
მრუდ ე სარკის ნამსხვრევების მისტიკა...
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

03.03.2026
ნერონ აბულაძე
მრუდე სარკის ნამსხვრევების მისტიკა...
ჰანს კრისტიან ანდერსენის შემოქმედება საუკეთესო თანამგზავრად მიიჩნევა ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ყრმობისა და მოზარდობისას ის უბრალოდ მომხიბვლელია და მეორედ წაკითხვის გარდაუვალ წინაპირობას გიქმნის, ამჯერად უკვე ზრდასრულობისას, რა დროსაც ცხოვრების ავ-კარგი მეტნაკლებად განცდილი გაქვს...ამ დროს სიღრმისეულად აანალიზებ ანდერსენის ზღაპრების ხიბლს, მათ დახვეწილ და სევდიან შრეებს, ორგანულად რომ ერწყმის ერთმანეთს; იმ ცალკეულ პასაჟებს, რაც ადრეულ პერიოდში ყურადღების მიღმა დაგრჩა. სწორედ ,,მეორედ მიბრუნებისას“ ხვდები, რომ ანდერსენის თხრობის სტილი არ ეყრდნობა კლასიკური ზღაპრის სინტაქსს, არამედ ესაა ცოცხალი, თანადროულობასთან მისადაგებული წინადადებათა წყობა, მეზღაპრე რომ ბავშებს უყვება ამბებს და რაღაც სტენოგრაფიის ეფექტს იძლევა. მისეულ ისტორიებში გაბნეულია სხვადასხვა საკითხების მიმართ შემეცნებითი ოპუსები, მაგალითად, „თოვლის დედოფალში“ არის მოთხრობილი ლაპლანდიელთა და ფინელთა ყოფაცხოვრების თავისებურებები, რომელთა შესახებაც პერიოდულად ბეჭდავდნენ გეოგრაფიული გამოცემები და ანდერსენიც ინეტერსდებოდა ამ პუბლიკაციებით. მთავარი მაინც სიუჟეტური ხაზის განვითარების სიმარტივის სიბრტყეა.
მართალია, ბევრ მის ზღაპარს მონუმენტები და ძეგლები დაუდგეს, მაგალითად - კოპენჰაგენის ქალთევზა, მიტიშჩის ოლე-ლუკოიე, ოდენის მედგარი თუჯის ჯარისკაცი, თუმცა მარტო ძეგლებითა და მონუმენტებით ნაწარმოების სიდიადე არ იზომება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ „თოვლის დედოფალი“ ჰანს ქრისტიან ანდერსენის მაგნუმ-ოპუსია თავის მრავალრიცხოვან ზღაპრებსა და ისტორიებს შორის. დაწყებული გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან ამ ზღაპრის 20-მდე ეკრანიზაციას ვხვდებით, განხორციელებულს სხვადასხვა ქვეყნების მიერ (აქედან 10 მულტფილმი და ანიმაცია, 1 მიუზიკლი, დანარჩენი მხატვრული ფილმი). 1938 წელს ევგენი შვარცმა დაამუშავა ანდერსენის აღნიშნული ზღაპარი და პიესის სახით წარუდგინა მკითხველს. 2012 წელს კომპოზიტორმა თომას კანტელინენმა და ქორეოგრაფმა კენეტ გრევემ ამ სიუჟეტზე შექმნეს ბალეტი. 1982 წელს რეჟისორმა გიორგი დანელიამ გადაიღო მხატვრული ფილმი „ცრემლები დიოდა“, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გათანამედროვებული „თოვლის დედოფალი“. აღარაფერს ვამბობ უამრავ თეატრალურ დადგმებზე, რომლებიც განხორციელდა ამ ზღაპრის მიხედვით მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს მცირე ჩამონათვალია იმ შემოქმედებითი იმპულსისა, რასაც დღემდე აძლევს ანდერსენის „თოვლის დედოფალი“ რეჟისორებს, მსახიობებს, მხატვრებსა და მუსიკოსებს, რის შედეგადაც იქმნება კინო თუ თეატრალურ ინტერპრეტაციათა უწყვეტი ჭაჭვი.
სწორედ ,,თოვლის დედოფალი“ აღმოჩნდა ის ლიტერატურული პირველწყარო, რომლის საფუძველზეც რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა კიდევ ერთი წარმოდგენა განახორციელა. სპექტაკლის პრემიერა საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალ, გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში შედგა და მისი პრემიერით გაიხსნა თეატრის ახლად რეაბილიტირებული შენობა. დავით ჩხარტიშვილის შემოქმედებას კარგად იცნობს თანამედროვე თეატრალური საზოგადოება. განსაკუთრებით გამორჩეული და პროფესიულ წრეებში დადებითად შეფასებულია რეჟისორის წარმატებული მოღვაწეობა გორის თეატრში, ასევე ცალკეული დადგმები სხვადასხვა სახელმწიფო თეატრების სცენებზე. ამჯერად დავით ჩხარტიშვილმა კამერულ სივრცეში, თოჯინური სპეციფიკის ლაბირინთებში გადაინაცვლა და განსხვავებული რაკურსით წარმოაჩინა თავისი პროფესიული შესაძლებლობები. ამ დრომდე რეჟისორი ყოველთვის გამოირჩეოდა ავტორისეულ ტექსტთან თამამი ურთიერთობით, არც ამ შემთხვევაში მოერიდა აქტიურ ფამილარულ ჩარევებს, თავი აარიდა ცალკეული პასაჟების დამუშავებას და სიუჟეტური ქარგაც მხოლოდ ნაწარმოების ძირითადი თემის ირგვლივ შეკრა. შედეგად შემცირებული ქრონომეტრაჟი და გაცილებით გამარტივებული სიუჟეტი მივიღეთ, რომლის მიზანიც სავარაუდოდ პატარა მაყურებლის სეგმენტის გათვალისწინება იყო. თუმც, რაც კომუნისტური ცენზურის წყალობით ყოფილ საბჭოთა სივრცეში ყურადღების მიღმა დარჩა როგორც მკითხველს, ისე მაყურებელს, უმჯობესი იქნებოდა ამით გამდიდრებულიყო სპექტაკლის კომპოზიციური სტრუქტურა. მხედველობაში მაქვს ანდერსენისეული ორიგინალის დასაწყისი, რომელიც საბჭოთა გამოცემებში საგანგებოდ იქნა ამოშლილი, შესაბამისად არც კინოსა და მულტფილმში დატოვეს მათთვის საშიში იდეოლოგიურ-დიდაქტიკური ეპიზოდები. საკვანძო თუ არა, საინტერესო და მიმზიდველი მაინც იქნებოდა ის, რითაც იწყება ეს ნაწარმოები.
წარმოდგენის საექსპოზიციო სცენებში კეისა და გერდას მაგობრული, სასიყვარულო ურთიერთობებია წარმმოჩენილი. აქვე ჩნდება თოვლის დედოფლი, რომელსაც არ სურს სამყაროში ადამიანთა მეგობრობა დაუშვას. სწორედ ამის შემდეგ იწყება დედოფლის დემონიური ძალის გამოვლინება ადამიანებში და კონკრეტულად კეის შემთხვევაში. ბავშვი მომენტალურად შეიცვალა - დაკარგა ინტერესი გერდას მიმართ, გაცივდა ვარდების მიმართ, როდესაც მანამდე გერდასთან ერთად ზრდიდა... მერე ყველაფერი შეიცვლება... თვითონ კეის ასეთი გარდასახვა ადარდებს გერდას. კეი გულგოროზი ხდება: დასცინის გერდას, აღარ უყვარს ყვავილები. თოვლის დედოფალს კეი თავის ყინულოვან სამფლობელოში მიყავს...სიუჟეტი ახალ განვითარებას იღებს, როცა გერდა არ აპირებს ფარ-ხმლის დაყრას და გაეშურება კეის გადასარჩენად. თავდაპირველად მან არ იცოდა სად წასულიყო და ვისთან ეკითხა მისი უძვირფასესი მეგობრის ალი-კვალი. მომდევნო სცენებში რეჟისორი თანმიმდევრულად მიყვება ავტორისეული სიუჟეტის განვითარების ლოგიკას, ვხვდებით სწრაფ მონტაჟურ გადასვლებს რა დროსაც შემცირებული ან საერთოდ ამოღებულია ცალკეული ეპიზოდები, რაც უარყოფით გავლენას არ ახდენს ამბის თანმიმდევრულ თხობაზე. გერდა სხვადასხვა პერსონაჟების დახმარებით წინ მიწევს და მერე მთელი სიუჟეტი მიდის უცილობელი ჰეპი-ენდისკენ, რაც იშვიათობაა ანდერსენის შემოქმედებაში. ეს გარდაუვალი წინსვლაა კეის გადასარჩენად და სიუჟეტის კულმინაციურმა მომენტმაც არ დააყოვნა. დასკვნით სცენებში იწყება საკულმინაციო წიაღსვლები - რა ხდებოდა თოვლის დედოფლის სამფლობელოში. რა თქმა უნდა გერდამ გადალახა ყინულოვანი ქარბუქის ბარიერი და დიდ დარბაზში ნახა თავისი კეი, თითქმის მთლად გალურჯებული ყინულოვანი სამყაროსგან. საბოლოდ მეგობრობამ, სიყვარულმა და თავისუფლების მარადიულმა იდეამ ძლია ბნელეთს...
თოჯინური წარმოდგენა, როგორც აღინიშნა გამარტივებული სიუჟეტითა და რაც მთავარია სამსახიობო შესრულების ანსამბლურობით გამოირჩევა. მიუხედავად თეჯირისა, იგრძნობა შემსრულებელთა - (თამარ გორხელაშვილი, თიკო ჯანაშვილი, ნინა დვალიშვილი, გიული დოღონაძე, ნოდარ გაფრინდაშვილი, კახა ოდიშელაშვილი) გუნდურობა და თოჯინის ტარების ტექნიკის ფლობა.
წარმოდგენა მრავალფეროვანი მხატვრული და მუსიკალური გაფორმების - (დავით ჩხარტიშვილი) ორგანული სინთეზით გამოირჩევა. რეჟისორი მაქსიმალურად ითვისებს სცენურ სივრცეს. წარმოდგენაში ვხვდებით სხვადასხვა სტილის ზომისა და სპეციფიკის თოჯინებს, აქვე მეზღაპრის პერსონაჟს, რომელიც ცოცხალ პლანშია წარმოდგენილი და სიუჟეტის მიმდინარეობისას ერთგვარ ,,გარდამავალი ტიხრის“ ფუნქციას ასრულებს. მიზანსცენათა კონტრასტული მონაცვლეობისას მოქმედების ადგილც მყისიერად იცვლება. მხატვრული გაფორმება ავანსცენიდან სცენის სიღრმემდე სამ განზომილებადაა განფენილი, მიღწეულია ე.წ 3D- ს ეფექტი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ყოველგვარი სპეციფიური ტექნოლოგიური გამომსახველობითი საშუალებების გამოყენების გარეშე. მიუხედავად გარკვეული შენიშვნებისა, რეჟისორის პირველი - (ყოველ შემთხვევაში მე მეტი არ მინახავს) - მცდელობა შეგვიძლია წარმატებულად ჩავთვალოთ. რაც შეეხება შენიშვნებს, ვისურვებდი ინსცენირებაზე მუშაობისას რეჟისორის ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო ის მნიშვნელოვანი პასაჟები, სიღრმისეული შრეები, რითაც ანდერსენი მკვეთრად განსხვავდება ამ ჟანრში მოღვაწე სხვა ავტორებისგან.
ვისაც სხვა და განსაკუთრებით საბჭოთა ეკრანიზებული ვერსია უნახავს და მერე სრული ტექსტი წაუკითავს, იოლად შეაჩნევდა საცენზურო ამონარიდებს: ფსალმუნის გალობა, სადაც მოხსენიებულია ვარდი და ქრისტე; „მამაო ჩვენო“-ს ლოცვით გერდა აცხრობს ყინულოვან ქარბუქს, როდესაც შედის ყინულის დედოფლის სამფლობელოში; ზღაპრის ბოლოს ბებია უკითხავს მშვიდობით შინ დაბრუნებულ კეის და გერდას მათეს სახარებას. ესეც ერთგვარი ჯადოსნურობა და მაგიური მომნუსხველობაა. ასევე ნაწარმოების მეორე თავი გვიყვება თუ როგორ ხვდება კეის გულსა და თვალში ტროლის მრუდე სარკის ნამსხვრევი. ცალკე დიდი სიუჟეტური კონსტრუქცია შეიძლებოდა აგებულიყო ამ მრუდე სარკის ისტორიაზე, მაგრამ ეს მხოლოდ პრეამბულაა ამ ისტორიის. ამის შემდეგ იწყება სწორედ ამ სარკის დემონიური ძალის წარმოჩენა ადამიანებში და კონკრეტულად კეის შემთხვევაში, რასაც მნიშვნელოვანი მეტაფორული დატვირთვა გააჩნია. ვფიქრობ, თუკი აღნიშნულ - (და არამარტო) პლასტებზე რეჟისორი მეტ ყურადღებას გაამახვილებდა, უფრო სიღრმისეულ წარმოდგენას ვიხილავდით, რაც კიდევ უფრო გაზრდიდა მაყურებელთა სეგმენტს.
და ბოლოს, პირადიპირ თუ ირიბად, სპექტაკლში მაინც იგრძნობა ანდერსენისეული მრუდე სარკის ნამსხვევების მისტიკა...
ფოტო: ანა დოლიძე