მოვა სიკვდილი უჩინო
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში
.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.
გიორგი ყაჯრიშვილი
მოვა სიკვდილი უჩინო
„მოვა სიკვდილი უჩინო,
ერთ წამში აგყრის იარაღს;
ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლის,
სხვას არა წაუღია რა“.
მიხო ხელაშვილი
„ქალაქის თეატრში“ სტუმრობამ წინა საუკუნის 90-იანი წლები გამახსენა, კერძოდ კი 1997 წელი, როდესაც რუსთაველის პროსპექტზე პირველი არასახელმწიფო დამოუკიდებელი თეატრი შეიქმნა „რუსთაველის სარდაფი“. ვირთხის სურათით (ავტორი შოთიკო გლურჯიძე) მის ემბლემაზე. „ქალაქის თეატრი“ ამ ეტაპზე ერთ-ერთი კერძო თეატრია, რომელიც ახლახან გაიხსნა. ეს ორი თეატრი ერთმანეთს ჰგავს და განსხვავდება კიდევაც - განსხვავდება იმით, რომ იგი სარდაფში კი არაა განთავსებული, არამედ ყოფილი თამბაქოს ქარხნის მეორე სართულზე და მისი დამფუძნებლები არც ისე ხალხმრავალნი არიან, როგორც „რუსთაველის სარდაფის“ შექმნის დროს იყვნენ - რეჟისორთა ლიგის წარმომადგენლები. ამ ახალი თეატრის ბორდში შედიან ახალგაზრდა დამწყები რეჟისორები: კოკო როინიშვილი და გიორგი კიკნაძე, მსახიობი ირაკლი ჩხიკვაძე, ქორეოგრაფი თინათინ წულაძე.
მსგავსება კი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე თეატრი რეჟისორებმა საკუთარი ხელით შეაკეთეს ამ შენობის მეორე სართული და მთელი ენთუზიაზმით ცდილობენ ამ ტერიტორიაზე, თამარ მეფის გამზირის 18 ნომერში კულტურული ინფრასტრუქტურა შექმნან. ჰგავს იმითაც, რომ ამ სპექტაკლში „კარზე სიკვდილია“ სცენაზე დგას შესანიშნავი მსახიობი დუტა სხირტლაძე (სამწუხაროდ ახლა სრულად ტელესივრცეშია გადასახლებული, სადაც არანაკლები წარმატებით მოღვაწეობს) „რუსთაველის სარდაფის“ ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი.
დამოუკიდებელი თეატრების შექმნა იმ სახელმწიფო რეფორმების შედეგი იყო, რომელიც ე. წ. „პერესტროიკამ“ და თეატრალური სფეროს რეფორმამ მოიტანა: „რუსთაველის სარდაფს“ მისი ფილიალის „ვაკის სარდაფი“ მოჰყვა, შემდგომ თავისუფალი თეატრი და „სამეფო უბნის“ თეატრი, რომელიც მოგვიანებით მუნიციპალურ თეატრად გადაკეთდა, „თავისუფალი სივრცე“, კომპანია „ხვლიკი“ და სხვ. (ალბათ რაღაც გამომრჩა!). ყველა მათგან საკუთარი ხელწერა და სახე გააჩნია, სადაც თავისუფალი ხელოვანი იმ იდეების განხორციელებაც ცდილობს, რაც ზოგადად დიდ, სახელმწიფო თეატრებში შეუძლებელია, არა იმიტომ რომ რაიმე ცენზურა არსებობს, არამედ სავარაუდოა უფრო იმიტომ, რომ თეატრების მსოფლმხედველობაში (ან ტრადიციებში) და მის დამკვიდრებული სტრუქტურაში ჩარევა და „შეჭრა“ არ მიაჩნია სწორად. ამავე დროს ახალგაზრდა რეჟისორებს სურთ საკუთარი ხელწერის დახვეწა, საკუთარი მისწრაფებების თავისუფლად გამოხატვა და თუნდაც შეცდომების დაშვება, რაზეც პასუხს არავინ მოსთხოვს მაყურებლის გარდა.
ამ ახალი თეატრის რეპერტუარში ჯერ მხოლოდ სამი სპექტაკლია: თინათინ წულაძის „მარკეტი“, გიორგი კიკნაძის სადებიუტო „კუნძული“ და ახლა მისივე ვუდი ალენის პიესა „Death Knocks“ მიხედვით შექმნილი „კარზეა სიკვდილი“. რეჟისორის, მსახიობის და დრამატურგის ვუდი ალენის ნაწარმოებები თუ კინოფილმები გამოირჩევა სარკაზმით, იუმორითა და განსაკუთრებული ხელწერით, ავიღოთ თუნდაც გასულ წელს მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობის თეატრში კოკო როინიშვილის მიერ ამავე ავტორის „კუგელმასი“ გია როინიშვილის, ანა მატუაშვილის, ნატა ბერეჟიანის და ცოტნე მეტონიძის მონაწილეობით. რეჟისორმა გიორგი კიკნაძემ რამდენიმე ცვლილება შეიტანა პიესაში - დაამატა ექსპოზიციური ნაწილი, როცა წარმოდგენა კულისებიდან იწყება და მთავარი პერსონაჟი ნათი (დუტა სხირტლაძე) წარმოთქვამს თავის პირველ მონოლოგს, მეგობარ მოს ტელეფონით უხსნის თუ როგორ მოხვდა პოლიციაში. ასეთი პრელუდია დასაწყისიდანვე გვაცნობს სპექტაკლის პერსონაჟს: ნათი წარმატებული ბიზნესმენია, გამოცვლილი ჰყავს რამდენიმე მეუღლე და საყვარელი, მაგრამ მაინც „შებმულა“ ოჯახურ მარწუხებში, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი. სპექტაკლის სცენოგრაფია (მხატვარი ბარბარა ასლამაზი) მიანიშნებს, რომ ნათის საცხოვრებელი სახლი დიდი სიმდიდრით არ გამოირჩევა და აქ მხოლოდ აუცილებელი ნივთებია განლაგებული: მაგიდა, ორი სკამი, ჟურნალების მაგიდა ასევე ორი სავარძლით, სადაც ნათი ხშირად ისვენებს სახლში დაბრუნებული და პრესას ეცნობა. კედელზე ორი სურათია: ერთი ქალის შიშველი ტორსი ვარდისფერ ფერებში და მეორე ქალის პორტრეტი. ფანჯარაზე შავი ფარდებია ჩამოფარებული, საიდანაც ნათს სიკვდილი (მსახიობი თეონა ლეჟავა) გამოეცხადება.
მისი გამოჩენა, უფრო სწორად ფანჯრიდან გადმოვარდნა თითქოს არ უნდა იყოს „დროული“, ყოველ შემთხვევაში ნათს ასე მიაჩნია, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ცოტა ხნის წინ იგი ჭერში ჩამოკიდებულ სახრჩობელას ირგებდა სერიოზულად თუ ხუმრობით, სულაც არ უნდა იყოს მაყურებლისთვის მოულოდნელი. (ეს სცენაც რეჟისორის მიერ მოფიქრებულია, ისევე როგორც ფინალი, როცა ნათი სახრჩობელას თოკს ჩამოგლეჯს და ყოველდღიურ ცხოვრებას უბრუნდება). პიესის ასეთი ახლებური ინტერპრეტაცია მთავარ გმირს დღევანდელობასთან აახლოებს და მისი ასე ვთქვათ მისტიკური ნაწილი კომედიურ ელფერს აძლევს წარმოდგენას. ფანჯრიდან მოვლენილი სიკვდილი კი მხოლოდ ნათის სიკვდილია, მასთანაა „ზევიდან“ მოვლენილი მის წასაყვანად. ეს ის სიკვდილია, რომელიც თვით ნათიმ „გამოიწვია“ და თვითმკვლელობის მცდელობა, რომელიც დასაწყისი ვიხილეთ მისთვის პირველი არ ყოფილიყო, რასაც ჭერზე, ჟურნალების მაგიდის თავზე ჩამოკიდებული სახრჩობელაც უნდა მოწმობდეს.
ეს მცდელობა იმის დასტური უნდა იყოს, რომ მან თავისი ცხოვრება ცუდად თუ კარგად განვლო და მომავლის პერსპექტივა თითქმის აღარ ჩანს. მსახიობი დუტა სხირტლაძე დიდი ოსტატობით ახერხებს სასოწარკვეთიდან ისეთ მდგომარეობაში გადასვლას, როცა სიკვდილს ერთი დღით სიცოცხლის გახანგრძლივებას სთხოვს და იმ გეგმებს აწყობს თუ რას მოიმოქმედებდა ამ ერთი დღის განმავლობაში. ნათ აკერმანი არც ისე გულუბრყვილოა, რომ ასე ადვილად გაებას სიკვდილის მახეში - ცდილობს თავი დაიხსნას მისგან. უეცრად საკუთარ თავსა და სიკვდილს შორის მსგავსებას აღმოაჩენს: „რაღაცით ვგავართ ერთმანეთს“ აღნიშნავს იგი. სიკვდილი - თეონა ლეჟავა იჯერებს ამ მოსაზრებას და ცდილობს აჰყვეს ამ თამაშში - თამაშის ფორმა კი პოკერია - მოგების აზარტი კიდევ ერთი მსგავსებაა რაც ორივე მათგანს ღრმად ჩასახულა. სიკვდილი მიუხედავად იმისა რომ ზეციერის დავალებითაა მოვლენილი მსახიობის მიერ შექმნილია როგორც სრულიად ბიწიერი არსება, მიზანდასახული და დავალების აღსრულების სურვილით გამსჭვალული, რომელსაც მაინც ახასიათებს ადამიანისთვის მანკიერი ჟინი - კარტის თამაშისა და მოგების აზარტი და მეტოქესთან შერკინების სიყვარული. დაძაბული გარემო მალე განიმუხტება, თამაშში ჩართულები კარგად გრძნობენ თავს, ცეკვავენ, სვამენ ხუმრობენ: ნათი სიკვდილს ვაშლს სთავაზობს, რაც სიკვდილს ევას ბიბლიურ შეცდომას ახსენებს.
ამ ორი მსახიობის პაექრობა, სიტყვიერი, მსოფლმხედველური და თუნდაც თამაშში გამოვლენილი გვარწმუნებს რომ ისინი ერთმანეთის ღირსეული მეტოქეები არიან და მიუხედავად იმისა რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნათი იმარჯვებს, სიკვდილის ამარცხებს, საკუთარ თავზეც იმარჯვებს, ჭერზე ჩამოკიდებულ თოკს ჩამწყვეტს და მასში სიცოცხლის სურვილისა და სიყვარულის გრძნობა იმარჯვებს.