top of page

მისტერია მწუხარე სახის რაინდზე      

სტატია მომზადდა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და

კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის

„თანამედროვე ქართული სათეატრო კრიტიკა“ ფარგლებში

.

დაფინანსებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

დონ3.jpeg

მაია კიკნაძე       

მისტერია მწუხარე სახის რაინდზე  

   

თბილისის კამერული თეატრის სცენაზე, რეჟისორმა გიორგი აფხაზავამ  დონ კიხოტის ახალი /მანამდე ჰქონდა დადგმული თუმანიშვილის სახ. თეატრში/ ვერსია შესთავაზა მაყურებელს. პიესა რეჟისორმა, სპეციალურად თოჯინური სპექტაკლისთვის დაწერა.  ევროპული თეატრისთვის კარგად ნაცნობი თოჯინა,  ქართულ მისტერიაში პირველად ჩნდება. „თანამედროვე სამყაროში დონ კიხოტები გაქრენ“-განაცხადა რეჟისორმა ერთ-ერთ ინტერვიუში და ამ სპექტაკლით გამოხატა თავისი პატივისცემა, /შეიძლება ითქვას მონატრება/  რაინდების მიმართ.

სპექტაკლში, „მწუხარე სახის რაინდის“- დონ კიხოტის სახე-ხატი ტრადიციულადაა გააზრებული. მეოცნებე, გულუბრყვილო  ოდნავ კომიკურიც, რომელიც  სითბოსა  და თანაგრძნობას გამოხატავს  მოყვასის მიმართ, უსამართლობისა და მჩაგვრელთა წინააღმდეგ მებრძოლია. მას უყვარს დულსინეა, რაინდული წიგნების კითხვა, იცის მეგობრობის ფასი, შეუძლია თავგანწირვაც და ქარის წისქვილებთან  /გოლიათებთან/ ბრძოლაც.

თავის განუყრელ მეგობარ სანჩო პანსასთან ერთად, როსინანტზე ამხედრებული, მშვენიერი დულსინეას გამოსახსნელად  და ჯადოქარი ფრენტონის  დასამარცხებლად მიემგზავრება. დონ კიხოტისა და სანჩოს მოგზაურობა, სპექტაკლში მცირე ზომის  დამოუკიდებელ სცენებად- ინტერმედიებად არის წარმოდგენილი. თითოეულ ეპიზოდს საინტერესო ისტორიები ახლავს თან.  მაგ.მოქმედება სასტუმროში / ეს სცენა რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება: სასტუმროს მეპატრონესა და მის ცოლს შორის გამართული კამათი,  სანჩოს მიერ მორგებული მსაჯულის როლი, ტრაპეზი/. სპექტაკლში,  მოხეტიალე თეატრის გამოჩენა განსაკუთრებით ახალისებს მაყურებელს.  დონ კიხოტს, რომელსაც თეატრი უყვარს, თეატრის დირექტორისგან სპექტაკლის გამართვას ითხოვს.  მრავალფეროვანი რეპერტუარიდან, ის თავად ირჩევს პიესას,  უჩვეულო მისტერიას- სიკვდილის შესახებ, რომელიც  ფილოსოფიურ მსჯელობას მოითხოვს.

რეჟისორი, გიორგი აფხაზავა სპექტაკლში საინტერესოდ მოფიქრებულ ინტერაქციულ ფორმებს გვთავაზობს, რომლებიც იმდენად ბუნებრივად და ორგანულად ერგება მოქმედების სტილისტიკას, რომ მაყურებელი სიამოვნებით /ინტერაქცია, ზოგიერთ სპექტაკლში მაყურებლისთვის შემაწუხებელიც კია და მისგან იძულებით ჩართულობას მოითხოვს /  იღებს მასში  მონაწილეობას. მას შემდეგ, რაც თეატრის მეპატრონე, თავის „ჯადოსნურ ყუთიდან“ თოჯინა-მსახიობებს ამოალაგებს და  გარკვეული გასამრჯელოს ფასად, მისტერიას გაითამაშებს, დამსწრე საზოგადოება ამ სანახაობისთვის სიამოვნებით იხდის თანხას და მსახიობს ქუდში ხურდებს უყრის.  სამოედნო თოჯინური წარმოდგენებისათვის დამახასიათებელი ეს ხერხი,  სპექტაკლში რამდენჯერმე მეორდება, მაგრამ განსაკუთრებით სახალისოა ის ფინალურ სცენაში, როდესაც მსახიობები, „დონ კიხოტის“ თამაშისთვის მაყურებლისგან გასამრჯელოს ითხოვენ. მხიარული მაყურებელი კი მათ, როგორც მოხეტიალე დასს, ისე ასაჩუქრებს.

სპექტაკლის ყველა ეპიზოდი, მიუხედავად მათი შინაარსისა და დამოუკიდებელი მოქმედებისა ლოგიკურად არის   ერთმანეთთან დაკავშირებული. მართალია, დონ კიხოტი ამ მოგზაურობაში ბევრი უსამართლობის მოწმე ხდება, მაგრამ  თავისი ჯიუტი ხასიათის წყალობით, ყოველთვის  პოულობს გამოსავალს.  ერთ-ერთ სცენაში, როდესაც ის ბოროტ გლეხსა და მის მიერ დაჩაგრულ მწყემსს შემთხვევით გადაეყრება, მწყემსის დასაცავად  გლეხს შუბით ემუქრება. მიაღწევს რა მიზანს, დონ კიხოტი ცდილობს ყველას გააგებინოს თავისუფლების  ფასი და მისი მნიშვნელობა.  ადამიანის ღირსებისთვის თუ სიკეთისათვის ბრძოლა, თავგანწირვა  ეს ის თემებია, რომელსაც რეჟისორი გიორგი აფხაზავა მთელი სპექტაკლის მანძილზე სხვადასხვაგვარად წარმოგვიდგენს.

სპექტაკლში, რეალურისა და სიზმრისეული ამბების,  სინამდვილესა და იდეალებს შორის კონფლიქტი გადმოხატულია იუმორისტული ფერებითა და გონებამახვილური მიგნებებით.  სპექტაკლის მთავარი იდეა კი  სიკეთისა და სიყვარულისკენ მოწოდებაა.

... არ დაკარგო რწმენა, შეიყვარე ადამიანი!  ამ სიტყვებში კარგად ჩანს სპექტაკლის დედააზრიც  და დამდგმელი ჯგუფის პოზიციაც.  

სპექტაკლის მოქმედება  მცირე ზომის ფიცარნაგზე ვითარდება, რომელიც თოჯინების სამოქმედო ასპარეზს-სცენას  წარმოადგენს.  მეთოჯინე მსახიობები, შირმებისა და თეჯირების გარეშე,  შავ სამოსში ჩაცმულნი /ასეა აცვიათ თოჯინურ სპექტაკლში, როდესაც მეთოჯინე  სცენაზე ჩნდება/,  მაყურებელთა თვალწინ გვიჩვენებენ თავიანთ ოსტატობას.

თოჯინური თეატრის სპეციფიკიდან გამომდინარე,  ერთ თოჯინას, ხშირად რამდენიმე მსახიობი ათამაშებს, ზოგიერთი მეთოჯინე რამდენიმე პერსონაჟს განასახიერებს, ამდენად  მეთოჯინეებს ძალზედ რთული სამუშაოს ჩატარება უწევთ. უნდა აღინიშნოს ისიც,  რომ აქ მსახიობებს პირველად უწევთ თოჯინის ტარება, რასაც  ვფიქრობ, რომ გაართვეს თავი. მათი მუშაობის შედეგი  კარგად იკითხება თოჯინების მოძრაობებზე, მათ მიმიკებსა და რეაქციებზე.

განსაკუთრებით საინტერესოდ და ორიგინალურად არის წარმოდგენილი, სპექტაკლის ერთ-ერთი გმირის დიადი ინკვიზიტორის როლი. სპექტაკლის  დასაწყისში, მისი არც სახე ჩანს და არც თავი /რომელიც შემდეგ გამოჩნდება/. თოჯინის ხელი მრავლისმეტყველია. მსახიობი -მეთოჯინე გიორგი თენაძე, ხელის მოძრაობის საშუალებით ახერხებს სრულყოფილი პერსონაჟის სახის შექმნას, მისი ხასიათის, ბუნების წარმოდგენას. ინკვიზიტორის ხელი, რომელიც სპექტაკლში იდუმალებითაა  მოსილი, დევნის და ახშობს თავისუფალ აზრს, ის დონ კიხოტის დაჭერასა და მისი ხელნაწერების დაწვის განკარგულებას გასცემს, რადგან მას ერეტიკოსად მიიჩნევს.

მიუხედავად, ინკვიზიციის არსებობისა, /გარკვეული მინიშნება ეპოქაზე/, სპექტაკლში ადგილსა და დროს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინაიდან რაინდულ  მისწრაფებებს და იდეალიზმს ყველა დროში  ირონიულად აღიქვამენ.

 სპექტაკლში გამოკვეთილია  განსხვავებულ მსოფლმხედველობათა კონფლიქტი: ერთის მხრივ ინკვიზიცია- აკრძალვა, შიში, მორჩილება, მეორეს მხრივ კი დონ კიხოტი- სინდისი, სიყვარული, ღირსება, თავისუფლება, დაპირისპირებულია ერთმანეთთან.   

   

თოჯინურ სპექტაკლში, დიდი ყურადღება ექცევა თოჯინის გარეგნობას, მისი დამზადების წესს, ხარისხს /თოჯინის თავები ძირითადად პაპიე მაშესაგან არის გაკეთებული/. მხატვარმა და სცენოგრაფმა ნინო კიტიამ, თითოეულ თოჯინას თვითმყოფადი სასცენო სახე მოუძებნა.   ამ მხრივ მინდა გამოვყო   სანჩო პანსას,  მოხუცი დონ კიხოტის/ დონ კიხოტის კიდევ ორი   თოჯინაა წარმოდგენილი: დონ კიხოტი აბჯარში და   ფინალურ ეპიზოდში/,  ჯადოქარი ფრენტონის, დულსინეას ფიგურები და  მათი გარეგნობა. განსაკუთრებით საინტერესო პერსონაჟია  კარასკო, როგორც  თოჯინა და როგორც მოქმედი პირი. კარასკო გრძელი, გამხდარი შავებში გამოწყობილი სწავლული და ინკვიზიტორის ბრძანების აღმსრულებელია. მისი აზრით, დონ კიხოტი წესიერი, მორწმუნე ადამიანია,  ამიტომ ინკვიზიტორისგან ითხოვს  მის შეწყალებას. ის მწუხარებით ატყობინებს საზოგადოებას, დონ კიხოტის აკვიატების ამბავს, შეებრძოლოს ბოროტებას, მაგრამ  ამავე დროს, როგორც  მედიცინის დოქტორი  ჰპირდება მის განკურნებასაც - ანუ -  დონ კიხოტის დაბრუნებას  ოცნებების  სამყაროდან რეალურ სამყაროში.

 

პერსონაჟთა შექმნაში, სახეების გამოსახვასა და ხასიათების გამოკვეთაში, დიდი წვლილი მიუძღვით გამხმოვანებლებს. ამ მხრივ სპექტაკლზე მისულ მაყურებელს გარკვეული სიურპრიზი ელოდება. ცნობილი მსახიობები  /დონ კიხოტ ლამანჩელი -მურმან ჯინორია; სანჩო პანსა-ზაზა პაპუაშვილი;  კარასკო -გია ბურჯანაძე; დულსინეა ტობოსელი- მარი კიტია;  სასტუმროს მეპატრონე-ქეთი დოლიძე; მეპატრონეს ქმარი- ლევან ბერიკაშვილი;  თეატრის დირექტორი-დავით დოიაშვილი; ანდრესი-გიორგი რევიშვილი..და დიდი ინკვიზიტორი./ ხმის ტემბრის საშუალებით, თოჯინა-პერსონაჟების სრულყოფილ და დასრულებულ  სახეებს ქმნიან. მაგალითად, ყველასათვის ნაცნობი რეჟისორი და მსახიობი ქეთი დოლიძე, რომელიც სასტუმროს მეპატრონე ქალის როლს ახმოვანებს, კოლორიტულ სახეს ქმნის.  იგივე შეიძლება ითქვას ზაზა პაპუაშვილის გახმოვანებაზე, რომელიც  სანჩო პანსას სახასიათო სახეს წარმოგვიდგენს.

 

ძნელი მისახვედრია,  დონ კიხოტის საუბარში ამოიცნო მსახიობ მურმან ჯინორიას  ხმა. მსახიობი-ჯინორია, რომელიც საზოგადოებისთვის  ცნობილია, როგორც ლექსების კითხვის ოსტატი, დონ კიხოტის პერსონაჟს,  ქმედითს  და   სიცოცხლისუნარიანს ხდის. განსაკუთრებით საინტერესო და სასიამოვნოდ მოსასმენია, ლოგინად მიჯაჭვული,  მოხუცი დონ კიხოტის მეტყველება, მისი მონოლოგი ცხოვრების ამაოებაზე.  სწორი აქცენტები და  ინტონაციებია დასმული მთავარ ფრაზებზე, რომელშიც იკვეთება  დონ კიხოტის ცხოვრების არსი,  მსოფლმხედველობა, სამყაროს მისეული ხედვა. დონ კიხოტი კარგად ხედავს, რომ თანამედროვე სამყაროში უმოქმედობას მეტი ფასი აქვს,  ვიდრე თავდადებას,  რომ  „ცოდვილობა მეფობს კეთილშობილების მაგივრად, სიმხდალე  კი სიმამაცეზე ზეიმობს“.  თავისი გამოცდილებიდან  იცის, რომ  სიბოროტე და სიბნელე, გაჭირვება და უსამართლობა უფრო მეტია, ვიდრე სიკეთე და სიყვარული, ამიტომ ზუსტად ხედავს თავის დანიშნულებას და ამბობს: სიბნელის დასამარცხებლად   „სამყაროს სჭირდება მოხეტიალე რაინდები“...  

           

p.s

 თოჯინურ სპექტაკლებში მეთოჯინეების შრომა შეუფასებელია, ხშირად ცნობილიც კი არ არის  მათი შესრულებული როლები. იმედია ოდესმე მეთოჯინეებსაც მოიხსენიებენ პროგრამაში თავიანთი შესრულებული როლებით. წარმოგიდგენთ:

  

მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

მოხუცი დონ კიხოტი-გიორგი ხარაიშვილი, ნატალია მოლაშვილი;

სანჩო პანსა-ლევან ბაქრაძე, გიორგი დევდარიანი;

დიადი ინკვიზიტორი/ხელი- გიორგი თენაძე; /თავი-ლევან ბაქრაძე;      

კარასკო -ლუკა ბაზაძე, ლუკა ჭულუხაძე;  

ქალი/იგივე დულსენეა, მოხუცი ქალი-ანასტასია ურიდია, ტატა მეცხოვრიშვილი     

სასტუმროს მეპატრონე ქალი-ლუკა ჭულუხაძე, ტატა მეცხოვრიშვილი; 

სასტუმროს მეპატრონე კაცი-გიორგი თენაძე, ლუკა ბაზაძე, ალექსანდრე კვეზერელი;

თეატრის დირექტორი, მაესტრო პედრო-გიორგი თენაძე, ალექსანდრე კვეზერელი;

ბოროტი გლეხი-ლუკა ბაზაძე, ლუკა ჭულუხაძე

ანდრესი-ანასტასია ურიდია, ტატა მეცხოვრიშვილი

ებრაელი მუსიკოსები-ანასტასია ურიდია, ტატა მეცხოვრიშვილი 

ცხენი -ანასტასია ურიდია;

ლომი-ალექსანდრე კვეზერელი;

ვირი-ტატა მეცხოვრიშვილი;

ფოტო: თბილისის კამერული თეატრის Facebook-ის ოფიციალური გვერიდადნ

bottom of page