top of page

მოჩვენებების შიში

სტატია მომზადდა შემოქმედებითი კავშირის

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

untitled#-116.jpg

მაია კიკნაძე

მოჩვენებების შიში                    

 

საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლი, ჰენრიხ იბსენის „მოჩვენებები,“ წარმოდგენილი თავისუფალი თეატრის სცენაზე, რეჟისორის ერთ-ერთი საინტერესო ნამუშევარია. ამ სპექტაკლმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ რეჟისორის შემოქმედება  სტილისტური მრავალფეროვნებითა და არაერთგვაროვნებით გამოირჩევა. ექსპერიმენტების მოყვარული რეჟისორი, ზოგჯერ საკუთარი ხელწერისგან განსხვავებულ  ნამუშევარს გვთავაზობს.  ამ მხრივაც საყურადღებოა  „მოჩვენებების“ დადგმა.

 ჰენრიხ იბსენის გვარი, ქართული თეატრის რეპერტუარში, პირველად მე-19 ს-ის  90-იან წლებში გამოჩნდა და საყოველთაო აღიარებაც მოიპოვა. თანამედროვე თეატრშიც იბსენის პიესების მრავალ ინტერპრეტაციებს ვხვდებით, რაც პირველ რიგში, პიესებში ასახული პრობლემის აქტუალობამ  განაპირობა. მის პიესებში წარმოდგენილი  ტრაგიკული პერსონაჟები, რომლებიც ბრძოლასა და გაჭირვებაში ძლიერდებიან, იბსენი მათ საზოგადოებასთან ბრძოლაში ცდის. „მე ყოველთვის მიყვარდა ქარიშხალი“ წერდა ის საკუთარ თავზე და ცხოვრების აზრს ბოროტებისა და სიმდაბლის, ფარისევლობის წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავდა.

  „მოჩვენებებში“ წამოჭრილი თემები, ადამიანისა და საზოგადოების დამოკიდებულება, ზნეობრივი პრობლემები, ოჯახური ურთიერთობა, მორალურ-ეთიკური ნორმები, ინცესტი და ევთანაზია, რის გამოც პიესა ზოგიერთ ქვეყანაში  აიკრძალა კიდეც, საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლში თავისებურ ინტერპრეტაციას პოვებს.

  სპექტაკლის მოქმედება  ალვინგების ოჯახში ვითარდება. სულ 5 მოქმედი გმირია: ოსვალდი (გივიკო ბარათაშვილი), პასტორი მანდერსი (არჩილ ბარათაშვილი), ფრუ ალავინგი (ანი იმნაძე), რეგინა (ვიქტორია ბოკერია), იაკობ ენგსტრანდი (სლავა ნათენაძე). სპექტაკლის დეკორაცია მინიმალისტურია, სპექტაკლის მხატვარმა ანდრია ვაჭრიძემ, რომელიც პროფესიით მსახიობია, უბრალო და სადა დეკორაციები შექმნა (ტრადიციულად ასეთ დეკორაციაში იდგმებოდა ხოლმე).  სპექტაკლის მოქმედება ალვინგების ოჯახში ვითარდება, სცენის შუაში  მხოლოდ მაგიდა და  სკამებია განლაგებული. სახლის  მეორე სართულზე, ოსვალდის ოთახია, მისი სამფლობელო. სცენაზე, პირველი,   რაც თვალში გხვდება, ეს აღმართული  ხის ჯვარია, მასში სანთლის დასანთებად სარკმელია გამოჭრილი. ჯვართან გათამაშებული სცენები (სულ 2 ეპიზოდია. ოსვალდის, ასევე  ფრუ ალვინგისა და პასტორის), ჯვარზე გაკვრის  იმიტაცია, სპექტაკლს მხოლოდ პლაკატურობას სძენს და ჩემის აზრით ზედმეტია, ვინაიდან ამგვარი შინაარსი  სპექტაკლში ისედაც იკითხება.   

      

სტანდარტული ოთახის დეკორაციას „აცოცხლებს“ ჭერიდან ჩამოშვებული მრგვალი სარკე, რომლის სიმბოლო მრავალმხრივი და სხვადასხვა შინაარსის შემცველია. სარკე, როგორც წესი აირეკლავს ხოლმე ცხოვრებისეულ მოვლენებს, ის ხან წარსული მოჩვენებების, ხანაც გმირთა სულების ამსახველ ორეულს წარმოადგენს, რომელიც ამავე დროს გამანადგურებელიც არის. სპექტაკლში საინტერესოდ არის წარმოდგენილი ოსვალდისა და სარკეს   შორის დაპირისპირება.  მაგიდაზე მდგარ ოსვალდს, რომელიც სარკეში იცქირება, მას  სარკე ნელ-ნელა ეჯახება და ქვეშ მოიყოლებს. ხოლო სარკის დაფაზე გამოტანილი ფარისევლობის სიმბოლო-თავშესაფრის მაკეტი ცეცხლში დაიწვება.  

ეს პატარა მონაკვეთი, მაყურებლის დარბაზიდან ძალზედ ლამაზად და  ეფექტურად გამოიყურება. ჩანს, რომ ოსვალდი უკვე განადგურებულია. იმას რასაც შემდეგ სცენაზე ვხედავთ, მხოლოდ მის დაღუპვამდე  გასავლელი გზაა. კარგად გააზრებულ  ვიზუალურ მხარეს, რომელსაც შინაარსი ავსებს, თან ერთვის ვახტანგ გვახარიას მუსიკაც, რომელიც  არა მხოლოდ  ამ ეპიზოდს  მეტ  სიმძაფრეს და ემოციას მატებს, არამედ ყველგან სადაც მუსიკა ისმის არსობრივ დატვირთვას სძენს მიზანსცენას და მთლიანობაში კი სპექტაკლს. მუსიკა აქ სპექტაკლის სულია, მისი მამოძრავებელი ძალა. სპექტაკლის დასაწყისიც და დასასრულიც სწორედ მუსიკის ფონზე ვითარდება, განსაკუთრებით კი მისი ჟღერადობა ფინალურ სცენაში შემაძრწუნებელ განცდებს ბადებს.  შეიძლება ითქვას, რომ  მუსიკის როლი  სპექტაკლის წარმატებაში  მნიშვნელოვანია.

ალვინგების ოჯახში მომხდარი ამბები სარკესავით ირეკლავს ბურჟუაზიული საზოგადოების მორალს.  კაპიტნის ქვრივი ფრუ ალვინგი, გარდაცვლილი ქმრის სახელის უკვდავსაყოფად, მისი სახელობის თავშესაფრის გახსნას აპირებს. ერთი შეხედვით საზეიმო განწყობას სტუმრად მყოფი პასტორისა და ფრუ ალვინგის შორის საუბარი ცვლის. მათ დიალოგში  ნელ-ნელა იკვეთება ფრუ ალვინგის ცხოვრების დეტალები.  ფრუ ალვინგს,  ქმართან მძიმე ცხოვრება ჰქონდა, მისგან ბევრ დამცირებას იტანდა. საკუთარი შვილი, მამისგან რომ დაეცვა ბავშვი ოჯახს მოაშორა, ქმრის საყვარლისგან გაჩენილ გოგონას უპატრონა.  ქმართან განშორების ამაო მცდელობისა, მაინც მოახერხა საზოგადოების თვალში „ოჯახის სიწმინდის“ შენარჩუნება. ფრუ ალვინგის შემსრულებელი მსახიობი ანი იმნაძე, პირველივე შემოსვლაზე კეკლუცი და ბედნიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ლამაზ კაბებში გამოწყობილი (კოსტუმების მხატვარი- ბარბარე ასლამაზი) ჰელენე ალვინგი თანდათან ცდილობს წარმოადგინოს უბედური დედისა და მეუღლის სახე. ანი იმნაძის შესრულებაში, კარგად გამოჩნდა ფრუ ალვინგის ყოფის ტრაგიკულობა,  მოჩვენებით ბედნიერებას ამოფარებული, თვალთმაქცობისგან დაღლილი ქალის  მდგომარეობა.  მისი მიჯაჭვულობა  და შიში წარსულის მოჩვენებების გამო, რომლისგანაც აწმყოშიც  ვერ ახერხებს განთავისუფლებას,  მას სულიერად ფიტავს და მოსვენებას უკარგავს. თუმცა    ზოგჯერ მსახიობს აკლია თანმიმდევრულობა, როლის გააზრების სიღრმისეული წვდომა, რის გამოც  მისი შესრულება არაერთგვაროვანია. განსაკუთრებით ეს ეხება პირველ მოქმედებას.

სპექტაკლის პირველი აკორდი  გივიკო ბარათაშვილის ოსვალდის გამოჩენას უკავშირდება. პარიზიდან დაბრუნებული გალოთებული  მხატვრის  ეპატაჟური  შემოსვლა, მისი უცნაური ცეკვა,  გმირის სულიერი ცხოვრების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას აწვდის მაყურებელს. კედელზე გაკრულ თეთრ ტილოზე წითელი ღვინის შესხმით და რაღაც აბსტრაქტული „ნაჯღაბნის“ შექმნით,  მსახიობმა  კიდეც მეტად გამოხატა პერსონაჟის მძიმე ფსიქიკური მდგომარეობა. ბარათაშვილის შესრულება ამ ეპიზოდში,  შთამბეჭდავია. მისი პლასტიკაც თვალშისაცემია. მსახიობმა შეძლო სხეულის მოძრაობის საშუალებით (აქ ის ნახერევრად შიშველია)  მაყურებლისთვის ეჩვენებინა ჯერ კიდევ უცნობი გმირის სულიერი  სამყარო.

სპექტაკლი არ არის გადატვირთული ზედმეტი ეფექტებით,  რეჟისორის მთელი ყურადღება მიმართული აქვს  გმირთა სულიერი სამყაროს, მათი ფსიქოლოგიური ხასიათების,  მათი კომპლექსების, ფსიქიკური მდგომარეობის, საერთო განწყობილების  გამოვლენაში.

 

სპექტაკლის ასეთი სისადავე შესაძლოა  მოსაწყენად კი აღიქმებოდეს თანამედროვე სპექტაკლებს მიჩვეული მაყურებლისთვის, ვინაიდან ბოლო პერიოდის ქართულ თეატრში ფორმის ძიებამ, ეფექტებმა რაც თავისთავად კარგიც არის და საჭიროც, ზოგჯერ ტექსტი  და  შინაარსიც  კი „ შთანთქა“, ამდენად საბა ასლამაზიშვილის სპექტაკლმა ამ კუთხითაც გარკვეული ინტერესი გამიჩინა. თუმცა პირველი მოქმედება უფრო მონოტონურია,  ვინაიდან მთელი ყურადღება ტექსტზეა გადატანილი და ქმედითობა აკლია. ასეთ დროს განსაკუთრებულად ვლინდება მსახიობის ოსტატობა, ტექსტის გააზრება, ამდენად   საჭირო იყო  რეჟისორის მხრიდან  მსახიობებთან მეტი მუშაობა. ძირითადად, ვგულისხმობ პირველ მოქმედებას.

გამონაკლისი შეიძლება იყოს სლავა ნათენაძის შესრულება, რომელიც ორივე მოქმედებაში თანაბრად ახერხებს შეინარჩუნოს ბუნებრიობა, ეს ეხება, როგორც მეტყველებას, ასევე მსახიობის მოძრაობას, ოდნავ კოჭლი და ერთი შეხედვით გულუბრყვილო (სჯერა  მისი ცოლს ზღაპარი დაკარგულ ამერიკელზე) საწყალი კაცი,  რეალისტური საშემსრულებლო ხერხების საშუალებით, სწორად ახერხებს  გამოკვეთოს მოტყუებული ქმრისა და გაიძვერა მამობილის ხასიათი. დაგროვილი ფულით უნდა მეზღვაურთა სახლი გახსნა, რომელსაც კაპიტან ალვინგის სახელს დაარქმევს.  

მისი დამოკიდებულება შვილობილი რეგინასადმი მომხმარებლურია და ამაზრზენი. ის სთხოვს რეგინას  მეზღვაურთა თავშესაფარში კაცების გასართობად იმუშაოს.  ვიქტორის ბოკერიას რეგინასაც, ალვინგების მსგავსად (ისიც ხომ ალვინგია) არ აქვს ბედნიერი ცხოვრება. დაბალი სოციალური წრიდან გამოსულ მოსამსახურე გოგონას უფრო პრაგმატული გონება აქვს, ვიდრე ვნება (სცენა ოსვალდთან, სკამის დაბრახუნება მათი ურთიერთობის გასამჟღავნებლად). როცა  ძმის შესახებ სიმართლეს გაიგებს,  არც ემოციას ავლენს და არც შოკში  ვარდება, სწრაფ  გადაწყვეტილებას მიიღებს და ახალი ცხოვრების დასაწყებად პასტორთან ერთად აპირებს გამგზავრებას ( შესაძლოა მამობილთანაც). ვიქტორია ბოკერიას სიცივე, მასში ემოციის ნაკლებობა,  როლის ხასიათიდანაც იყოს ნაკარნახევი, მაგრამ ამ  ეპიზოდის  მომზადებისას მეტი მუშაობა იყო საჭირო, მეტი ემოციის გამოვლენა.  ახალბედა მსახიობის სცენაზე გამოჩენა პროფესიონალურ წრეებში ყოველთვის ინტერესს იწვევს და დაკვირვების ობიექტი ხდება. ბოკერიას  სცენური მომხიბვლელობა და  სამსახიობო პოტენციალი გააჩნია, რაც ცალსახად იმედის მომცემია და   და მას წარმატებას ვუსურვებ.    

 მსახიობი არჩილ ბარათაშვილი პასტორ მანდერსის სახეში გადმოგვცემს სწორხაზოვანი პერსონაჟის ხასიათს.  მისი  შეფასებები ცხოვრებაზე მორალისტურია, მხოლოდ მორალური კრიტერიუმებიდან ხედავს სამყაროს. ის სხვათა მოსაზრებების ტყვე და თავისუფალი აზრების წინააღმდეგია, სწორედ ამიტომ ურჩევს ფრუ ალვინგს არ დააზღვიოს თავშესაფარი, არ წაიკითხოს  წიგნები. ამბობს, რომ  სძულს თავისუფლად მოაზროვნე ავტორები. მისი მთავარი საზრუნავი, მისი მოვალეობებია, დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი ქალის სიყვარულიც კი. ერთი შეხედვით უნაკლო პასტორი,  ისე ტოვებს ალვინგების ოჯახს, რომ სიმართლის გამჟღავნება არ უნდა, ამიტომაც მისი გარიგება იაკობ ენგსტრანდისთან  თავშესაფრის გადაწვის გამო, მის უმწიკვლო (ასკეტურ) ცხოვრებას  დაღსაც კი ასვამს.   

სპექტაკლის მეორე მოქმედება, რომელიც  ბევრად უკეთ იყო წარმოდგენილი , სპექტაკლი გარკვეულად მონოტონური რიტმიდან გამოიყვანა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აქ რამდენიმე ეპიზოდია ( სარკის სცენა, ფინალური სცენა, დედა-შვილის დიალოგი). დედა-შვილის დიალოგი,  სპექტაკლის კულმინაცია,  სარეჟისორო გადაწყვეტის თვალსაზრისით  ძალზე კარგად არის გამართული. პირველ რიგში ეს ეხება მსახიობთა მუშაობას, რომლებმაც ფიზიკური ენერგიის გარდა, ამ სცენაში  სულიერი ენერგია „ გადმოაფრქვიეს.“  პერსონაჟთა სულიერი ვნებების გადმოცემა, მსახიობისაგან  განსაკუთრებულ ოსტატობასა და თანმიმდევრობას მოითხოვს, რასაც ანი იმნაძისა და გივიკო ბარათაშვილის დუეტმა წარმატებით გაართვა თავი. უმწეო ისვალდისა და სულიერად დაცლილი დედის დიალოგი, ბევრ საიდუმლოს ხდის ფარდას. საბოლოდ, ვრწმუნდებით, რომ დედას და შვილსაც ერთი განსაცდელი აქვს, ერთი სასჯელი. მიზეზი   კაპიტანი ალვინგია, რომელიც აჩრდილივით დასდევს მის ოჯახს და არ ასვენებს. თუ იმნაძის დედა ქმრის მიერ მიყენებული ტრავმის გამო, წარსული მოჩვენებების ტყვეობაშია, ბარათაშვილის ოსვალდს, მამამ სამახსოვროდ მემკვიდრეობითი ავადმყოფობა მოუვლინა, როგორც განსაცდელი.   

დედის კალთაში მოთავსებული ბარათაშვილის ოსვალდი, ანი იმნაძის  დედას საიდუმლო ამბავს, მისი ავადმყოფობის (ტვინის გაწყალება, ვენერული დაავადება რომ იწვევს) შესახებ ამბავს უყვება (მამების ცოდვები შვილებს მოეკითხებაო-წერდა იბსენი), მაგრამ ტრაგედიის არსი იმაშია, რომ გენეტიკური დაავადების განკურნება შეუძლებელია.  მსახიობთა  მძაფრი განცდები ნელ-ნელა საბედისწერო ფინალისკენ გვაახლოებს. საშინელი ფინალი  გარდაუვალია, ის ბედისწერითაა განსაზღვრულია. აქ არაფრის შეცვლაა შესაძლებელი, თუნდაც მოთმინებისა და დიდი გამძლეობის ხარჯზე. ავადმყოფი შვილის წამებისგან განთავისუფლება, მხოლოდ დედის გამბედაობას შეუძლია..საბოლოოდ მან უნდა დაასრულოს შვილის ტანჯვა (შვილის წინაშე ცოდვები გამოისყიდოს), რომელიც შვილის მოთხოვნაც არის. მორფის გადამეტებული დოზა და ყველაფერი სრულდება... 

სპექტაკლის ფინალური სცენა შვილისა და დედის გარდაუვალი სასჯელია.  პარტერის დერეფანში ( საინტერესოდ  არის გამოყენებული პარტერის კარები, რომელიც სხვა დროსაც გამოიყენება) ანი იმნაძის დედა, სცენიდან გარდაცვლილი ვაჟის გვამს ჯერ გაათრევს, შემდეგ კი სცენიდან ჩამოათრევს  და გარეთ სინათლისაკენ გაიტანს...

 

ანი იმნაძისა და გივიკო ბარათაშვილის  შესრულება ამ სცენაში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მათი ფიზიკური  მოქმედება თუ  დიალოგი, ერთმანეთთან სრულ ჰარმონიაშია და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით გადმოიცემა,   მსახიობთა  მძაფრმა განცდებმა, სადაც არ იყო სიყალბე და ზედმეტი პათეტიკა, ბოლომდე შეინარჩუნეს სპექტაკლის მუხტი. 

 

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მსახიობთა შესრულება  მეორე მოქმედებაში,  ბევრად  უკეთესია, მსახიობთა ანსამბლმა აქ მეტად შეძლო თავისი მრავალმხრივი შესაძლებლობების  გამოვლენა. რეჟისორული გადაწყვეტის თვალსაზრისით,  მეორე მოქმედება პირველს სჯობდა,  უფრო სრულყოფილი და  ქმედითი იყო, რამაც განსაზღვრა კიდეც სპექტაკლის  წარმატება.

bottom of page