top of page

Move Heaven and Earth

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

334256860_1261686514783430_3716566292187325301_n.jpg

ლელა ოჩიაური

Move Heaven and Earth

თბილისის მოძრაობის თეატრი ერთ-ერთი გამორჩეული, განსაკუთრებული და წარმატებულია  საქართველოში. არავის ჰგავს. ვერც ემგვანება. ვერც ვერავინ დაემსგავსება. ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი ზედაპირული მიბაძვა და ცუდი ასლი იქნებოდა. ყველაფერი, რაც ამ თეატრში ხდება, პირველ რიგში, კახა ბაკურაძის - მსახიობის, ქორეოგრაფის, რეჟისორის, მიმის - მოფიქრებული, გამოგონილი, შექმნილი და დაარსებულია. შენობაც მისი, იოსებ ბაკურაძის, ეკა ბაკურაძისა და თანამოაზრეების ხელითაა სათეატროდ გამართული, აწყობილი, ყველა დეტალისა და ჭანჭიკის ჩათვლით.

თეატრი, დაარსებიდან (2001 წელი) დღემდე მხოლოდ თვითდაფინანსებით არსებობს, ისედაც რთულ და კრიზისულ ეკონომიკურ პირობებში. ამ მხრივაც და სპეციფიკითაც, ფორმით, მსახიობის უნარების, შესაძლებლობების თავისებურებითა და  ცხოვრების წესით, განსხვავდება საქართველოს სხვა თეატრებისგან.

ყველა დანარჩენისგან ისიც გამოარჩევს, რომ თბილისის „მუშტაიდის“  პარკის ერთ-ერთ კუთხეში, ყოფილ გარაჟში მდებარეობს, რაც ინტერიერისა და ახლო მიმდებარე ტერიტორიის ორგანული გამოყენების შესაძლებლობასაც უქმნის.

აქ ყველაფერი „მოძრაობს“, ფოიედან დაწყებული, რომელშიც ხშირად იმართება ჯაზისა და სხვა ტიპის მუსიკალური საღამოები, ჯემები, გამოფენები თუ თემატური შეხვედრები, რითაც  უფრო აფართოებს „ლოკალური“ დანიშნულების საზღვრებს და ზოგადად, თეატრის ფუნქციის მასშტაბებს ზრდის.

დარბაზი ერთიანი და სრულად  ერთიან სივრცესა და გუმბათქვეშ მოქცეული, ერთ ადგილზე  და დონეებზე დაუფიქსირებელი სკამებითა და სკამების რიგებით, დამატებითი სამოქმედო სიბრტყეებითა და რეგისტრებით, ხიდებით, ბადეებით, კულისებით, ასაწევ-დასაწევი სპეციალური ხელსაწყოებით,  ხმა-განათების სამართავი პულტებითა და მუსიკალური საკრავებით აღჭურვილი.

თეატრში  სხვადასხვა ჟანრში შექმნილი (დრამა, ტრაგედია, კომედია, ექსცენტრიკა, მელოდრამა) და მიმოდრამის, პლასტიკის, ქორეოგრაფიის, ბალეტის, ეკვილიბრისტიკის, ვოლტების, საჰაერო აკრობატიკის, პასაჟების, ჟესტების ენაზე ამეტყველებულია კლასიკა და თანამედროვე მწერლობა/დრამატურგია - იოჰან-ვოლფგანგ გოეთეს „ფაუსტი“, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედია“, უილიამ შექსპირის „ქარიშხალი“ და „სონეტები“,  პატრიკ ზიუსკინდის  „პარფიუმერია. ამბავი ერთი მკვლელისა“,  ჯემალ ქარჩხაძის „იგი“; საკუთარი, საავტორო ინსცენირებებით, თანამედროვე სიუჟეტებზე  აგებული - „ინტრო“, „ასტიგმატისტები“, „პარადისო“ - კახა ბაკურაძის, სოსო ბაკურაძის, ლაშა რობაქიძის, ირაკლი ხოშტარიასა და სხვათა ინსცენირებებით, რეჟისურითა თუ ქორეოგრაფიით.

ყველა ამ დადგმაში მოქმედება იშლება პირობით სცენაზე „ნიადაგზე“ (რომელიც მაყურებლისგან ტრადიციული ფიცარნაგით დისტანცირებული არაა და არცაა სცენა, სიტყვის ჩვეული მნიშვნელობით), კედლებზე, ჰაერში - „ცაში“ (გაჭიმულ და დაშვებულ ბაგირებზე, დაზღვევის გარეშე), სხვადასხვა  კუთხეში (არა მხოლოდ სხვადასხვა სპექტაკლში, არამედ თითოეულში, მოქმედების განვითარებასთან ერთად), ცოცხალი მუსიკის თანხლებითა და სამსახიობო ხელოვნების არაერთგვაროვანი ხერხების (სპეციფიკის) ცვლილების თავისუფალი  გამოყენებით.

კახა ბაკურაძის თეატრი მიმოდრამის ხელოვნების საშუალებების სრულიად ახლებურ გაზიარებას, არა ერთ ახალ  შემოქმედებით აღმოჩენას აღწევს, სამსახიობო ოსტატობისა და საშემსრულებლო სივრცის გარღვევის ბევრ შესაძლებლობას ითვისებს და ამუშავებს. რთული აკრობატული, პლასტიკური, ქორეოგრაფიული ნახაზებით, ტრუკებითა და სხვა სადადგმო ელემენტების, ილეთების თავბრუდამხვევი, საშიში და ხარისხიანი შემოქმედებითი ექსპერიმენტებით. ძლიერი ენერგეტიკით, „აგრესიული“ ტემპო-რიტმითა და მოვლენების დინამიკური განვითარებით. ცვალებადობით სხვადასხვა მასალისადმი საკმაოდ თამამი და თავისუფალი მიდგომით, პლასტიკური, ფიზიკური თეატრის  „წესების“ დაცვის აუცილებლობის მიუხედავად, და იმის მიუხედავად, რომ ამ სპექტაკლებში, ხშირად ერთი და იგივე გამომსახველ საშუალებებს იყენებენ, როგორც „მეტყველების“, გამოხატვის  ფორმას -  კონტექსტში, ურთიერთკავშირში, დატვირთვისა და ჩანაფიქრის, დამოკიდებულების, სათქმელის თავისთავადობიდან გამომდინარე, ერთ ჟანრში გადაწყვეტილი სპექტაკლებიც კი ერთმანეთს არ გვანან. რა თქმა უნდა, რაღაც მახასიათებელი, „კანონიკური“ სტილი,  ხერხები და ელემენტები მეორდებიან, მაგრამ ზუსტად იმგვარად, როგორც დრამატულ თეატრში იყენებენ სიტყვას ან ქმედებას. სხვადასხვა დოზით, ნაჯერობითა და დატვირთვით.

ამ წარმოდგენებში, სხვადასხვა ფორმითა და საფუძველზე, მინიმალისტურ და მხოლოდ მოქმედების, მოძრაობისთვის აუცილებელი საჭიროების დეკორაციებითა და რეკვიზიტით, სტილიზებულ, სახასიათო, არაერთგვაროვან და ასევე მოძრაობის ხელშემწყობ კოსტუმებით, ნაცნობი ლიტერატურული და ცხოვრებისეული ამბები, სიუჟეტები თავისთავადი ხერხებით, ფორმებითა და დიდი ოსტატობითაა ნაჩვენები.

სპექტაკლების უმეტესობას კომპოზიტორი და მუსიკოსი სანდრო ნიკოლაძე და ბენდი, ორიგინალური მუსიკითა და სხვა მუსიკალური თემების არანჟირებებით, სხვადასხვა საკრავზე დაკვრით, ცოცხლად აფორმებენ. და ესეც, ეს უმაღლესი ხარისხის მუსიკალური თანხლება, განასხვავებს „მოძრაობას“ სხვა თეატრებისგან, რომლებშიც მსგავსი ფორმა შეიძლება კი, მაგრამ იშვითად, ან საერთოდ არ გვხვდება. „მოძრაობისთვის“ კი, მუსიკოსები არსებობის, შემოქმედებითი  მიმართულების განუყრელი და ორგანული ნაწილი, სტილის თავისებურების ერთ-ერთი მახასიათებელი არიან.

თეატრის რეპერტუარში რამდენიმე სპექტაკლი იყო და რჩება. ზოგი, უკვე რამდენიმე წელია არსებობს, ზოგი ნაკლები, ზოგს იშვიათად და ზოგს აღარ თამაშობენ, როგორც ყველგან ხდება ხოლმე. სპექტაკლები, რომლებსაც უფრო ხშირად წარმოადგენენ, მკაფიოდ გამოხატავენ მოძრაობის თეატრის ჟანრულ, ფორმისეულ, სტილურ თავისებურებებს, მახასიათებლებსა და სპეციფიკას. მათ ყოველთვის ჰყავთ მაყურებელი. და ისინი ყოველ ჯერზე ათავისუფლებენ საზოგადოებას გარესამყაროს შებოჭილებისგან.

კახა ბაკურაძის „ფაუსტი“ (კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე, მხატვარი კახა ბაკურაძე), მსახიობების - ლაშა რობაქიძე, მიხეილ ზაქაიძე, სალომე ჭულუხაძე, მარიამ მდინარაძე, კოტე ლიპარტელიანი, მარიამ სხულუხია, გიორგი ხაჩიძე, ნინო ავალიანი, თანო ჩხეიძე - მონაწილეობით, ნათლად და მიმოდრამის სხვადასხვა კომპონენტის ინტენსიური, ქმედითი სისტემით, პოემის შინაგან მუსიკალობას, რიტმს, ხასიათს, სათქმელს, სიუჟეტს  ვიზუალური საშუალებებით აცოცხლებს და რთული კონსტრუქციის მექანიზმივით მოქმედებაში მოჰყავს.

იოსებ ბაკურაძე „ღვთაებრივ კომედიაში“  (კომპოზიტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია; მხატვრები: ანა გორბასი, ბიძინა სიდიანი; ქორეოგრაფი: ლაშა რობაქიძე; მსახიობები: თაკო ჭანუყვაძე, ჩიკა ოგი, ლაშა რობაქიძე, მიხეილ ზაქაიძე, ანი თალაკვაძე, ბექა გარსენიშვილი, მარიამ ბალახაძე, კოტე ლიპარტელიანი) სპექტაკლის კომპოზიციური წყობისთვის დანტეს პოემის სტრუქტურას იყენებს.

ნაწარმოების სამი ძირითადი (ჯოჯოხეთი, განსაწმენდელი, სამოთხე) კარი სამ,  20-20-წუთიან მოქმედებად/„სპექტაკლადაა“ დაყოფილი. პლასტიკურ-ქორეოგრაფიული ხერხებით, თემების მიხედვით ცვალებადი გარემოთი, მოძრაობის  ხასიათის ცვალებადობითა და მუსიკალური ჟანრებისა და თემების მონაცვლეობით ვითარდება. და ბოლოს, იკვრება. დადგმის ეს არჩევანიც ამტკიცებს, რომ პოემას „თავისი სათქმელი არ დაუსრულებია“ და მისი  თქმა მიმოდრამის გზითაც შეიძლება.

იოსებ ბაკურაძის „ქარიშხალი“, სანდრო ნიკოლაძის მუსიკით, ლაშა რობაქიძის ქორეოგრაფიითა და კახა ბაკურაძის, სოფია შარიასა და გიორგი ნინოშვილის სცენოგრაფიით, შექსპირის პიესის იდუმალი სამყაროს პლასტიკის საშუალებით გამოხატვის შედეგიანი ექსპერიმენტია. ყველა ეს კომპონენტი აქტიურად მუშაობს და სიტყვა, ასეთი არსებითი ნაწარმოებში, საჭირო აღარაა ქმედების, მოძრაობის გასაშიფრად.

კახა ბაკურაძის „იგი“, იოსებ ბაკურაძის ინსცენირებით, ლაშა რობაქიძის ქორეოგრაფიით, სანდრო ნიკოლაძის მუსიკაზე და ირაკლი ხოშტარიას თოჯინებით, ნიღბებით, მოკლე ტექსტებით, სპირალივით ბრუნავს და ვითარდება და ორგანულად ერწყმის ადამიანის, კაცობრიობის დაბადებისა და განვითარების ისტორიულ თუ სიმბოლურ ფაზებს, ეტაპებს, მოიცავს ეპოქებსა და სამყაროს უსასრულობაში გადადის.

იოსებ ბაკურაძის „ასტიგმატისტები“, ჟანრობრივად და ფორმის მხრივ, განსხვავდება მოძრაობის თეატრის სხვა სპექტაკლებისგან. ესაა ექსცენტრიკული კომედია, გროტესკი, ლირიკული ელემენტებით. მსახიობები (ანა თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, კოტე ლიპარტელიანი, უჩა მჟავია) იყენებენ  უხმო კინოს ხერხებს,  ტემპო-რიტმს,  სპეციფიკურ დინამიკას, ეგრეთ წოდებულ, კადრის აჩქარებას. მიზანსცენები თითქოს კადრებადაა დაყოფილი და  დამონტაჟებული. სპექტაკლის მხატვარია ბიძინა სიდიანი, კომპოზიტორი – სანდრო ნიკოლაძე. 

ირაკლი ხოშტარიას „პარადისო“, ქეთევან ჩაჩანიძის ინსცენირებით, ლაშა რობაქიძის ქორეოგრაფიითა და მსახიობი-„თოჯინების“ (რომლებსაც მსახიობები - ილია სონღულაშვილი, ლაშა რობაქიძე, ხატია მანჯავიძე, თეა ბახტაძე, სოფიკო ჩხიტუნიძე, ელიზბარ ჩხეიძე - ხელებზე და სხეულებზე ნაწილობრივ წამოცმულებს ატარებენ და მართავენ) - რომლებიც უტრირებული სხეულის ფორმებით, ასეთივე კოსტუმებითა და ნიღაბი-თავებით  მოქმედებენ. როგორც მექანიკური თოჯინები, რაც სპექტაკლის პლასტიკურ ფორმას განსაზღვრავს.  ამ კომიკურ, ლირიკულ, გროტესკულ სპექტაკლში რეალობა მხატვრული სინამდვილითაა შეცვლილი, ადამიანების ურთიერთობა მეტაფორულ დატვირთვას იძენს და როგორც მოძრაობის თეატრის სხვა სპექტაკლებში, ადამიანის ყოფნა-არყოფნის არსის ამოხსნამდე ზოგადდება.

იოსებ ბაკურაძის „ამბავი ერთი მკვლელისა“ - თითქოს დრამატული თეატრის დრამატურგიის კანონებითა და ფორმებით გამართული, მაგრამ  პლასტიკის ენით აგებული სპექტაკლია, რომლის გარემო (მხატვრები: ბიძინა სიდიანი, კლაუს ჰიპი) და თითოეული ეპიზოდი, დინამიკური და ურთიერთში გარდამავალი სცენების, აქტიურად ჩართული მუსიკისა (კომპოზიტორები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია) და მოძრაობის დინამიკურობით იშლება, მოვლენების დრამატული განვითარების, მოქმედი გმირების ხასიათებისა და გრძნობათა ბუნების გადმოსაცემად.

ლაშა რობაქიძის რეჟისურითა და ქორეოგრაფიით შექმნილი „სონეტები“, კახა ბაკურაძის სცენოგრაფიითა და ტატო გელიაშვილის კოსტუმებით,  სანდრო ნიკოლაძის, მიხეილ ზაქაიძის (Michel Ziben), დავით კაკულიას, ნატა მიხაილოვნას მუსიკალური გაფორმებით და მსახიობების - ლაშა რობაქიძე, ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, თანო ჩხეიძე, კოტე ლიპარტელიანი, მარი ენგურელი, ნანა ბიბილაშვილი - მონაწილეობით, რთულ პლასტიკურ  სისტემაში მოქცეული, მოვლენათა დრამატურგიული განვითარების ხაზით შეკრული, შექსპირის რამდენიმე სონეტი. მუსიკალური რიგი მოძრაობის, პლასტიკის გამომსახველობას ამძაფრებს და აღრმავებს.

ცოტა ხნის წინათ, მოძრაობის თეატრმა საზოგადოება  რეჟისორ და ოპერატორ  ვლადისლავ ამელინის ფილმის „სონეტებს შორის“ პრემიერაზე მიიწვია (პროდუსერი იოსებ ბაკურაძე), „სონეტების“ ერევანში შექსპირის ფესტივალში მონაწილეობის შესახებ.

„მოძრაობის თეატრის“ ენა უნივერსალურია, ბევრი ნიშნითა და თვალსაზრისით. ფაქტობრივად, ყველა სპექტაკლი უსიტყვოდ, იშვიათად, სიმღერების ტექსტებისა და შეძახილების,  შორისდებულებისა და ცოცხალი ხმების თანხლებით მიმდინარეობს.  ყველა დადგმა  შექმნილია - მიმოდრამის,  პლასტიკის, ქორეორაფიის, აკრობატიკის, ეკვილიბრისტიკის ხერხებით და მოძრაობის გამომსახველობის სინთეზით. ესაა კიდეც მისი ხელწერის საფუძველი და კონცეფციის საყრდენი.

არსებობს გამონაკლისიც, როდესაც მოძრაობას, პლასტიკას, მუსიკას, სხეულის ენის გამომსახველობას სიტყვა უერთდება. ასეთია კახა ბაკურაძის „რეჩიტატივი ქალაქში“, რომლის ინსცენირების, იმპროვიზაციების ავტორი  და მონაწილე თვითონაა. კომპოზიტორი სანდრო ნიკოლაძე, ქორეოგრაფი ლაშა რობაქიძე, საჰაერო ეპიზოდების ქორეოგრაფი: ნატა შუაქრიშვილი; მუსიკოსები: სანდრო ნიკოლაძე, დავით კაკულია, ვალო ყარალაშვილი, სიმონ ბითაძე; მონაწილეობენ: ანი თალაკვაძე, მიხეილ ზაქაიძე, მარიამ ბალახაძე, ნინიკო ავალიანი. სხვადასხვა ჟანრული სანახაობის შემსრულებელ არტისტებთან ერთად, მათ გარემოცვაში, ავტორი-რეჟისორი-მსახიობი-მუსიკოსი მწვავე, თანადროულ, სოციალური შინაარსისა და დღევანდელობის ამსახველ/შემფასებელ ტექსტებს წარმოთქვამს, ეხმიანება, კითხვებს სვამს, „ცოცხალ“ რეჟიმში რეაგირებს, საზოგადოებას პირდაპირ, აპარტეებითა და „გადაძახილით“  მიმართავს. აფხიზლებს. ან, გამოფხიზლებას ცდილობს. (ძირითადი და საფონო) პროექციის თანხლებით განვითარებული, სპეციფიკურ რიტმსა და ცოცხალ და ვიდეოგამოსახულებაზე აწყობილი მოვლენები,  ექპრესიულად ცვლიან ერთმანეთს და სიტყვის, მუსიკის მეტყველებას ამძაფრებენ.

მოძრაობის თეატრის მთავარი „სახე“ და სამარკო ნიშანი (ცნების სხვადასხვა მნიშვნელობით) კახა ბაკურაძის „ინტროა“, სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური დრამატურგიის (როგორც საბალეტო, ქორეოგრაფიულ წარმოდგენებში) საფუძველზე აგებული, ურთიერთგადამკვეთი არაერთგვაროვანი ხაზებით. პლასტიკის, აკრობატიკის სხვადასხვა მიმართულების, ეკვილიბრისტიკის, ფრენის, „გავლების“ შთაბეჭდავი პასაჟებით, მხატვრული განათების ეფექტებით, მუსიკის, ვოკალის  მრავალგვარობითა და ფიზიკური თეატრის, საცირკო ხელოვნების, ბალეტის, ქორეოგრაფიის, მარიონეტების მრავალფეროვანი, მართლაც თავბრუდამხვევი  კასკადით. მონაწილე მსახიობები და მუსიკოსები - სანდრო ნიკოლაძე, კახა ბაკურაძე, მიხეილ ზაქაიძე, ლაშა რობაქიძე, უჩა მჟავია, ანა თალაკვაძე, მარიამ ბალახაძე, ნინო ავალიანი, ჩიკა ოგი, კოტე ლიპარტელიანი, თამარ ჩხეიძე, ლელა გადრანი, ბექა გარსენიშვილი, კახაბერ არევაძე, ირაკლი ხოშტარია, ხატია მანჯავიძე, თეა ბახტაძე - იშვიათია ასეთი ინდივიდუალობა და ასეთი ანსამბლურობა, რაც ფეიერვერკივით იფრქვევა და ანათებს.

მოძრაობის თეატრი პერიოდულად აცხადებს ქასთინგებს და დასში გაწევრიანებას სთავაზობს - „თეატრისა და ცირკის მსახიობებს, თეატრალური სასწავლებლების სტუდენტებს, მოცეკვავეებს, აკრობატებს, ტანმოვარჯიშეებს და ყველა დაინტერესებულ პირს“, რომლებსაც ოსტატობასთან ერთად სითამამე და რისკიანობის თვისებაც სჭირდებათ.

14 იანვარს, ქართული თეატრის დღე, მოძრაობის თეატრში, თავისებურად და არატრადიციულად აღინიშნა. არ დაურიგებიათ  პრემიემი, წოდებები, ჯილდოები. არც საზეიმო სიტყვით გამოსულა ვინმე. გაფორმდა მემორანდუმი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო და მოძრაობის თეატრებს შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს  ამ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელებმა: ირაკლი კიკვაძემ და იოსებ ბაკურაძემ.

 ურთიერთთანამშრომლობის პირველ ნიშნად კი, უჩვენეს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა  თეატრის შერეული - მარიონეტებისა  და მეთოჯინე მსახიობების მონაწილეობით - შექმნილი სპექტაკლი, ფრენკ  ბაუმის  „ზურმუხტქალაქის  ჯადოქარი“, რომლის რეჟისორი იოსებ ბაკურაძეა.

მართალია, სპექტაკლი „საბავშვოა“, მაგრამ არც ზრდასრული მაყურებელი დარჩა უკმაყოფილო იმ ზღაპრული და მართლა ჯადოსნური სამყაროთი, რომელიც რეჟისორმა, მსახიობებმა და თოჯინებმა შექმნეს, „პარალელური მონტაჟითა“ და გარდასხვით, როლების (თოჯინიდან ადამიანამდე და პირიქით) „გაცვლის“ ოსტატობით.

საკუთარი წარმოდგენების გარდა, თეატრს, სამხატვრო ხელმძღვანელ იოსებ ბაკურაძის ინიციატივით, კიდევ ერთი და ვფიქრობ, განსაკუთრებული მიმართულება აქვს. პერიოდულად, „მოძრაობის“ დარბაზი, უსასყიდლოდ ეთმობათ თეატრებს საქართველოს რეგიონებიდან, რომლებსაც დარბაზის დაქირავების, თავისუფალი გადაადგილების, მოძრაობის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნიათ.

მოძრაობის თეატრის უანგარი მიპატიჟება კი,  მათ შესაძლებლობას აძლევთ, ერთ ან ორდღიანი გასტროლები გამართონ თბილისში, მაყურებლის წრე გაიფართოვონ, საკუთარი თავიც გამოსცადონ „სხვა“ მაყურებლის წინაშე და ახალი სივრცეები აითვისონ. ამ პროგრამით, მარნეულის კულტურის სახლის თეატრი გოჩა ხვიჩიას სპექტაკლით, ალექს ჩიღვინაძის პიესაზე „მარინა რევია“; ბოლნისის მუნიციპალური და ლიეტუვას როკიშკის სახალხო თეატრების სპექტაკლი „უცხო მიწა“, რეჟისორები: ნერინგა დანიენე, ლევან ხვიჩია; მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ლეო ფილფანის სახელობის თეატრი, სპექტაკლით „ბეთქილ“,  რეჟისორი კახა ბაკურაძე;  ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრისა და უკრაინის თეატრ „გარმიდერის“  სპექტაკლი „46 შეხება“, რეჟისორი ოთარ ქათამაძე და სხვები.

 მოძრაობის თეატრისა და თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ცენტრის (ITI-GC) ერთობლივი პროექტით, თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გენერალურ დირექტორ ტობიას ბიანკონისა და UNESCO-ს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი განათლების ქსელის პატრონაჟით, თბილისის მერიის მხარდაჭერით, მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა. მონაწილეობდნენ თეატრები - ირანიდან, სომხეთიდან, ხორვატიიდან; საქართველოდან - გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი; პანტომიმის სახელმწიფო თეატრი და რომა რცხილაძე; მოძრაობის თეატრი, თბილისის გურჯიევის ინსტიტუტი.

მოძრაობის თეატრი ქართული და მსოფლიო კულტურების სინთეზის  ნათელი და შთამბეჭდავი სახეა.  ესაა თეატრი, რომელიც აქტიურად მოძრაობს, მოქმედებს, ვითარდება, ახალ-ახალ გზებს ეძიებს, ცდის, არ ჩერდება და მუდმივად აღწევს შედეგს.  ესაა თეატრი, რომელსაც აქვს არაორდინალური და მუდმივად მონაცვლე სახე და ხელწერა. აქ განმსაზღვრელია „მოძრაობის ძალა“ და თეატრის დამაარსებელ კახა ბაკურაძის დანერგილი სტილისტიკა, ფიზიკური, პლასტიკური, მიმოდრამის ხელოვნების ჰარმონიული კავშირი და ძირითადი პრინციპების თამამი ვარიაციები. 

კახა ბაკურაძის თქმით - მათ არ შეუძლიათ პასუხი გასცენ ყველაფერს, მაგრამ  შეუძლიათ ითამაშონ ყველაფერი. და რომ მთავარია - მოძრაობა და თავისუფლება. და არამხოლოდ თეატრში. დიდ სივრცეში. სამყაროში.

მოძრაობის თეატრს, რეჟისორებს,  მსახიობებს, მუსიკოსებს ნამდვილად შეუძლიათ ყველაფრის თამაში და შესრულება. ნებისმიერი სირთულისა და წინააღმდეგობის გადალახვა. ისინი რეალურად მოძრაობენ თეატრის თაღქვეშ, მის გარშემო და წინ მიდიან. თავისუფლები არიან და ამით ცასაც და დედამიწასაც ამოძრავებენ.

bottom of page