
მონობისგან მონობას მიიღებ
სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის
„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.
დაფინანსებულია საქართველოს კულტურის
სამინისტროს მიერ.
სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და
მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

ანასტასია ჩერნეცოვა
მონობისგან მონობას მიიღებ
მარჯანიშვილის თეატრის სხვენი მრავალი დამოუკიდებელი ხელოვანისთვის ერთგვარ „თავშესაფრად“ იქცა. მაგალითად, დავით ჩხარტიშვილის „გიენოსმა“ ორი წლის განმავლობაში სხვენის სივრცეში სამი სპექტაკლი წარმოადგინა, ნიკა ლუარსაბიშვილის „მოხეტიალე მთვარის თეატრმა“ კი ორი დადგმა.
ამჯერად სცენა დაეთმო დამოუკიდებელ თეატრ „ანარეკლს“ და მათ ქორეოგრაფიულ დადგმას „ასული“, რომელიც ეფუძნება პოლიკარპე კაკაბაძის პიესას „სამი ასული“. მანამდე კომპანიამ თავისი ორი პროექტი – „აფეთქებული“ (სარა კეინის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით) და „უსიერ ტყეში“ (რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის საფუძველზე) თავისუფალი თეატრის სცენაზე გააცოცხლა.
„ასულის“ წარმატება გამოვლინდა სიღნაღის თეატრალურ ფესტივალზე, სადაც შემოქმედებითმა ჯგუფმა სამი ადგილიდან მეორე აიღო.
ცხადია, ჩნდება კითხვა, რატომ შეამცირეს ასულთა რაოდენობა სამიდან ერთამდე ქორეოგრაფმა სალომე ფილიშვილმა და რეჟისორმა გიგი ლორიამ? ამ ტანდემის გადაწყვეტით, ერთ ასულში ბუდობს სამი პერსონა. დია (სალომე ფილიშვილი) შეგვიძლია აღვიქვათ წარსულის განსახიერებად, რადგან იგი მუდამ წარსულს ეპოტინება და ებრძვის თეოს, ანუ აწმყოს (ნინი აფციაური), და ევას – მომავალს (ბარბარე შერმაზანაშვილი).
მსგავსი შთაბეჭდილება გამიჩნდა რეჟისორისა და ქორეოგრაფის ჩაქსოვილი შესავლიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც დია და ჯაჯო (ლუკა კაპანაძე) ერთმანეთს ხვდებიან და ვნებასა და სიყვარულში იძირებიან, უფრო სწორად კი მხოლოდ დია, რადგან საბოლოოდ ჯაჯო მას მარტოს, მატყლის გასაჩეჩად ტოვებს. აღნიშნული დრამატურგიული გადაწყვეტიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჯაჯომ მშვენიერი ასული აცდუნა და საბოლოოდ ექსპლუატაციაში დატოვა. ხშირად ხომ ბევრი სასიყვარულო ამბავი ძალზე ლამაზად და შთამბეჭდავად იწყება, ხოლო სრულდება ფატალურად – კარჩაკეტილობით, მორჩილებითა და ძალადობით.
დიას მოძრაობები და პლასტიკა ჯაჯოს გამოჩენამდე და მასთან ერთად ყოფნის ეპიზოდში სინატიფითა და სინაზით გამოირჩევა, რადგან ქალ პერსონაჟში დადებით ემოციებს ბადებს, თუმცა საყვარელი მამაკაცის გაუჩინარების შემდეგ, დია მეტამორფოზას განიცდის და მის არავერბალურ მეტყველებაში იჭრება სიმკაცრე. ასევე, ხელს იდებს მკერდზე, საკვერცხეებზე. შესაძლოა, მსგავსი მოძრაობა იმაზე მიანიშნებს, რომ პერსონაჟი თავს გამოყენებულად გრძნობს.
ნინი აფციაურის თეოს გამოჩენისას მას და დიას შორის ერთგვარი ქორეოგრაფიული პაექრობა იბადება, რადგან წარსული განცდები – ძველი დია ებრძვის ახალ „მეს“, აწმყოში არსებულ განცდებს. თეოს მიმიკა-მოძრაობები გამოხატავენ ირონიულ დამოკიდებულებას დიას მიმართ, რადგან იგი ცივი გონებით აღიქვამს წარსულში მომხდარ ამბავს.
აღსანიშნავია, რომ თეოს შემოაქვს ხის ტოტების გორგალი, რომელიც გაზვიადებულად შეგვიძლია აღვიქვათ ქრისტეს ეკლის გვირგვინების გორგლად, მეტაფორულად კი, სავარაუდოდ, ადამიანთა ცოდვების სიუხვეს გამოხატავს. თანაც, სწორედ კაკაბაძის პიესაში უცნობის კაკუნზე თეო ამბობს: „იქნებ ეს ღმერთი აკაკუნებს“. მართალია, სპექტაკლში ამ სიტყვებს დია წარმოთქვამს, მაგრამ გადაწყვეტიდან გამომდინარე, თეო ხომ დიას ნაწილია. იქნებ მართლაც ღმერთი იჭრებოდა დიას დასახმარებლად, რომელიც აცდუნა ჯაჯომ – მშვენიერ მამაკაცად გადაცმულმა ეშმაკმა.
ბარბარე შერმაზანაშვილის ევას – მომავლის – განსახიერებას სანთლის ქილა, ანუ ნათელი მომავალი შემოაქვს. ცხადია, ერთ პერსონაში ორი და განსაკუთრებით სამის თანაცხოვრება ძალზე რთულია, რაც გამოიხატა ერთ-ერთ სცენაში, სადაც ასულები გაოცებასა და შიშს გამოხატავენ მას შემდეგ, რაც დია თავის ორ პერსონას ჩაკიდა და გადახვია ხელი, მაგრამ ამის შემდეგ დია ერთგვარ გაუცხოებას გრძნობს, რადგან იგი ღმერთივით, ძის (ამ შემთხვევაში ასულის) და სულიწმინდის გარეშე ვერ თანაარსებობს.
ის, რომ სამივე პერსონაჟი ერთიან ორგანიზმს წარმოადგენენ, იკვეთება იმაშიც, რომ თითოეულ მათგანს ერთნაირი სამოსი აცვია.
გამოვყოფ სიზმრის ეპიზოდს, რომელიც ვიზუალური თვალსაზრისით ძალზე შთამბეჭდავია – დია მატყლის საკმაოდ დიდ საცერშია (რომელიც ჭაღს მოგაგონებთ) მოთავსებული, რომელიც შემდგომ კაბად/აკვნად გადაიქცევა. კაბის ჩაცმისას კი დია ირეალურ, სიზმრების სამყაროშია მოქცეული და სწორედ ამ დროს იღვიძებენ მისი შიშები, რომლებიც ღალატთან და მარტოსულობასთან არიან დაკავშირებულნი, რადგან პარალელურად მაყურებელი ხედავს, თუ როგორ ეარშიყება ჯაჯო მის სხვა პერსონებს ან შეიძლება – სრულიად სხვა ქალებს.
პოლიკარპე კაკაბაძის „ასულნი“ ძალზე ლაკონიური პიესაა, მაგრამ მასში არაერთი ნიშანდობლივი პასაჟია, მაგალითად პოლიტიკური, რომელიც დღევანდელობასაც მათემატიკური სიზუსტით ესადაგება. საკმარისია ავიღოთ დიას სიტყვები პიესიდან: „მას აქეთ, რაც სოფელს მოგვაშორეს, ჩვენი ცხოვრება ოცნებაა.“ მართლაც, რაც უფრო და უფრო ვშორდებით ქვეყნისა და სამშობლოს ჭეშმარიტ მნიშვნელობას, მით უფრო „ოცნებაში“ ვყოფთ თავს. 2014 წელს დადგმულ სპექტაკლში რობერტ სტურუას მთავარი აქცენტი სწორედ პოლიტიკურ ასპექტებზე ჰქონდა გადატანილი.
„ასულში“ კი ძირითადი ყურადღება ეთმობა ფემინურ საკითხებს – ქალის როლს, ძალადობას, მის არჩევანს, რაც კომპაქტურად – 55 წუთშია ჩატეული. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ასაკისა და გამოცდილების მქონე რეჟისორი კაკაბაძის აღნიშნულ პიესაში თავისთვის საინტერესო საკვლევ მასალას პოულობს.
შეიძლება ითქვას, ქალთა როლის კვლევა თანამედროვე საზოგადოებაში „ანარეკლის“ ერთგვარი ნიშაა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ამ თეატრალურ კომპანიას დადგმული აქვს სარა კეინის ისეთი პიესა, როგორიცაა „აფეთქებული“, სადაც პატრიარქატის, ძალაუფლებისა და ქალთა ძალადობის თემაა წინ წამოწეული. ნანო დოლიძის მხატვრობა ძალზე მინიმალისტური და ამავდროულად მეტყველია. სცენოგრაფიაში მნიშვნელოვანი სწორედ ისაა, თუ რაოდენ ფუნქციურია მხატვრობა, თორემ ცარიელი ბუტაფორია მხოლოდ და მხოლოდ ვიზუალური მტვერია.
სანდრო ნიკოლაძე ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი თეატრალური კომპოზიტორია. მისი ნამუშევრები სხვას არ ჰგვანან. მის თითოეულ კომპოზიციაში იკითხება ინდივიდუალური ხელწერა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სპექტაკლის დანარჩენ კომპონენტთან ორგანული შერწყმა. ამ შემთხვევაში, არც „ასულია“ გამონაკლისი.
მართალია, ტრიადა იკვრება, მაგრამ დიას დანარჩენი პერსონებით წვალდება, ისინი მას ხელებს უმტვრევენ, ხოლო პირველი მათ იშორებს და, როგორც მატყლს, საცერის ქვეშ ტოვებს. ასულის მეორე პერსონა სიყვარულს, ხოლო მესამე გაფრენას, იგივე თავისუფლებას ლამობდა, რაც სიტყვიერადაც გამოიხატა. ესე იგი, აწმყო და მომავალი წარსულის სასარგებლოდ მარცხდებიან, რაც საბოლოო ჯამში მხოლოდ გასაჩეჩი მატყლის, ანუ მონობის მომტანია. ეს იკითხება მეტაფორებით დახუნძლულ ფინალურ სცენაში – დიას წინაშე ჯაჯოს შავი ქურქია, რომლის გახსნისას ნანატრი „ჯილდოს“ ნაცვლად მხოლოდ და მხოლოდ მატყლია, ხოლო ჯაჯოს სანთელი – იგივე ნათელი მომავალი გააქვს. ეს დაახლოებით ისეთივეა, როგორც უილიამ შექსპირის „მეფე ლირში“ – „არაფრისგან არც რას მიიღებ“, ამ შემთხვევაში კი – „მონობისგან მონობას მიიღებ“.
ფოტო- ბექა ცირეკიძე