top of page

„მკვდარი ძაღლები“ ანუ გაუცხოებულ ადამიანთა სამყარო

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

311701659_10160526771671103_5830334727259612529_n.jpeg

მარინე (მაკა) ვასაძე

„მკვდარი ძაღლები“ ანუ გაუცხოებულ ადამიანთა სამყარო

ბოლო პერიოდში ქართველი თეატროლოგები ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქართულ თეატრში მოღვაწე რეჟისორები არ ისწრაფვიან თვითგანვითარებისაკენ. ეს ეხება, როგორც სარეჟისორო ესთეტიკას, გამომსახველობით ხერხებს, სტილისტიკას, ასევე თანამედროვე დრამატურგიული ნაწარმოებების განხორციელების სიმწირეს. ხშირად რეჟისორები სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე დრამატურგის, ერთსა და იმავე პიესას დგამენ. არის რამდენიმე ახალგაზრდა საინტერესო რეჟისორი, რომლებიც კარგად იცნობენ მსოფლიო სათეატრო სივრცეში მიმდინარე პროცესებს. დავით ხორბალაძე სტუდენტობის პერიოდიდანვე გამოირჩეოდა ე. წ. „მეამბოხეობით“, ტრადიციული კლიშეების ნგრევის, განსხვავებულის შექმნის სურვილით. ხშირად თავადაც წერს. მოკლედ რამდენიმე წელში, დათო ხორბალაძემ სათეატრო ტექსტებისა თუ დადგმების შემქმნელის, საინტერესო შემოქმედის სახელი დაიმკვიდრა.

2022 წლის ივლისში სამეფო უბნის თეატრში დავით ხორბალაძემ იუნ ფოსეს „მკვდარი ძაღლები“ განახორციელა. საშუალო თაობის ნორვეგიელ პროზაიკოსს, პოეტს, დრამატურგს იუნ ფოსეს ქართველი მკითხველი და მაყურებელი აქამდე არ იცნობდა, არ იყო თარგმნილი. სამწერლო ასპარესზზე ფოსე მე-20 საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ჩნდება და თავიდანვე იპყრობს ყურადღებას, როგორც გამორჩეული მწერალი. იუნ ფოსე სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნის: რომანებს, მოთხრობებს, ესეებს, ლექსებს, საბავშვო წიგნებს, პიესებს. მკვლევრებმა, დრამატურგიულ ჟანრში ნოვატორობისათვის, იუნ ფოსეს თანამედროვე იბსენი შეარქვეს. არა ერთი პრემიის თუ ჯილდოს მფლობელია, რამდენჯერმე იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. იუნ ფოსეს პიესებს დგამენ მთელ მსოფლიოში თანამედროვე სახელგანთქმული რეჟისორები: ტომას ოსტერმაიერი, რობერტ ვილსონი, კლოდ რეჟი, ფალკ რიხტერი, იური ბუტუსოვი და სხვები.

იუნ ფოსეს პოსტდრამატული, სიმბოლისტური დრამატურგიის კვლევისას, ბეკეტისა და ჩეხოვის გავლენაზეც საუბრობენ. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ უკონფლიქტობა, სტატიკურობა, ლაკონიურობა ამძაფრებს ფოსეს პიესებში სიტყვისა და ბგერის მნიშვნელობას, აძლიერებს და წარმოაჩენს ახალ მნიშვნელობებს. ენობრივ სტრუქტურებზე საუბრისას აღნიშნავენ, რომ მის სიტყვაში მარცვლის რიტმულობა, რომელიც ძნელად გადმოსაცემია ნებისმიერ ენაზე თარგმნისას, ბგერით და პაუზით შექმნილი რიტმი, გაიძულებს მიჰყვე სწორედ  სიტყვებს, ამოიკითხო სიტყვებსა და სტრიქონებს შორის არსებული. აღნიშნავენ, რომ სიტყვებს შორის  ფოსე ხედავს სხვა რეალობას, გამოუთქმელს, არაერთმნიშვნელოვანს. ეს მკითხველს მარტო ტოვებს საკუთარ მე-სთან, მის გრძნობით,  „სუფთა“ აღქმასთან, რაც სტერეოტიპული, შაბლონური აღქმისთვის მიუწვდომელია. ფოსეს პიესების თეატრალობა ერთდროულად პოსტდრამატული და სიმბოლისტურია. ალბათ ამიტომაა, რომ მისი პიესები ვერასოდეს გახდება მასობრივი, პოპკულტურის ნაწილი. ისინი შესაძლოა ყოველთვის არ არის გასაგები და მოუმზადებელმა მაყურებელმა უაზრო, უშინაარსო ლაპარაკად აღიქვას, ხოლო სცენური ინტერპრეტაცია მოითხოვს გააზრებულ მოსმენას და განცდას, არა მხოლოდ, მაყურებლისგან, არამედ, რეჟისორისგანაც. ნებისმიერი კონკრეტიკის, ნატურალიზმის თუ სოციალური მიჯაჭვულობის მიუღებლობა ფოსეს დრამატურგიის თავისებურებად მიიჩნევა. პერსონაჟები მოკლებულნი არიან ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებს, უფრო მეტიც, არ აქვთ სახელები, ისინი ხშირად იყენებენ ნაცვალსახელს - „მე“, მაგრამ ასეთივე წარმატებით შეეძლოთ ეთქვათ - „ის“ ან „შენ“. დრამატურგი, პერსონაჟთა სახელების მსგავსად, სასვენ ნიშნებსაც იშვიათად იყენებს. მაგალითად, „მკვდარ ძაღლებში“ სასვენი ნიშნები მხოლოდ რემარკებში და ტექსტის ბოლოს არის დასმული.

ყველა ჩამოთვლილი ნიშან-თვისება დამახასიათებელია „მკვდარი ძაღლებისთვისაც“. პიესა დიდი ინტერესით იკითხება, რაც უდავოდ მთარგმნელის მანანა მათიაშვილის დამსახურებაა. თავის თავში ჩაკეტილ, საკუთარი ინტერესებით შემოფარგლულ, გაუცხოებულ ადამიანთა დრამატული ამბავი, რომელიც იუნ ფოსესთვის დამახასიათებელი შეფარული გროტესკით, რაღაც მომენტებში კი სარკაზმითაა გადმოცემული, მკვლელობით სრულდება, ძაღლის და ძაღლის მკვლელის მკვლელობით.  

რეჟისორი დავით ხორბალაძე თითქმის უცვლელად მიჰყვება დრამატულ ტექსტს, მხოლოდ მცირედ კუპიურებს და რამდენიმე ადგილას გროტესკისა და სარკაზმის გამძაფრებას თუ არ ჩათვლით.  თამრი ოხიკიანის შექმნილი სცენოგრაფია პერსონაჟთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამომხატველია: ჩაკეტილი სივრცე - ოთახი ორი კარით, დიდი ფანჯარა, რომლის მიღმა ივა ქიმერიძის (ანიმაცია) შექმნილი პეიზაჟი მოჩანს. ფანჯრის გასწვრივ - გრძელი სკამი, რომელზეც სანდრო სამხარაძის მთავარი პერსონაჟი თავის ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს. იქვე, მარცხენა მხარეს კოკა-კოლის ცარიელი, უკვე ნახმარი ქილებია ახოხოლავებული. მართალი გითხრათ, სულ მეფიქრება, მაგრამ მაინც ბოლომდე გაუგებარი დარჩა ჩემთვის, თუ რისი თქმა სურდათ ამ კოკა-კოლას ქილებით რეჟისორსა და მხატვარს. იმის, რომ ამ პერსონაჟისთვის იმდენად სულერთია ყველაფერი, იმდენად უმოქმედოა, რომ ნაგვის გადაყრაც კი ეზარება, ოღონდ კი არ გაინძრეს და ამ გარემოში შეუძლია ცხოვრება? თუ გლობალიზაციის, მონოპოლიზაციის ეპოქის მიმანიშნებელია. ეპოქის რომელმაც დათრგუნა ადამიანი, გააუცხოვა სხვებისა თუ საკუთარი თავის მიმართ, უკიდურეს მარტოსულად აქცია. ეპოქის - რომლის ერთ-ერთ სიმბოლოდ კოკა-კოლა შეიძლება მოვიაზროთ?

დავით ხორბალაძის სპექტაკლში, პიესის მსგავსად, ერთი ოჯახის ისტორიის ფონზე, თანამედროვე ადამიანთა ყოფა-ცხოვრება, მათი ფსიქოლოგიურ-ემოციური მდგომარეობაა გადმოცემული. ახალგაზრდა კაცი დედასთან ერთად ცხოვრობს პროვინციულ პატარა ქალაქში. თავიდანვე ვიგებთ, რომ მას უსაყვარლესი ძაღლი დაეკარგა, სეირნობისას გაიქცა და უკან აღარ დაბრუნდა. მოქმედებაში ერთვებიან ბავშვობის მეგობარი, და და სიძე. ამ ხუთი, თითქოსდა ერთმანეთისთვის უახლოეს პერსონაჟთა (ადამიანთა) ურთიერთობით, შემოქმედებითი ჯგუფი, გაუცხოებულ ადამიანთა გაუსაძლის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ყოველი მათგანი საკუთარ „ნაჭუჭში“ ჩაკეტილი ცხოვრობს. მათი ურთიერთობა, ერთმანეთთან საუბარი ზედაპირულია, მექანიკური. სიტყვაძუნწი დიალოგები ძალდატანებითია, ფორმალური, არაფრის მომცემი, თითქოს ვალს იხდიან ნათესაური კავშირების თუ მეგობრობის მიმართ. სინამდვილეში კი სრულიად არ აინტერესებთ ახლობლის ამბავი. პიესაშიც და სპექტაკლშიც მხოლოდ ორი პერსონაჟის სახელს ვიგებთ, მეგობრის - ლაიფი და დის - ანა, ისიც დიალოგებიდან. კუთვნილებითი სახელების გარეშე დარჩენილი პერსონაჟები საზოგადოების, სოციუმის ტიპურ წარმომადგენლებად განზოგადებულნი არიან დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით. თითოეული მათგანის ქცევასა თუ ქმედებაში მაყურებელი მისთვის ნაცნობ ამა თუ იმ ადამიანს ამოიცნობს. სპექტაკლში რეჟისორისა და მხატვრის ჩანაფიქრით მსახიობ-პერსონაჟთა კოსტიუმები და გრიმიც ხაზგასმულად გროტესკულია.

 

ბაია დვალიშვილის  დედა, პლასტიკით, მიხვრა-მოხვრით, ჟესტიკულაციით, მეტყველების მანერით ერთდროულად მზრუნველი და „ვამპირი“ დედის ტიპაჟს ქმნის. მისი კოსტიუმი: მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ყვითელი პარიკი, პროვინციელი ქალის უგემოვნობის გამომხატველია. მსახიობი პერსონაჟის სახის შექმნისას ხაზგასმით იყენებს გროტესკის ხერხს. მისი ფიზიკური თუ ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ორბუნებოვნების გამომხატველია, იგი ხან დაბნეულია, ხან მიამიტი, ხან მზრუნველი, ხან კი მტკიცე ბუნების ადამიანი. ბაია დვალიშვილი სამსახიობო ოსტატობით ქმნის სხვადასხვა ნიღაბმორგებულ ადამიანის სახეს. დედა თითქოს დარდობს შვილის მელანქოლიურ, დეპრესიულ მდგომარეობას. სპექტაკლი პიესის მსგავსად სწორედ ფანჯარასთან სკამზე მიწოლილ შვილთან დიალოგით იწყება,  საიდანაც ვიგებთ ძაღლის დაკარგვის ამბავს -  „ზრდასრული კაცი ხარ, თუმცა შენი შემხედვარე ამას ვერ იტყვი, ჰოდა, ადექი ახლა და წადი ძაღლის მოსაძებნად, რადგან ეს ასეთი მნიშვნელოვანია შენთვის“. მსახიობი ზუსტად ჩასწვდა დრამატურგიულ ჩანაფიქრს და რეჟისორის მიცემულ ამოცანას, იგი ერთსა და იმავე ფრაზებს, მაგალითად: „მაშინ ადექი და წადი, უბრალოდ წადი და მოძებნე“, „ყავა გათავებულა“, „ჰოდა ახლა წადი მაღაზიაში და ძაღლიც მოძებნე“ - ხშირად იმეორებს, მაგრამ ეს არ არის მონოტონურად ნათქვამი ფრაზები, ყოველ ჯერზე მსახიობი სხვადასხვა ტონალობით წარმოთქვამს მათ, ხან ნერვიულად, ხან დაყვავებით, ხან უფრო მშვიდად და ა. შ.  ბაია დვალიშვილი შეწუხებული დედის ნიღაბს ირგებს, წარამარა შემოდის ოთახში და შვილს ადგომისკენ მოუწოდებს. იგი დარდობს ახალგაზრდა კაცის ამგვარ მდგომარეობას, მაგრამ თანდათანობით, მოვლენათა განვითარებასთან ერთად, ხვდები, რომ ეს არის ქალი, რომელმაც ერთი შვილი კარჩაკეტილ მელანქოლიკად აქცია, მეორემ კი, გათხოვებით, სახლიდან წასვლით თავს უშველა „დედის სიყვარულს“. ბაია დვალიშვილის პერსონაჟისადმი ორმაგი დამოკიდებულება გიჩნდება, თან გეცოდება და თან ხვდები, რომ სწორედ ის არის დამნაშავე ვაჟის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში.

სანდრო სამხარაძის ახალგაზრდა კაცის და ბაია დვალიშვილის დედის დიალოგებიდან, თანდათან იკვეთება, მათი ოჯახური ურთიერთობები. დედა  ფუსფუსებს, სადილს ამზადებს, ყავა გასთავებიათ და ნერვიულობს, მისი ქალიშვილი და სიძე უნდა ესტუმრონ, ახლობლის ქორწილიდან შემოივლიან. სიძეს ვერცერთი ვერ იტანს, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცი, მაგრამ აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალი შემოაქვს ბაია დვალიშვილს, რაც პიესაში მითითებული არ არის - როდესაც ვაჟი ეკითხება ბავშვებსაც მოიყვანენო? ბაია დვალიშვილი უარყოფის ნიშნად ისე გაასავსავებს ხელებს და ისეთ მიმიკას იღებს, რომ ზუსტად ხვდები, ამ ქალს საკუთარი შვილიშვილები საერთოდ არ აინტერესებს, არ უყვარს, ზედმეტად შემაწუხებლებად მიაჩნია. ფინალისკენ მზრუნველი, მოსიყვარულე დედა ციხეში გასამგზავრებლად ამზადებს შვილს, საკუთარი ხელით ულაგებს ჩანთას, როდესაც გაიგებს რომ ვაჟმა ძაღლის მკვლელი მეზობელი მოკლა. პიესაშიც და სპექტაკლშიც დიალოგებში ძაღლის ყელსაბამი ხშირად ფიგურირებს, ესეც ალბათ, ერთ-ერთი მინიშნებაა დედა-შვილის ურთიერთობის, დედამ საკუთარი შვილი ყელსაბამ გამობმული გაზარდა.

სანდრო სამხარაძე ახალგაზრდა მელანქოლიკი კაცის სახეს ქმნის. პლასტიკა, ჟესტიკულაცია, მეტყველების მანერა თითქოს ოდნავ შენელებულია. მისი პერსონაჟის მზერაშიც ყველაფრისადმი გულგრილობა იგრძნობა. სანდრო სამხარაძის პერსონაჟს არავინ და არაფერი აღარ აინტერესებს, ყველაფრისადმი ინდიფერენტულია და ზუსტად ხვდები, რომ მისი ამგვარი მდგომარეობა, მხოლოდ საყვარელი ძაღლის დაკარგვის მიზეზით არ არის განპირობებული. მეგობარ-ლაიფთან თუ და-ანასთან დიალოგისას, რომლის დროსაც ახალგაზრდა კაცი მინიმალურად მონაწილეობს, ირკვევა რომ ადრე იგი ფიორდზეც დადიოდა სათევზაოდ, გატაცებული იყო მუსიკით და გიტარაზე კარგად უკრავდა. შემდეგ კი, შემდეგ მან გიტარა გაყიდა, აღარ უკრავს და ერთადერთი რაც უყვარდა და აღელვებდა მისი ძაღლი იყო და ისიც დაკარგა. რატომ გახდა მისი პერსონაჟი ადამიანებისადმი, სამყაროსადმი ასეთი გაუცხოებული. მხოლოდ დედის დადანაშაულება ალბათ არ შეიძლება, მასაც ხომ შეეძლო დის მსგავსად სახლიდან წასულიყო. ახლაც მეგობარი ლაიფი სთავაზობს, ქალაქში გიშოვი სამსახურს და ბინასო. მართალია, ერთფეროვნების თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეიცვლება ქალაქში გადასვლით, რასაც ლაიფის საკუთარ ცხოვრებაზე მონაყოლიდან ვიგებთ, მაგრამ რაღაც სიახლე ხომ მაინც იქნებოდა ახალგაზრდა კაცის ცხოვრებაში. სანდრო სამხარაძეც თავისი გმირის ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გადმოცემისას იუმორს მიმართავს, იგი აფასებს თავისი პერსონაჟის ქცევას. სპექტაკლში არის სცენები, როდესაც მის ქმედებაზე მაყურებელს ეცინება. რეჟისორის ჩანაფიქრიც სწორედ ესაა, ადამიანთა ცხოვრების დრამატული ამბის გადმოცემა იუმორისა და გროტესკის შეზავებით. როდესაც იგებ, რომ ახალგაზრდა კაცმა თავისი ძაღლის მკვლელი მოკლა, ორმაგი ფიქრი თუ განცდა გეუფლება. პირველი ის, რომ ყველაფრისადმი ინდიფერენტულმა ადამიანმა, როგორ მონახა თავის თავში ძალა მკვლელობის განსახორციელებლად. იქვე ხვდები, რომ ამ ადამიანს, რომელსაც სამყაროში ერთადერთი ძვირფასი, საყვარელი არსება მოუკლეს შეეძლო ამგვარი საქციელის ჩადენა. სანდრო სამხარაძის პერსონაჟს გაცნობიერებული აქვს რომ დაიჭერენ და ციხეში ჩასვამენ. აი აქ, რეჟისორმა და მსახიობმა ხაზგასმულად გროტესკული ფინალი შემოგვთავაზეს. როდესაც  აკაკუნებენ, დედა კარს აღებს, საიდანაც იასამნისფერ-მოცისფრო ტონალობის განათება შემოიჭრება. ამ მომენტში გაჟღერებული მუსიკა და განათება კოსმოსური სივრცის ასოციაციას ბადებს. სანდრო სამხარაძის ახალგაზრდა კაცი უწონადობის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიარულის მანერით გადის ღიობში. იგი თითქოს ნეტარებაშია, ვინაიდან თავს აღწევს ამ სახლს, დედას, იმ გაუსაძლის ყოფა-ცხოვრებას რომელშიაც იგი იმყოფებოდა. რა თქმა უნდა გროტესკულია, როდესაც ციხე ადამიანისთვის ხსნის, გათავისუფლების სიმბოლოა.

ლაიფის ძალიან საინტერესო ტიპაჟი შექმნა ნიკოლოზ ბაქრაძემ. თითქოს არ არის გასაკვირი, რომ მშობლიურ პროვინციაში დაბრუნებულ ლაიფს თავისი ბავშვობის მეგობრის ნახვა სურს და სახლში ესტუმრება. მსახიობი პირველივე სცენიდან გმირის ხასიათის გამოძერწვისას კითხვის ნიშნებს უჩენს მაყურებელს. ფინალში, როდესაც კვანძი იხსნება კიდევ უფრო გიმძაფრდება ეს კითხვები. მსახიობის ქმედებიდან, მეტყველების მანერიდან, ძაღლზე აქცენტის გაკეთებით, რამდენიმე ხანში ერთხელ ძაღლის მოკითხვით, ისეთი გრძნობა გეუფლება, რომ მან უკვე იცის მეგობრის ძაღლის მკვლელობის ამბავი და აქ მოდის იმის ინტერესით, იცის თუ არა რამე ამის შესახებ მისმა მეგობარმა. თავაზიანი, მუდმივად ღიმილიანი სახით, მსახიობი თანდათან ცდილობს მეგობრის ცხოვრებისეულ დეტალებში ჩაწვდომას. ნიკოლოზ ბაქრაძე ხაზგასმულად გროტესკული პერსონაჟის ტიპაჟს ქმნის. მის მიმართაც ორმაგი დამოკიდებულება გიჩნდება, თან სასაცილო, საყვარელი ტიპია, თან თავისი ჩაჯინებით ცოტა ნერვების მომშლელიც.

ქეთა შათირიშვილის და პაატა ინაურის წყვილიც ასევე გროტესკული პერსონაჟები არიან, რაც სხვასთან ერთად მათ კოსტიუმებში, ვარცხნილობასა თუ გრიმში აისახება. პაატა ინაური, თავისი ყვითლად შეღებილი წარბებით (დედის გარდა ყველას ყვითლად აქვს შეღებილი წარბები) , კოსტიუმით, პლასტიკით, მეტყველებით ყეყეჩი, ამპარტავანი ადამიანის ტიპაჟს ძერწავს. მაყურებელს მისი სცენაზე შემოსვლის შემდეგ აღარ უკვირს, თუ რატომ არ უყვართ და უშლით ნერვებს სიძე ახალგაზრდა კაცს თუ დედას. ქეთა შათირიშვილი ნერვიული ახალგაზრდა ქალის პერსონაჟს ასახიერებს. მის ქმედებაში, პლასტიკაში, ჟესტიკულაციაში, მიმიკაში, მეტყველების მანერაში გამოსჭვივის, რომ დედასთან და ძმასთან მხოლოდ და მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით შემოივლის. ძმასთან თითქოს კონტაქტის დამყარებას ცდილობს, რასაც ვერ ვიტყვით დედისადმი დამოკიდებულებაში. ხოლო როცა ირკვევა, რომ ძმამ მეზობელი მოკლა იმწამსვე იქაურობის მიტოვება სურს, კიდევ ერთ ზედმეტ პრობლემაში ჩაბმა არ სურს და მიდის კიდეც ქმართან ერთად. მაყურებელი ხვდება, რომ დამ-ანამ თავის დროზე გათხოვებით, სახლიდან წასვლით დამთრგუნველი სახლის ატმოსფეროდან გაქცევით თავს უშველა და ახლა ისევ გარბის. ქეთა შათირიშვილიც იუმორისა და გროტესკის ხერხებს იყენებს საკუთარი პერსონაჟის სახის შექმნისას.

სპექტაკლის რეჟისორმა და შემოქმედებითმა ჯგუფმა იუნ ფოსეს პიესის საინტერესო ინტერპრეტაცია შექმნეს. ადამიანთა გაუცხოების, გაუსაძლისი მარტოსულობის პრობლემა, რომელიც  მკვლელობის აქტით სრულდება, დრამატულობის, იუმორისა და გროტესკის ზღვარზე გამოსახეს. მთელი სპექტაკლის განმავლობაში ისინი დანის პირის ზღვარზე გადიან, არაფერი ზედმეტი, გადამლაშებული წარმოდგენაში არ არის. დათო ხორბალაძის მიერ მიცემულ ამოცანას შემოქმედებითმა ჯგუფმა ოსტატობით და პროფესიონალიზმით გაართვა თავი. სცენაზე განვითარებული მოვლენებისადმი მაყურებელს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება უჩნდება, ერთდროულად ემპათია, ანტიპათია პერსონაჟებისადმი. სცენაზე განვითარებული ამბავი კი ხან სიცილს იწვევს, ხან სერიოზულად ჩაგაფიქრებს სამყაროსადმი, თუ ერთმანეთისადმი გაუცხოებულ ადამიანთა ხვედრზე.

bottom of page