალდებულებამ წარმოშვა, რომელიც შემოქმედებითმა ჯგუფმა შენდა უნებურად დაგაკისრა, მაყურებელი ხვდება, რომ ისიც მონაწილე ხდება, ის უკვე მათთან ერთადაა, რომ, აქ არ არსებობს მკაფიო მიჯნა რეალურ და ილუზორულ სამყაროს შორის.
მსახიობთა მუდარის ტონითა და ტირილნარევი ხმით აღრეული ხმები, ვიღაცის ძიების მომენტის გამომხატველი ფრაზები:
”ვაიმე, სადაა? სად ხარ?
დამენახე გთხოვ, თორე ვიტირებ!
ის მაინც არ გამოდის. მე ნელა ვუახლოვდები. მინდა, რომ ჩამეხუტო!”
გაგრძნობინებს მათ, პერსონაჟების უსუსურობას. მარტოდ დარჩენის შიშსა და სითბოსა და სიყვარულის ნაკლებობას, რომელიც არა მხოლოდ იმ წუთას, იქ ბუდობს, არამედ, გარესამყაროს, რეალობის პრობლემაცაა. და...ისმენ პერსონაჟების მოგონებებს, მოკლე ამბებს რომლებიც ასახავს სამყაროს აღქმის პირველ მძაფრ შეგრძნებებს. უკვე ახალგაზრდა, პროფესიონალი თუ მომავალი მსახიობები - მიხეილ აბრამიშვილი, ნატა ბიჭიკაშვილი, ერეკლე გეწაძე, ნუცა გუჩაშვილი, გვანცა ენუქიძე, ნინი იაშვილი, ლაშა ლაშხი, თეონა ლეჟავა, ანანო მახარაძე, თემო რეხვიაშვილი, გიგი რეხვიაშვილი, ირაკლი კაკაბაძე, ირაკლი სირბილაშვილი, მარიამ შალიკაშვილი, თამარა ჩუმაშვილი, ბიჭკა ჭეიშვილი - მათი ბავშვობისდროინდელ ისტორიებს გვიყვებიან, პირველი რაც ახსენდებათ და ეს პირველი, რაც მათ მეხსიერებაშია ჩარჩენილი, სამწუხაროდ, ტკივილნარევ მოგონებად არის შემორჩენილი, რომელიც მისი, მოზარდის მძიმე ფსიქოლოგიურ ტრამვად ჩამოყალიბდა. ფაქტია, რომ სტრესზე ბავშვები განსხვავებულად რეაგირებენ, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. მათთან კოშმარებში არ აისახება მატრავმირებელი მოვლენა და სავსეა ურჩხულების, მონსტრების და სხვა საშინელებების გამოსახულებებით. ინციდენტის შინაარსი მოზარდებს ხშირად გადააქვთ თავიანთ თამაშებში – სიკვდილობანა, ომობანა, დასჯობანა, მიწისძვრობანა და ა.შ. ამგვარი ფსიქოლოგიური მომენტები კარგად ააქვს გაანალიზებული და გათავისებული შემოქმედებით ჯგუფს და ერთ-ერთი პერსონაჟის მოგონებაც, სწორედ ამ სახის თამაშს უკავშირდება, რომელსაც შიშამდე და ტკივილამდე მიყავს გოგონა. ”წეღან დავბრუნდით სახლში. შემოვიყვანე და ვთამაშობთ. ძალიან სწრაფად შედის აზარტში. წვება ხელებს ილაგებს და ქვავდება. დედა! დედა! გამეცი ხმა! არ ინძრევა. უკვე დროა ღიტინზე გადავიდე. იმიტო რო ხმას არ იღებს! და კი ვიცი, რო ეს თამაშია, მაგრამ უკვე მაინც ძალიან მეშინია. და ეს ღიტინიც რო არ შველის! ჯერ წელზე ვუღიტინებ, მერე მუცელზე. რეაქცია არა აქვს! მინდა, რო ვკითხო: „დედა მოკვდი? მართლა ხო არ მოკვდი?“ მაგრამ მაგ სიტყვას ვერ ვამბობ! არადა თამაშს სიკვდილობანა ჰქვია! და რო არ ვიცი ახლა როგორ მოვიქცე, ჯერ სამზარეულოში გავდივარ და წყალი მომაქვს რო შევასხა სახეში, იქნება გამოვაფხიზლო, მაგრამ მერე ვხვდები, რო ზამთარია და შესცივდება და ამას არ ვაკეთებ. ვბრუნდები და სიცილს ვიწყებ. დავცინი დედას! ვანჯღრევ. და მაინც არ ინძრევა!!! ტელეფონი რეკავს. რეკავს! აი, ახლა ხომ მაინც ადგება და უპასუხებს. ველოდები, რო ადგეს, მაგრამ არა! არა! და მე ისევ ვერ ვეკითხები, დედა ხო არ მოკვდი-მეთქი! არა, კი ვიცი, რო თამაშია და სულ ამას ვთამაშობთ, ჩვენი თამაშია ეგ, მაგრამ მაინც მეშინია, გიჟს ვგავარ!....საშიში თამაში იყო, მაგრამ თან მომწონდა. სულ მინდოდა რო ეს თამაში გვეთამაშა.” მსახიობების ემოცია, მათ მიერ განცდილი თუ ჩვენი დროის ”გმირების” მიერ გადატანილი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მასმედიაში ინფორმაციის დონეზე დასრულდა და საზოგადოების გულგრილობის გარდა, სხვა, არანაირი რეაგირება არ მოყოლია, მაყურებელში ”აღვიძებს” განცდას, რომ ისიც დამნაშავეა, მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, რადგანაც, პიროვნება ეწირება საზოგადოების არასრულფასოვნებას. პატარა გოგოს ჭირდებოდა ოპერაცია და მამამისმა თავი მოიკლაო. წერილი დაუტოვებია, ქელეხიდან შემოსული ფული მაგის ოპერაციას მოახმარეთო ან ბანკის ვალი ჰქონდა კაცს და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა, იმანაც დაწერა წერილი: ”პატივცემულო ბანკის წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ ჩემი ოჯახის მიერ გადასახდელ თანხაზე უარი თქვათ,” თუნდაც, ახალგაზრდა მამაკაცი, დეკემბრის დასაწისში, კანცელარიასთან, ყინვაში მდგომი მოითხოვს აღადგინონ სამსახურში, საიდანაც ერთი წლის წინ უსამართლოდ გაათავისუფლეს. „დავდგები და აქ მოვკვდები!“ - მხოლოდ ამ ფრაზით შემოიფარგლა ჟურნალისტებთან. ოჯახის რჩენა ჩემი საქმეა -ამბობს კაცი და თავს იკლავს როცა ამას ვერ ახერხებს. ამ ტრაგედიას მართლაც არა ჰყავს კონკრეტული ადამიანი - აღწერილი ამბის
,,გმირი” მთლიანად საზოგადოებაა, რომელსაც მინიმალური სამართლიანობის პრინციპისთვის ვერ მიუგნია სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობისას. სწორედ ამიტომაც არც ”მშობელთა კრების” პერსონაჟები არ არიან კონკრეტული გმირები, მათ სახელები არ გააჩნიათ, მიუხედავად, რეალური ისტორიებისა, ეს ეხება ყველას ერთად და ცალ-ცალკეც. ამიტომაც, ლოგიკური, გამართლებული და სიმბოლურია რეჟისორების მიერ შემოთავაზებული ინტერპრეტაცია, რეალურ ისტორიებში ჩართული ნიკო ლორთქიფანიძის ნოველა ”ტრაგედია უგმიროდ,” რომელიც, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, რადგანაც, დღესაც არსებობს კითხვა: როდის შეიძლება (ან შეიძლება კი, საზოგადოდ) პიროვნებამ უარი თქვას საკუთარი ადამიანური მოვალეობისა და ღირსების შენარჩუნებაზე? მაგრამ ,,წანამძღვრები” (გაჭირვება, გაუსაძლისი პირობები, უპერსპექტივობა) ერთია, პიროვნული სახის შენარჩუნება კი, სხვა ღირებულებაა! მამა მიხვდა, რომ მისმა მძიმე შეცდომამ უკვალოდ არ ჩაიარა (საზოგადოდაც, ცოდვა არასდროს რჩება ,,მარტო”, ყოველთვის აქვს თავისი ,,გაგრძელებები”), მისი სულის დაბნელებამ (რაგინდ არა ბიოლოგიური, მატერიალური მიზეზით) შვილიც მსგავს გზაზე დააყენა. პატარამ შესაძლებლად
ჩათვალა საკუთარი ინტერესისა თუ სურვილის დაკმაყოფილება სხვის ხარჯზე. მთავარი და არსებითი ის არის, რომ მამის ცოდვამ (რასაც ის გაუძლებდა, თუმცა მუდმივ ტანჯვად ექცეოდა) ბავშვის ცოდვა დაბადა - ,,არ გაგამხელო”! მამას შეეძლო საკუთარი შეცდომის ატანა, მაგრამ ვეღარ გადაძალა ის,რომ შვილის ,,ცოდვაში შესვლის” თუნდაც უნებურ მიზეზად იქცა. მხოლოდ ამის გაცნობიერება აიძულებს მას თავის მოკვლას. ,,არ გაგამხელ”! - ჩუმად, მაგრამ მკვეთრად ესმის მაყურებელს მშიერი ბავშვის სიტყვები და მის წარმოსახვაში კიდევ ერთი, უკვე ნაცნობი, მოვლენა ცოცხლდება. ამის ფონზე, ჩაგესმის პერსონაჟთა მიერ გაკეთებული შეფასება თუ სურვილი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ქართველი მამაკაცი. რატომ ქართველი და არა, ზოგადად, მამაკაცი? შესაძლოა, ამის მიზეზი ის სტერეოტიპებია, რომელსაც ჩვენ ვქმნით.
”მშობელთა კრების” დასრულებისას თეატრის თეორეტიკოსის მელროუზის მოსაზრება გამახსენდა: “თუ ჩვენ მეტი ან ნაკლებეფექტური სიმულაკრების გარჩევას მივეჩვიეთ, მაშინ თეატრის როლი აღარ არის ეფექტური რეპრეზენტაცია „იქ გარეთ რეალობის“, არამედ ცხოვრებისეული, დამაჯერებელი „აქ შიგნით რეალობისა“, რომლის რეალობის სტატუსი სწორედ მასში ჩადებული კონცენტრირებული და მართვადი ადამიანური ენერგიით იქმნება. ეს ენერგია თავად ცოცხალი პერფორმანსის პირობებში იბადება... სწორედ ეს კონცენტრირებული ენერგიის კომბინაცია და სწორედ შემთხვევითი გამოჩენისას მოხელთებული, ასე სახიფათოდ მიმზიდველს ხდის ჩვენთვის თეატრს“
 

bottom of page