მიხეილ კალანდარიშვილი
გიორგი ყაჯრიშვილი
მიხეილ კალანდარიშვილი
მიხეილ კალანდარიშვილზე წერა ერთდროულად ადვილიცაა და რთულიც.
ადვილია მიტომ, რომ ჩვენი ორმოცწლიანი მეგობრობა და ერთად გატარებული წლები საშუალებას მაძლევს ბევრი რამ გავიხსენო მის შესახებ, დავწერო მისი პროფესიულ თუ ადამიანურ თვისებებზე, მის გამორჩეულ ნიჭზე, რაც ასე თვალნათლივ აისახა იმ თეატრმცოდნეობით კვლვებში, წიგნებსა და რეცენზიებში, რომელიც მან დაგვიტოვა. რთული იმიტომ, რომ პირველ რიგში მიმძიმს მასზე წარსულ დროში საუბარი და მეორეც ყველაზე მთავარი - გამორჩეული სტილის წერისა და აზროვნების ადამიანი იმდენად მომთხოვნი იყო საკუთარი ნაწერების მიმართ, რომ გამიჭირდება მასავით ლაკონურად და ნიჭიერად გამოვთქვა ის, რისი თქმაც მინდა და რაც ესოდენ მორიდებულ ადამიანს ჩემს მიერ მასზე ნათქვამი მოწონებოდა.
ოთხმა თეატრმცოდნემ, ყველამ ერთად და სათითაოდ უდიდესი როლი შეასრულა, მიხეილ კალანდარიშვილის პროფესიულ ჩამოყალიბებაში. მათი გვარები ყველასათვის ცნობილია თეატრალურ სფეროში: ეთერ გუგუშვილი, ნათელა ურუშაძე, ვლადიმერ სახნოვსკი-პანკეევი და დიმიტრი ჯანელიძე.
თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე კი შემთხვევით მოხვდა. ბავშვობაში გ. ჩერქეზიშვილის სტუდიაში დადიოდა და სამსახიბო ფაკულტეტზე სცადა ბედი, მაგრამ ჩაიჭრა. ოთარ თაქთაქიშვილმა, მაშინდელმა კულტურის მინისტრმა ინსტიტუტსგარეთ დარჩენი ახალგაზრდა ეთერ გუგუშვილთან, თეატრალური ინსტიტუტის პრორექტორთან გააგზავნა, რომელსაც თეატრმცოდნეობის ჯგუფი აჰყავდა. პატარა დავალების შესრულების შემდეგ იგი დაგვიანებით ჩაირიცხა ჯგუფში, რომელშიც ორი დაღესტნელი, ერთი ყაბარდოელი, ერთი ჩერქეზი, ერთი ინგუში და ორიც ქართველი სწავლობდა.
მისი პირველი სტუდენტური რეცენზია სახელად „მსახიობი ტრაგედიის სამყაროში“ არც მეტი არც ნაკლები ზინაიდა კვერენჩხილაძეზე გამოქვეყნდა. ეს იყო ეთერ გუგუშვილის დავალება - „მსახიობის პორტრეტი“. „ანტიგონე-კვერებჩხილაძე არაა ბავშვი, რომელიც არ ფიქრობს იმ შედეგებზე რაც მისი ქმედებებს შეიძლება მოჰყვეს. პირიქით, სცენაზე გამოჩენისთანავე ამტკიცებს თავისი ქმედების მიზანდასახულობას“ - წერდა მეხუთე კურსის სტუდენტი მ. კალანდარიშვილი. მიშამ არც კი იცოდა ზინა კვერენჩხილაძემ წაიკითხა თუ არა ეს გამოხმაურება. ვისაც ეს დიდი მსახიობი ახსოვს, ისიც ეცოდინება თუ რა მკაცრი იყო იგი არა მარტო საკუთარი როლების, არამედ შემფასებლებისა და კრიტიკოსების მიმართაც. გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, ზინაიდა კვერენჩხილაძემ დამირეკა და მ. კალანდარიშვილის ეს სტატია მთხოვა თავის კრებულში შესატანად.
ვათვალიერებ მიშას არქივს (რომელიც სრულად მაქვს) და მიუხედავა იმის, რომ ბოლო წლებში ცოტას წერდა - ძირითადად პედაგოგიურ მოღვაწეობაზე იყო აქცენტირებული, მიკვირს თუ რამდენი რამ დაუწერია 1974 წლიდან. (პირველი რეცენზია სწორედ ამ წლით თარიღდება). ესაა წიგნები, გამოხმაურებები, პორტრეტები, რეცენზიები სხვა თეატრმცოდნეების: ე. გუგუშვილის, ვ. კიკნაძის, ნ. გურაბანიძის, ე. დავითაიას, ნ. შვანგირაძის წიგნებზე და რასაკვირველი რეცენზიები სპექტაკლებზე. მახსენდება ერთი ისტორია - როგორ გაანაწყენა კრიტიკოსმა დრამატურგი თამაზ ჭილაძე. საქმე ეხება რ. სტურუას მიერ დადგმულ სპექტაკლს „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“, რომელშიაც რეჟისორის მიმართ რამოდენიმე კრიტიკული შენიშვნა იყო გამოთქმული. ასეთი მაგალითად: „წარმოდგენის ბოლოსკენ ხვდები, რომ ბევრი რამ ამ სპექტაკლში „კავკასიურ ცარცის წრიდანაა“ დუბლირებული.“ ახალგაზრდული მაქსიმალიზმის და ალბათ ეპატაჟისათვის ჩემი აზრით, რაც შემდგომ მიშამაც აღიარა ეს შენიშვნები ცოტა გადაჭარბებული იყო, რაც არ აპატია პიესის ავტორმა თ. ჭილაძემ, ხოლო რობერტ სტურუას სახით კი პირიქით, მეგობარი, დამფასებელი და მ. კალანდარიშვილის შემოქმედების ნამდვილი შემფასებელი შეიძინა. მახსოვს, დიდი ხნის განმავლობაში, როცა თეატრში ან სადმე სტუმრად რობიკო ერთად გვხედავდა „ახმეტელისტებს“ გვეძახოდა, რომელის ასევე დიდ პატივს სცემს ამ შესანიშნავ რეჟისორს. მე არა, მაგრამ მ. კალანდარიშვილი კი ნამდვილი „ახმეტელისტი“ გახლდათ. მისი სადიპლომო თემა, რომელიც ნათელა ურუშაძემ მოუგონა ახმეტელის შემოქმედების ერთ ეტაპს ეძღვნებოდა. სადიპლომო ნამუშევარი სადისერტაციოში გადაიზარდა, რომელიც ლენინგრადის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის ინსტიტუსის ასპირანტურაში მომზადდა ვ. სახნოვსკი-პანკეევის ხელმძღაბელონით და იმ წიგნებში აისახა, რომელიც მ. კალანდარიშვილის კალამს ეკუთვნის. მას განსაკუთრებული წერის მანერა ჰქონდა. მახსოვს, როგორ ათენებდა ღამეებს ყოველი ფრაზის გახვეწაში, რომ გამორიცხული ყოფილიყო ტავტოლოგია, მძიმე სტილი, არაფრით არ დაუშვებდა რომ ტექსტში რაიმე სიტყვა ბევრჯერ განმეორებულიყო. სულ სინონიმების, ახალი სიტყვის ძიებაში იყო. ერთხელ მთხოვა უშველებელი ლექსიკონიდან მისთვის ამომეწერა ე. წ. „წიგნური“ სიტყვები, მაგ. „ლუმინისცენცია“, ამ მესწავლებინა მათემატიკურ-ლოგიკური გამონათქმები, როგორიცაა „მაშინ და მხოლოდ მაშინ“ ან „აუცილებელია და საკმარისი“, რასაც დიდი წარმატებით იყენებდა თავის ტექსტებში და ახალ თეატრმცოდნეობით სიცოცხელს ანიჭებდა მათ.
ყველას გვახსოვს როგორი რთული ურთიერთობა ჰქონდათ ქართული თეატრალური კრიტიკის ორ დიდ ქალბატონ: ეთერ გუგუშვილს და ნათელა ურუშაძე. ხანდახან ისინი წლობით არ ელაპარაკებოდნენ ერთმენეთს. მიხეილ კალანდარიშვილი - ორივეს მოწაფე ერთადერთი იყო, რომელთანაც მეგობრობას ორივე პატიობდა ერთმანეთს. მახსოვს მიშა ლენინგრადიდან ტელეფონ-ავტომათით საათობით ესაუბრებოდა ხან ერთს ხან მეორეს და ორივესგან დიდ გაკვეთილებს ღებულობდა. ლენინგრადის თეატრის, მუსიკის და კინემატოგრაფიის ინსტიტუტში 1977 წელს ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თეატრმცოდნეობაში. მასში თბილისიდან მონაწილეობდნენ ეთერ გუგუშვილი, ნათელა ურუშაძე და ნადეჟდა შალუტაშვილი. მე და მიშამ გადავწყვითეთ ისინი ჩვენთან სახლში მოგვეწვია სადილად. რასაკვირველი მათ მიშა მასპინძლობდა (მაშინ მე არც ერთი მათგანი არ მიცნობდა) და ასე ერთ ოთახში, ლენინგრადის ერთ-ერთ უძველეს სახლში (ჩვენ მაშინ ამ ინსტიტუტის გვერდით სახლში ვცხოვრობდით) ერთად ისადილეს ეთერ გუგუშვილმა, ნათელა ურუშაძემ და ნადეჟდა შლუტაშვილი. ასევე ერთად დაესწრნენ ისინი ლენინგრადში მ. კალანდარიშვილის დისერტაციის დაცვას ვ. კიკნაძესთან ერთად.
მ. კალანდარიშვილს, რასაკვირველია ვასილ კიკნაძესათან ერთდ დიდი წვლილი მიუძღვის ს. ახმეტელის შემოქმედების კვლევაში. ლენინგრადში სწავლის დროს საჯარო ბიბლიოთეკაში უამრავი მასალა აღმოვაჩინეთ, რასაც სავარაუდოა ახმეტელი ეცნობოდა იქ სწავლის პერიოდში. ეს იყო თუნდაც ადოლფ აპიას სტატიები ფრანგულ ენაზე, რაც მხოლოდ ამ ბიბლიოთეკაში ინახებოდა (მოგვიანებით ჩემმა ფრანგმა მეგობარმა გამომიგზავნი მისი წიგნი გამოცემული შვეიცარიაში „L’ART VIVANT“, რომლის ფრაგმენტებიც მიშასთვის ვთარგმნე). აპიას გავლენა ახმეტელის შემოქმედება მ. კალანდარიშვილის შრომებშია ასახული. აქვე აღმოვაჩინეთ ს. ჩიქოვანის ჩანაწერები ახმეტელის სპექტაკლებზე ჟურნალ „ქართულ მწერლობაში“. ლენინგრადში დაიბადა იდეა ახალი კვლევისა - მოდერნიზმი ქართულ თეატრში, რაც მოგვიანებით მიშას სადოქტორო დისერტაციად და წიგნად იქცა. სულ განსხვავებული აღმოჩნდა მ. კალანდარიშვილისა და დიმიტრი ჯანელიძის ურთიერთობა, როდესაც ლენინგრადიდან დაბრუნებულმა თეატრისა და კინოს სამეცნიერო სექტორში დაიწყო მუშაობა. ამ უდიდეს მეცნიერთან თანამშრომლობამ მ. კალანდარიშვცილს შესძინა ისტორიულ მასალაზე მეცნიერული კვლევის, თეორიული განზოგადების, მიმდინარე პროცესების და ტენდენციების გამოკვეთის უნარი, რაც შემდგომ ხდება მისი თეორიული ნაშრომების ქვაკუთხედი. მისი გამოკვლევა „მოდერნიზმი ქართულ თეატრში“ სახელმძღვანელოდ გამოიცა. ესაა ფუნდამენტური შრომა, რომელიც მოიცავს ნატურალიზმს, სიმბოლიზმს და ზოგადად მოდერნიზმის სხვადასხვა გამოვლინებას ქართულ თეატრში.
ბოლო წლების განმავლობაში მიშა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც აღზარდა ახალგაზრდა თეატრმცოდნეთა მთელი თაობები. გარდა ამისა შექმნა სრულიად უნიკალური დრამის თეორიის კურსი ქართულ ენაზე. მის თეატრალურ ნაწერებს კარგად იცნობენ საზღვარგარედაც. მას მიძღვნა ერთი გვერდი ფრანგულ თეატრალურ ენციკლოპედია. იგი ასევე არის ქართული თეატრალური ენციკლოპედიის ერთ-ერთი ავტორი.
გულდასაწყვეტია, რომ შემოქმედებით აღმავლობის, მოწიფულობისა და დაბრძენების მომენტში სტოვებს ადამიანი ამ ქვეყანას. მიხეილ კალანდარიშვილს დარჩა ბევრი განუხორციებელი იდეები, თემები და ოცნებები ...