მოძრაობის კომედია?!

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

CC4A9866.jpeg

თამთა ქაჯაია

მოძრაობის კომედია?!

მოძრაობის თეატრი კერძო თეატრია და ყველაფრის უზრუნველყოფა საკუთარი სახსრებით უწევს. შესაბამისად, ბილეთის ფასიც საკმაოდ მაღალია, ამის მიუხედავად თეატრს მაყურებელი არ აკლია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქ სპექტაკლებს პროცენტულად მეტი უცხოელი მაყურებელი ჰყავს, ვიდრე სხვა სახელმწიფო თუ კერძო თეატრებს - მათი თეატრალური ენა ხომ არავერბალურია.

2019 წლის 17 მარტს, მოძრაობის თეატრში, იოსებ ბაკურაძემ დანტე ალიგიერის პოემის მიხედვით დადგა „ღვთაებრივი კომედია“. მოგეხსენებათ დანტე ალიგიერი მეთოთხმეტე საუკუნეში მოღვაწეობდა და თოთხმეტი წლის განმავლობაში ქმნიდა ამ სქელტანიან ნაწარმოებს, რომლის ბოლომდე გააზრება და შეცნობა ძალიან რთულია. დღემდე  საკამათოა ასვე ამ გენიალური პოემის სახელწოდება, თავდაპირველად დანტემ მხოლოდ „კომედია“ უწოდა, ხოლო ღვთაებრივი პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაუმატეს ეპითეტად.

პოემა ეყრდნობა იმ დროინდელ გავრცელებულ მისტიკურ პრინციპს, რომლის მიხედვითაც იმქვეყნიური  სამყაროს ხილვა სულის გადარჩენის გზით ხდება. ეს არის იმჟამინდელი  თეოლოგიური თვალსაზრისით აღქმული სულის სამი მდგომარეობა:  ყოფნა, განწმენდა  და განახლება, რომელთაც შეესაბამება სამი სამყარო: ჯოჯოხეთი, სალხინებელი და სამოთხე.  სპექტაკლი შედგება სამი მოქმედებისგან, ავტორის თოთხმეტ წლიანი ნაშრომს რეჟისორი სამ ოც წუთიან ქორეოგრაფიულ დადგმაში (ორი ათ წუთიანი ანტრაქტი) ატევს, ნაწარმოების თანმიმდევრობას იცავს და სრულფასოვნად გვამოგზაურებს ჯოჯოხეთში, სალხინებელსა  თუ სამოთხეში.

სპექტაკლის დასაწყისი შემზარავია, ძრწოლას იწვევს. ისმის  გამაყრუებელი, შემაძრწუნებელი ხმა. მსახიობები ფორთხვით, ერთმანეთის მონაცვლეობით. სანახაობას ამძაფრებს მუსიკალური გაფორმება, რომელიც სანდრო ნიკოლაძეს და დავით კაკულიას ეკუთვნის. მსახიობები შემოსილნი არიან შავი კოსტიუმებით,  პერიოდულად უხშირებენ სუნთქვას და საბოლოოდ ერთმანეთის  გლეჯვასა და ხორცის ჭამაზე გადადიან. რთულია  სიბნელეში მსახიობები გაარჩიო, თუმცა ამ მოქმედებაში გამოვყოფ ბექა გარსენიშვილს, რომელსაც აღნაგობა ხელს უწყობს, მისი ყოველი შემოსვლა ნამდვილ დემონურ შემოსვლას რომ ჰგავდეს.

„ამიერიდან სულის ჩემის ხომალდი მალი

უკეთეს წყალთა საუფლოში ზეასწევს აფრას,

ჩვენს უკან დარჩა ზღვა ასევე აზვავებული“

მეორე მოქმედების დრო და სკამების განლაგება იცვლება, მაყურებელი რკალისებურად, თითქოს უფრო ახლოს მიდის სცენასთან და უშუალო კონტაქტს ამყარებს მსახიობებთან. იცვლება კოსტიუმები, რომელთა ფერები: თეთრი, ოქროსფერი, ღია ლურჯი და ღია ყავისფერია (ზეციური ფერები). ჩვენც  გავიარეთ ჯოჯოხეთი და ახლა მოვხვდით სალხინებელში, სადაც უნდა განვიწმინდოთ მომაკვდინებელი ცოდვებისგან. მაგიდაზე, რომელიც ერთადერთი დეკორაციაა (თუ არ ჩავთვლით ბაგირს), ნახევრად იესოს სახეა გამოსახული.

„ცაში ვიყავი კაშკაშებდა სხივთ ათინათი,

ვნახე ბევრი რამ, რის აღწერას ვეღარ შეიძლებს,

ვინაც მუნიდან, კვლავ მიწაზე მობრუნებულა“

მესამე მოქმედება სპექტაკლის კულმინაციაა. მიხეილ ზაქაიძისა და  მარიამ ბალახაძის ქორეოგრაფიული შესრულება მომნუსხველია. მსახიობების სამოსი  თეთრი კოსტიუმებით იცვლება. შუა სცენაზე ვხედავთ ჩამოკიდებულ თეთრ ნაჭერს, რაზეც მიხეილ ზაქაიძე შთამბეჭდავ მოძრაობებს ასრულებს, თითოეული  ჟესტი თუ მოძრაობა  გათავისებული აქვს.

ვფიქრობ, რეჟისორისგან საკმაოდ ამბიციური განაცხადია ასეთი სირთულის ნაწარმოებთან შეჭიდება, თუმცა იოსებ ბაკურაძემ დაიჭირა ოქროს შუალედი და შექმნა ემოციური ქორეოდრამა.

და მაინც - „მოყოლილს ნანახი ჯობიაო“.