top of page

მ ო ძ ღ ვ ა რ ი

Scan 1.jpeg
Scan.jpeg

მ  ო   ძ    ღ   ვ   ა   რ  ი

 

გურამ ბათიაშვილი

 

ეს ჩემი უფროსი მეგობარი და დიდად დასაფასებელი კაცი - ვასილ კიკნაძე, ჩვენ რომ ვასოს ვეძახდით,  ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი  და  პროფესორი  გახლდათ-ფრიად გამრჯე და მკლავმოუღლელი კაცი. დღეს ცოცხალთა შორის აღარ არის - თითქმის ხუთი წელია იმ სამყაროში გადაინაცვლა, რომელიც ყოველი ადამიანის  საბოლოო სამყოფელია. თურმე, სკოლის მოსწავლე   ვასო, არა მხოლოდ ფრიადოსანი გახლდათ, კოლმეურნეობაში ჩაისაც კარგად და იმდენს კრეფდა,  რომ შრომის წითელი დროშის ორდენზე წარუდგენიათ. ამაზე ყრმობის წლებიდან მისი განუყრელი მეგობარი, ასევე ხელოვნებათმცოდნეობის პროფესორი და რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ნოდარ გურაბანიძე ხალისობდა:

- თურმე ვის მოკრეფილ ჩაის ვსვამდით!

ვასომ დიდი ამაგი დასდო ქართულ თეატრმცოდნეობას - ბევრი იკვლია, ბევრი წერა. დამფასებელი და პატივისცემელიც ბევრი შეიძინა. დროდადრო აუგისმთქმელიც გამორეულა - ძირითადად იმათგან, ვისაც ადრე შესწევია - სიკეთე უქმნია, მაგრამ მერე, რაკიღა შეუმჩნევია, ესენი შინიდან გასვლისას, სინდისს სამზრეულოს რომელიღაც უჯრაში ამწყვდევდნენ, თანადგომის ხალისი დაუკარგავს, ან დრო-ჟამი გასულა და სიკეთის ქმნის  ბერკეტებიც ხელიდან გამოსცლია. ამიტომ არ, თუ ვეღარ დახმარებია. ისინი კი... რატომ გწადია,  დაჩვეულს  გადამაჩვიოო და სიკეთეს  აუგის თქმითა, თუ ქმნით უბრუნებდნენ...

თავისი დროის რეგალიები არ დაჰკლებია,  გრძელ სიას მე  კიდევ ერთს მივუმატებდი - ცხოვრებათმცოდნეობის დოქტორიც გახლდათ, გინდაც პროფესორი. იმის გამო, რაც ზემოთ ითქვა, არაერთხელ შეუძახნია  ასეთი პარადოქსის მომცველი ფრაზა:  ,,ვერ გამიგია, რა უნდა ამ კაცს, რას მერჩის. მე ხომ მისთვის არა-რა სიკეთე არ გამიკეთებია!“

ნოდარი კი:

- დისერტაციის დაცვისას დაეხმარე?

- რჩევას ვაძლევდი. მერე რა მოხდა!

- დისერტაცია რომ დაიცვა,  ინსტიტუტში  ხომ   გაალექტორე?

- ახალგაზრდა კაცი იყო და...მერე რა მოხდა! - ნირშეცვლილი მიუგებდა ვასო.

ნოდარს კი ღიმილი მოედებოდა სახეზე - ძალიან კარგად იცოდა, თვალდახუჭულ სიკეთეს ზოგჯერ  რაოდენი სივაგლახე მოსდევს.

სიკეთის ქმნა და...

სიავის მოლოდინი იმისაგან, ვისაც სიკეთე უყავი.

თავისი გრძელი ცხოვრების გზაზე, ვასოს არაერთხელ  უნახავს, თუ როგორ თანაარსებობს ეს ორი ერთმანეთის გამომრიცხავი სულისკვეთება  და მაინც  თავისი სტუდენტებისა, თუ ნასტუდენტარების ზრუნვისაკენ იყო მიდრეკილი - მათს ბედზე ზრუნავდა. სიკეთის ქმნის დაუოკებელი მოთხოვნილება  ბავშვობის, სტუდენტობის ტკბილ-მწარე ყოფამ გაუჩინა.  სიკეთის ქმნა არა ჰობი, სულიერი მოთხოვნილება გახლდათ. სხვაგვარად არ შეეძლო. იმერეთის ერთი პატარა სოფლიდან ჩამოსული (მის ნათესავ ახალგაზრდა კაცს სახალხო თეატრში ოტია იოსელიანის პიესა დაედგა,  პრემიერაზე წამიყვანა, მისი სანათესაოდან გულითად იმერლებს შევხვდი) შეცნობის წყურვილისა და ქართული მწერლობის სიყვარულის გარდა, არაფერს არ ფლობდა და მისხალ-მისხალ აგროვებდა  არა მხოლოდ პროფესიულ ცოდნას, სარჩო-საბადებელსაც. როცა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ერთ-ერთი მესვეური გახდა, იმ ახალგაზრდებს გამოარჩევდა, მასავით რომ იწყებდნენ ცხოვრებას - ცოდნის წყურვილის გარდა, არაფერი არ ებადათ.  ყოველნაირად ცდილობდა, მის სტუდენტს არა მხოლოდ კარგი განათლება მიეღო  და სამეცნიერო ხარისხი დაეცვა, კარგი სამსახურიც გამოენახა და ცხოვრების პირობებიც ჰქონოდა.

ერთხანობას ბათუმის ახლადშექმნილ უნივერსიტეტში მიიწვიეს. მიუხედავად იმისა, რომ 70 წელს იყო გადაცილებული, არ დაიზარა - ყოველ კვირას მატარებელში ჩაჯდებოდა, ბათუმს მიემგზავრებოდა - სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდობას იქ წვრთნიდა. მეორე საღამოს კი უკან ბრუნდებოდა. იქ ორი სტუდენტი გამოარჩია.  თავს არ იზოგავდნენ, რომ მეტი შეეცნოთ. ერთი ნერონ აბულაძე - აჭარის მთებში შეყუჟული  ხულოდან, მეორე კი ბათუმელი გახლდათ - ლაშა ჩხარტიშვილი. დაინახა, რომ ეს ბიჭები ისევე მოდიოდნენ, როგორც თვითონ ერთ დროს - ისევე სწყუროდათ სცენური ცხოვრების საიდუმლოებაში წვდომა, როგორც თვითონ ერთ დროს, ისევე უჭირდათ ცხოვრება, როგორც თავად ერთ დროს.

და ვასოც უშურველად აძლევდა იმას, რაც გააჩნდა - პროფესიულ ცოდნას. მაგრამ ეს საკმარისი არ იყო.

კარგად მახსოვს ის დღე, როცა დამირეკა და მითხრა:

  • კარგი ბიჭები არიან, გაუღე ,,თეატრი და ცხოვრების “ კარი!

ამას ხშირად აკეთებდა - თავის სტუდენტებს ხშირად უწევდა რეკომენდაციას: ,,კარგი რეცენზია დაწერა, გადახედე ერთი!“,  ,,კარგი საკურსოა, გადახედე!“

 ,,ბიჭებს“ კარი გავუღეთ, ნერონი - პატიოსნებით აღვსილი ჭაბუკი, როგორც მთიელი კაცი, მდორედ ირჯებოდა, ლაშა კი, პირიქით: ცდილობდა ყველაფერი დღეს გაეკეთებინა - ხვალ გვიანი იქნება, დღეს უნდა მოვასწროო.უკან არ იყურებოდა, არც -ირგვლივ. ყველაფერი დღეს, ახლა!  ამ დაუდგრომლობამ გაზარდა. დღეს რომ თავისი  პირველი პუბლიკაციები წაიკითხოს, ალბათ, იცინებს.   პროცესმა, ყოველდღიურმა შრომამ კი შემოქმედებითად გაზარდა, მაგრამ ორთვიური ჟურნალის ჰონორარით ცხოვრება შეუძლებელია.

და ვასო ფიქრობს, ეძებს.

ჰოპლა!  შესაძლოა, აქედან  ,,ბიჭებს“ რაღაც არგოს--აჭარის ხელმძღვანელობამ დიდ რობერტ სტურუას - უმცროსს, რეჟისორს სთხოვა, რაღაც დრო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. თეატრისათვის  დაეთმო - ყოფილიყო ამ თეატრის კონსულტანტი.

რობერტ სტურუას ბათუმი ძლიერ უყვარს. სიჭაბუკის წლებში არაერთხელ უთქვამს, რომ დავბერდები, ბათუმში გადავალ საცხოვრებლადო (ასაკოვანია, მაგრამ არ გადასულა. მგონი, ვხვდები, რატომაც: ის ბათუმი, რომელში გადასვლაც ეწადა, აღარ არის. მის ადგილას სხვა - ცათამბჯენების - კარგი, მაგრამ სხვა ქალაქია). ცხადია, ბათუმის თეატრიც უყვარს.

და აღიძრა ვასო!

იცის, რომ რობერტ სტურუა პატივს სცემს ნოდარ გურაბანიძეს: როცა რუსთაველის სახ. თეატრი რობერტ სტყურუას სპექტაკლებით  სამყაროს უვლიდა და სამშობლოს ღირსებას მატებდა (აშშ-ში სანტა ბარბარას შექსპირული სპექტაკლების ფესტივალზე ერთმა ნორვეგიელმა, თუ შვედმა რეჟისორმა ქალბატონმა ,,გამოცდა“  მომიწყო: ვიცით, რომ საქართველოდან ხართ, გია ყანჩელსა და სტურუას თუ იცნობთო. სტურუას სიჭაბუკიდან ვიცნობ, ყანჩელს რაც შეეხება, რუსთაველის თეატრში ჩემი პიესა რომ დაიდგა , ყანჩელის მუსიკა ამშვენებდა-მეთქი. უნდა გენახათ, იმ დღიდან რაოდენი რიდითა და პატივისცემით მესალმებოდნე: ეს კაცი სტურუას სიჭაბუკიდან იცნობსო) ნოდარი თეატრის გვერდით იყო--ერთად ვიდოდნენ ევროპის, აზიისა, თუ ამერიკის თეატრალურ პროსპექტებზე. მერე წიგნიც დაწერა თეატრის ამ ტრიუმფალურ მოგზაურობებზე. ხოლო ნოდარის  წიგნი  ,,რეჟისორი რობერტ სტურუა“ ბევრი ქართული ოჯახის სასურველი შენაძენია.

და აღიძრა ვასო სიკეთის ქმნად: ნოდარს თხოვს მივიდეს რობერტთან, დაუხასიათოს  ლაშა ჩხარტიშვილი და ნერონ აბულაძე   ,,ეს ძალიან კარგი   ,,ბიჭები“.  იქნებ, რობერტმა ,,ბიჭები“ ბათუმის თეატრის სალიტერატურო ნაწილში  სამუშაოდ მიიღოს?

  • იცი, გურამ, როგორ მიტევდა? - მეუბნება დღეს ნოდარ გურაბანიძე - არ მასვენებდა. ყოველდღე, დღეში ორჯერაც კი, ჩამძახოდა: ,,რა ჰქენი!“ ,,რას შვრები, ბიჭებს მიხედვა უნდა!“ მე რა შემეძლო, ხომ იცი, რობიკოს  ნახვა, რა ძნელი იყო - მსოფლიოს უვლიდა კაცი!

ვერა და ვერ შეხვდა ნოდარ გურაბანიძე  რობერტ სტურუას--ვერ იქნა და ვერ მოიხელთა-- სხვა გზა აღარ დარჩენოდა და ,,დაჯდა წერად“ უსტარისა.

,,ჩემო რობერტ...“

ან იქნებ: ,,რობერტ  ძვირფასო...

იმას ხომ არ დაუწერდა, ჩვენმა საყვარელმა ვასომ სული ამომხადა რომ   გესაუბრო და მისი ,,ბიჭები“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ.დრამატულ თეატრში მიგაღებინო, მაგრამ ვერ შეგხვდი და ამიტომ გწერ ამ წერილსაო. ეს რომ დაეწერა,  აჯება გამოუვიდოდა და არა საღი აზრის მიწოდება. ამიტომ აუწყა: ჩვენი უნივერსიტეტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი  ორმა ისეთმა მანდაურმა  ყმაწვილმა დაამთავრა, შენც კი აღფრთოვანებული დარჩები: გონიერნი, შრომითა და  დაუზარლობით  შეცნობისაკენ მიდრეკილნი, ყველა თაობის დამფასებელნი, უმცროს-უფროსობის ყადრის მცოდნენი  და რაც მთავარია, ქართული თეატრის წარსულსა და დღევანდელობაზე მზრუნველნი არიანო. ერთი სიტყვით, ,,ბიჭების“ ისეთ  თვისებებზე წერდა,  როგორადაც ეწადა ისინი ხვალ ეხილა.

და  აღიძრა  რობერტი სიკეთის ქმნად. იცის, კარგად იცის, ეს გამოუცდელი, ცხოვრების გზაზე ახლად გამოსული ბიჭები, თეატრს ბევრს ვერაფერს მისცემენ, მაგრამ...დრო, დაკვირვებულობა, თეატრში ყოფნა ასწავლით.

ამ დღემდე ეს ყმაწვილები  იყვნენ  ცოდნასმოწყურებული, იმედისმომცემი ახლადგამოჩეკილი ბარტყები თეატრმცოდნეობისა, რომელსაც  მოძღვარი აქებს და ქომაგობს, დღეიდან კი სულ სხვა გრადაციაში - რობერტ სტურუას  გვერდში მდგომებად, მისი გუნდის წევრებად  გვევლინებიან. და რახან  ,,ბიჭები“ რობერტ სტურუამ გვერდში დაიყენა, ქალაქში სულ სხვა თვალით უყურებენ. ესენი  კი, თუ დღემდე თეატრალურ ხელოვნებას ლექციებით, კონსპექტებით, სხვათა და სხვათა მემუარებითა  და სამეცნიერო ნაშრომებით  სწავლობდნენ, ახლა თავად მონაწილეობენ პროცესში და წერენ კიდეც იმაზე, რა ხდება კულისებში, სცენაზე  და იმაზეც, თუ როგორ უნდა ხდებოდეს.

ვასო? ვასო კმაყოფილია: ბიჭებს ის  მისცა, რაც ყველაფერზე მეტად სჭიროდათ: ცოდნაცა და სარჩო-საბადებელიც.

ვასოს სხვა  ,,ბიჭები“ და ,,გოგოებიც“ ბევრი ჰყავდა. ლამის ყოველი მათგანისათვის აღიძვრებოდა. ასე იქცა პედაგოგი, პროფესორი, ნამდვილ მოძღვრად.

კი, ნამდვილი მოძღვარი გახლდათ ჩვენი ვასო.

რობერტ სტურუა? სტურუამ ვასოს ,,ბიჭები“ დიდ გზაზე გაიყვანა და თუ დღეს მათი პუბლიკაციები  ყურასღებას იქცევს, ცხადია, უწინარესი მათი შრომისუნარიანობა, წვდომის უნარია, მაგრამ გაწეული ამაგის უკუგდებაც არ ეგების. ვასილ კიკნაძე,  ნოდარ გურაბანიძე,  რობერტ სტურუა -ღირსეულად გაისარჯნენ - ის ქმნეს, რასაც მამები უნდა აკეთებდნენ შვილებისათვის.

ღმერთმა ნუ ქნას, შვილებს ავიწყდებოდეთ მამათა ამაგი.  ასეთნი    სახედრებად მესახებიან,  ხოლო იმ  შვილებს, მამათა ღირსებას, ღვაწლს რომ უფრთხილდებიან, სხივოსნებად მივიჩნევ.

 ამ ,,ბეჭების“ გასხივოსნებით მოძღვარი - ჩვენი საყვარელი ვასო - იქ კიდევ უფრო გასხივოსნდება, ვიდრე დღეს გახლავთ სხივმოსილი.

ნოდარისა და რობიკოს სიკეთის ქმნის ნიჭიც კიდევ უფრო გაბრწყინდება.

bottom of page