top of page

მოჩვენებებით სავსე ცხოვრება და სინათლის შიში

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურისა და სპორტის

სამინისტროს მიერ.

სტატიაში მოყვანილი ფაქტების სიზუსტეზე და მის სტილისტურ გამართულობაზე პასუხისმგებელია ავტორი.

 

რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს

1.jpg

ზუკა ნემსაძე

მოჩვენებებით სავსე ცხოვრება და სინათლის შიში

 

 

„ჩვენ ყველანი მოჩვენებანი ვართ. ჩვენში თავს იჩენს არა მარტო ის,

რაც მემკვიდრეობითად გადმოგვეცა მშობლებისაგან;

არსებობენ ძველი, დრომოჭმული ცნებები, მკვდარი რწმენები.

ისინი მტკიცედ ჩამჯდარა ჩვენში და

ჩვენ უძლურნი ვართ გადავაგდოთ ეს დახავსებული

ჰენრიკ იბსენი

 

ქართული თეატრის სცენას, დიდი დრამატურგის, ჰენრიკ იბსენის პიესებისთვის არა ერთ გზის უმასპინძლია. ქართველი მაყურებლისთვის, სცენაზე გაცოცხლებული, ნორვეგიელი დრამატურგის პიესები მუდმივად საინტერესო, დამაფიქრებელი და ემოციური იყო, მიუხედავად იმისა თუ რომელი რეჟისორი მუშაობდა მასზე.

ფაქტია, რომ მეცხრამეტე საუკუნის ნორვეგიელი დრამატურგის პიესები, განსაკუთრებით კი „მოჩვენებები“ აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ვინც იბსენს კარგად იცნობს და მისი ცხოვრების შესახებ ჩემსავით ერთი-ორი წინადადება მაინც წაუკითხავს, აუცილებლად მიხვდება და გაიაზრებს იმ ფაქტსაც, თუ რაოდენ მძიმე სამუშაოს გაწევაა საჭირო იბსენთან შეხებისას.

 

ქართული თეატრის მოქმედ რეპერტუარში ახლა ერთმანეთის პარალელურად ორი „მოჩვენებებია“. უცნაურია ის ფაქტი, რომ აქედან ერთზე 19 რეცენზია დაიწერა, ხოლო თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლზე (რეჟისორი ვანო ხუციშვილი), ფაქტობრივად არაფერი დაწერილა.

 

თუმანიშვილის თეატრის, სამხატვრო ხელმძღვანელმა ვანო ხუციშვილმა, ხელი სწორედ იმ პიესას მოკიდა, რომელიც ჯერ კიდევ მეორე კურსელი მიხეილ თუმანიშვილის პირველი სარეჟისორო ექსპლიკაცია იყო. წლების შემდეგ, კინომსახიობთა თეატრის სცენაზე, ვანო ხუციშვილი,  მაყურებელს „მოჩვენებებს“ სთავაზობს. დადგმა უკვე 2 სეზონია თეატრის მოქმედ რეპერტუარშია.  ვანო ხუციშვილის სპექტაკლი საინტერესო რეჟისორული გადაწყვეტით გამოირჩევა, რომელზედაც მისული მაყურებელი, თეატრს მძაფრი განცდის და ემოციის გარეშე ვერ დატოვებს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ვანო ხუციშვილმა უკვე მეორედ იმუშავა ჰენრიკ იბსენის დრამატურგიაზე (თავისუფალ თეატრში „თოჯინების სახლის“ შემდეგ).  

 

დარბაზში შესვლისთანავე, მაყურებელი პარტერში შემოჭრილ სცენას ვხედავთ, რაც იმთავითვე იწვევს განცდას, რომ რეჟისორი „მოჩვენებების“ უშუალო მონაწილედ გვაქცევს.  

 

სპექტაკლის მხატვარი - თეო კუხიანიძეა, მუსიკალური გამფორმებლები - ანი მურღულია და გიორგი ჯიქია არიან. სპექტაკლში მონაწილეობენ: ელენე ალვინგი - ნინო ბურდული, ოსვალდ ალვინგი - გიორგი ყიფშიძე, პასტორი მანდერსი - გოგა პიპინაშვილი, დურგალი ენგსტრანდი - გია როინიშვილი, რეგინა ენგსტრანდი - ქეთა შათირიშვილი, ანა - მარია (მსახური) - მაიკო ხორნაული.

 

მაიკო ხორნაულის მიერ განსახიერებული, მსახური, გარდა იმისა, რომ იგი „თოჯინების სახლის“ გმირია, რეჟისორის ცხოვრებისეული მოჩვენება მგონია, რომელიც ვანო ხუციშვილს არ შორდება, ყოველ ფეხის ნაბიჯზე თან სდევს. ვინაიდან, იბსენის, „მოჩვენებებში“ მსახურის როლი არ არსებობს, ალბათ „თოჯინების სახლში“ მაიკო ხორნაულის მიერ უდავოდ საინტერესოდ შესრულებული მსახური, ვანო ხუციშვილის გადაწყვეტით „მოჩვენებებშიც“ გადმოყვა. მაიკო ხორნაული, საინტერესო, დამაფიქრებელი პერსონაჟის მხატვრულ სახეს ქმნის. ყველაზე სევდიანს, ემოციურს. იგი მხოლოდ რამდენიმე სცენაში იღებს ხმას, დანარჩენ სცენებში კი ხმის ამოუღებლად, ასრულებს რეჟისორისგან დაკისრებულ მისიას და მისი მდუმარედ შესრულებული სცენები ზოგჯერ გავიწყებს სხვა მსახიობების სცენაზე არსებობას და მასზე ხარ კონცენტრირებული, უყურებ მისი მიმიკებს, გამომეტყველებებს, ქცევებს.

 

ნინო ბურდულის მიერ განსახიერებული დედა (ელენე ალვინგი), საინტერესო სახეს ქმნის, მას სპექტაკლში ნამდვილად შემოაქვს, უმძიმესი ემოციური მუხტი, რომელიც პერსონაჟს აშკარაა რომ მთელი ცხოვრება დასდევს. ნინო ბურდულის მიერ სცენაზე გაცოცხლებული ალვინგი, ძლიერი, ემოციური, ტკივილით სავსე, ზოგჯერ იმაზე მეტად დამთრგუნველია ვიდრე საჭიროებს, იგი თანამედროვე დედის ხატს ხატავს, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ შვილის მომავალი აინტერესებს კლავს წარსულზე ფიქრი, რომელიც მოჩვენებასავით დასდევს აწმყოს. ბურდული მიზანსცენებში, მაყურებლის მიმართ ძალიან გამომწვევია, იგი საგანგებოდ მაყურებელში გაჭრილ სცენაზე, გამოდის და გვეუბნება, რომ ყველაფერში, რაც მათ ოჯახში ხდება,  დამნაშავეები ჩვენ ვართ, მაყურებლები, რომლებიც რეალურად მოჩვენებები ვართ ან მოჩვენებების მსხვერპლი. ბურდულის, სამსახიობო ოსტატობით, გვაჯერებს მის თითოეულ სიტყვას და ცოტა ხანი გვატოვებინებს მაყურებლის პოზიციას და იბსენის პიესის სამყაროს ნაწილს გვხდის, ავიწყებს მაყურებელს რომ თეატრშია და ხუციშვილის სპექტაკლს უცქერს.

 

გიორგი ყიფშიძის ოსვლადი, იაზრებს ფსიქოლოგიურ სიღრმეებს და ზუსტად ასრულებს რეჟისორის მიერ დაკისრებულ ამოცანას. ყიფშიძე აცნობიერებს, პერსონაჟის მეამბოხე, შეუდრეკელი, ყველაფერზე წამსვლელი ხასიათს და მაყურებელს სთავაზობს, ზოგჯერ ემოციებისგან დაცლილი, ზოგჯერ კი ზღვარ გადასული ვნებების მქონე ოსვალდს, რომელსაც მამის დატოვებული დანაშაულები, აჩრდილივით თან სდევს და აწვალებს. ყველაზე მძიმე სცენა, როცა ნინო ბურდულის ალვინგი და გიორგი ყიფშიძის ოსვალდი სიკვდილზე საუბრობს, როცა დედას უტყდება ავადმყოფობაში, უფრო სწორედ კი დედა ხვდება რაშიცაა საქმე, რომ იგი მამის მემკვირდეობით გადმოცემულ დანაშაულების მსვერპლია.  გიორგი ყიფშიძის ოსვლადს სიკვდილი უნდა და ამბობს: „მე ხომ ის არ მითხოვია შენთვის, ან რა სიცოცხლე მომანიჭე? არ მინდა ასეთი სიცოცხლე! უკან დაიბრუნე!“.

გიორგი, ყიფშიძის ოსვალდი, დედამ ტყუილში გაზარდა, მამის იდეალი არ დაუმსხვრია და დააჯერა, რომ იგი კარგი კაცის შვილია, სწორედ ამ იდეალის მსხვერპლია ემოციურად განადგურებული ოსვალდი.

 

გოგა პიპინაშვილი, ქართულ რეალობას მორგებულ პასტორი მანდერსის მხატვრულ სახეს ხატავს, მღვდელი რომელიც უდიდესი ცოდვებისა და შეცდომების მატარებელია; სასულიერო პირი, რომელიც ღმერთზე მეტად ხალხზე ფიქრობს; მოძღვარი, რომლისთვისაც რელიგია არა სიყვარულია, არამედ, ფიქრი უკეთესს ცხოვრებაზე. იგი დამრიგებლობის სურვილითაა შეპყრობილი, რომლის აზრიც არავის ადარდებს.

 

დურგალი ენგსტრანდი, პერსონაჟი, რომელიც  გია როინიშვილმა განასახიერა, ჩემთვის როგორც მაყურებლისთვის ფერმკრთალი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი გვიხატავს დახარბებული და  არამზადა მამის, უფრო კი კაცის მხატვრული სახეს, როინიშვილის ენგსტრანდი მაინც თვალთმაქცი აღმოჩნდა, რომელიც ფარისევლობით ფუთავს საკუთარ იმიჯს. ქეთა შათირიშვილის რეგინა ენგსტრანდი, რომელიც გია როინიშვილის განსახიერებული დურგალი ენგსტრანდის ქალიშვილია, ჩემი აზრით, არსებულ შემოქმედებით რესურს ზოგავს, როლის, რეგინას მხატვრული სახის შესაქმნელად, ან/და სცენური პარტნიორების ოსტატობა ჩრდილავს დროგამოშვებით. თუმცა რამდენიმე სცენაში, აშკარად იაზრებს რეგინას ცხოვრების ამაობას, როგორც კი იგებს, რომ მოახლე კი არ არის, არამედ ალვინგების ოჯახის კანონიერი წევრია, რომელსაც სწორედ ისეთივე უფლებები აქვს, როგორიც ოჯახის მემკვიდრეს გიორგი ყიფშიძის ოსვალდს.

 

მემკვიდრეობით მიღებული უამრავი მკვდარი მცნება, ინცესტი, კომპლექსები, დრომოჭმული აზრები - სპექტაკლს ლაიტმოტივად დასდევს.

 

თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ვანო ხუციშვილს, რომელსაც თეატრალურ სამყაროში ნამდვილად მყარად აქვს სახელი განთქმული ორ მნიშვნელოვან სპექტაკლს სთავაზობს მაყურებელს „უხერხემლოს“ და „მოჩვენებებს“, ორივე სპექტაკლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ხუციშვილს საერთოდ არ სჭირდება რეზონანსული სპექტაკლების დადგმა სახელის მოხვეჭისთვის - თუმცა უხეშად, რომ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ ხუციშვილის შვილების თაობასთან კომუნიკაციის სურვილი არ ასვენებს, იგი ერთგვარ ბოდიშსაც უხდის შვილების თაობას ორივე სპექტაკლით.

 

ჩემთვის საინტერესო, მაყურებლის აზრია და ამ რეცენზიის ბოლოს მკითხველს ერთ კითხვას ვუტოვებ - ხუციშვილის დადგმული სპექტაკლის მიხედვით:  ვინ უფრო მეტი სცოდა - ვინც დააშავა თუ ვინც დამნაშავისგან იდეალი შექმნა და ხართ თუ არა მოჩვენებების მსხვერპლი ან თავად მოჩვენებები?

bottom of page